არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არსებობს მარადიული სიყვარული?

არსებობს მარადიული სიყვარული?

[სიყვარულის] ბრიალი ცეცხლის ბრიალია, იაჰის ალია“ (ქებ. 8:6).

1, 2. ვის წაადგება წიგნ „ქებათა ქების“ განხილვა და რატომ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

„როგორ შესციცინებენ თვალებში ერთურთს და რა ნაზად აქვთ ჩაჭიდებული ხელი ერთმანეთისთვის. ცხადზე ცხადია, წყვილს უზომოდ უყვარს ერთმანეთი! — სწორედ ასეთმა ფიქრებმა გაუელვა თავში უხუცესს, რომელმაც ეს-ესაა დაასრულა ახალშეუღლებულთათვის საქორწინო მოხსენების წაკითხვა. — ისინი ისე მსუბუქად ირხევიან ცეკვის დროს, გეგონება, მიწას ფეხს არ აკარებენო . . . ნეტავ, გაუძლებს მათი სიყვარული ჟამთა სვლას? ხომ არ გააუფერულებს წლები ამ გრძნობას თუ პირიქით, უფრო და უფრო გააღრმავებს მას?“. რაც უფრო ურყევი და ერთგულია სიყვარული ქალსა და ვაჟს შორის, მით უფრო მშვენიერია იგი. დღეს, როცა ჩვენ თვალწინ ამდენი ოჯახი ინგრევა, ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა: არსებობს კი ნამდვილი სიყვარული?

2 ამ მხრივ, არც მეფე სოლომონის ზეობის ხანაში იყო სახარბიელო ვითარება; მისი თანამედროვენი რომ უზნეონი იყვნენ, ამაზე მისივე სიტყვები მოწმობს: „ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე, ქალებიდან კი — ვერც ერთი. აი, მივხვდი, რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა, მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“ (ეკლ. 7:26—29). ისრაელში რომ ასეთი სავალალო სურათი იყო შექმნილი, რის გამოც სოლომონს გაუჭირდა ზნეობრივად უმწიკვლო  ქალებისა და მამაკაცების პოვნა, ამაში ბრალი უმთავრესად ბაალის თაყვანისმცემელ, უცხოელ ქალებს მიუძღოდათ. * თუმცა „ქებათა ქებიდან“, რომელიც სოლომონმა ამ სიტყვების დაწერამდე, დაახლოებით 20 წლით ადრე შექმნა, გამოჩნდა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ნამდვილად შეიძლება არსებობდეს წრფელი გრძნობა. ეს წიგნი იმასაც გვიმხელს, თუ რაა ნამდვილი სიყვარული და როგორ ვლინდება იგი. ღვთის მსახურები, დაქორწინებულები თუ დაუქორწინებლები, სიყვარულის შესახებ ბევრ რამეს გავიგებთ, თუ ამ წიგნს გულდასმით მიმოვიხილავთ.

ნამდვილი სიყვარული არსებობს!

3. რატომ ძალუძთ ქალსა და მამაკაცს, შეიყვარონ ერთმანეთი?

3 წაიკითხეთ ქებათა ქების 8:6. „ქებათა ქებაში“ სიყვარული აღწერილია, როგორც „იაჰის ალი“. ეს ორსიტყვიანი ფრაზა ბევრ რამეს გვიმხელს ამ დიდებულ გრძნობაზე. ნამდვილ სიყვარულს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „იაჰის ალი“, რადგან იეჰოვაა მისი წყარო. თავის ანარეკლად შექმნილ ადამიანს, ხომ სწორედ მან უბოძა სიყვარულის უნარი?! (დაბ. 1:26, 27). როდესაც ღმერთმა დედამიწაზე პირველ მამაკაცს, ადამს ქალი, ევა, მიჰგვარა, კაცის ბაგეს პოეტური სიტყვები მოსწყდა. არც ევა იყო გულგრილი ადამისადმი, რადგან მისგან „იყო აღებული“ (დაბ. 2:21—23). ვინაიდან იეჰოვამ ადამიანებს სიყვარულის გამოვლენის უნარი უბოძა, ბუნებრივია, რომ ქალსა და მამაკაცს ძალუძთ, მარადიული გრძნობით შეიყვარონ ერთმანეთი.

4, 5. მოკლედ გადმოეცით წიგნ „ქებათა ქების“ შინაარსი.

