არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დავიცვა თავი კიბერ-ბულინგისგან?

როგორ დავიცვა თავი კიბერ-ბულინგისგან?

 რა უნდა იცოდე?

ინტერნეტი ხელსაყრელი საშუალებაა ბულინგისთვის. „რამდენადაც ინტერნეტში ადამიანის ვინაობის დადგენა რთულია, ზოგჯერ შეიძლება უწყინარმა ბავშვებმაც კი დაიწყონ სხვების ჩაგვრა და დამცირება“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც კიბერ-უსაფრთხოებას ეხება (CyberSafe).

ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი? ხშირ შემთხვევაში კიბერ-ბულინგის მსხვერპლი არაკომუნიკაბელური, სხვებისგან განსხვავებული ან დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდები ხდებიან.

კიბერ-ბულინგს საზიანო შედეგები მოაქვს. მოზარდი, რომელიც კიბერ-ბულინგის მსხვერპლი ხდება, შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს, დეპრესიაში ჩავარდეს ან, ზოგ შემთხვევაში, თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.

 რა შეგიძლია გააკეთო?

თავდაპირველად ჰკითხე საკუთარ თავს: ნამდვილად ბულინგის მსხვერპლი ვარ? ზოგჯერ ადამიანები თავიანთი სიტყვებით გულს გვტკენენ, თუმცა ამას განზრახ არ აკეთებენ. ამ დროს კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევას:

ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს (ეკლესიასტე 7:9).

კიბერ-ბულინგის დროს მჩაგვრელი ინტერნეტის მეშვეობით შეურაცხყოფას აყენებს, დასცინის ან აშინებს სხვებს.

თუ კიბერ-ბულინგის მსხვერპლი ხარ, გახსოვდეს: შენმა პასუხმა შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები:

ყურადღებას ნუ მიაქცევ. ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“ (იგავები 17:27).

რატომ ღირს ამ რჩევის გათვალისწინება: „მჩაგვრელების მთავარი მიზანია, მსხვერპლი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. როცა მსხვერპლი მოთმინებას კარგავს, ის მჩაგვრელისთვის ადვილად სამართავი ხდება“, — წერს ნენსი უილარდი თავის წიგნში (Cyberbullying and Cyberthreats).

დასკვნა: ზოგჯერ იგნორირება საუკეთესო პასუხია.

თავი შეიკავე სამაგიეროს გადახდისგან. ბიბლიაში ნათქვამია: „ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით და მლანძღველს ლანძღვით ნუ უპასუხებთ“ (1 პეტრე 3:9).

რატომ ღირს ამ რჩევის გათვალისწინება: „სიბრაზე სისუსტის მაჩვენებელია, რაც მჩაგვრელს უბიძგებს, განაგრძოს მსხვერპლის გაღიზიანება და დამცირება. თუ დამნაშავეს სამაგიეროს გადაუხდი, შეიძლება შენც დანაშაულის თანამონაწილედ ჩაითვალო“, — ნათქვამია კიბერ-უსაფრთხოების შესახებ წიგნში (Cyber-Safe Kids, Cyber-Savvy Teens).

დასკვნა: ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამ!

იმოქმედე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ დაგძლიოს ბოროტებამ“ (რომაელები 12:21). ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია კიბერ-ხულიგნის შესაჩერებლად ისე, რომ მდგომარეობა არ დაამძიმო.

მაგალითად:

  • დაბლოკე კიბერ-ხულიგანი, რომელიც წერილებს გიგზავნის. ერთ წიგნში ნათქვამია: „ინფორმაცია, რომელიც შენამდე ვერ მოაღწევს, ვერც გავნებს“ (Mean Behind the Screen).

  • შეინახე ყველა მტკიცებულება, მათ შორის ის წერილებიც, რომლებიც არც კი წაგიკითხავს; აგრესიული შინაარსის წერილები, სწრაფი შეტყობინებები, იმეილები, პოსტები ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელში, ხმოვანი შეტყობინებები ან ნებისმიერი სხვა სახის შეტყობინება.

  • შეაჩერე დამნაშავე. გაუგზავნე წერილი, რომლითაც შენს მტკიცე პოზიციას აჩვენებ; თუმცა ეცადე, ემოციებს არ აჰყვე. წერილი შეიძლება იყოს შემდეგი შინაარსის:

    • „შეწყვიტე შეტყობინებების გამოგზავნა!“

    • „ახლავე წაშალე, რაც დაპოსტე!“

    • „თუ არ შეწყვეტ, სხვა ზომებს მივმართავ!“

  • იყავი თავდაჯერებული. ყურადღება შენს ძლიერ მხარეებზე გაამახვილე და არა სისუსტეებზე (2 კორინთელები 11:6). ხილული მჩაგვრელებისა და დამცინავების მსგავსად, კიბერ-ხულიგნებიც სამიზნეებად ისეთ მოზარდებს ირჩევენ, რომლებიც დაუცველები ჩანან.

  • დაელაპარაკე უფროსებს. პირველ რიგში ამის შესახებ მოუყევი მშობლებს. კიბერ-ბულინგის შესახებ აგრეთვე შეგიძლია შეატყობინო ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ან აპლიკაციის შემქმნელებს. თუ პრობლემა სერიოზულ სახეს იღებს, შენ და შენმა მშობლებმა ამის შესახებ აცნობეთ სკოლის დირექციას, პოლიციას ან დახმარებისთვის მიმართეთ იურისტს.

დასკვნა: შენ შეგიძლია ზომები მიიღო შეურაცხმყოფელის შესაჩერებლად ან იმ შედეგების ასარიდებლად, რომლებიც კიბერ-ბულინგს მოაქვს.