არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ ვამბობ ყოველთვის იმას, რაც არ მინდა?

„ზოგჯერ შემიძლია ენის კონტროლი, ზოგჯერ კი ისე ხდება, რომ ენა წინ მისწრებს“ (ჯეიმზი).

„როცა ვნერვიულობ, დაუფიქრებლად ვლაპარაკობ; თუმცა, დაძაბულიც რომ არ ვიყო, მაინც საჭიროზე მეტს ვლაპარაკობ. ასე რომ, სულ მეშლება“ (მარი).

ბიბლიაში ნათქვამია: „ენა ცეცხლია“, და „პატარა ცეცხლსაც ... შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა!“ (იაკობი 3:5, 6). შენი ენის გამო ხშირად ხომ არ ვარდები უხერხულ სიტუაციებში? თუ დიახ, ეს სტატია დაგეხმარება, თავი გაართვა ამ პრობლემას.

 რატომ ვამბობ ყოველთვის იმას, რაც არ მინდა?

არასრულყოფილება. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2). არასრულყოფილების გამო ადვილად ვუშვებთ შეცდომებს სიტყვითაც და საქმითაც.

„გონებაც არასრულყოფილი მაქვს და ენაც. ამიტომ სისულელე იქნება იმის თქმა, რომ სრულად ვაკონტროლებ მათ“ (ანა).

ბევრი ლაპარაკი. ბიბლიაში ნათქვამია: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია“ (იგავები 10:19). ის ადამიანები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და სხვებს ნაკლებად უსმენენ, უფრო ხშირად სტკენენ სხვებს გულს.

„ვინც ბევრს ლაპარაკობს, არ ნიშნავს, რომ ყველაზე ჭკვიანია. იესო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო დედამიწაზე, მაგრამ ზოგჯერ დუმილს არჩევდა“ (ჯულია).

სარკაზმი. ბიბლიაში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის“ (იგავები 12:18). დაუფიქრებელ ლაპარაკად ითვლება სარკაზმი — სხვების დამცირების მიზნით ნათქვამი გესლიანი სიტყვები. ვისაც სარკაზმი სჩვევია, შეიძლება თქვას, „რა იყო, უბრალოდ ვხუმრობ!“ მაგრამ სხვების დამცირება სახუმარო თემა არ არის. ბიბლია მოგვიწოდებს: „მოიშორეთ ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31).

„სიტყვამოსწრებული ვარ და ხუმრობაც ძალიან მიყვარს, რაც ხშირად სარკაზმში გადამდის ხოლმე. ამის გამო ბევრ პრობლემას ვხვდები“ (ოქსანა).

ახალგაზრდა ცდილობს კბილის პასტის უკან ჩაბრუნებას

 ენის გაკონტროლება

ენის გაკონტროლება ადვილი არ არის, თუმცა ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ამის სწავლა შესაძლებელია. მაგალითად, დაფიქრდი შემდეგ მუხლზე:

„გულში თქვით და ჩუმად იყავით“ (ფსალმუნი 4:4).

ზოგჯერ საუკეთესო პასუხი დუმილია. „ცხელ გულზე ბევრი რაღაცის თქმა მინდება ხოლმე, მაგრამ როცა ვმშვიდდები, ვხვდები, რა კარგად მოვიქეცი, რომ არ ვთქვი ყველაფერი“,— ამბობს ლაურა. რამდენიმე წამიც რომ შეიკავო თავი, შეიძლება აღარ თქვა ის, რის თქმასაც აპირებდი.

„განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს, და სასა — საჭმლის გემოს?!“ (იობი 12:11).

შესაძლოა პასუხი გამზადებული გაქვს, მაგრამ თუ არ გინდა, საკუთარ თავს დიდი ტკივილი მიაყენო, სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:

  • რის თქმასაც ვაპირებ, სიმართლეა? სასიამოვნო იქნება ამის მოსმენა? საჭიროა საერთოდ ამის თქმა? (რომაელები 14:9).

  • როგორ ვიგრძნობდი თავს, იგივე რომ ჩემთვის ეთქვათ? (მათე 7:12).

  • თუ ამას ვიტყვი, ვაჩვენებ, რომ პატივს ვცემ სხვის აზრს? (რომაელები 12:10).

  • არის ახლა ამის თქმის დრო? (ეკლესიასტე 3:7).

„თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3).

ამ რჩევის გათვალისწინება დაგეხმარება, სხვებს დადებითად უყურო; ეს კი თავის მხრივ, იმაში დაგეხმარება, რომ დაფიქრდე, სანამ რამეს იტყვი. მაშინაც კი, თუ უკვე თქვი გულსატკენი სიტყვები, გამოავლინე თავმდაბლობა და მოიბოდიშე, და ეს რაც შეიძლება მალე გააკეთე! (მათე 5:23, 24). ამის შემდეგ ყველანაირად ეცადე, აკონტროლო ენა.