არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

ვისწავლო უცხო ენა?

ვისწავლო უცხო ენა?

უცხო ენის შესწავლას თვითდისციპლინა და თავმდაბლობა სჭირდება. ღირს ეს ძალისხმევად? ბევრი ახალგაზრდა იტყოდა, რომ კი. ამ სტატიიდან გაიგებთ, რატომ სწავლობენ ეს ახალგაზრდები უცხო ენას.

 რატომ სწავლობენ უცხო ენას?

ბევრი უცხო ენას იმიტომ სწავლობს, რომ ეს სკოლაში მოითხოვება. სხვებს თავად უჩნდებათ ამის სურვილი. მაგალითად:

  • ერთმა ავსტრალიელმა თინეიჯერმა, სახელად ანამ, გადაწყვიტა ლატვიური ენის შესწავლა, რომელიც დედამისის მშობლიური ენაა. ის ამბობს: „ჩემი ოჯახი ლატვიაში აპირებს გამგზავრებას და ძალიან მინდა, ნათესავებს მათ ენაზე დაველაპარაკო“.

  • ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა იეჰოვას მოწმემ ჯინამ ამერიკული ჟესტების ენა ისწავლა და ბელიზში გადავიდა მსახურების გასაფართოებლად. ის აღნიშნავს: „ყრუ-მუნჯები ყველასთან ვერ ურთიერთობენ. ისინი ძალიან აფასებენ, როცა იგებენ, რომ ჟესტების ენა შევისწავლე, რათა მათ ბიბლიის შესწავლაში დავხმარებოდი“.

იცოდით თუ არა? ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ იქნებოდა ნაქადაგები „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6). ეს წინასწარმეტყველება იმითაც სრულდება, რომ ბევრი ახალგაზრდა უცხო ენას სწავლობს და უცხოელებთან ქადაგებს როგორც თავის ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ.

 რა სირთულეებს ხვდებიან?

უცხო ენის შესწავლა ადვილი არ არის. ერთი თინეიჯერი, სახელად კორინა, აღნიშნავს: „მეგონა, რომ ენის შესასწავლად სიტყვების სწავლა საკმარისი იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უფრო მეტი იყო საჭირო: უნდა მესწავლა ახალი კულტურა და ამ ენაზე აზროვნება. ენის შესწავლა მართლა დიდ დროს მოითხოვს“.

ენის შესწავლას თავმდაბლობაც სჭირდება. ახალგაზრდა ჯეიმზი, რომელმაც ესპანური ისწავლა, ამბობს: „სწავლის პერიოდში უამრავ შეცდომას დაუშვებ, ამიტომ საკუთარ თავზე გაცინება უნდა ისწავლო. შეცდომების გარეშე ენის სწავლა შეუძლებელია“.

გახსოვდეს: ენის შესწავლაში წარმატებას მიაღწევ, თუ დაბრკოლებებს გაუმკლავდები და ხელებს არ ჩამოყრი ისეთი შეცდომების გამო, რომლებმაც შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოს.

რჩევა: გული არ გაიტეხო, თუ სხვა შენზე სწრაფად მიიწევს წინ. ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).

 რა შედეგები მოაქვს?

უცხო ენის შესწავლას არაერთი დადებითი შედეგი მოაქვს. ერთი თინეიჯერი, სახელად ოლივია, აღნიშნავს: „უცხო ენის შესწავლა ახალ მეგობრებს შეგძენს“.

ახალგაზრდა მარის უცხო ენის შესწავლა ღირსების გრძნობას უმაღლებს. ის ამბობს: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგად არაფერი გამომდიოდა. თუმცა ახლა, როცა უცხო ენას ვსწავლობ, თითოეული ახალი სიტყვის სწავლის შემდეგ თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ ღირსების გრძნობა მიმაღლდება“.

ზემოთ მოხსენიებულ ჯინას მსახურება კიდევ უფრო მეტ სიხარულს ჰგვრის, როდესაც ყრუ-მუნჯებს ბიბლიას ასწავლის. ის ამბობს: „ერთი სიამოვნებაა ყრუ-მუნჯების გაბრწყინებული სახეების ხილვა, როცა მათ თავიანთ ენაზე ესაუბრები“.

გახსოვდეს: ახალი ენის შესწავლა ახალ მეგობრებს შეგძენს, ღირსების გრძნობას აგიმაღლებს და შენს მსახურებას ხალისს შემატებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა მოისმინონ ადამიანებმა „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9).