პირველი წერილი კორინთელების მიმართ 7:1—40

  • რჩევები დაუქორწინებლებს და დაქორწინებულებს (1—16).

  • „თითოეული... ისეთი დარჩეს, როგორიც მაშინ იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა“ (17—24).

  • რჩევები დაუქორწინებლებსა და ქვრივებს (25—40).

    • დაუქორწინებლობის დადებითი მხარეები (32—35).

    • ქორწინება „უფალში“ (39).

7  ახლა რაც შეეხება იმას, რაზეც მომწერეთ: კაცისთვის უკეთესია, თუ არ გაეკარება ქალს. 2  მაგრამ, რაკი უზნეობა* ყველგანაა მოდებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი+ და ყოველ ქალს — თავისი ქმარი.+ 3  ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლმაც შეასრულოს თავისი მოვალეობა ქმართან.+ 4  ცოლი კი არ არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ქმარი; არც ქმარია თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ცოლი. 5  ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, ისიც დროებით, რათა დრო გამოუყოთ ლოცვას, შემდეგ კი კვლავ ერთად იყოთ, რომ სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 6  რაც აქამდე გითხარით, რჩევაა და არა ბრძანება. 7  მე კი მსურს, რომ ყველა ჩემსავით იყოს, თუმცა ღვთისგან ყველას თავისი ძღვენი+ აქვს: ზოგს ეს და ზოგს ის. 8  დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის უმჯობესია, ჩემსავით დარჩნენ,+ 9  მაგრამ, თუ თავშეკავება არ ჰყოფნით, დაქორწინდნენ, რადგან უკეთესია დაქორწინდნენ, ვიდრე ვნება მოეძალოთ.+ 10  დაქორწინებულებს მივუთითებ, თუმცა მე კი არა, უფალი, რომ ცოლმა არ მიატოვოს ქმარი,+ 11  მაგრამ, თუ მიატოვებს, აღარ გათხოვდეს, ან ისევ ქმარს დაუბრუნდეს; ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.+ 12  სხვებს კი ვეუბნები მე, და არა უფალი:+ თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ მიატოვებს ცოლს; 13  ქალიც, თუ ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ მიატოვებს ქმარს, 14  რადგან ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი — მორწმუნე ქმრის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში თქვენი შვილებიც უწმინდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან. 15  თუ ურწმუნო მეუღლეს წასვლა სურს, წავიდეს; ასეთ შემთხვევაში ძმა ან და ვალდებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგვიწოდა.+ 16  რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი?!+ ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?! 17  თითოეული იმ წილს დასჯერდეს, რაც იეჰოვამ* არგუნა, და ისეთი დარჩეს, როგორიც მაშინ იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა.+ ასეთ მითითებას ყველა კრებას ვაძლევ. 18  წინადაცვეთილი იყო რომელიმე თქვენგანი, როცა ღმერთმა მოუწოდა?!+ ნუღარ გახდება წინადაუცვეთელი, და, თუ წინადაუცვეთელი იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა, ნუღარ გახდება წინადაცვეთილი.+ 19  არც წინადაცვეთა ნიშნავს რამეს და არც წინადაუცვეთელობა,+ რადგან მთავარი ღვთის მცნებების დაცვაა.+ 20  ვინც ვინ იყო მოწოდებისას, ისევე დარჩეს.+ 21  მონა იყავი, როცა ღმერთმა მოგიწოდა? ნუ იდარდებ ამაზე,+ მაგრამ, თუ გათავისუფლების შესაძლებლობა მოგეცემა, ხელიდან ნუ გაუშვებ ამას. 22  უფლის ყოველი მოწაფე, რომელიც მონა იყო, როცა მას ღმერთმა მოუწოდა, გათავისუფლებულია და უფლის საკუთრებაა.+ ის კი, ვინც თავისუფალი იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა, ქრისტეს მონაა. 23  დიდ ფასად ხართ ნაყიდნი,+ ამიტომ ნუღარ დაემონებით ადამიანებს. 24  ძმებო, ვინც ვინ იყავით მაშინ, როცა ღმერთმა მოგიწოდათ, ისევე დარჩით მის წინაშე. 25  დაუქორწინებლების* შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს,+ რადგან მეც შემიწყალა უფალმა და სარწმუნოა ის, რასაც ვამბობ. 26  ახლა ისეთი დროა, ვფიქრობ, ჯობია, კაცი ისე დარჩეს, როგორც არის. 27  თუ ცოლიანი ხარ, ნუ მიატოვებ მას,+ და, თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუღარ ეძებ. 28  თუმცა, რომც დაქორწინდე, არ შესცოდავ; თუ დაუქორწინებელი* დაქორწინდება, არ შესცოდავს, მაგრამ ასეთებს მეტი საზრუნავი* ექნებათ, მე კი არ მემეტებით. 29  იმასაც გეტყვით, ძმებო, რომ დრო ცოტაღა დარჩა.+ ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლოები, 30  მტირალნი — როგორც არამტირალნი, მოხარულნი — როგორც არამოხარულნი, მყიდველნი — როგორც უქონელნი, 31  ქვეყნიერებით მოსარგებლენი — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი, რადგან ცვალებადია ეს ქვეყნიერება*. 32  მე კი მინდა, რომ საზრუნავმა არ დაგამძიმოთ. უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს, 33  ცოლიანს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს+ — როგორ ასიამოვნოს ცოლს; 34  ამგვარად, ორ რამეზე უწევს ფიქრი*. ასევე უქმრო ქალსა და დაუქორწინებელს* უფლისა აფიქრებთ,+ რათა წმინდები იყვნენ სხეულითაც და სულითაც, გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს. 35  ამას თქვენივე სასარგებლოდ გეუბნებით, არა იმისთვის, რომ შეგზღუდოთ*, არამედ იმისთვის, რომ სათანადოდ მოიქცეთ და უფალს მოუცდენლად ემსახუროთ მთელი გულით. 36  თუ ვინმე ფიქრობს, რომ დაუქორწინებლობის გამო უმართებულოდ იქცევა და სიყმაწვილის ასაკსაც გადასცდა*, მაშინ როგორც სურს, ისე მოიქცეს — დაქორწინდეს, არ შესცოდავს.+ 37  ის კი, ვინც არ გრძნობს დაქორწინების საჭიროებას, არამედ იმორჩილებს საკუთარ ნება-სურვილს და დაუქორწინებლად დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კარგად იქცევა.+ 38  ამგვარად, ვინც ქორწინდება, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ქორწინდება — უკეთესად.+ 39  ცოლი ქმართან ღვთის კანონით არის შეკრული მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს,+ მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდება, ქალი თავისუფალია, გაჰყვეს ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.+ 40  მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც არის. ვფიქრობ, მეც მაქვს ღვთის სული.

სქოლიოები

ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ქალწულების“.
სიტყვასიტყვით — „ქალწული“.
სიტყვასიტყვით — „ხორციელი გასაჭირი“.
სიტყვასიტყვით — „ქვეყნიერების სცენა“.
სიტყვასიტყვით — „ქალწულს“.
სიტყვასიტყვით — „გაყოფილია“.
სიტყვასიტყვით — „მარყუჟი მოგდოთ“.
იგულისხმება ახალგაზრდული ასაკისთვის დამახასიათებელი მოზღვავებული სექსუალური სურვილების დაცხრომა.