მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ 3:1—17

  • ძნელად ასატანი ბოლო დღეები (1—7).

  • ტიმოთე პავლეს მაგალითით ხელმძღვანელობს (8—13).

  • „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია“ (14—17).

    • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (16).

3  იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. 2  ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, 3  გულცივები, ჯიუტები*, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, 4  გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, 5  გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს*;+ ასეთებისგან თავი შორს დაიჭირე. 6  სწორედ ასეთებს შორის გამოჩნდებიან ხოლმე კაცები, რომლებიც მზაკვრულად აღწევენ ოჯახებში და თავგზას ურევენ უნებისყოფო, ცოდვებით დამძიმებულ და გულისთქმებს აყოლილ ქალებს, 7  რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერა და ვერ სწვდებიან*. 8  როგორც იანე და იამბრე შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს კაცებიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას. ეს გონებაგახრწნილი კაცები რწმენის წინააღმდეგ მიდიან, რის გამოც უღირსნი არიან. 9  მაგრამ ისინი ამის მეტს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება, იმ ორი კაცისა არ იყოს, ყველას წინაშე გამოაშკარავდება.+ 10  შენ კი გულდასმით მაკვირდებოდი, როცა ვასწავლიდი; იცი ჩემი ცხოვრება,+ ჩემი მიზანი, რწმენა, სულგრძელობა, სიყვარული და მოთმინება, 11  ისიც იცი, რა დევნასა და ტანჯვას გავუძელი ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში,+ მაგრამ უფალმა ყველა ამ სატანჯველისგან დამიხსნა.+ 12  ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება.+ 13  ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+ 14  შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე,+ რადგან იცი, ვისგან ისწავლე, 15  თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები,+ რომლებსაც ქრისტე იესოსადმი რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+ 16  მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად,+ 17  რათა ღვთის მსახური ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.

სქოლიოები

სხვაგვარად — „რომლებთანაც შეუძლებელი იქნება საერთო ენის გამონახვა“.
სიტყვასიტყვით — „რომლებიც მის [ღვთისმოშიშების] ძალას უარყოფენ“.
სხვაგვარად — „ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიან ცოდნას“.