4 ქალ-ვაჟს შორის არსებულ სიყვარულს სხვა თავისებურებებიც გამოარჩევს, რაც ამ გრძნობის მარადიულობას უწყობს ხელს. სწორედ ამ თავისებურებებს გვაცნობს წიგნი „ქებათა ქება“. „ქებათა ქება“ ლიბრეტოს მსგავსი, სიმღერით გადმოცემული სასიყვარულო ისტორიაა შულამელი ქალიშვილისა და მწყემსი ვაჟისა. ქალიშვილის სილამაზით მოჯადოებულ მეფეს იგი თავის ბანაკში მიჰყავს. მეფე იმ ვენახების სიახლოვესაა დაბანაკებული, რომლებსაც შულამელი ქალიშვილი დარაჯობს. შულამელი შეყვარებულია მწყემსზე. სოლომონი ცდილობს, რომ ქალიშვილის გული მოიგოს, მაგრამ იგი მეფეს ეუბნება, რომ მას უკვე ჰყავს გულის სწორი, რომლის გვერდითაც სწადია ყოფნა (ქებ. 1:4—14). მწყემსსაც შულამელი გოგონას სურვილი კლავს, ამიტომ იგი მის საძებნელად მიემართება და პოულობს კიდეც მეფის ბანაკში. როდესაც შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთის შესამკობად ლამაზ სიტყვებს არ იშურებენ (ქებ. 1:15—17).

5 „ქებათა ქების“ შინაარსი ასე გრძელდება: სოლომონი იერუსალიმში ბრუნდება და თან მიჰყავს ახალგაზრდა ქალწულიც. ქალწულს თავისი შეყვარებული მწყემსიც უკან მიჰყვება (ქებ. 4:1—5, 8, 9). მეფის ყველა მცდელობა, მოინადიროს ქალიშვილის გული, ფუჭი აღმოჩნდება (ქებ. 6:4—7; 7:1—10). ბოლოს მეფე შულამელს შინ წასვლის ნებას რთავს. „ქებათა ქების“ ეპილოგიდან ვიგებთ, რომ ქალიშვილი თავის შეყვარებულს შესთხოვს, ქურციკივით მარდად მიეგებოს მას (ქებ. 8:14).

6. რატომაა ნაწარმოებში რთული განსასაზღვრი, თუ რომელი მოქმედი პირი საუბრობს?

6 სოლომონის „ქებათა ქება“ ძალიან ლამაზი და მრავლისმეტყველი ენითაა დაწერილი. ვინაიდან ეს ნაწარმოები წარმოდგენილია დიალოგების, მონოლოგებისა და სიზმრების სახით, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მოქმედი პირი საუბრობს (ქებ. 1:1). ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში წიგნ „ქებათა ქების“ შესახებ ნათქვამია: „ნაწარმოებში ნაკლები ყურადღება ექცევა მის შინაარსს, სიუჟეტის განვითარების ქარგასა და პერსონაჟების ვინაობას“ (The New Interpreter’s Dictionary of the Bible). მწერალმა, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ მკითხველს სრულად აღექვა ამ ნაწარმოების მხატვრული ღირებულება — მისი ლირიკული და პოეტური ხასიათი — შეგნებულად არ მოიხსენია მოქმედ გმირთა სახელები. თუმცა მათი ნათქვამით ან მათთვის ნათქვამი  სიტყვებით ვხვდებით, თუ მოცემულ ეპიზოდში ვინ საუბრობს. *

„შენი ალერსი ღვინოს სჯობია“

7, 8. რა საალერსო სიტყვებითა თუ ფრაზებით ამკობენ ერთურთს მწყემსი და შულამელი გოგონა? მოიყვანეთ მაგალითები.

7 „ქებათა ქებაში“ ახალგაზრდა ქალი და მწყემსი ერთურთს ხშირად საალერსო ფრაზებით მიმართავენ. ამ წიგნში გამოყენებული ხატოვანი სიტყვა-თქმანი შეიძლება ჩვენთვის უცნაურად ჟღერს და ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ნაწარმოები დაახლოებით 3 000 წლის წინ დაიწერა და მასში აღმოსავლური კულტურის გავლენა იგრძნობა. თუმცა ამ გამონათქვამებსა და ფრაზებში ღრმა აზრებია ჩაქსოვილი და გვესმის, თუ რა გრძნობები ჰქონდათ შეყვარებულებს ერთმანეთის მიმართ. მაგალითად, მწყემსი თავისი საცოლის თვალებს მტრედისას ამსგავსებს (ქებ. 1:15). რაც შეეხება შულამელ ქალწულს, იგი თავისი მიჯნურის თვალებს უშუალოდ მტრედებს ადარებს (წაიკითხეთ ქებათა ქების 5:12). ქალიშვილისთვის საქმროს მუქი ფერის თვალები, რომლებიც თეთრ გარსში მოქცეულან, რძეში მობანავე მტრედებსავით მშვენიერნი არიან.

