არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

უწყინარი გართობაა ფლირტი?

უწყინარი გართობაა ფლირტი?

 რა არის ფლირტი?

ზოგი თვლის, რომ ფლირტით — იქნება ეს სიტყვითა თუ საქციელით — საპირისპირო სქესის ადამიანს მიანიშნებ, რომ მოგწონს. არასწორია, თუ ვინმეს აგრძნობინებ, რომ მოგწონს? ყოველთვის არა. „დავუშვათ, ვინმე მოგწონს და პაემნისთვისაც მზად ხარ. თუ არ აგრძნობინებ, როგორ მიხვდები, მასაც მოსწონხარ თუ არა?!“ — ამბობს ახალგაზრდა ენი.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რატომ არ უნდა აღუძრა გრძნობები და ეფლირტაო მას, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ აპირებ.

„თუ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობის დაწყება გსურს, ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოავლენ. მაგრამ, თუ ვინმეს აგრძნობინებ, რომ მოგწონს, შემდეგ კი ისე მოიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა, ამით მას ძალიან ატკენ გულს“ (დიანა).

 რატომ ერთობა ზოგი ფლირტით?

ზოგს ფლირტი ღირსების გრძნობას უმაღლებს. „როცა ატყობ, რომ ვიღაცას მოსწონხარ, სურვილი გიჩნდება, უფრო მეტად მიიპყრო მისი ყურადღება“, — ამბობს ახალგაზრდა ჰეილი.

თუ ვინმეს აფიქრებინებ, რომ მოგწონს, სინამდვილეში კი მის მიმართ არაფერს გრძნობ, ამით მას დიდ ტკივილს აყენებ. ეს უგუნურებაა. ბიბლიაში ნათქვამია: „უგუნურს უგუნურება ახარებს“ (იგავები 15:21).

ჰეილი დასძენს: „ერთი შეხედვით უწყინარი ფლირტი შეიძლება მწარე შედეგით დასრულდეს“.

 რატომ უნდა მოერიდო ფლირტს?

  • ფლირტი ცუდ რეპუტაციას შეგიქმნის

    „მოფლირტავე გოგო არასაიმედო და ჩამოუყალიბებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხვდები, რომ ის შენდამი გულწრფელი არ არის და უბრალოდ გიყენებს“ (ჯერემი).

    ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული ... თავისას არ ეძებს“ (1 კორინთელები 13:4, 5).

    დაფიქრდი: როგორმა სიტყვებმა ან საქციელმა შეიძლება შეგიქმნას მოფლირტავე ადამიანის იმიჯი?

  • ფლირტით ადამიანის გრძნობებზე თამაშობ

    „მოფლირტავე ბიჭისგან თავს შორს ვიჭერ. ასე მგონია, ჩემთან მხოლოდ იმიტომ ურთიერთობს, რომ გოგო ვარ. ასეთები უბრალოდ ერთობიან და სხვები სულაც არ ანაღვლებთ“ (ჟაკლინი).

    ბიბლიაში ნათქვამია: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

    დაფიქრდი: გქონია შემთხვევა, როცა საპირისპირო სქესის ადამიანმა გაგრძნობინა, რომ მოსწონხარ, მოგვიანებით კი აღმოაჩინე, რომ თურმე ცდებოდი? თუ კი, რა გრძნობები დაგეუფლა? როგორ უნდა მოიქცე, რომ მსგავსი ტკივილი სხვას არ მიაყენო?

  • ფლირტი ნამდვილი სიყვარულის პოვნაში ხელს შეგიშლის

    „მოფლირტავე ბიჭს ცოლად გავყვები კი არა, პაემანზეც არ დავთანხმდები! როგორ შეიძლება ვენდო ადამიანს, რომელიც წამდაუწუმ იტყუება?!“ (ოლივია).

    ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „თვალთმაქცებთან არ დავდივარ“ (ფსალმუნი 26:4).

    დაფიქრდი: როგორი ადამიანი მიმართავს ფლირტს? გინდა, ასეთი პიროვნების მორიგი „სათამაშო“ გახდე?