იოანეს სახარება 20:1—31

  • ცარიელი სამარხი (1—10).

  • იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს (11—18).

  • იესო ეცხადება თავის მოწაფეებს (19—23).

  • თომას ეჭვები ქარწყლდება (24—29).

  • გრაგნილის მიზანი (30, 31).

20  კვირის პირველ დღეს, დილით ადრე,+ როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგდალელი მარიამი სამარხთან მივიდა და დაინახა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ.+ 2  იგი გაიქცა, მივიდა სიმონ-პეტრესთან და იმ მოწაფესთან, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ და უთხრა მათ: „უფლის ცხედარი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს!“+ 3  მაშინ პეტრე და ის მოწაფე სამარხისკენ გაეშურნენ. 4  ორივე ერთად გაიქცა, მაგრამ მეორე მოწაფემ პეტრეს გაუსწრო და სამარხთან პირველმა მიირბინა. 5  დაიხარა და დაინახა დაყრილი სახვევები,+ მაგრამ შიგნით არ შესულა. 6  სიმონ-პეტრეც ფეხდაფეხ მიჰყვა, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი სახვევები. 7  თუმცა ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ჰქონდა შემოხვეული, სახვევებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იდო დახვეული. 8  იმ დროს შიგნით შევიდა ის მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა სამარხთან, და ნანახმა დაარწმუნა ნათქვამში. 9  თუმცა ისინი ჯერ კიდევ ვერ სწვდებოდნენ წმინდა წერილში ჩაწერილს, რომ ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო;+ 10  მოწაფეები თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. 11  მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა, 12  და იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, თეთრით მოსილი ორი ანგელოზი+ დაინახა: ერთი თავთით იჯდა, მეორე — ფერხთით. 13  ჰკითხეს მას: „რატომ ტირი?“ მან მიუგო: „ჩემი უფლის ცხედარი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს!“ 14  ეს რომ თქვა, მოტრიალდა და დაინახა იქვე მდგომი იესო, მაგრამ ვერ იცნო.+ 15  იესომ მას ჰკითხა: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და წამოვიღებ!“ 16  იესომ მიუგო: „მარიამ!“ ის კი მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს „მოძღვარო“). 17  იესომ უთხრა: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან! წადი ჩემს ძმებთან+ და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან+ და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან+ და თქვენს ღმერთთან!“ 18  მივიდა მაგდალელი მარიამი მოწაფეებთან და ახარა, უფალი ვიხილეო, და მისი ნათქვამიც გადასცა.+ 19  იმავე დღეს, კვირის პირველ დღეს, როცა უკვე გვიანი იყო და მოწაფეებს იუდეველთა შიშით კარი ჰქონდათ ჩაკეტილი, იესო მივიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 20  ეს რომ თქვა, მათ ხელები და ფერდი აჩვენა.+ მოწაფეები გაახარა უფლის დანახვამ.+ 21  იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!+ როგორც მე გამომგზავნა მამამ,+ მეც ისე გგზავნით თქვენ!“+ 22  ეს რომ თქვა, სული შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული!+ 23  ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც არ აპატიებთ, არ ეპატიება“. 24  თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი, „ტყუპისცალად“ წოდებული თომა,+ იმ დროს იქ არ იყო. 25  როცა მოწაფეებმა უთხრეს, უფალი ვნახეთო, მან მიუგო, თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და არ შევეხები, და ნაჭრილობევ ფერდს ხელს არ დავადებ,+ არ ვირწმუნებო. 26  რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ სახლში იყვნენ და თომაც მათთან იყო. კარი ჩაკეტილი ჰქონდათ, თუმცა იესო შევიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 27  შემდეგ თომას უთხრა: „დამადე თითი და ნახე ჩემი ხელები! მოდი, შეეხე ჩემს ფერდს. ნუ დაეჭვდები*, ირწმუნე!“ 28  მაშინ თომამ თქვა: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“ 29  იესომ უთხრა: „იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე?! ბედნიერია, ვისაც არ უხილავს, მაგრამ სწამს!“ 30  იესომ მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა სასწაულიც მოახდინა, რომლებიც ამ გრაგნილზე არ დაწერილა;+ 31  მაგრამ რაც დაიწერა, იმისთვის დაიწერა, რომ ირწმუნოთ, იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ნუ იქნები ურწმუნო“.