არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დავძლიო დეპრესია?

როგორ დავძლიო დეპრესია?

 რას გააკეთებ?

დაფიქრდი შემდეგ სიტუაციებზე:

ჯენიფერს აღარაფერი ახარებს. ის ყოველდღე უმიზეზოდ, გულამომჯდარი ტირის; ადამიანებთან ურთიერთობას გაურბის და თითქმის არაფერს ჭამს; ვერ იძინებს და ყურადღების მოკრება უჭირს. ჯენიფერს ვერ გაუგია, რა ხდება მის თავს. სად გაქრა ძველი ჯენიფერი?!

ერთ დროს მარკი შესანიშნავი მოსწავლე იყო, თუმცა დღეს სწავლის გაგონებაც კი არ უნდა. ადრე თუ სპორტით იყო გატაცებული, ახლა ძალაგამოცლილი და გამოფიტულია. მეგობრები ვეღარ ცნობენ, მშობლები ნერვიულობენ. ნუთუ ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკის ბრალია?!

შენც ხომ არ გეუფლება მსგავსი გრძნობები? თუ ასეა, ორი რამის გაკეთება შეგიძლია:

  1. მარტო ებრძოლო დეპრესიას.

  2. დაელაპარაკო უფროსი ასაკის სანდო ადამიანს.

შესაძლოა გულმა პირველი ვარიანტისკენ გაგიწიოს, განსაკუთრებით, თუ ლაპარაკის ხასიათზე არ ხარ. მაგრამ იქნება ეს კარგი გამოსავალი? ბიბლია გვირჩევს: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას… თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცა და წამომყენებელი არავინ ჰყავს?“ (ეკლესიასტე 4:9, 10).

წარმოიდგინე, რომ ღამით კრიმინალებით სავსე უბანში გზა აგებნა. ქუჩაში საეჭვო ადამიანები დადიან. რას გააკეთებ? მარტო შეეცდები გზის გაკვლევას? ალბათ, აჯობებს დახმარებისთვის სანდო ადამიანს მიმართო.

დეპრესიაში მყოფი ადამიანი შეიძლება შევადაროთ საშიშ უბანში დაკარგულ ადამიანს. ბუნებრივია, დროდადრო სევდა მოგეძალოს; მაგრამ თუ ყოველთვის უგუნებოდ ხარ, აჯობებს დახმარება ითხოვო.

ბიბლიური პრინციპი: „განმარტოებული კაცი … ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1).

თუ მეორე ვარიანტს აირჩევ და დაელაპარაკები მშობელს ან უფროსი ასაკის სანდო ადამიანს, ეს დიდ დახმარებას გაგიწევს — ისინი გაგიზიარებენ, როგორ გაუმკლავდნენ მსგავს გრძნობებს.

შეიძლება ფიქრობ: ჩემი მშობლები ვერ გამიგებენ. მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რას განვიცდი. მართლა ასეა? შესაძლოა შენს მშობლებს ახალგაზრდობაში სულ სხვა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ გჯეროდეს, რომ ისინიც იმავეს გრძნობდნენ, რასაც ახლა შენ. ასე რომ, მათ უკეთ იციან, როგორ იპოვო გამოსავალი.

ბიბლიური პრინციპი: „განა სიბრძნე მოხუცებს არა აქვთ, და გაგების უნარი — დღეთა სიმრავლეს?!“ (იობი 12:12).

რას ვსწავლობთ ამ ბიბლიური პრინციპიდან: თუ შენს გრძნობებს მშობელს ან უფროსი ასაკის სანდო ადამიანს გაანდობ, საჭირო რჩევებს მიიღებ.

დეპრესიაში ჩავარდნა ძალიან ჰგავს საშიშ უბანში დაკარგვას. ამ მდგომარეობას თავი რომ დააღწიო, დახმარება უნდა ითხოვო

 როგორ უნდა მოიქცე, თუ მწვავე დეპრესია გაქვს?

თუ ყოველდღე სევდიანი და ემოციურად დათრგუნული ხარ, ეს შეიძლება მწვავე დეპრესიაზე მიანიშნებდეს, ამიტომ დროა დახმარებისთვის ექიმს მიმართო.

ჩვეულებრივ, თინეიჯერებს ახასიათებთ უგუნებობა და ემოციური აშლილობა, მაგრამ მწვავე დეპრესიის შემთხვევაში ეს გრძნობები უფრო მძაფრი და ხანგრძლივია. ასე რომ, თუ სულ სევდიანი და მოწყენილი ხარ, აჯობებს მშობლებს სთხოვო, ექიმთან კონსულტაციაზე წაგიყვანონ.

ბიბლიური პრინციპი: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათე 9:12).

თავს უხერხულად ნუ იგრძნობ, თუ მწვავე დეპრესიის დიაგნოზს დაგისვამენ. ახალგაზრდებში საკმაოდ ხშირია დეპრესია, თუმცა მისი განკურნება შესაძლებელია. ნუ იფიქრებ, რომ ამის გამო ნამდვილი მეგობრები ზურგს შეგაქცევენ.

რჩევა: იყავი მომთმენი. დეპრესიისგან განკურნებას დრო სჭირდება. გახსოვდეს, ყოველთვის კარგად ვერ იქნები. *

 რა დაგეხმარება დეპრესიის დაძლევაში?

დეპრესიასთან გასამკლავებლად შეგიძლია სხვა საშუალებებსაც მიმართო. სისტემატურად ივარჯიშე, სწორად იკვებე და კარგად გამოიძინე. ეს ყველაფერი დაგეხმარება, აღიდგინო ემოციური წონასწორობა (ეკლესიასტე 4:6; 1 ტიმოთე 4:8). გარდა ამისა, შეგიძლია შენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანო; დაწერო, როგორ აპირებ დეპრესიასთან გამკლავებას, რა გამოგივიდა და რა — არა.

მნიშვნელობა არა აქვს, მწვავე დეპრესია გაქვს თუ მსუბუქი, ერთი რამ გახსოვდეს: თუ უარს არ იტყვი დახმარებაზე და რჩევებს გაითვალისწინებ, დეპრესიას აუცილებლად დაძლევ.

 ბიბლიური მუხლები, რომლებიც დაგეხმარება, თავი დააღწიო დეპრესიას

  • „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

  • „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22).

  • „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:13).

  • „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“ (მათე 6:34).

  • „მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს“ (ფილიპელები 4:6, 7).

^ აბზ. 20 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ოთხი სტატია, რომლებიც დაიბეჭდა 2014 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში „სამი მიზეზი, რის გამოც ღირს სიცოცხლე“.