არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა დამეხმარება ყურადღების მოკრებაში?

რა დამეხმარება ყურადღების მოკრებაში?

 რატომ მეფანტება გონება?

„ადრე ბევრ წიგნს ვკითხულობდი, ახლა გრძელი აბზაცების წაკითხვაც კი მეზარება“ (ელეინი).

„თუ სიუჟეტი მდორედ ვითარდება, ყურება მიჭირს და ფილმს ვახვევ“ (მირანდა).

„როცა რაღაც საქმით ვარ დაკავებული და ტელეფონზე ეკრანი ინთება, ერთი სული მაქვს, დავხედო, ვინ მომწერა“ (ჯეინი).

ზოგის აზრით, ელექტრონულმა მოწყობილობებმა ყურადღების მოკრება გაართულა. კონსულტანტი მენეჯმენტის დარგში და მწერალი ნიკოლას კარი აღნიშნავს: „რაც უფრო ხშირად ვიყენებთ ინტერნეტს, მით უფრო ადვილად გვეფანტება გონება. მართალია, სასურველ ინფორმაციას სწრაფად ვიღებთ, მაგრამ მიღებული ცოდნა ზედაპირულია“. *

სამი პირობითი სიტუაცია, თუ როდის შეიძლება გაგეფანტოს გონება.

  • საუბრისას. მარია ამბობს: „დღეს ხალხი ზოგჯერ პირისპირ საუბრის დროსაც კი არ უთმობს მოსაუბრეს მთელ ყურადღებას; ისინი პარალელურად მესიჯებს აგზავნიან, თამაშებით ერთობიან და სოციალურ ქსელს ამოწმებენ“.

  • გაკვეთილზე. ერთ წიგნში ნათქვამია: „მოსწავლეების უმეტესობა გაკვეთილებზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის, ათვალიერებს ვებგვერდებს და ამოწმებს სოციალურ მედიას ... თანაც არამიზნობრივად“ (Digital Kids).

  • მეცადინეობისას. 22 წლის კრისი აღნიშნავს: „ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონი დაიწკრიალებს, მინდა, დავხედო ეკრანს“. დავალებას, რომლის შესრულებასაც რეალურად ერთი საათი სჭირდება, შეიძლება სამი საათი ან უფრო მეტი მოანდომო, თუკი ელექტრონული მოწყობილობა გიფანტავს ყურადღებას.

დასკვნა: თუკი მიჯაჭვული ხარ ტექნიკაზე, გაგიჭირდება ყურადღების მოკრება.

გაფანტული გონება გაუხედნავ ცხენს ჰგავს, იქით მიგაქანებს, საითაც თავად სურს.

 როგორ შევძლო კონცენტრირება?

  • საუბრისას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). მოსაუბრისადმი პატივისცემას გამოავლენ, თუ ყურადღებით მოუსმენ. თვალი მოწყობილობისკენ კი ნუ გაგექცევა, მოსაუბრეს უყურე სახეში.

    „სხვასთან საუბრის დროს წარამარა ნუ ჩახედავ ტელეფონს. მოსაუბრისადმი პატივისცემას გამოავლენ, თუ მთელი ყურადღება მისკენ გექნება მიპყრობილი“ (ტომასი).

    რჩევა: როცა საუბრობ, შეეცადე, ტელეფონი გვერდით არ გქონდეს. მკვლევრები ამბობენ, რომ თუკი ტელეფონი თან გაქვს, ადვილად გეფანტება ყურადღება, რადგან გაუცნობიერებლად რაღაცას ელი.

  • გაკვეთილზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). ყოველთვის მხედველობაში იქონიე ეს პრინციპი, თუკი საკლასო ოთახში ინტერნეტზე გაქვს წვდომა — ნუ შეამოწმებ მესიჯებს, ნუ გაერთობი თამაშებით და ნუ ჩაებმები ონლაინ საუბრებში.

    „ეცადე, კლასში უფრო ყურადღებით იყო. გააკეთე ჩანაწერები. თუ შესაძლებელია, წინა რიგში დაჯექი, რომ არაფერმა გაგიფანტოს ყურადღება“ (კარენი).

    რჩევა: ჩანაწერები ფურცელზე გააკეთე და არა ელექტრონულ მოწყობილობაში. კვლევები აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში უკეთ იმახსოვრებ ნასწავლს და ნაკლებად გეფანტება გონება.

  • მეცადინეობისას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება“ (იგავები 4:5). ამიტომ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზნით კი ნუ გადაურბენ მასალას, არამედ აზრიანად შეისწავლე ის.

    „როცა ვმეცადინეობ, პლანშეტი ფრენის რეჟიმზე გადამყავს. არ ვამოწმებ შეტყობინებებს. თუკი რაღაც ისეთი გამახსენდა, რაც არ მინდა დამავიწყდეს, მაშინვე ვინიშნავ“ (კრისი).

    რჩევა: მოიწყვე ისეთი სამეცადინო კუთხე, სადაც ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს. ნივთები უწესრიგოდ ნუ გეყრება.

^ აბზ. 4 ამონარიდი წიგნიდან (What the Internet Is Doing to Our Brains).