არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიპოვო მშობლების ნდობა?

 რა უნდა იცოდე

გენდობიან თუ არა მშობლები, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სანდო ადამიანი ხარ სინამდვილეში. მშობლების მიერ დადგენილი წესების მორჩილება, რაღაც გაგებით, ვალის გადახდას ჰგავს. შენ ვალად მშობლების მორჩილება გადევს. და თუ ამ „ვალს“ პატიოსნად იხდი, უფრო მეტი „კრედიტის აღების“, ანუ უფრო მეტი თავისუფლების მიღების შესაძლებლობა მოგეცემა. და პირიქით, თუ არასანდო ადამიანის რეპუტაციას შეიქმნი, არ გაგიკვირდეს, თუ მშობლები კრედიტს უფრო შეგიმცირებენ ანუ უფრო მეტად შეგზღუდავენ.

ნდობას ერთ დღეში ვერ მოიპოვებ. მშობლებმა უფრო მეტი თავისუფლება რომ მოგცენ, უნდა დაამტკიცო, რომ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი ხარ.

ნამდვილი ამბავი: „მოზარდობის ასაკში ზუსტად ვიცოდი, რას ითხოვდნენ ჩემგან მშობლები. თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს მშობლების ყველა სიტყვას ვითვალისწინებდი, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებდი, რაც მე მინდოდა, ოღონდ ჩუმ-ჩუმად. ამის გამო მშობლებს უჭირდათ ჩემი ნდობა. გარკვეული დროის შემდეგ ვისწავლე, რომ სხვა გზა არ არსებობდა — გაიძვერობით თავისუფლებას ვერ მოვიპოვებდი. ნდობა რომ მოიპოვო, სანდო და პატიოსანი ადამიანი უნდა იყო“ (კრეიგი).

 რა შეგიძლია გააკეთო

იყავი პატიოსანი, მაშინაც კი, თუ ამის გამო დაზარალდები. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ თუ ტყუილებით ცდილობ, მათ გადაფარვას (ან ფაქტებს მალავ, რომ სიმართლე არ გამოაშკარავდეს), ამით იმ ნდობასაც დაკარგავ, რაც მანამდე მოიპოვე. მეორე მხრივ, თუ გულწრფელი და პატიოსანი იქნები, მშობლები დაინახავენ, რომ უკვე მოწიფული ხარ საიმისოდ, რომ შეცდომები აღიარო. პრინციპში, სანდო ადამიანიც ხომ ის არის, ვინც თავის შეცდომებს გულწრფელად აღიარებს.

„ნდობას მაშინ კი არ დაკარგავ, თუ შეცდომას დაუშვებ, არამედ მაშინ, თუ ეცდები მათ დამალვას“ (ანა).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).

  • დაფიქრდი: სრულ სიმართლეს ეუბნები მშობლებს, როცა გეკითხებიან, სად მიდიხარ და რას გააკეთებ? ან როცა გეკითხებიან, სად იყავი და რა გააკეთე, ხომ არ მალავ იმ დეტალებს, რომლებიც მათ აინტერესებთ?

იყავი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი. დაემორჩილე ოჯახში დადგენილ ყველა წესს. იყავი პუნქტუალური. პასუხისმგებლობით მოეკიდე სკოლის დავალებებს. ნუ მიხვალ სახლში დადგენილ დროზე გვიან.

„როცა მშობლები მეგობრებთან გაგიშვებენ და გეტყვიან, 9 საათზე სახლში უნდა იყოო, ნუ მიხვალ სახლში თერთმეტის ნახევარზე, თუ გინდა, რომ სხვა დროსაც გაგიშვან“ (რაიანი).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5).

  • დაფიქრდი: რას იტყოდი საკუთარ თავზე, როცა საქმე დროზე მისვლას, სახლის დალაგებას და ოჯახში დადგენილი წესების მორჩილებას ეხება მაშინაც კი, როცა რომელიმე მათგანი არ მოგწონს?

იყავი მომთმენი. თუ მშობლების თვალში ნდობას დაკარგავ, მის ხელახლა მოსაპოვებლად დიდი დრო დაგჭირდება. მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მეგონა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მშობლები მეტ პასუხისმგებლობებს მომანდობდნენ, მაგრამ ასე არ ხდებოდა; ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი. ვერ ვხვდებოდი, რომ მოწიფულობა მარტო ასაკზე არ იყო დამოკიდებული. მშობლებს ვთხოვე, შანსი მოეცათ, დამემტიცებინა, რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა. ამას დრო დასჭირდა, მაგრამ გაამართლა. ვისწავლე, რომ ნდობა ასაკს არ მოაქვს. ნდობის მოსაპოვებლად საქმეებია საჭირო“ (რეიჩელი).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5).

  • დაფიქრდი: რა საკითხებში შეგიძლია გამოსცადო საკუთარი თავი, რომ მოიპოვო (ან დაიბრუნო) მშობლების ნდობა?

რჩევა: დაისახე მიზნად, გაუმჯობესდე რომელიმე საკითხში, იქნება ეს პუნქტუალობა, ოჯახის საქმეები, სახლში თავის დროზე მისვლა, თუ სხვა. ამის შესახებ მშობლებსაც უთხარი. ჰკითხე, რას მოელიან შენგან ნდობის მოსაპოვებლად. შემდეგ ყველანაირად ეცადე, მიჰყვე შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია“ (ეფესოელები 4:22). დროთა განმავლობაში მშობლები დაინახავენ თქვენს პროგრესს.