8 თუმცა წიგნ „ქებათა ქებაში“ ყველა საალერსო სიტყვა თუ გამონათქვამი მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს როდი ასხამს ხოტბას. დაუკვირდით, როგორ აფასებს მწყემსი თავისი საცოლის საუბარს (წაიკითხეთ ქებათა ქების 4:7, 11). მწყემსი სატრფოს ბაგეებს „ფიჭის თაფლს“ ადარებს, ვინაიდან ფიჭის თაფლი უფრო სურნელოვანი და ტკბილია, ვიდრე — გამოწურული. ის თავის საცოლეს აგრეთვე მიმართავს: „რძე და თაფლი გაქვს ენის ქვეშ“. ეს გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ მისი ბაგიდან ყოველთვის ტკბილი და საამური სიტყვები იღვრებოდა. სიტყვებით, რომლითაც საქმრო თავის საცოლეს მიმართავს: „ყოველმხრივ ლამაზი ხარ . . . და უნაკლო“, ცხადზე ცხადია, რომ ის მის ფიზიკურ სილამაზეზე მეტს გულისხმობს.

9. ა) რას მოიცავს ცოლ-ქმარს შორის სიყვარული? ბ) რატომ არ უნდა დაიშუროს ცოლ-ქმარმა ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები?

9 ქორწინება მხოლოდ მშრალი იურიდიული კონტრაქტი არ არის. ქრისტიანული ქორწინების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარულია. მაგრამ საინტერესოა, რა სახის სიყვარულია ეს? ეფუძნება იგი ბიბლიურ პრინციპებს? (1 იოან. 4:8). ისეთივე ბუნებრივი გრძნობაა, როგორიც ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთის მიმართ? ისეთივე თბილი და ფაქიზია, როგორიც ნამდვილ მეგობრებს შორის არსებული გრძნობა? (იოან. 11:3). არის ეს სიყვარული რომანტიკული? (იგავ. 5:15—20). ჭეშმარიტი გრძნობა, რომელიც მეუღლეებს ერთმანეთთან აკავშირებს, თავის თავში ყოველივე ზემოთქმულს აერთმთლიანებს. სიყვარული ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ შეიგრძნობა, როცა მას გამოხატავენ. კარგი იქნება, თუ მეუღლეებს ყოფითი საზრუნავი იმდენად არ შთანთქავთ, რომ ვეღარ უთხრან ერთმანეთს სიყვარულის გამომხატველი საალერსო სიტყვები. თბილი სიტყვების წყალობით, ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება დაივანებს. ისეთ კულტურაში, სადაც ქალ-ვაჟი გარიგებით ქორწინდება და მომავალი მეუღლეები თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს, კარგი იქნება, თუ ისინი ერთმანეთისთვის თბილ სიტყვებს არ დაიშურებენ, რათა ამგვარად ერთმანეთი შეიყვარონ და ოჯახური კვანძები განამტკიცონ.

10. რა სასიკეთო შედეგი მოაქვს სასიამოვნო მოგონებებს?

10 როცა ცოლ-ქმარი საალერსო სიტყვებს არ იშურებს ერთმანეთისთვის, ამას სხვა დადებითი შედეგიც მოაქვს. მეფე სოლომონმა შულამელ ასულს ვერცხლით მოჭედილი ოქროს გვირგვინები შესთავაზა და მისი სილამაზე შემდეგი ეპითეტებით შეამკო: „სავსე მთვარესავით ლამაზი, კაშკაშა მზესავით სუფთა [ხარ]“ (ქებ. 1:9—11; 6:10). მაგრამ ახალგაზრდა ქალი თავისი მიჯნურის ერთგული დარჩა. და მაინც, რა ასაზრდოებდა შულამელის სიყვარულს სატრფოსთან განშორების ჟამს? ამის მიზეზს იგი თავად გვიმხელს (წაიკითხეთ ქებათა ქების 1:2, 3). ის იგონებდა სატრფოს ალერსს, რომელიც მას გულის გამახალისებელ  ღვინოს ერჩივნა და ვისი სახელიც მისთვის დამამშვიდებელი, თავზე დაღვრილი ზეთივით იყო (ფსალმ. 23:5; 104:15). დიახ, სასიამოვნო მოგონებები ასაზრდოებს და აძლიერებს სიყვარულს. აქედან გამომდინარე, ცოლ-ქმარმა თავიანთი ქორწინების განსამტკიცებლად თბილი და საალერსო სიტყვები არ უნდა დაიშურონ!

