არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გადავიტანო შეყვარებულთან დაშორება?

როგორ გადავიტანო შეყვარებულთან დაშორება?

„როცა მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით, თავს საშინლად ვგრძნობდი. მსგავსი ემოციური ტკივილი არასდროს განმიცდია“, — ამბობს სტივენი.

შენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობები? თუ ასეა, ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარება, გაუმკლავდე მათ.

 რა გრძნობები გეუფლება

როცა შეყვარებულები ერთმანეთს შორდებიან, ხშირ შემთხვევაში, ეს ორივესთვის მტკივნეულია.

  • თუ შეყვარებულთან დაშორება შენი ინიციატივა იყო, შესაძლოა თავს ჟასმინის მსგავსად გრძნობდე, რომელიც ამბობს: „თავს ვიდანაშაულებდი იმის გამო, რომ საყვარელ ადამიანს ვატკინე გული. იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება“.

  • თუ შეყვარებულთან დაშორება შენი ინიციატივა არ იყო, შესაძლოა თავი ისე იგრძნო, თითქოს საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალა. 21 წლის ჯანეტი გვიყვება: „არ მინდოდა, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა, ბრაზი მერეოდა; რას არ ვაკეთებდი, რომ მასთან ურთიერთობა აღმედგინა. დეპრესიაში ვიყავი. თითქმის ერთი წელი დამჭირდა, რომ მდგომარეობას შევგუებოდი“.

გახსოვდეს: შეყვარებულთან დაშორების შემდეგ შეიძლება გულგატეხილი და დათრგუნული იყო. ერთმა ბიბლიის დამწერმა თქვა: „მწუხარე სული ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).

 რა შეგიძლია გააკეთო?

  • გაუზიარე გრძნობები სანდო ადამიანს. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). მშობელთან ან უფროსი ასაკის სანდო ადამიანთან გულახდილი საუბარი დაგეხმარება, სხვა თვალით შეხედო შენს მდგომარეობას.

    „თვეების განმავლობაში საკუთარ თავში ვიყავი ჩაკეტილი; ჩემს გრძნობებზე არავისთან ვსაუბრობდი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს მეგობრებს გული გადავუშალე, შვება ვიგრძენი. ასეთ დროს მათ ნამდვილად შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქება“ (ჯანეტი).

  • ისწავლე საკუთარი გამოცდილებიდან. სხვა ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგების უნარი“ (იგავები 4:5). უსიამოვნო შემთხვევები უკეთ გაცნობს საკუთარ თავს და გასწავლის, როგორ გაუმკლავდე გულგატეხილობას.

    «შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მეგობარმა მკითხა: „რა ისწავლე ამ ურთიერთობიდან ისეთი, რაც მომავალში გამოგადგება, როცა სხვასთან სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებ?“» (სტივენი).

  • ილოცე. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). ლოცვა დაგეხმარება, რომ მწუხარებამ არ გშთანთქოს და სწორად შეაფასო მომხდარი.

    „ხშირად ილოცე. ყველაზე უკეთ იეჰოვამ იცის, რა მდგომარეობაში ხარ და რა ტკივილს განიცდი“ (მარსია).

  • დაეხმარე სხვებს. ბიბლია ამბობს: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). რაც მეტად ეცდები სხვების დახმარებას, მით უკეთ იგრძნობ თავს და შეძლებ შენი მდგომარეობა საღი გონებით შეაფასო.

    „შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გგონია, რომ ცხოვრება დასრულდა. ეს ბევრად რთული ასატანია, ვიდრე ფიზიკური ტკივილი. თუმცა დროთა განმავლობაში ტკივილი ქრება და ყველაფერი თავის ადგილას დგება“ (ეველინი).