არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით იეჰოვას მადლიერი და მიიღეთ კურთხევები!

იყავით იეჰოვას მადლიერი და მიიღეთ კურთხევები!

„მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“ (ფსალმ. 106:1).

1. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენგან მადლიერების სიტყვებს?

იეჰოვა, რომელიც „ყოველი კარგი ძღვნისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვრის“ მბოძებელია, ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან მადლიერების სიტყვებს (იაკ. 1:17). ღმერთი, ჩვენი მოსიყვარულე მწყემსი, სათუთად ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე (ფსალმ. 23:1—3). ის „ჩვენი თავშესაფარი და ძალაა“, განსაკუთრებით, გასაჭირში (ფსალმ. 46:1). უდავოდ, არაერთი მიზეზი გვაქვს, ვერწმუნოთ ფსალმუნმომღერალს, რომელმაც დაწერა: „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი; მარადიულია მისი სიკეთე“ (ფსალმ. 106:1).

2015 წლის მუხლი: „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“ (ფსალმ. 106:1)

2, 3. ა) რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი მადლიერების გამოვლენაში? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ წინამდებარე სტატიაში?

2 რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ მადლიერები? როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბოლო დღეებში ხალხი უკიდურესად უმადური იქნებოდა (2 ტიმ. 3:2). ბევრი არ აფასებს იმას, რაც გააჩნია. რეკლამის ინდუსტრია ხალხს აქეზებს, რომ არ დასჯერდნენ იმას, რაც აქვთ და უფრო და უფრო მეტი შეიძინონ. უმადურობის სული შეიძლება ჩვენც გადმოგვედოს. ისრაელების მსგავსად, ჩვენც შეიძლება გავხდეთ უმადურნი, არ გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან ძვირფას ურთიერთობას  და დავკარგოთ მისი კურთხევები (ფსალმ. 106:7, 11—13).

3 მოდი, იმაზეც დავფიქრდეთ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა განსაცდელების პირისპირ აღმოვჩნდებით. დარდმა და საწუხარმა შესაძლოა იმდენად მოგვიცვას, რომ თვალსაწიერიდან დავკარგოთ კურთხევები (ფსალმ. 116:3). მაშ, დავსვათ შემდეგი კითხვები: როგორ შეგვიძლია განვივითაროთ მადლიერების გრძნობა და ყოველთვის გამოვავლინოთ ეს თვისება? და, რა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა მაშინაც კი, როცა სირთულეების პირისპირ აღმოვჩნდებით? ამ კითხვებზე პასუხს წინამდებარე სტატია გაგვცემს.

„მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა“

4. რა დაგვეხმარება მადლიერების გამოვლენაში?

4 თუ გვსურს, განვივითაროთ მადლიერების გრძნობა და არასდროს გავხდეთ უმადურნი, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იეჰოვას კურთხევებსა და იმ დიდებულ საქმეებზე, რითაც იგი თავის სიყვარულსა და ერთგულებას გვიმტკიცებს. ფსალმუნმომღერალი აღტაცებაში მოჰყავდა იეჰოვას გასაოცარ საქმეებზე ფიქრს (წაიკითხეთ ფსალმუნების 40:5; 107:43).

5. რას ვსწავლობთ მოციქულ პავლესგან?

5 მოციქულ პავლეს მაგალითი დაგვეხმარება, ვისწავლოთ მადლიერება. იგი ყოველთვის მადლობდა იეჰოვას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პავლე ფიქრობდა ღვთისგან მომდინარე კურთხევებზე. ვინაიდან პავლე ადრე „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო, იგი გამუდმებით ემადლიერებოდა ღმერთსა და იესოს, რომელთაც წარსულში ჩადენილი ცოდვების მიუხედავად, მის მიმართ გულმოწყალება გამოავლინეს და მსახურების პატივი არგუნეს წილად (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:12—14). ამას გარდა, პავლე ძალიან აფასებდა თანამორწმუნეებს და ლოცვაში მადლობას უხდიდა იეჰოვას მათი შესანიშნავი თვისებებისა და ერთგული მსახურების გამო (ფილ. 1:3—5, 7; 1 თეს. 1:2, 3). ამასთანავე, ის ყოველთვის მადლობდა ღმერთს, რომ განსაცდელში მყოფს თანაქრისტიანები ყოველთვის გვერდში ედგნენ (საქ. 28:15; 2 კორ. 7:5—7). ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ მოუწოდებდა პავლე ქრისტიანებს: „იყავით მადლიერნი . . . შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით“ (კოლ. 3:15—17).

ფიქრი და ლოცვა დაგვეხმარება, ვიყოთ მადლიერნი

6. განსაკუთრებით რის გამო ხართ იეჰოვას მადლიერი?