„ნუ გააღვიძებთ . . . სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა“

11. რის სწავლა შეუძლიათ დაუქორწინებელ ქრისტიანებს შულამელი ქალიშვილისგან?

11 წიგნ „ქებათა ქებიდან“ დაუქორწინებლებსაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც დაქორწინება სწადიათ. შულამელ ქალიშვილს სოლომონი არ უყვარდა. ამიტომ, მან იერუსალიმელი ქალიშვილები დააფიცა: „ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“ (ქებ. 2:7; 3:5). შულამელმა გოგონამ ასეთი საქციელით დაგვანახვა, რომ დაუქორწინებელმა ქრისტიანმა ნამდვილად არ უნდა განივითაროს რომანტიკული გრძნობა პირველივე შემხვედრის მიმართ. ქრისტიანს, ვისაც დაქორწინება სურს, მართებს, ისწავლოს ლოდინი და დაქორწინდეს მხოლოდ მასზე, ვინც წრფელი გრძნობით შეუყვარდება.

12. რატომ შეუყვარდა შულამელ ქალიშვილს მწყემსი ვაჟი თავდავიწყებით?

12 რატომ შეუყვარდა შულამელ ქალიშვილს მწყემსი ვაჟი თავდავიწყებით? იგი თვალტანადი იყო და ქურციკს ჰგავდა; მისი ხელები გოგონას „თლილ ოქროს“ აგონებდა, ხოლო ფეხები — „მარმარილოს სვეტებს“. მაგრამ ყმაწვილი მხოლოდ ძლიერი და წარმოსადეგი არ ყოფილა. ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვას ერთგული, შულამელი გოგონა მწყემსის სულიერმა მოწიფულობამ მოხიბლა. მან თავის მიჯნურზე თქვა: „როგორც ვაშლის ხე ტყის ხეებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის“ (ქებ. 2:3, 9; 5:14, 15).

13. რატომ შეუვარდა გული მწყემს ვაჟს შულამელ ქალიშვილზე?

13 რის თქმა შეიძლება თავად შულამელ გოგონაზე? უდავოა, იგი იმდენად პირმშვენიერი იყო, რომ მოინადირა მეფის გული, რომელსაც იმ დროს უკვე ჰყავდა „სამოცი დედოფალი, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული“. თუმცა, შულამელი ქალიშვილის თავმდაბლობაზე ის მოწმობს, რომ იგი თავის გარეგნობას ერთობ მოკრძალებულად აფასებს: „ზღვისპირა დაბლობზე ამოსული ზაფრანა ვარ“. თუმცა ის მწყემსისთვის გაცილებით ლამაზი იყო. მან თავისი სატრფო შეადარა „შროშანს, ეკლიან სარეველებს შორის“. მაგრამ ქალიშვილი არა მხოლოდ მწყაზარი პირისახისა იყო, არამედ — იეჰოვას ერთგულიც (ქებ. 2:1, 2; 6:8).

14. რის სწავლა შეუძლიათ დაუქორწინებელ ქრისტიანებს წიგნ „ქებათა ქებაში“ აღწერილი სიყვარულიდან?

14 წმინდა წერილებში მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა ჩაწერილი, რომ ქრისტიანები  დაქორწინდნენ „მხოლოდ უფალში“ (1 კორ. 7:39). დაუქორწინებელმა ქრისტიანმა რომანტიკული გრძნობა არ უნდა განივითაროს იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას; მან ცხოვრების მეგზურად მხოლოდ იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი უნდა შეარჩიოს. წყვილი რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს და მათ ოჯახში მშვიდობა და ერთობა სუფევდეს, ცოლსაც და ქმარსაც ღვთისადმი რწმენა და ერთგულება უნდა გააჩნდეთ — ეს ის თვისებებია, რომელიც დაუქორწინებელმა ქრისტიანმა მომავალ მეუღლეში უნდა ეძებოს. სწორედ ამ თვისებებმა შეაყვარა ერთურთი მწყემს ვაჟსა და შულამელ ასულს.

