არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?

როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?

 რა არის სექსუალური შეურაცხყოფა?

 სექსუალური შეურაცხყოფა შეიძლება ეწოდოს უხამს ხუმრობას, მოურიდებლად შეხებას თუ ნებისმიერ კომპლიმენტს, რომელსაც საფუძვლად უდევს სექსუალური ვნება. მაგრამ ზოგჯერ ახალგაზრდებს უჭირთ, ერთმანეთისგან გაარჩიონ ხუმრობა, არშიყი და სექსუალური შეურაცხყოფა.

 შეგიძლია ერთმანეთისგან განასხვავო ეს სამი ქმედება? გაეცანი ქვემოთ მოცემულ ტესტს და განსაზღვრე, ამ სამ სიტუაციაში ახალგაზრდა  სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა თუ მხოლოდ ეხუმრებოდნენ და ეარშიყებოდნენ.

 სამწუხაროდ, სკოლის დამთავრების შემდეგაც შეიძლება გახდე სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი. მაგრამ, თუ საკუთარ თავში დარწმუნდები და დღესვე ისწავლი, როგორი რეაგირების მოხდენა გმართებს ასეთ დროს, მაშინ სამუშაოზე უფრო ადვილად გაუმკლავდები ამ პრობლემას. შენ შეიძლება ამგვარად სხვაც დაიცვა სექსუალური შეურაცხყოფისგან.

 როგორ მოვიქცე, თუ ვინმემ სექსუალური შეურაცხყოფა მომაყენა?

 თუ გინდა, რომ შეურაცხმყოფელი გააჩერო, ჯერ უნდა შეძლო ერთმანეთისგან განასხვავო სექსუალური შეურაცხყოფა, არშიყი და ხუმრობა და შემდეგ სათანადო რეაგირება მოახდინო. განვიხილოთ სამი სიტუაცია და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია თითოეულ ამ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა.

 სიტუაცია:

„სამუშაოზე ზოგი მამაკაცი, რომლებიც ჩემზე გაცილებით უფროსები იყვნენ, გამუდმებით მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და ნატრობდნენ, რომ 30 წლით ახალგაზრდები ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი ზურგიდან მომიახლოვდა და ჩემი თმა დაყნოსა (ტაბითა, 20 წლის).

 ტაბითას შესაძლოა ეფიქრა: „თუ ყურადღებას არ მივაქცევ, თავს დამანებებს“.

 რატომ არ არის სწორი ასეთი მიდგომა. სპეციალისტები ამბობენ, რომ როცა მსხვერპლი სათანადოდ არ რეაგირებს სექსუალურ შეურაცხყოფაზე, შეურაცხმყოფელი ხშირად ისევ თავისას აგრძელებს და უფრო მეტსაც ბედავს.

 ეცადე, ასე მოიქცე: მშვიდად, მაგრამ გასაგებად უთხარი შენს შეურაცხმყოფელს, რომ არ მოითმენ ასეთ ლაპარაკსა თუ საქციელს. 22 წლის ტარინი ამბობს: „თუ ვინმე მოურიდებლად მეხება, ვუტრიალდები და ვეუბნები, რომ მეორედ ასეთი რამ არ გაბედოს. ისინი გაკვირვებისგან პირდაღებულები რჩებიან“. თუ შეურაცხმყოფელი მაინც არ იშლის თავისას, ნუ დანებდები, კვლავაც სიმტკიცე გამოიჩინე. როცა საქმე ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას ეხება, ბიბლიური რჩევის თანახმად „მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს“ (კოლოსელები 4:12).

 რისი გაკეთება შეგიძლია, თუ შეურაცხმყოფელი გემუქრება, რომ ზიანს მოგაყენებს? ასეთ შემთხვევაში აშკარად ნუ დაუპირისპირდები მას. რაც შეიძლება მალე გაეცალე იქაურობას და დახმარება სთხოვე უფროსი ასაკის სანდო ადამიანს.

 სიტუაცია:

“«როცა მეექვსე კლასში ვიყავი, მოულოდნელად ორმა გოგომ ხელი მტაცა სკოლის დერეფანში. ერთ-ერთი ლესბოსელი იყო და უნდოდა, რომ მისი „გერლფრენდი“ გავმხდარიყავი. მართალია, უარი ვუთხარი, მაგრამ ყოველ შესვენებაზე გასაქანს არ მაძლევდნენ. ერთხელ კედელთანაც ამაყუდეს!» (ვიქტორია, 18 წლის).

 ვიქტორიას შესაძლოა ეფიქრა: „თუ ვინმეს ამის შესახებ ვეტყვი, სუსტად ჩამთვლიან და შეიძლება არც კი დამიჯერონ“.

 რატომ არ არის სწორი ასეთი მიდგომა. თუ ამის შესახებ არავის არ ეტყვი, შეურაცხმყოფელმა შეიძლება არც შენ დაგანებოს თავი და სხვებიც შეავიწროვოს (ეკლესიასტე 8:11).

