იოანეს სახარება 2:1—25

  • ქორწილი კანაში; წყლის ღვინოდ გადაქცევა (1—12).

  • იესო წმენდს ტაძარს (13—22).

  • იესომ იცის ადამიანის ბუნება (23—25).

2  მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში. იესოს დედაც იქ იყო. 2  ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებულნი. 3  ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა უთხრა: „ღვინო აღარ აქვთ“. 4  იესომ მიუგო: „მერე ჩვენ რა შუაში ვართ?!* ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“. 5  დედამისმა სუფრის მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ის გეტყვით!“ 6  იუდეველთა განწმენდის წესისამებრ,+ იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა. 7  იესომ მათ უთხრა: „წყლით აავსეთ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე. 8  შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით“. მათაც მიართვეს. 9  როცა სუფრის გამრიგემ, რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (წყლის ღვინოდ ქცევის ამბავი მხოლოდ სუფრის მომსახურეებმა იცოდნენ), ნეფეს დაუძახა 10  და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო, როცა ხალხი შეთვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11  იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა. ასე დაიწყო მან სასწაულების მოხდენა, რითაც გააცხადა თავისი დიდება;+ ირწმუნეს იგი მისმა მოწაფეებმა. 12  ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან. 13  მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში წავიდა. 14  ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15  თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა თავიანთ ცხვართან და საქონელთან ერთად, ხოლო ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16  მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17  მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე*“.+ 18  ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშანს გვიჩვენებ იმის დასამტკიცებლად,+ რომ გაქვს ამის გაკეთების უფლება?“ 19  იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ!“+ 20  იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი 46 წელიწადი შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?!“ 21  თუმცა ტაძარში იესო თავის სხეულს გულისხმობდა.+ 22  როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ, ამას რომ ამბობდა ხოლმე.+ მათ ირწმუნეს წმინდა წერილიცა და იესოს ნათქვამიც. 23  იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ბევრმა იხილა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები და ირწმუნა იგი*, 24  მაგრამ იესო სიფრთხილეს იჩენდა, რადგან იცნობდა მათ; 25  მას არ სჭირდებოდა, რომ მისთვის ვინმეს აეხსნა ადამიანის ბუნება, რადგან ისედაც იცნობდა მას.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „[მერე] მე და შენ რა, ქალო?!“ ეს იყო წინააღმდეგობის გამომხატველი იდიომი; მიმართვა „ქალო“ არ იყო შეურაცხმყოფელი.
სავარაუდოდ, ამ მუხლში მოხსენიებულ საწყაოში იგულისხმება ბათი. ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.
სიტყვასიტყვით — „მისი სახელი“.