6 როგორ დაგვეხმარება პავლეს შესანიშნავი მაგალითი, რომ განვივითაროთ მადლიერება და ყოველთვის მადლიერნი ვიყოთ? მოციქულ პავლეს მსგავსად, ჩვენც უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა გააკეთა იეჰოვა ღმერთმა პირადად ჩვენთვის (ფსალმ. 116:12). ვინმემ რომ გკითხოს, თუ რის გამო ხარ ღვთის მადლიერი, რას უპასუხებ? ეტყვი, რომ მადლიერი ხარ იეჰოვასი, რადგან მან მეგობრად მიგიღო და ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე მოგიტევა ცოდვები? გაგახსენდება და-ძმები, რომელთაც გასაჭირში არ მიგატოვეს? ბუნებრივია, გვერდს ვერც თქვენს ძვირფას მეორე ნახევარსა და ბავშვებს აუვლით. თუ დროს გამოყოფთ, რომ ‘მოსიყვარულე მამის, იეჰოვას, უამრავ კურთხევაზე დაფიქრდეთ, გული მადლიერებით აგევსებათ და მისთვის სამადლობელ სიტყვებს არ დაიშურებთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 92:1, 2).

7. ა) რატომ უნდა აღვუვლინოთ იეჰოვას სამადლობელი ლოცვები? ბ) რა მხრივ მოემსახურება თქვენსავე კეთილდღეობას იეჰოვასადმი აღვლენილი სამადლობელი ლოცვები?

7 კურთხევებზე ფიქრი აღგვძრავს, ვილოცოთ და ლოცვაში იეჰოვას მადლობა გადავუხადოთ (ფსალმ. 95:2; 100:4, 5). ბევრი მხოლოდ იმიტომ ლოცულობს, რომ ღმერთმა სათხოვარი შეუსრულოს. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთს ძლიერ სიამოვნებს, როცა ლოცვაში მადლიერებას ვავლენთ იმ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. ბიბლიაში არაერთი სამადლობელი ლოცვაა ჩაწერილი, რომელიც ღვთის ერთგულმა მსახურებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით აღუვლინეს მას.  მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ ხანასა და ხიზკიას ლოცვები (1 სამ. 2:1—10; ეს. 38:9—20). ასე რომ, მიჰბაძეთ ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს, რომელთა გულიც მადლიერებას ვერ იტევდა. მათ მსგავსად, თქვენც გადაუხადეთ ლოცვაში იეჰოვას მადლობა იმ კურთხევების გამო, რომელიც გაქვთ! (1 თეს. 5:17, 18). ეჭვგარეშეა, ეს თქვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება. შედეგად, გუნება-განწყობილება საგრძნობლად აგიმაღლდებათ, იეჰოვაც შეგიყვარდებათ და კიდევ უფრო დაუახლოვდებით მას (იაკ. 4:8).

რომელი კურთხევების გამო ემადლიერებით იეჰოვას? (იხილეთ მე-6 და მე-7 აბზაცები)

8. რამ შეიძლება ჩაახშოს ჩვენში იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა?

8 რატომ გვმართებს სიფრთხილე, რომ რაიმემ ჩვენში იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა არ ჩაახშოს? იმიტომ, რომ ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, მიდრეკილნი ვართ უმადურობისკენ. მოდი, გავიხსენოთ ჩვენი დიდი მშობლები, ადამი და ევა, რომლებიც ღმერთმა სამოთხის ბაღში დაასახლა. იეჰოვა მათ ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა; მათ შეეძლოთ, მარადიულობის განმავლობაში დამტკბარიყვნენ დედამიწაზე მშვიდობიანი ცხოვრებით (დაბ. 1:28). მაგრამ პირველმა წყვილმა არად ჩააგდო ღვთიური კურთხევები და მეტი მოინდომა. შედეგად ისინი, ყველაფერს გამოესალმნენ (დაბ. 3:6, 7, 17—19). უმადურობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში შესაძლოა ჩვენც თვალსაწიერს მიღმა დაგვრჩეს ის კურთხევები, რომელიც იეჰოვას წყალობით გვაქვს. შეიძლება ჩვენც გავაუბრალოოთ იეჰოვასთან ესოდენ ფასეული, მეგობრული ურთიერთობა. არსებობს საფრთხე, რომ გავაუფასუროთ ის დიდი პატივი, რომ მსოფლიო საძმოს ნაწილი ვართ. ანდა, გაგვიტაცოს ქვეყნიერებამ, რომელსაც დიდი დღე არ უწერია (1 იოან. 2:15—17). ქვეყნიერების მორევმა რომ არ ჩაგვითრიოს, იმ კურთხევებზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც გვაქვს და ყოველთვის მადლიერნი ვიყოთ იეჰოვასი, რომ მის ხალხს შორის ვიმყოფებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:4).

