არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა შევიძინო ახალი მეგობრები?

რატომ უნდა შევიძინო ახალი მეგობრები?

 „ჩემს სამეგობრო წრეში თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობ, რომ ახალი მეგობრების შეძენის არანაირი სურვილი არ მაქვს“ (ალანი).

 „რამდენიმე მეგობარი მყავს და ეს ჩემთვის საკმარისია. კომუნიკაბელური არა ვარ და მიჭირს უცხო ადამიანთან საერთო ენის გამონახვა“ (სარა).

 ალანისა და სარას მსგავსად, შენც ხომ არ გიჭირს ახალი მეგობრების შეძენა?

 თუ ასეა, ეს სტატია შენთვის ყოფილა!

 რატომ არის ცუდი, თუ მხოლოდ რამდენიმე მეგობრით შემოიფარგლები?

 სავსებით ნორმალურია, შენი სამეგობრო წრე გყავდეს. ამ დროს გრძნობ, რომ მეგობრებს სიამოვნებთ შენთან ურთიერთობა; ისინი გაფასებენ და ისეთს გიღებენ, როგორიც ხარ.

 „სასიამოვნოა, როცა სხვებს მოსწონხარ და თავიანთ სამეგობრო წრეში გიღებენ. ეს ყველა ახალგაზრდას სურს“ (19 წლის კარენი).

 იცოდი, რომ იესოს ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის 12 მოციქული? თუმცა ამათგან პეტრე, იაკობი და იოანე მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ (მარკოზი 9:2; ლუკა 8:51).

 და მაინც, თუ მხოლოდ რამდენიმე მეგობრით შემოიფარგლები და სხვებს შენთან დამეგობრების საშუალებას არ აძლევ, შეიძლება ...

  •   ხელიდან გაუშვა საუკეთესო მეგობრების შეძენის შესაძლებლობა.

     „თუ მხოლოდ შენნაირებს უმეგობრდები, ბევრ რამეს იკლებ და ძაან მაგარ ადამიანებთან ურთიერთობაზე ამბობ უარს“ (21 წლის ევანი).

  •   ამაყი ადამიანის იმიჯი შეიქმნა.

     „თუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან მეგობრობ, შეიძლება ვინმეს აფიქრებინო, რომ სხვებს არ კადრულობ“ (17 წლის სარა).

  •   მეგობრებს ცუდ საქციელში აჰყვე.

     „შეიძლება შენ არავის ჩაგრავ, მაგრამ, როცა შენი მეგობრები იქცევიან ასე, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავ და ხალისობ კიდეც“ (17 წლის ჯეიმზი).

  •   შარში გაეხვიო იმის გამო, რომ მზად ხარ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნო მათთან მეგობრობა.

     „თუ სამეგობრო წრეში ერთი მაინც არის ბუნტის თავი, დანარჩენებსაც ადვილად აიყოლიებს“ (17 წლის მარტინა).

 რა შეგიძლია გააკეთო?

  •   გადახედე შენს ფასეულობებს.

     ჰკითხე საკუთარ თავს: რა ფასეულობებით მინდა, ვიცხოვრო? იზიარებენ ჩემი მეგობრები ჩემს შეხედულებებს? თუ არა, მაინც ვიმეგობრებ მათთან?

     ბიბლიური პრინციპი: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).

     „თუ მათთან მეგობრობ, ვინც შენს ფასეულობებს არ იზიარებს, შეიძლება ისეთი რამ გააკეთო, რასაც არასდროს გააკეთებდი“ (14 წლის ელენი).

  •   გადახედე შენს პრიორიტეტებს.

     ჰკითხე საკუთარ თავს: იმდენად მიჯაჭვული ხომ არ ვარ მეგობრებს, რომ მათ დაკარგვას ჩემი ფასეულობების დათმობა მირჩევნია? რას გავაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი არასწორად მოიქცევა?

     ბიბლიური პრინციპი: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ“ (გამოცხადება 3:19).

     „შეიძლება შენი მეგობარი არასწორად იქცევა, შენ კი არ გინდა, რომ მოღალატედ ჩაითვალო, ამიტომ ამის შესახებ არ ეუბნები მას, ვინც ეს უნდა იცოდეს. ეს უადგილო ერთგულება იქნება“ (22 წლის მელანი).

  •   სხვებსაც დაუმეგობრდი.

     ჰკითხე საკუთარ თავს: რატომ ღირს მათთან დამეგობრება, ვისაც არც ისე კარგად ვიცნობ?

     ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

     „ხშირად ახალგაზრდები საკუთარ თავში იკეტებიან, რადგან სახლში პრობლემები აქვთ. ასეთებთან მეგობრობის სურვილი ბევრს არ უჩნდება. მაგრამ, როცა მათ დაუახლოვდები, აღმოაჩენ, რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან და არაერთ ღირსეულ თვისებას ფლობენ“ (19 წლის ბრაიანი).

 გახსოვდეს: არაფერია ცუდი იმაში, რომ შენი სამეგობრო წრე გყავდეს. მაგრამ მხოლოდ მათთან ურთიერთობით ნუ შემოიფარგლები. შეეცადე, სხვებსაც დაუმეგობრდე. ბიბლიაში ნათქვამია: „მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგავები 11:25).