არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გამოვნახო საერთო ენა მასწავლებელთან?

როგორ გამოვნახო საერთო ენა მასწავლებელთან?

 მასწავლებლისადმი შიში

ალბათ ყველას ჰყოლია ისეთი მასწავლებელი, რომელიც უსამართლო, ზედმეტად მომთხოვნი ან ცუდი ეჩვენებოდა.

  • 21 წლის ლუისი იხსენებს: „მეც მყავდა მასწავლებელი, რომელიც ხშირად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავდა და უპატივცემულოდ გვეპყრობოდა. მალე ისედაც პენსიაზე გადიოდა, ამიტომ თავისი საქციელი დიდად არ ანაღვლებდა“.

  • 25 წლის მელანი გვიყვება, რომ ერთ მასწავლებელს ის ამოჩემებული ჰყავდა: „მასწავლებელი თავის საქციელს იმით ხსნიდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. მისი აზრით უნდა შევგუებოდი იმას, რომ ჩემი რელიგიის გამო უსამართლობის მსხვერპლი ხშირად გავხდებოდი“.

თუ მასწავლებელთან საერთო ენის გამონახვა გიჭირს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლაში სიარული ნამდვილი კოშმარია. გაეცანი ქვემოთ მოცემულ რჩევებს:

 რჩევები

  • მოერგე სიტუაციას. ყველა მასწავლებელს თავისი მოთხოვნები აქვს. გაიგე, რას მოელის მასწავლებელი შენგან და შეეცადე, მისი მოლოდინი გაამართლო.

    ბიბლიური პრინციპი: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის“ (იგავები 1:5).

    „მივხვდი, რომ ჩემი მასწავლებლის სწავლების სტილს უნდა მოვრგებოდი. ამიტომ ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მას სურდა. ეს დამეხმარა, მასთან საერთო ენა გამომენახა“ (კრისტოფერი).

  • გამოავლინე პატივისცემა. მასწავლებლებს თავაზიანად ესაუბრე. არასდროს შეუბრუნო სიტყვა მათ მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ ამას იმსახურებენ. გახსოვდეს, შენ მათი თანატოლი არ ხარ.

    ბიბლიური პრინციპი: „თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:6).

    „მასწავლებლებს ხშირად მოსწავლეები სათანადოდ არ აფასებენ. ასე რომ, თუ პატივისცემას გამოავლენ, მათ გულს უფრო ადვილად მოიგებ“ (სიარა).

  • ეცადე, გაუგო მასწავლებლებს. მასწავლებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათაც დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ყოფნა და თავიანთი საწუხარი აქვთ. ამიტომ ნუ დაასკვნი, რომ ცუდი მასწავლებელი გყავს ან მას სძულხარ.

    ბიბლიური პრინციპი: „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).

    „მასწავლებლობა რთული პროფესიაა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამდენ ბავშვში წესრიგი და დისციპლინა შეინარჩუნო და თან რამე ასწავლო მათ. ყოველთვის ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი და ამით მასწავლებლისთვის ტვირთი შემემსუბუქებინა“ (ალექსი).

  • ესაუბრე მშობლებს. მშობლები ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. მათ უნდათ, სკოლაში წარმატებული იყო. ასე რომ, მათი რჩევები მასწავლებელთან საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარება.

    ბიბლიური პრინციპი: „თათბირის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22).

    „უფროსებს პრობლემების მოგვარების უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს. ასე რომ, მოუსმინე მათ რჩევებს; ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარება“ (ოლივია).

 როგორ უნდა ესაუბრო მასწავლებელს

ზოგჯერ მასწავლებელს უნდა ესაუბრო იმაზე, თუ რატომ გიჭირს მასთან საერთო ენის გამონახვა. თუ ამის გეშინია, გახსოვდეს, პრობლემაზე გულახდილი საუბარი მაინცდამაინც კამათს არ ნიშნავს. ეს უბრალოდ აზრების გაცვლა-გამოცვლაა. შენ თვითონაც მიხვდები, რომ ამაში რთული არაფერია და შედეგიც გაგაოცებს.

ბიბლიური პრინციპი: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას ... ემსახურება“ (რომაელები 14:19).

„თუ ფიქრობ, რომ მასწავლებელმა ამოგიჩემა, ჰკითხე, რამე ისეთი ხომ არ გააკეთე, რამაც გაანაწყენა. მისი პასუხიდან დაინახავ, რა უნდა გააკეთო“ (ჯულიანა).

„კარგი იქნება მასწავლებელს გაკვეთილის შემდეგ ან მანამდე პირადად, მშვიდად ესაუბრო შენს გრძნობებზე. იმედია, გაგიგებს და დააფასებს შენს ამგვარ ნაბიჯს“ (ბენჯამინი).

ნამდვილი ამბავი

«ცუდი ნიშნები მყავდა; ჩემი მასწავლებელი საერთოდ არ მეხმარებოდა. სკოლაში სიარული ჩემთვის აუტანელი გახდა და სკოლიდან გამოსვლა მინდოდა.

რჩევისთვის სხვა მასწავლებელს მივმართე. მან ასეთი რამ მითხრა: „სინამდვილეში თქვენ ერთმანეთს კარგად არ იცნობთ. პირდაპირ უნდა დაელაპარაკო, რა გაწუხებს. თუ ასე მოიქცევი, ამით შეიძლება იმ მოსწავლეებსაც დაეხმარო, ვისაც მასთან დალაპარაკების ეშინია.

ყველაზე ნაკლებად ამის გაკეთება მინდოდა. თუმცა ამ მასწავლებლის რჩევაზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ სწორი იყო. თუ პრობლემის მოგვარება მინდოდა, ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა ამეღო.

ასე რომ, მეორე დღეს მივედი მასწავლებელთან და თავაზიანად დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ მისი გაკვეთილები ძალიან მომწონდა და მინდოდა, კარგად მესწავლა. მაგრამ ავუხსენი, რომ ეს არ გამომდიოდა და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მან რჩევები მომცა და ისიც კი მითხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ან ინტერნეტის მეშვეობით დამეხმარებოდა.

შოკში ვიყავი. მასწავლებელთან გულახდილი საუბრის შემდეგ ჩვენ შორის არსებული ბარიერი გადაილახა და სკოლაში სიარულის ხალისი დამიბრუნდა» (მარია).

რჩევა: თუ მასწავლებელთან საერთო ენას ვერ პოულობ, ჩათვალე, რომ ამით შესაძლებლობა გეძლევა წინასწარ მოემზადო იმ პრობლემებისთვის, რაც ზრდასრულობისას შეგხვდება. 22 წლის ქეითი ამბობს: „სკოლის დამთავრების შემდეგაც შეიძლება ურთიერთობა მოგიწიოს ისეთ ადამიანებთან, მაგალითად, დამსაქმებელთან, რომლებიც ყოველთვის კარგად არ მოგეპყრობიან. თუ მასწავლებელთან შექმნილ გაუგებრობას მოაგვარებ, მომავალში უფრო გაგიადვილდება სხვებთან პრობლემების მოგვარება“.