იოანეს სახარება 4:1—54

  • იესო და სამარიელი ქალი (1—38).

    • ღვთის თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“ (23, 24).

  • ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იესო (39—42).

  • იესო მეფის მოხელის ვაჟს კურნავს (43—54).

4  როცა შეიტყო უფალმა, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათლავს,+ ვიდრე იოანეო,  თუმცა, სინამდვილეში, მისი მოწაფეები ნათლავდნენ და არა თავად იესო,  დატოვა იუდეა და ისევ გალილეაში წავიდა.  მას გზად სამარია უნდა გაევლო.  მივიდა სამარიის ქალაქ სიქარში, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა თავის ვაჟს, იოსებს,+ მისცა.  იქ იყო იაკობის ჭა,+ სადაც გზით დაქანცული იესო ჩამოჯდა. მეექვსე საათი* იქნებოდა.  ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად მივიდა. სთხოვა მას იესომ, წყალი დამალევინეო  (ამ დროს მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად).  სამარიელმა ქალმა მას უთხრა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, წყალი დამალევინეო?!“ (იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან).+ 10  იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის ძღვენი+ და ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თავად სთხოვდი მას და ისიც სიცოცხლის წყალს მოგცემდა“.+ 11  ქალმა უთხრა: „ბატონო, წყლის ამოსაღები ჭურჭელიც კი არ გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდან მომცემ სიცოცხლის წყალს?! 12  რით ხარ ჩვენს წინაპარ იაკობზე მეტი, რომელმაც ეს ჭა მოგვცა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ვაჟებიც და საქონელიც?!“ 13  იესომ მიუგო: „ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, 14  მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება,+ რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“.+ 15  ქალმა სთხოვა: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. 16  იესომ უთხრა: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი!“ 17  ქალმა მიუგო: „არ მყავს ქმარი“. იესომ მას უთხრა: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, 18  რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, არაა შენი ქმარი. ეგ მართალი თქვი“. 19  ქალმა მიუგო: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.+ 20  ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ ღმერთს თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, ხალხი იერუსალიმში უნდა სცემდესო ღმერთს თაყვანს“.+ 21  იესომ უთხრა მას: „მერწმუნე, მოდის დრო, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში. 22  თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს,+ ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.+ 23  მაგრამ მოდის დრო და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა მამას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცენ თაყვანი, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.+ 24  ღმერთი სულია+ და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.+ 25  ქალმა უთხრა: „ვიცი, რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული და, როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. 26  იესომ უთხრა მას: „მე ვარ ის, ვინც გელაპარაკება“.+ 27  ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალს ელაპარაკებოდა. თუმცა არ უკითხავთ, რა გინდა ან რატომ ელაპარაკებიო. 28  ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29  „წამოდით და ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია! ის ხომ არ არის ქრისტე?!“ 30  ისინიც წამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. 31  მოწაფეები სთხოვდნენ მას: „რაბი,+ ჭამე რამე!“ 32  მან კი უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომლის შესახებაც თქვენ არ იცით“. 33  მოწაფეებმა ერთმანეთს ჰკითხეს: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ 34  იესომ მიუგო მათ: «ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება+ და დავასრულო მისი საქმე.+ 35  თქვენ არ ამბობთ, მკამდე ოთხი თვე დარჩაო?! მე კი გეუბნებით: გახედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად!+ 36  მომკელი უკვე იღებს გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ;+ 37  სწორად უთქვამთ: „ერთი თესავს და მეორე იმკისო“. 38  თქვენ იმის მოსამკელად გაგგზავნეთ, რაც არ დაგითესავთ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ ნაშრომში». 39  იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის გამო, რომელიც ამბობდა, ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებიაო.+ 40  ამიტომ, როცა სამარიელები მასთან მივიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო. ისიც ორი დღე დარჩა იქ. 41  მისი მოსმენის შემდეგ კიდევ ბევრმა ირწმუნა. 42  მათ იმ ქალს უთხრეს: „ახლა მხოლოდ შენი ნათქვამის გამო კი არ გვწამს, არამედ ჩვენც მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია!“+ 43  ორი დღის შემდეგ იესო იქიდან გალილეაში წავიდა. 44  მას თავად ჰქონდა ნათქვამი, წინასწარმეტყველს თავის მშობლიურ მხარეში პატივს არ სცემენო,+ 45  მაგრამ, როცა გალილეაში მივიდა, გალილეელებმა მიიღეს იგი, რადგან ნანახი ჰქონდათ ყველაფერი, რაც მან იერუსალიმში დღესასწაულზე გააკეთა,+ ვინაიდან თავადაც იქ იყვნენ.+ 46  შემდეგ ის კვლავ ჩავიდა გალილეის კანაში, სადაც თავის დროზე წყალი ღვინოდ აქცია.+ იქ იყო მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ვაჟი ავად ჰყავდა კაპერნაუმში. 47  როდესაც ამ კაცმა გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, რომ წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ვაჟი, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48  იესომ მას უთხრა: „ვიდრე ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ, არ ირწმუნებთ“.+ 49  მეფის მოხელემ სთხოვა: „უფალო, წამოდი, სანამ მომკვდარა ჩემი შვილი!“ 50  იესომ მიუგო: „წადი, იცოცხლებს შენი შვილი!“+ კაციც ერწმუნა იესოს ნათქვამს და წავიდა. 51  როცა ჯერ კიდევ გზაში იყო, თავისი მონები შეეგებნენ და ახარეს, გამოკეთდაო შენი შვილი. 52  მან ჰკითხა, რომელ საათზე მომჯობინდაო. მათაც უპასუხეს, გუშინ მეშვიდე* საათისთვის გაუარაო ციებ-ცხელებამ. 53  მამა მიხვდა, რომ ეს სწორედ ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა, შენი შვილი იცოცხლებსო,+ და ირწმუნა მანაც და მისმა სახლეულობამაც. 54  ეს მეორე სასწაული იყო,+ რომელიც იესომ იუდეიდან გალილეაში ჩასვლის შემდეგ მოახდინა.

სქოლიოები

დაახლ. დღის 12 სთ.
დაახლ. დღის 1-ლი სთ.