არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევეწინააღმდეგო თანატოლებს, როცა სექსისკენ მიბიძგებენ?

როგორ შევეწინააღმდეგო თანატოლებს, როცა სექსისკენ მიბიძგებენ?

„როცა სკოლაში ვინმე ტრაბახობდა, რომ სექსი ჰქონდა, დანარჩენებიც ფიქრობდნენ, რომ მას არ უნდა ჩამორჩენოდნენ. ბოლოს და ბოლოს, არავის უნდა თეთრი ყვავი იყოს“ (ელეინი, 21 წლის).

განგიცდია თანატოლებისგან ზეწოლა, გქონოდა სექსი მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ყველა აკეთებს?

გქონია შეყვარებულისგან ზეწოლა, რომ მასთან სექსი გქონოდა?

თუ დიახ, ეს სტატია დაგეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიო სხვების ზეგავლენას, გააკონტროლო საკუთარი სურვილები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

 მცდარი შეხედულებები და ფაქტები

მცდარი შეხედულება: ყველას აქვს სექსი ჩემ გარდა.

ფაქტი: ერთი გამოკითხვის თანახმად, 18 წლის მოზარდებში სამიდან ორი ამბობს, რომ მათ უკვე ჰქონდათ სექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრს, 30 პროცენტზე მეტს, ჯერ არ ჰქონია სექსი. ფაქტია, რომ ყველას არა აქვს სექსი.

მცდარი შეხედულება: სექსი განამტკიცებს ურთიერთობებს.

ფაქტი: ზოგი ბიჭი ამ სიტყვებით ცდილობს გოგოს დაყოლიებას, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეს აჩვენებს. ხშირად ბიჭები საერთოდ წყვეტენ იმ გოგოებთან ურთიერთობას, რომლებთანაც სექსი ჰქონდათ. ასეთ დროს კი გოგონა, რომელიც ფიქრობდა, რომ ბიჭს უყვარდა ან რაღაც სიმპათია მაინც ჰქონდა მისადმი, ემოციურად ნადგურდება. *

მცდარი შეხედულება: ბიბლია სექსის წინააღმდეგია.

ფაქტი: ბიბლია არ კრძალავს სქესობრივ ურთიერთობას, თუმცა მასში ნათქვამია, რომ სქესობრივი კავშირი მხოლოდ დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს უნდა ჰქონდეს (დაბადება 1:28; 1 კორინთელები 7:3).

მცდარი შეხედულება: ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება მოსაწყენია.

ფაქტი: თუ ქორწინებამდე სექსი არ გექნება, უფრო ბედნიერი იქნები, რადგან თავიდან აირიდებ დიდ ტკივილს, აგრეთვე სინანულისა და დაუცველობის გრძნობას, რაც ხშირად თან ახლავს ქორწინებამდელ სექსს.

დასკვნა: თუ ქორწინებამდე სექსისგან თავს შეიკავებ, ეს არავის დააზარალებს, რასაც ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაში, თუ ქორწინებამდე გექნება სექსი.

 როგორ შევეწინააღმდეგო თანატოლებს, როცა სექსისკენ მიბიძგებენ

  • განივითარე სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი. ბიბლიაში მოწიფულ ხალხზე ნათქვამია, რომ მათ „გაიწაფეს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). შედეგად, მათ მტკიცე პოზიცია აქვთ და ადვილად ვერავინ დაიყოლიებს.

    „დიდი ძალისხმევის ფასად მიჯდება, სწორად რომ მოვიქცე და კარგი რეპუტაცია შევიძინო. ვერიდები ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება ჩემს რეპუტაციას საფრთხე შეუქმნას და შრომა წყალში ჩამიყაროს“ (ალისია, 16 წლის).

    დაფიქრდი: როგორი რეპუტაცია გინდა, რომ გქონდეს? გიღირს რეპუტაციის შელახვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის თვალში ამაღლდე?

  • იფიქრე შედეგებზე: ბიბლიაში ნათქვამია: „კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). წინ გაიხედე და დაფიქრდი, როგორ შეიცვლება შენი და შენი პარტნიორის ცხოვრება, თუ ცდუნებას აჰყვები. *

    „ქორწინებამდელ სექსს ხშირად მოჰყვება დანაშაულის და სინანულის გრძნობა; შეიძლება ისეთი გრძნობაც დაგეუფლოს, რომ გამოგიყენეს და მიგაგდეს, რომ არაფერი ვთქვათ შესაძლო არასასურველ ფეხმძიმობაზე და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე“ (სიენა, 16 წლის).

    დაფიქრდი: ერთ წიგნში ასეთი კითხვაა დასმული: „თუ მეგობრები ისეთი რამის გაკეთებას გაიძულებენ, რამაც შესაძლოა დაგაზარალოს და პრობლემები შეგიქმნას, ღირს მათთან მეგობრობა და მათი რჩევების გათვალისწინება?“ („Sex Smart“).

  • გქონდეს გაწონასწორებული თვალსაზრისი. სექსში ცუდი არაფერია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დაქორწინებული წყვილი უნდა დატკბეს ამგვარი ურთიერთობით (იგავები 5:18, 19).

    „სექსი ღვთის შემოქმედების ნაწილია. ღმერთს სურს, რომ ამ ურთიერთობამ ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი დაქორწინდებიან (ჯერემი, 17 წლის).

    დაფიქრდი: თუ ერთ დღესაც დაქორწინდები, შენც გექნება სქესობრივი კავშირი და სრულად ისიამოვნებ ღვთისგან ბოძებული ამ საჩუქრით ისე, რომ არ გექნება ზემოთ ნახსენები ცუდი შედეგების შიში.

^ აბზ. 8 რა თქმა უნდა, მარტო ბიჭები არ ახდენენ გოგოებზე ზეწოლას. ხშირ შემთხვევაში გოგონები აძალებენ ბიჭებს სექსს.

^ აბზ. 17 სხვა სირთულეებთან ერთად, ამას შეიძლება მოჰყვეს არასასურველი ფეხმძიმობა; თუ რომელიმე არასრულწლოვანია, ამის გამო შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების საფუძველზე.