განსაცდელების პირისპირ

9. რატომ უნდა ვიფიქროთ კურთხევებზე, როცა განსაცდელების პირისპირ ვიმყოფებით?

9 განსაცდელებს უფრო ადვილად გავუმკლავდებით, თუ გული მადლიერებით გვექნება აღვსილი. შეიძლება გული გაგვიტეხოს მოულოდნელმა პრობლემებმა, რომლებმაც მთელი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს — იქნება ეს მეუღლის ღალატი, უკურნებელი სენი, საყვარელი ადამიანის სიკვდილი თუ სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალი. ასეთ ძნელბედობის ჟამს კურთხევებზე ფიქრი გვანუგეშებს და ძალას შეგვმატებს. მოდი, ქვემოთ ვნახოთ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ჩვენი და-ძმები მსგავსი სირთულეების პირისპირ.

10. როგორ დაეხმარა ირინას კურთხევებზე ფიქრი?

 10 ირინა *, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში პიონერად მსახურობს, ცოლად გაჰყვა ერთ უხუცესს, რომელმაც მოგვიანებით უღალატა და სამ შვილთან ერთად მიატოვა. რა დაეხმარა მას, რომ იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო? ირინა თავის გრძნობებზე გვესაუბრება: „ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ იგი უშუალოდ ჩემზე ზრუნავს. ყოველდღე ვფიქრობ უამრავ კურთხევაზე, რომელიც იეჰოვასგან მაქვს და ვთვლი, რომ დიდი პატივია, როცა მზრუნველი ზეციერი მამა შენით ინტერესდება და უყვარხარ. ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: ჩემი ზეციერი მამა არასდროს მიმატოვებს“. მართალია, ირინას ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადატანა მოუხდა, მაგრამ დადებითი განწყობის წყალობით, იგი სიხარულს ინარჩუნებს და სხვებისთვისაც გამხნევების წყაროა.

11. რა დაეხმარა კიუნგ-სუკს, როცა მას ჯანმრთელობა შეერყა?

11 აზიელი კიუნგ-სუკი 20 წლის განმავლობაში ქმართან ერთად პიონერად მსახურობდა. მას მოულოდნელად ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ 3—6 თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. მართალია, თანაცხოვრების მანძილზე წყვილი არაერთ სირთულეს შესჭიდებია, მაგრამ ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ჯანმრთელობა შეერყეოდათ. კიუნგ-სუკი გვიზიარებს: „ეს ჩემთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა; ძლიერ შევშინდი“. რა დაეხმარა კიუნგ-სუკს ძალის მოკრებაში? იგი გვიყვება: „ყოველ ღამით ავდიოდი სახურავზე; ხმამაღლა მივმართავდი იეჰოვას ლოცვით და, ყოველდღიურად დაახლოებით ხუთ მიზეზს ვპოულობდი, რის გამოც მადლობას ვუხდიდი მას. ლოცვის შემდეგ საკუთარ თავში ძალას ვპოულობდი, რომ კვლავ დამემტკიცებინა მისთვის სიყვარული“. რა მხრივ წაადგა კიუნგ-სუკს ასეთი ლოცვები? იგი გვიყვება: „მივხვდი, რომ იეჰოვა განსაცდელების დროს მხარში გვიდგას და ცხოვრებაში სირთულეებზე უფრო მეტი კურთხევა გვაქვს“.

თავის გადარჩენილ ძამიკოსთან, ჯონთან, ერთად (იხილეთ მე-13 აბზაცი)

12. რამ ანუგეშა ჯეისონი მეუღლის დაკარგვის შემდეგ?

12 ჯეისონი, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს, უკვე 30 წელზე მეტია იეჰოვას სრული დროით ემსახურება. ის გვიზიარებს თავის გრძნობებს: „შვიდი წლის წინ ცოლი დამეღუპა, რამაც დიდი დარტყმა მომაყენა. როდესაც ვფიქრობდი, რამხელა ტკივილს განიცდიდა ჩემი მეუღლე, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული, ეს მეც დიდ ტკივილს მაყენებდა“. რა დაეხმარა ჯეისონს, რომ გამკლავებოდა თავის საწუხარს? „ერთხელაც, როდესაც უარყოფითი ფიქრები კვლავ მომეძალა, ჩემს მეუღლესთან სასიამოვნოდ გატარებულ წუთებზე ფიქრი დავიწყე და ლოცვაში იეჰოვას ამისთვის მადლობა გადავუხადე. ამან დიდი შვება მომგვარა და გადავწყვიტე, რომ იეჰოვასთვის ყოველთვის გადამეხადა მადლობა ამ ბედნიერი მოგონებებისთვის. ეს ჩემს განწყობაზე დადებითად აისახა. მართალია, ჩემი ძვირფასი მეუღლე დღემდე მაკლია, მაგრამ იეჰოვასთვის სამადლობელ სიტყვებს არ ვიშურებ იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელსაც უყვარდა იეჰოვა და რომელთან ერთადაც მას ვემსახურებოდი. სწორედ მადლიერება მეხმარება დადებითი განწყობის შენარჩუნებაში“.