 ეცადე, ასე მოიქცე: ეძებე დახმარება. მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ საჭირო დახმარება აღმოგიჩინონ, რათა თავიდან მოიშორო შეურაცხმყოფელი. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ სხვები შენს ნათქვამს არასერიოზულად მოეკიდებიან? შეეცადე, ასე მოიქცე: ყოველთვის, როცა შეურაცხგყოფენ, დეტალურად დაწერე მომხდარი, მათ შორის დრო, თარიღი, თითოეული ინციდენტის ადგილი და ისიც, თუ რა სიტყვებით შეურაცხგყვეს. შემდეგ ასლი მიეცი მშობელს ან მასწავლებელს. ბევრი უფრო სერიოზულად ეკიდება წერილობით მიღებულ ინფორმაციას, ვიდრე უბრალოდ ნათქვამს.

 სიტუაცია:

„ძალიან მეშინოდა ერთი ბიჭის, რომელიც რაგბისტი იყო. იგი თითქმის ორი მეტრის სიმაღლის იყო და 135 კილოს იწონიდა. მან აიკვიატა, რომ მისი უნდა გავმხდარიყავი. ის ყოველდღე მაწუხებდა და ასე გრძელდებოდა მთელი წელი. ერთ დღესაც, როცა მარტო დავრჩით საკლასო ოთახში და ჩემკენ წამოვიდა, ვეცი კარს და გავვარდი“ (ჯულიეტა, 18 წლის).

 ჯულიეტას შესაძლო ეფიქრა: „ყველა ბიჭი ასე იქცევა“.

 რატომ არ არის სწორი ასეთი მიდგომა. თუ ყველა ჩვეულებრივად მიიღებს მის ასეთ საქციელს, შეურაცხმყოფელი ყოველთვის ასეთი დარჩება.

 ეცადე, ასე მოიქცე: არც კი გაბედო, რომ შეურაცხმყოფელს გაუღიმო ან მომხდარი იუმორში გაუტარო. შენმა რეაქციამ, მათ შორის სახის გამომეტყველებამ, აშკარად უნდა მიახვედროს შეურაცხმყოფელი, რომ შენ არ შეიწყნარებ მის ასეთ საქციელს.

 რა შემიძლია გავაკეთო?

 რეალური ამბავი 1:

„როგორც წესი, არ მჩვევია სხვებთან უხეშად მოქცევა. ამიტომ, როდესაც ბიჭები შეურაცხმყოფდნენ, კი ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინათ ჩემთვის, მაგრამ ხმაში სიმტკიცე მაკლდა და ზოგჯერ მეღიმებოდა კიდეც. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამით თავს ვაწონებდი მათ“ (ტაბითა).

  •   შენ რომ ტაბითას ადგილზე ყოფილიყავი, რა პასუხს გასცემდი შეურაცხმყოფელს? რატომ პასუხობ ასე?

  •   რამ შეიძლება აფიქრებინოს შეურაცხმყოფელს, რომ ეკეკლუცები მას?

 რეალური ამბავი 2:

„ყველაფერი ფიზკულტურის გაკვეთილზე, რამდენიმე ბიჭის უხამსი კომპლიმენტით დაიწყო. რამდენიმე კვირის მანძილზე ყურადღებას არ ვაქცევდი ასეთ კომენტარებს, მაგრამ ამან უფრო გაამწვავა სიტუაცია. მალე ისინი ჩემ გვერდით სხდებოდნენ და ხელსაც მხვევდნენ. ვცდილობდი, თავიდან მომეშორებინა, მაგრამ არ მეშვებოდნენ. ბოლოს ერთმა ბიჭმა ხელში მომაჩეჩა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც უხამსი სიტყვები ეწერა. ფურცელი მასწავლებელს მივეცი, რის შემდეგაც მის მიმართ ზომები მიიღეს და დროებით არ დაუშვეს გაკვეთილებზე. მივხვდი, რომ თავიდანვე უნდა მივსულიყავი მასწავლებელთან“ (საბინა).

  •   შენი აზრით, თავიდანვე რატომ არ მივიდა საბინა მასწავლებელთან? სწორი იყო მისი ასეთი საქციელი? რატომ პასუხობ ასე?

 რეალური ამბავი 3:

“«ჩემს ძმასთან, გრეგთან, საპირფარეშოში ერთი ბიჭი ძალიან ახლოს მივიდა და უთხრა: „მაკოცე“. გრეგმა უარი უთხრა, მაგრამ თავიდან რომ ვერ მოიშორა, იძულებული გახდა, ხელი ეკრა» (სუზანი).

  •   ფიქრობ, რომ გრეგი სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა? რატომ პასუხობ ასე?

  •   როგორ ფიქრობ, რატომ გაურბის ზოგი ბიჭი იმაზე საუბარს, რომ სხვა ბიჭმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა?

  •   მოგწონს ის, რაც გრეგმა მოცემულ სიტუაციაში გააკეთა? შენ როგორ მოიქცეოდი?