არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიშორო უარყოფითი ფიქრები?

როგორ მოვიშორო უარყოფითი ფიქრები?

 როგორი შეხედულება გაქვს საკუთარ თავზე?

  • ოპტიმისტი

    „ვცდილობ, რაც შეიძლება მხიარული და უდარდელი ვიყო. მინდა, რომ სულ ვიღიმოდე“ (ვალერი).

  • პესიმისტი

    „როცა რაღაც კარგი ხდება, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ყალბი და მოჩვენებითია“ (რებეკა).

  • რეალისტი

    „სულ ოპტიმისტი რომ ვიყო, გული გამიტყდება, როცა რაღაც ისე არ მოხდება, როგორც მინდა. პესიმისტი რომ ვიყო, სულ ცხვირჩამოშვებული ვივლი; ამიტომ რეალისტი ვარ და ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც სინამდვილეშია“ (ანა).

 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „გულმხიარულს მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15). ნამდვილად, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავიდან მოიშორონ უარყოფითი ფიქრები და აქცენტი დადებითზე გააკეთონ, უფრო ბედნიერები არიან. ისინი მეგობრებსაც ადვილად იძენენ. რასაკვირველია, არავის უნდა ისეთებთან ურთიერთობა, ვისაც სულ სახე ჩამოსტირის.

და მაინც, რეალობა ისაა, რომ რაც არ უნდა ოპტიმისტი იყო, მაინც ვერ გაექცევი სადარდებელს. მაგალითად:

  • მუდმივად ვიბომბებით ახალი ამბებით ომების, ტერორიზმისა და დანაშაულის შესახებ.

  • შეიძლება ოჯახში არსებულ პრობლემებს ებრძვი.

  • უდავოა, გაქვს პირადი სისუსტეებიც, რომლებთანაც გიწევს ბრძოლა.

  • შეიძლება მეგობარმა გატკინოს გული.

ნაცვლად იმისა, რომ თვალი დახუჭო ამგვარ ფაქტებზე ან პირიქით, სულ მათზე იფიქრო და იდარდო, ჯობია, გაწონასწორებულად შეხედო ყველაფერს. თუ ცხოვრების რეალობას თვალს გაუსწორებ, უარყოფითზე ბევრს აღარ იფიქრებ და სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდებს ის, რაც შენ გარშემო ხდება.

ნუ შეგაშინებს ცხოვრებისეული ქარტეხილები და გახსოვდეს, მზე კვლავ გამოანათებს!

 რა შეგიძლია გააკეთო?

  • რეალურად შეაფასე საკუთარი შეცდომები.

    „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). ის ფაქტი, რომ ყოველთვის სწორად ვერ იქცევი და შეცდომებს უშვებ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არა იმაზე, რომ უვარგისი და არაფრის მაქნისი ხარ.

    რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: იმუშავე საკუთარ თავზე, მაგრამ სრულყოფილებას ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს. „გული რომ არ გამიტყდეს, ბევრს არ ვფიქრობ ჩემს შეცდომებზე. ვცდილობ, ამ შეცდომებზე ვისწავლო და მათი დახმარებით გავუმჯობესდე“, — ამბობს ქეილები.

  • მოერიდე შედარებებს.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:26). შეიძლება ძალიან გაბრაზდე, თუ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით გაიგებ, რომ მეგობრები შენ გარეშე შეიკრიბნენ და კარგად გაერთნენ. ამ დროს შეიძლება ახლო მეგობრებიც კი მტრებად აღიქვა.

    რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: შეეგუე იმ აზრს, რომ ყოველთვის ყველგან ვერ დაგპატიჟებენ. გარდა ამისა, გახსოვდეს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები სრულ სურათს არ ასახავს. „სოციალურ ქსელებში უმეტესწილად ადამიანთა ცხოვრების ლამაზი წუთებია აღბეჭდილი — ამბობს ერთი ახალგაზრდა, სახელად ალექსი. — რეალობა კი არ არის ყოველთვის ასეთი აღმაფრთოვანებელი, რის შესახებაც იქ არავინ არაფერს არ წერს“.

  • იყავი მშვიდობისმყოფელი, განსაკუთრებით ოჯახში.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). სხვების საქციელს შენ ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შენი რეაქციების გაკონტროლება შეგიძლია. შენ შეგიძლია იყო მშვიდობიანი.

    რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: როცა ოჯახში ან სამეგობრო წრეში დაძაბული სიტუაციაა, მშვიდობას შეუწყვე ხელი და ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ. „სრულყოფილი არავინაა და დროდადრო ყველანი ვტკენთ ერთმანეთს გულს, — ამბობს ახალგაზრდა გოგო, სახელად მელინდა, — ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ასეთ დროს, მშვიდობას შევუწყობთ ხელს თუ გავამწვავებთ სიტუაციას“.

  • იყავი მადლიერი.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15). მადლიერება დაგეხმარება, იმაზე გაამახვილო ყურადღება, თუ რა ხდება შენს ცხოვრებაში კარგი. ამგვარად ნაკლებად იფიქრებ იმაზე, რაც არ გამოგივიდა.

    რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: თვალი გაუსწორე პრობლემებს, მაგრამ ის კარგიც შეამჩნიე, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. „ყოველდღე ვწერ ჩემს დღიურში ერთ დადებით მოვლენას, რაც იმ დღეს მოხდა,— ამბობს ახალგაზრდა რებეკა, — საკუთარ თავს ვახსენებ, თუ რამდენი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაზეც უნდა ვფიქრობდე“.

  • დაფიქრდი, ვის ირჩევ მეგობრად.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). თუ ადამიანებს, რომლებთანაც ბევრ დროს ატარებ, კრიტიკული, დამცინავი და მწარე საუბრები სჩვევიათ, ბუნებრივია, შენც გადმოგედება მათი ჩვევები.

    რა დაგეხმარება, რომ რეალურად უყურო საკითხს: შეიძლება შენს მეგობარს პრობლემების გამო დროდადრო დარდი და წუხილი შემოაწვეს. დაეხმარე მას, მაგრამ მის პრობლემებში ნუ ჩაიძირები. „ჩვენ მხოლოდ მათთან არ უნდა ვატარებდეთ დროს, ვინც მხოლოდ უარყოფითზე და საკუთარ პრობლემებზე ფიქრობს, — ამბობს გოგონა, სახელად მიშელი, — „თუ მეგობრის პრობლემას შენს პრობლემას დაუმატებ, რა გამოვა? — ერთი დიდი პრობლემა“.

 მეტი წაიკითხე ამ თემაზე

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომელსაც ბიბლია „მძიმე და ძნელად ასატანს დროს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). ხომ არ გიჭირს დადებითი განწყობის შენარჩუნება, როცა ხედავ, რომ მსოფლიოში ამდენი ცუდი რამ ხდება? წაიკითხე თემა „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“.