13. რა დაეხმარა შერილს, რომ არ გაბოროტებულიყო საშინელი ტრაგედიის მიუხედავად?

13 ფილიპინებს 2013 წლის მიწურულს დამანგრეველი ტაიფუნი, „ჰაიანი“, დაატყდა თავს. მაშინ 13 წლის შერილმა თითქმის ყველა და ყველაფერი დაკარგა. იგი ამბობს: „აღარც ოჯახი მყავდა და აღარც სახლ-კარი გამაჩნდა“. ტაიფუნის შედეგად, შერილმა დედ-მამა, ძმა და ორი და დაკარგა. რა დაეხმარა მას, რომ საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, არ გაბოროტებულიყო? იგი დღემდე იეჰოვას მადლიერია და ამჩნევს მისგან მომდინარე კურთხევებს. შერილი დასძენს: „მამხნევებდა იმ და-ძმების დანახვა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის ნუგეში და შვება მოეგვარათ. ამასთანავე,  ნუგეშს ისიც მგვრიდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და-ძმები ჩემზე ლოცულობდნენ. ვმადლობ იეჰოვას, რომ ჩემი ღმერთია. ის ყოველთვის უზრუნველგვყოფს ყოველივე აუცილებლით“. დიახ, თუ ვამჩნევთ კურთხევებს, ეს დაგვეხმარება, არ გვშთანთქას საწუხარმა. მადლიერი გულის წყალობით, ჩვენ ყოველგვარ სირთულეს დავძლევთ და განსაცდელების მიუხედავად, არ დავკარგავთ სიხარულს (ეფეს. 5:20; წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7).

„მაინც გავიხარებ იეჰოვათი“

14. რა შესანიშნავი იმედი გვაქვს? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

14 კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, იეჰოვას ხალხი ხარობდა უამრავი კურთხევით. მაგალითად, როცა წითელ ზღვასთან იეჰოვამ სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, მადლიერების გრძნობით აღვსილმა ისრაელებმა მას სადიდებელი სიმღერა უმღერეს (გამ. 15:1—21). დღესაც უამრავი კურთხევა გვაქვს ღვთისგან, რომელთა შორის ყველაზე ძვირფასი იმის უტყუარი იმედია, რომ მალე ღმერთი დაგვიხსნის და წარსულს ჩააბარებს ტკივილისა და საწუხარის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს (ფსალმ. 37:9—11; ეს. 25:8; 33:24). წარმოიდგინე, რამხელა სიხარული დაგვეუფლება, როცა იეჰოვა შემუსრავს თავის მტრებს და დაგვამკვიდრებინებს მშვიდობიან და სამართლიან, ახალ ქვეყნიერებას. აი, მაშინ კი ნამდვილად არაერთ სადიდებელს აღვუვლენთ იეჰოვას მადლიერების ნიშნად! (გამოცხ. 20:1—3; 21:3, 4).

15. რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი 2015 წელს?

15 ჩვენ ღვთისგან 2015 წელს უამრავ კურთხევას ველით. თუმცა შესაძლოა ახალ სამსახურებრივ წელს ახალმა სირთულეებმაც იჩინოს თავი. მიუხედავად ყველაფრისა, ერთ რამეში მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი: იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს! (კან. 31:8; ფსალმ. 9:9, 10). იგი კვლავაც ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს, რათა ერთგულად ვემსახუროთ მას. მაშ, დაე, გვქონდეს ისეთივე დადებითი განწყობა, როგორიც წინასწარმეტყველ აბაკუმს ჰქონდა. მან თქვა: „რომც არ აყვავდეს ლეღვი და ვაზმა არ გამოიღოს მტევანი, რომც არ მოისხას ნაყოფი ზეთისხილმა და ტერასებზე არ მოვიდეს მოსავალი, ფარაც რომ მოიკვეთოს ფარეხიდან და საქონელიც აღარ დარჩეს სადგომებში, მაინც გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით“ (აბაკ. 3:17, 18). მოდი, ამ წლის განმავლობაშიც, ბევრი ვიფიქროთ იმ კურთხევებზე, რომლებიც იეჰოვასგან გვაქვს და მივყვეთ 2015 წლის მუხლში მოცემულ მოწოდებას: „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“ (ფსალმ. 106:1).

^ აბზ. 10 ზოგი სახელი შეცვლილია.

„ვმადლობ იეჰოვას, რომ ჩემი ღმერთია“ (შერილი)