დაუქორწინებელმა ქრისტიანმა რომანტიკული გრძნობა არ უნდა განივითაროს მის მიმართ, ვინც იეჰოვას არ ემსახურება (იხილეთ მე-14 აბზაცი)

„ჩაკეტილი ბაღია . . . ჩემი საცოლე“

15. რა მხრივაა შულამელი გოგონა მისაბაძი მაგალითი დაუქორწინებელი ქრისტიანებისთვის?

15 წაიკითხეთ ქებათა ქების 4:12. რატომ უწოდებს მწყემსი თავის სატრფოს „ჩაკეტილ ბაღს“? როგორც წესი, გალავანშემორტყმულ ან ღობეშემოვლებულ ბაღში ყველა ვერ შედის. მასში შეღწევა მსურველს მხოლოდ კარიდან შეუძლია. შულამელი გოგონაც „ჩაკეტილ ბაღს“ ჰგავდა, რომელიც თავისი ალერსით მხოლოდ თავის საქმროს, მწყემს ბიჭს, ათრობდა. მან მეფის ყველა შეთავაზება უკუაგდო, რითაც აჩვენა, რომ იგი იყო „კედელი“ და არა „კარი“, რომელიც ადვილად იღება (ქებ. 8:8—10). მსგავსად ამისა, დაუქორწინებელ ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ მათგან სითბოსა და ალერსს მხოლოდ მომავალი მეუღლეები უნდა ელოდონ.

16. როგორ უნდა მოიქცნენ შეყვარებულები ტრფობის პერიოდში, როგორც ამას წიგნ „ქებათა ქებიდან“ ვიგებთ?

16 როდესაც მწყემსმა შულამელ ასულს სთხოვა, რომ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მასთან ერთად გაესეირნა, ძმებმა თავიანთ დას წასვლის ნება არ მისცეს და იგი ვენახებისთვის თვალყურის სადევნებლად გაუშვეს. რატომ მოიქცნენ ისინი ასე? ნუთუ არ ენდობოდნენ თავიანთ დას?! ხომ არ შიშობდნენ, რომ ის უზნეობაში გაეხვეოდა? ფაქტია, ძმები ფრთხილობდნენ, რომ თავიანთი და ცდუნების წინაშე არ აღმოჩენილიყო (ქებ. 1:6; 2:10—15). ბიბლიის ამ პასაჟიდან დაუქორწინებელ ქრისტიანებს მეტად მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლიათ: ისინი ყოველმხრივ უნდა ეცადონ, რომ ტრფობის პერიოდში სიწმინდე შეინარჩუნონ. ამასთანავე, მოერიდონ ისეთ ადგილებს, სადაც მარტონი აღმოჩნდებიან. ბუნებრივია, თუ შეყვარებულები ერთმანეთისადმი სითბოს გამოხატავენ, თუმცა უნდა იფრთხილონ, რომ ზღვარს არ გადავიდნენ.

17, 18. რა მხრივ აღმოჩნდა თქვენთვის ფასეული წიგნ „ქებათა ქების“ განხილვა?

17 ქრისტიანები, როგორც წესი, ოჯახს სიყვარულით ქმნიან. ვინაიდან ქორწინება, რომელსაც იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი, მარადიული კავშირია, ცოლ-ქმარი ყოველმხრივ უნდა ეცადოს, რომ არასდროს გაუნელდეთ სიყვარული და ოჯახში ისეთი გარემო შექმნან, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ შორის არსებულ გრძნობას (მარ. 10:6—9).

18 დაქორწინების მსურველნო, თქვენი ცხოვრება მას დაუკავშირეთ, ვისაც გულწრფელად შეიყვარებთ. შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი სიყვარულიც ისეთივე ძლიერი და ჩაუქრობელი იყოს, როგორც „ქებათა ქებაში“ აღწერილი გრძნობა. დაბოლოს, დაოჯახებული ხართ თუ დასაოჯახებელი, გისურვებთ, თქვენც გამოგეცადოთ ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც „იაჰის ალია“! (ქებ. 8:6).

^ აბზ. 2 იხილეთ 2007 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31.

^ აბზ. 6 იხილეთ „მოკლე შინაარსი“ ახალი ქვეყნიერების თარგმანის გადამუშავებულ გამოცემაში ინგლისურ ენაზე, გვერდები 926, 927.