არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

„მზად ვარ, დამოუკიდებლად ვიცხოვრო?“

ცალკე ცხოვრებაზე ფიქრი შეიძლება აღმაფრთოვანებელიც იყოს და ამავდროულად, შიშსაც ბადებდეს შენში. როგორ უნდა მიხვდე, ხარ თუ არა მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?

 დაფიქრდი, რატომ გინდა ცალკე ცხოვრება

სახლიდან წასვლა შეიძლება ბევრი რამის გამო მოგინდეს, თუმცა ზოგი მიზეზი შეიძლება არც ისე სერიოზული იყოს. მაგალითად, ერთი ახალგაზრდა, სახელად მარიო, ამბობს: „სახლიდან წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ გავთავისუფლებულიყავი იმ პასუხისმგებლობებისგან, რომლებიც სახლში მქონდა“.

სინამდვილეში პირიქით ხდება. როცა ცალკე გადიხარ, უფრო მეტად იზღუდება შენი თავისუფლება. 18 წლის ანია ამბობს: „თუ ცალკე გახვალ, მარტო მოგიწევს ზრუნვა სახლზე, საკვების მომზადებაზე, გადასახადების გადახდაზე. მშობლები გვერდით აღარ გეყოლება“.

დასკვნა: თუ გინდა გაიგო, მზად ხარ თუ არა ცალკე ცხოვრებისთვის, ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვე, რატომ გინდა ოჯახიდან ცალკე გადასვლა.

 გამოთვალე ხარჯები:

იესომ თქვა: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). როგორ შეგიძლია გამოთვალო ცალკე ცხოვრების ხარჯები? შეამოწმე საკუთარი თავი ქვემოთ მოცემული კითხვების მეშვეობით:

შეგიძლია ფულის ეკონომიურად ხარჯვა?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ფული იცავს კაცს (ეკლესიასტე 7:12).

  • ფულის დაზოგვა ხომ არ გიჭირს?

  • ფულის ფლანგვა ხომ არ გჩვევია?

  • ხშირად სესხულობ ფულს?

თუ ამ კითხვებიდან ერთ-ერთს მაინც დადებითად პასუხობ, ცალკე ცხოვრების ოცნება შეიძლება კოშმარად გექცეს.

„ჩემი ძმა 19 წლის იყო, სახლიდან რომ წავიდა. ერთ წელიწადში მთელი დანაზოგი გაფლანგა, მანქანა ბანკმა ჩამოართვა და ყველა ბანკში გააშავეს. ბოლოს იხვეწებოდა, სახლში დამაბრუნეთო“ (დანიელა).

გამოსავალი: ჰკითხე მშობლებს, რამდენია ოჯახის გასავალი, რამდენი მიდის გადასახადებში და როგორ ანაწილებენ ბიუჯეტს ისე, რომ დავალიანებები დაფარონ; როგორ ახერხებენ ფულის დაზოგვას?

დასკვნა: თუ ფულის გონივრულად ხარჯვას მანამ ისწავლი, სანამ მშობლებთან ხარ, მომავალში უკეთ იქნები მზად ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად.

ხარ დამოუკიდებელი პიროვნება?

ბიბლიაში წერია: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5).

  • საქმის გადადება ხომ არ გიყვარს?

  • სულ მშობლები ხომ არ გახსენებენ, რა უნდა გააკეთო სახლში?

  • ხომ არ გჩვევია სახლში დადგენილ დროზე გვიან მისვლა?

თუ ამ კითხვებიდან ერთ-ერთს მაინც დადებითად პასუხობ, სავარაუდოდ, უფრო გაგიჭირდება პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, თუ ცალკე გადახვალ.

„როცა სახლიდან მიდიხარ, ისეთი რაღაცების გაკეთება გიწევს, რაც მაინც და მაინც არ მოგწონს. არავინ მოვა და არ გეტყვის, რა უნდა გააკეთო. ამიტომ თავად უნდა იყო ამ მხრივ მოწესრიგებული და მიჰყვე დღის განრიგს“ (ჯესიკა).

გამოსავალი: ერთი თვის განმავლობაში, მშობლებთან ცხოვრების პერიოდში, რაც შეიძლება მეტი საქმე აიღე საკუთარ თავზე. მაგალითად, საკუთარი ინიციატივით დაალაგე სახლი, გარეცხე შენი სარეცხი, იყიდე საკვები პროდუქტები, ყოველ საღამოს მოამზადე სადილი და შემდეგ ყოველთვის დარეცხე ჭურჭელი. ეს წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რის გაკეთება მოგიწევს მაშინ, როცა ცალკე გადახვალ.

დასკვნა: თუ დამოუკიდებლად ცხოვრებას აპირებ, წესრიგი უნდა გიყვარდეს.

მომზადების გარეშე საცხოვრებლად ცალკე გადასვლა ჰგავს თვითმფრინავიდან გადმოხტომას მაშინ, როცა ჯერ პარაშუტის გამოყენება არ გისწავლია

ხარ ემოციურად სტაბილური?

ბიბლიაში ნათქვამია: „მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები“ (კოლოსელები 3:8).

  • ხომ არ გიჭირს სხვებთან საერთო ენის გამონახვა?

  • ადვილად ხომ არ გამოდიხარ მდგომარეობიდან?

  • ყოველთვის ისე გინდა, კეთდებოდეს ყველაფერი, როგორც შენ მოგწონს?

თუ ამ კითხვებიდან ერთ-ერთს მაინც დადებითად პასუხობ, სავარაუდოდ გაგიჭირდება თანაოთახელთან, ან დაქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ცხოვრება.

„თანაოთახელთან ცხოვრების დროს დავინახე ჩემი სუსტი მხარეები. მივხვდი, რომ როცა სტრესის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, არ არის სხვა ვალდებული, ყველაფერი მომითმინოს. პრობლემების მოგვარების უკეთესი გზები ვისწავლე“ (ჰელენა).

გამოსავალი: ისწავლე, როგორ შეეწყო მშობლებსა და დედმამიშვილებს. როგორი დამოკიდებულებაც ახლა გაქვს შენი ოჯახის წევრების შეცდომებისადმი, ისეთივე დამოკიდებულება გექნება მათი შეცდომებისადმი, ვისთანაც მომავალში მოგიწევს ცხოვრება.

დასკვნა: ცალკე ცხოვრება არ არის პასუხისმგებლობებისგან თავის დაღწევის გზა; ასეთი ნაბიჯის გადადგმას კარგი მომზადება სჭირდება. კარგი იქნება, თუ დაელაპარაკები მათ, ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ჰკითხე, რას შეცვლიდნენ დღევანდელი გადასახედიდან; ასეთი მიდგომა ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს დაგეხმარება.