არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

გამოვიდე სკოლიდან?

გამოვიდე სკოლიდან?

 „ვერ ვიტან სკოლას!“. თუ შენთვის ეს გრძნობა ნაცნობია, შეიძლება სკოლიდან გამოსვლის სურვილი გაგიჩნდეს. ეს სტატია დაგეხმარება, ამ საკითხს სხვა კუთხით შეხედო.

 რატომ გამოდის ზოგი სკოლიდან

 ქვემოთ მოყვანილია ექსპერტების დაკვირვებები, თუ რატომ გამოდის ზოგი სკოლიდან:

  •   დაბალი აკადემიური მოსწრება. „სულ უფრო და უფრო ცუდ ნიშნებს ვიღებ“.

  •   გულგრილობა. „ვფიქრობ, რასაც ვსწავლობ, არაფერში გამომადგება“.

  •   ეკონომიკური გაჭირვება. „უნდა ვიმუშაო, რომ ოჯახს მატერიალურად დავუდგე მხარში“.

 იფიქრე შედეგებზე

 ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ასე რომ, თუ სკოლიდან გამოსვლა გინდა, დაფიქრდი შედეგებზე.

 ჰკითხე საკუთარ თავს:

  •   თუ სკოლიდან გამოვალ, ადვილად ვიშოვი მომავალში კარგ სამუშაოს?

     „ერთ დღესაც დაგჭირდება სამუშაოს შოვნა და ოჯახის რჩენა. მაგრამ როგორ შეძლებ ამას, როცა დამსაქმებლების უმეტესობა ითხოვს, საშუალო სკოლა მაინც გქონდეს დამთავრებული?“ (ჯულია).

  •   თუ სკოლიდან გამოვალ, შევძლებ გავუმკლავდე იმ სიძნელეებს, რომლებსაც ადრე თუ გვიან შევხვდები?

     „სკოლა ცხოვრებისთვის გამზადებს. იქ ხვდები ურთიერთობის დროს სირთულეებს, დგები ცდუნებების წინაშე და ასრულებ სხვადასხვა დავალებას. ამ ყველაფერს ვერც მომავალში აარიდებ თავს“ (დანიელი).

  •   თუ სკოლიდან გამოვალ, მექნება ისეთი უნარები, რაც დიდობაში გამომადგება?

     „შეიძლება ფიქრობ, რომ, რასაც დღეს სკოლაში სწავლობ, ვერაფერში გამოიყენებ. მაგრამ 23 წლის რომ გახდები და იმის განსაზღვრა მოგიწევს, რაში რამდენი დახარჯო, მაშინ მიხვდები, თურმე რა კარგი ყოფილა, რომ თავის დროზე მათემატიკას კარგად სწავლობდი“ (ანა).

 უკეთესი მიდგომა

  •   მიიღე დახმარება. ბიბლიაში ნათქვამია: „მრჩეველთა სიმრავლეს ხსნა მოაქვს“ (იგავები 11:14). თუ დაბალი აკადემიური მოსწრება გაქვს, დაელაპარაკე მშობელს, მასწავლებელს, სკოლის კონსულტანტს ან რომელიმე სანდო ადამიანს და სთხოვე, გირჩიოს, როგორ გაუმჯობესდე.

     „თუ გიჭირს სწავლა, უთხარი ამის შესახებ მასწავლებელს. ზოგჯერ შეიძლება მასწავლებელს ადანაშაულებ, თუ მის საგანს კარგად ვერ სწავლობ. მაგრამ, თუ მას დახმარებისთვის მიმართავ, დიდი ალბათობით შენი პრობლემა მოგვარდება“ (ედუარდი).

  •   შორს გაიხედე. ბიბლიაში წერია: „საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია“ (ეკლესიასტე 7:8). სკოლას რომ დაამთავრებ, მხოლოდ აკადემიური ცოდნა კი არ გექნება შეძენილი, არამედ კარგი თვისებები და უნარ-ჩვევებიც.

     „დიდობაში შეიძლება არ მოგიწიოს არც თავისუფალი თემების დაწერა და არც გამოცდების ჩაბარება, მაგრამ თუ სკოლაში ისწავლი სტრესთან გამკლავებას, ეს მომავალში გამოგადგება სირთულეების პირისპირ დგომისას“ (ვერა).

    სკოლიდან ადრე გამოსვლა რაღაცით ნავიდან დროზე ადრე გადმოხტომას ჰგავს, რაც შეიძლება სანანებელი გაგიხდეს.

  •   ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოჩქარე გაღარიბდება“ (იგავები 21:5). ნაჩქარევად ნუ დაასკვნი, რომ სკოლიდან გამოსვლა ერთადერთი გამოსავალია.

     „სკოლა გასწავლის შრომის ფასს, პრობლემების გადაჭრას და სხვებთან თანამშრომლობას. ეს გამოცდილება ყოველთვის გამოგადგება. ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო, რომ სკოლა დაამთავრო“ (ბენჯამინი).

 დასკვნა: სკოლას თუ დაამთავრებ, უკეთ იქნები მომზადებული მომავალი პასუხისმგებლობებისთვის.