იოანეს გამოცხადება 20:1—15

  • სატანის 1 000 წლით შებოჭვა (1—3).

  • ქრისტესთან ერთად ათასწლიანი მეფობა (4—6).

  • სატანის გათავისუფლება და განადგურება (7—10).

  • მკვდრების გასამართლება თეთრი ტახტის წინ (11—15).

20  ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები+ და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. 2  შეიპყრო მან დრაკონი,+ ძველი გველი,+ ეშმაკი+ და სატანა,+ და შებოჭა იგი 1 000 წლით. 3  ჩააგდო ის უფსკრულში,+ რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ 1 000 წელი არ გავა. ამის შემდეგ კი ის ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს.+ 4  ვიხილე ტახტები; ტახტებზე მსხდომთ გასამართლების უფლებამოსილება ჰქონდათ მიცემული. ვიხილე აგრეთვე იესოსა და ღვთის შესახებ ქადაგების გამო სიკვდილით დასჯილები*, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი დაიდეს შუბლსა და ხელზე.+ ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად მეფობდნენ+ 1 000 წელი 5  (დანარჩენი მკვდრები+ არ გაცოცხლდნენ, სანამ 1 000 წელი არ გავიდა). ეს არის პირველი აღდგომა.+ 6  ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში.+ მათ მეორე სიკვდილი+ არ ემუქრებათ.+ ისინი ღვთისა და ქრისტეს მღვდლები იქნებიან+ და მასთან ერთად იმეფებენ 1 000 წელი.+ 7  როგორც კი გავა 1 000 წელი, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან 8  და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავით იქნება. 9  მოედებიან ისინი მთელ დედამიწას და ალყაში მოაქცევენ წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს, მაგრამ ციდან ცეცხლი ჩამოვა და შთანთქავს მათ.+ 10  ეშმაკს კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩააგდებენ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი+ და ცრუწინასწარმეტყველი იქნებიან.+ ისინი დღედაღამ, მარადიულად დაიტანჯებიან. 11  ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ტახტზე მჯდომი.+ მისგან გაიქცა ცა და დედამიწა,+ და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათთვის. 12  ვიხილე ტახტის წინ მდგომი მკვდრები, დიდი და მცირე, და გაშლილი გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი.+ მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ.+ 13  დააბრუნა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც* დააბრუნეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა.+ 14  სიკვდილი და სამარე ჩაყარეს ცეცხლის ტბაში;+ ცეცხლის ტბა+ მეორე სიკვდილს+ განასახიერებს. 15  ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს,+ ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სიკვდილით დასჯილთა სულები“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).