არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

შემოქმედება თუ ევოლუცია (ნაწილი 3) — რატომ უნდა გჯეროდეს შემოქმედების?

შემოქმედება თუ ევოლუცია (ნაწილი 3) — რატომ უნდა გჯეროდეს შემოქმედების?

„თუ შემოქმედების გჯერა, სხვებს შეიძლება სულელი ეგონო.ზოგმა შეიძლება გითხრას, რომ შენი აზრი არ გაგაჩნია და იმის გჯერა, რასაც ბავშვობაში მშობლები ჩაგჩიჩინებდნენ, ან შეიძლება ისიც კი გაკადრონ, რომ რელიგიამ ტვინი აგირია“ (ჯანეტი).

 შენც იმავეს გრძნობ, რასაც ჯანეტი? თუ ასეა, შეიძლება ზოგჯერ შენც გაგიჩნდეს ეჭვები შემოქმედებასთან დაკავშირებით. ეს გასაგებიცაა, რადგან სინამდვილეში არავის უნდა, უვიცად თვლიდნენ. რა დაგეხმარება ასეთ დროს?

 მცდარი შეხედულებები

 1. თუ შემოქმედების გჯერა, სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მეცნიერულ აღმოჩენებს უარყოფ.

 „ჩემი მასწავლებლის აზრით, ზოგს შემოქმედების იმიტომ სჯერა, რომ არ სურს, იმაზე ფიქრით შეიწუხოს თავი, სინამდვილეში როგორ გაჩნდა სამყარო“ (მარია).

 რა უნდა იცოდე: გახსოვდეს, ვინც ასეთ განაცხადს აკეთებს, თავად არ არის გაცნობილი ფაქტებს. ისეთ გამოჩენილ მეცნიერებსაც კი, როგორებიც იყვნენ გალილეო გალილეი და ისააკ ნიუტონი, სწამდათ შემოქმედის და ეს სულაც არ უშლიდათ ხელს, მეცნიერული კვლევა-ძიებით ყოფილიყვნენ დაკავებული. დღესაც არსებობენ მეცნიერები, რომელთაც სწამთ შემოქმედების და ისინი სულაც არ თვლიან, რომ მათი რწმენა მეცნიერებას ეწინააღმდეგება.

 მითითება: გაეცანი ზოგიერთი მეცნიერისა თუ მედიკოსისგან აღებულ ინტერვიუებს და გაიგე, როგორ ირწმუნეს მათ შემოქმედი. ამისთვის „საგუშაგო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკის საძიებო ველში ჩაწერე შემდეგი სიტყვათა კომბინაცია (ბრჭყალებიანად) „მოგვითხრობს თავის რწმენაზე“. როცა მათ ინტერვიუებს გაეცნობი, დაფიქრდი, რამ მიიყვანა ისინი იმ დასკვნამდე, რომ შემოქმედი ნამდვილად არსებობს.

 გახსოვდეს: თუ შემოქმედების გჯერა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეცნიერულ აღმოჩენებს უარყოფ. სინამდვილეში რაც უფრო კარგად დააკვირდები ბუნებას, მით უფრო გაგიძლიერდება რწმენა შემოქმედის მიმართ (რომაელები 1:20).

2. თუ შემოქმედების შესახებ ბიბლიაში მოცემული ცნობის გჯერა, ხალხმა შეიძლება ფანატიკოსად ჩაგთვალოს.

 «შემოქმედების თემა ბევრს სასაცილოდ არ ყოფნის. ისინი ფიქრობენ, რომ „დაბადებაში“ მოთხრობილი ისტორია ზღაპარია და მეტი არაფერი» (ჟასმინი).

 რა უნდა იცოდე: დღეს სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებენ იმას, რასაც ბიბლია შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მაგალითად, ზოგი კრეაციონისტი ამტკიცებს, რომ ღმერთმა დედამიწა, სულ რაღაც, რამდენიმე ათასწლეულის წინ შექმნა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე ექვსი 24-საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა. ბიბლია მსგავს მოსაზრებებს არ ეთანხმება.

  •   დაბადების 1:1-ში არაორაზროვნად წერია: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს იმის თაობაზე, რომ დედამიწა მილიარდობით წელს ითვლის.

  •   „დაბადების“ წიგნში გამოყენებული სიტყვა „დღე“ შეიძლება დროის დიდ მონაკვეთზე მიუთითებდეს. მაგალითად, დაბადების 2:4-ში მოხსენიებული „დღე“ შემოქმედების ექვსივე დღეს გულისხმობს.

 გახსოვდეს: შემოქმედების შესახებ ბიბლიაში მოცემული ცნობები სრულ თანხმობაშია მეცნიერულ ფაქტებთან.

