არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ პოპულარობა?

რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ პოპულარობა?

ერთი თინეიჯერი, სახელად ელეინი, ამბობს: „როცა ვხედავდი, რომ ჩემს კლასელებს ონლაინ სივრცეში ასობით გამომწერი ჰყავდათ, ვფიქრობდი, რა პოპულარულები არიან-მეთქი და ცოტათი მშურდა კიდეც მათი“.

თუ თქვენც გაგჩენიათ ელეინის მსგავსი გრძნობები, ეს სტატია დაგანახვებთ, რატომაა ონლაინ პოპულარობისკენ სწრაფვა სახიფათო.

 რა საფრთხე ახლავს ონლაინ პოპულარობისკენ სწრაფვას?

ბიბლიაში ნათქვამია: „კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია“ (იგავები 22:1). ასე რომ, სავსებით ბუნებრივია, თუკი გვსურს, კარგი რეპუტაციით ვსარგებლობდეთ და სხვებს მოვწონდეთ.

მაგრამ, თუ გამუდმებით ვეცდებით, რომ სხვებისგან აღიარება მოვიპოვოთ, ეს შეიძლება პოპულარობისკენ სწრაფვაში გადაგვეზარდოს. არის რაიმე ცუდი ამაში? 16 წლის გოგონა, ონია, ამბობს:

„პოპულარობის გამო ხალხი რას აღარ აკეთებს, ჩემი სკოლელები მეორე სართულიდანაც კი ხტებიან“.

თანატოლების ყურადღების ცენტრში რომ მოექცნენ, ახალგაზრდები ათასგვარ უცნაურობას სჩადიან და ისეთ რაღაცებსაც კი აკეთებენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგალითად, ზოგი სარეცხ ფხვნილსაც კი იყრის პირში, რომ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს!

ბიბლია ამბობს: „ნურაფერს გააკეთებთ ... პატივმოყვარეობით“ (ფილიპელები 2:3).

დაფიქრდი:

  • რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ონლაინ პოპულარობა?

  • საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც ხომ არ დებ სასწორზე, რათა თანატოლებისგან აღიარება მოიპოვო?

 რატომ შეიძლება იყოს ონლაინ პოპულარობა მოჩვენებითი წარმატება?

აღსანიშნავია ისიც, რომ პოპულარობის მოსაპოვებლად ყველა სარისკო საქმეებს არ სჩადის. 22 წლის ერიკა გვიამბობს, რა მეთოდებით ცდილობს ბევრი პოპულარობის მიღწევას:

„ზოგი დაუსრულებლად აქვეყნებს ცხოვრებისეულ სიახლეებს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ უამრავი ახლო მეგობარი ჰყავს და დროის უმეტეს ნაწილს მათთან ერთად ატარებს. სწორედ ესაა წარმატების ილუზია“.

15 წლის კარა შენიშნავს, რომ ზოგი ტყუილზეცაა წამსვლელი, რათა სხვებს თავი ბედნიერად მოაჩვენოს:

„ვიცი, რომ ზოგი ისეთ სცენებს დგამს ფოტოსთვის, თითქოს მეგობრებთან ერთობა, არადა, ამ დროს სახლში ზის“.

მეთიუ, რომელიც 22 წლისაა, აღიარებს, რომ მსგავსი ხრიკისთვის მასაც მიუმართავს:

«ამიტვირთავს ფოტო და ადგილმდებარეობად „ევერესტის მთა“ მიმითითებია, არადა, აზიაში სულ არ ვარ ნამყოფი!“».

ბიბლია ამბობს: „გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).

დაფიქრდი:

  •  თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხარ, შენც ხომ არ მიგიმართავს ტყუილისთვის, სხვების თვალში ბედნიერი და წარმატებული რომ გამოჩენილიყავი?

  •  გამოქვეყნებული ფოტოსურათებითა და მათთვის დართული კომენტარებით რეალურ სურათს უქმნი სხვებს საკუთარ თავსა თუ ფასეულობებზე?

 რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი გამომწერისა და მომწონებლის ყოლა?

ბევრი ფიქრობს, რომ ონლაინ სივრცეში პოპულარობით რომ სარგებლობდე, ათასობით გამომწერი და მომწონებელი უნდა გყავდეს. ზემოხსენებული მეთიუ გვიმხელს, რომ ერთ დროს თავადაც ასე ფიქრობდა:

«სხვებს ვეკითხებოდი, რამდენი გამომწერი ჰყავდათ ან მათმა რომელმა „პოსტმა“ დაიმსახურა ყველაზე ბევრი მოწონება. ყველას განურჩევლად ვიმატებდი იმ მიზნით, რომ იქნებ, მათაც გამოეწერათ ჩემი გვერდი. პოპულარობა ყოველთვის მინდოდა და სოციალურმა ქსელმა ეს სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრა“».

ონლაინ პოპულარობა შეიძლება არაჯანსაღ საკვებს შევადაროთ, რომელიც გემრიელია, მაგრამ დიდხანს ვერ გაკმაყოფილებს.

25 წლის მარია ამბობს, რომ ზოგს ღირსების გრძნობა ელახება, თუკი არ ჰყავს ბევრი გამომწერი და მის „პოსტებს“ ბევრი მოწონება არ აქვს:

«თუ „სელფი“ საკმარის მოწონებას ვერ აგროვებს, გოგონა თავს უშნოდ მიიჩნევს. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლე არაა, მაგრამ ბევრი ფიქრობს ასე. ისინი, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს „აბულინგებენ“».

ბიბლია ამბობს: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნურც შეგვშურდება“ (გალატელები 5:26).

დაფიქრდი:

  •  თუ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხარ, ხომ არ გიჩნდება სურვილი, საკუთარი თავი სხვებს შეადარო?

  •  რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, გამომწერთა მთელი არმია გყავდეს, თუ ნამდვილი მეგობრები შეიძინო, რომელთაც გულწრფელად შესტკივათ გული შენზე?