 დაფიქრდი, რა გწამს

 შემოქმედისადმი რწმენა არ ნიშნავს, ბრმად ირწმუნო რამე და ფაქტებზე თვალი დახუჭო. სინამდვილეში ასეთი რწმენა საკმაოდ საფუძვლიან მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. დაფიქრდი:

 შენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ, რომ თავისით არაფერი ჩნდება. მაგალითად, როცა ხედავ ფოტოაპარატს, თვითმფრინავს ან კიდევ საცხოვრებელ სახლს, იოტისოდენა ეჭვიც კი არ გეპარება, რომ მის უკან კონკრეტული ადამიანი დგას, რომელიც ამ ყველაფრის ავტორია. თუ ამ მსჯელობას გავყვებით, მაშინ ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ურთულესი აგებულების თვალი, ცაში ლამაზად მოლივლივე ფრინველი ან ჩვენი თვალწარმტაცი პლანეტა დედამიწა თავისით ვერ გაჩნდებოდა.

 დაფიქრდი: ინჟინრები თავიანთი გამოგონების დასახვეწად ხშირად ბუნებისგან სესხულობენ იდეებს, შემდგომ კი სულმოუთქმელად ელიან, საქვეყნოდ როდის მოიპოვებენ აღიარებას. რამდენად ლოგიკურად გეჩვენება, აღიარო ასეთი ადამიანები და მათი გამოგონებები და, ამავდროულად, უარყო შემოქმედი და მისი ქმნილებები, რომლებთანაც ვერც ერთი საინჟინრო შედევრი ახლოსაც კი ვერ მივა?

თუ თვითმფრინავის შექმნას დიზაინერი სჭირდება, მაშინ რის თქმა შეიძლება ფრინველზე?

 კარგად გაეცანი ფაქტებს

 თუ გინდა, რომ შენი რწმენა საფუძველს არ იყოს მოკლებული, დააკვირდი ბუნებას და შემოქმედების დამადასტურებელ არაერთ მტკიცებულებას იპოვი.

 მითითება: „საგუშაგო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკის საძიებო ველში ჩაწერე შემდეგი სიტყვათა კომბინაცია (ბრჭყალებიანად) „ვინ შექმნა“. შემდეგ შეარჩიე ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ამ რუბრიკიდან შენთვის საინტერესო სტატიები და კითხვის დროს დაფიქრდი, რით არის გამორჩეული ბუნების ის შედევრები, რომელთაგანაც მეცნიერები სესხულობენ იდეებს. როგორ გარწმუნებს ცოცხალ ქმნილებებზე დაფიქრება, რომ მათ უკან დიდებული შემოქმედი დგას?

 გამოიკვლიე: ქვემოთ მოყვანილი ბროშურების საშუალებით უფრო კარგად გაეცანი შემოქმედების დამადასტურებელ ფაქტებს.

  •  „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“

    •   დედამიწის ადგილმდებარეობა და ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით, იმაზე მოწმობს, რომ ის სიცოცხლისთვის შეიქმნა (იხილე გვერდები 4—10).

    •   რაიმე ახალის შესაქმნელად მეცნიერები ხშირად იდეებს ბუნებისგან სესხულობენ (იხილე გვერდები 11—17).

    •   ბიბლიაში, კერძოდ „დაბადების“ წიგნში ჩაწერილი ცნობები შემოქმედების შესახებ სრულ თანხმობაშია მეცნიერებასთან (იხილე გვერდები 24—28).

  •  „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“

    •   შეუძლებელია, სიცოცხლე უსიცოცხლო მატერიისგან თავისით გაჩენილიყო (იხილე გვერდები 4—7).

    •   ცოცხალი ორგანიზმები იმდენად რთული აგებულებისაა, რომ შეუძლებელია, თავისით, ბრმა შემთხვევითობის შედეგად გაჩენილიყო (იხილე გვერდები 8—12).

    •   გენეტიკური კოდი წარმოუდგენლად დიდ ინფორმაციას შეიცავს; ადამიანის მიერ შექმნილი ინფორმაციის შემნახველი ვერც ერთი სისტემა ვერ შეედრება მას (იხილე გვერდები 13—21).

    •   მოსაზრება, რომ ყველა ცოცხალ არსებას ერთი წინაპარი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პალეონტოლოგიური მონაცემებიდან ჩანს, რომ ცხოველთა ძირითადი ჯგუფები ერთდროულად გაჩნდა და არა თანდათანობით, ევოლუციის პროცესის შედეგად (იხილე გვერდები 22—29).

 „ყველაზე მეტად ღვთის არსებობაში ბუნება მარწმუნებს; ყველაფერი, პატარა ქმნილებებით დაწყებული უზარმაზარი ციური სხეულებით დამთავრებული, ღვთის არსებობაზე მოწმობს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საოცარ წესრიგზე, რომელიც სამყაროში არსებობს“ (ტომასი).