არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, არ მოექცეთ თანატოლების გავლენაში!

ახალგაზრდებო, არ მოექცეთ თანატოლების გავლენაში!

ახალგაზრდებო, არ მოექცეთ თანატოლების გავლენაში!

„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6).

1, 2. როგორ გრძნობენ ახალგაზრდები თავს იმის გამო, რომ განსხვავებული არიან სხვებისგან, და რა არის ამის მიზეზი?

ალბათ, შენც მოქცეულხარ თანატოლების გავლენაში და ერთხელ მაინც გაგიკეთებია ისეთი რამ, რაც არ გინდოდა. რას გრძნობ, როცა თანატოლების გავლენით არასწორს აკეთებ? 14 წლის კრისტოფერი ამბობს: „ზოგჯერ, როცა თანატოლებთან ერთად ვარ, მინდა ავორთქლდე ან მათნაირი გავხდე და მათგან არაფრით განვსხვავდებოდე“.

2 ახდენენ თანატოლები შენზე გავლენას? იმიტომ ხომ არ ხდება ასე, რომ თავადაც გსურს, თავიანთ წრეში მიგიღონ? თავისთავად ამ სურვილში ცუდი არაფერია. ყველას უნდა, აღიარება მოიპოვოს თანატოლების თვალში. არავის სურს, უარყოფილად იგრძნოს თავი. ხშირად თვალში არ მოსდით ისინი, ვინც სწორად იქცევიან. ეს იესომაც გამოსცადა საკუთარ თავზე. მიუხედავად ამისა, იესო ყოველთვის სწორად იქცეოდა. მართალია, ზოგმა მოუსმინა მას და მისი მოწაფეც გახდა, მაგრამ ბევრმა შეიძულა ღვთის ძე და ‘არაფრად ჩააგდო’ (ეს. 53:3).

რამდენად ძლიერია თანატოლების გავლენა?

3. რატომ არ უნდა აჰყვე თანატოლებს?

3 ზოგჯერ თანატოლები რომ არ გაანაწყენო, შეიძლება არჩიო, აჰყვე მათ. მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. ქრისტიანები აღარ უნდა იყვნენ „ჩვილები, რომლებსაც თითქოს არყევს ტალღები“ (ეფეს. 4:14). პატარა ბავშვები ადვილად ექცევიან სხვების გავლენაში, მაგრამ შენ უკვე მოზარდი ხარ და მალე ზრდასრულიც გახდები. ამიტომ, თუ გჯერა, რომ იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება შენთვისვე იქნება კარგი, ყველანაირად შეეცდები, რომ შენი მრწამსის შესაბამისად მოიქცე (კან. 10:12, 13). თუ შენი რწმენის თანახმად არ მოიქცევი, ვერასდროს იქნები შენი თავის ბატონ-პატრონი. თუ სხვებს შენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას მისცემ, მათ მარიონეტად იქცევი (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:19 ).

4, 5. ა) როგორ მოექცა აარონი სხვების გავლენაში და რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? ბ) როგორ შეიძლება თანატოლებმა ცუდის კეთება გაიძულონ?

4 ერთხელ მოსეს ძმა აარონი იმ ისრაელთა გავლენაში მოექცა, რომლებიც მისი ასაკისანი იყვნენ. ისრაელებმა მოსთხოვეს მას, ღმერთი ჩამოესხა მათთვის და ისიც დაჰყვა მათ ნებას. აარონი საკმაოდ მტკიცე ხასიათის იყო. ის მოსეს ახლდა, როცა ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი მმართველის, ფარაონის წინაშე წარდგა. აარონმა ღვთის ცნობა ფარაონს გაბედულად გადასცა. მაგრამ როცა ისრაელებმა დაჟინებით მოსთხოვეს, გაეკეთებინა მათთვის ღმერთი, აარონი მათ ზეგავლენაში მოექცა. თანატოლების გავლენა მართლაც ძლიერია! აარონს ეგვიპტის მეფისთვის წინააღმდეგობის გაწევა უფრო გაუადვილდა, ვიდრე თავისი თანამემამულეებისთვის, ისრაელებისთვის (გამ. 7:1, 2; 32:1—4).

5 აარონის მაგალითიდან ჩანს, რომ თანატოლების გავლენაში მხოლოდ ისინი არ ექცევიან, ვინც ახალგაზრდაა ან ვინც ბოროტებას სჩადის, არამედ ისინიც, ვისაც მთელი გულით სურს სწორი გზით სიარული. ამ მხრივ არც შენ ხარ გამონაკლისი. თანატოლებმა ცუდი რომ გაგაკეთებინონ, შეიძლება დაგაშინონ, ცილი დაგწამონ ან მასხრად აგიგდონ. როგორც უნდა იყოს, ადვილი არ არის, გაუძლო თანატოლების გავლენას. მათ რომ წინააღმდეგობა გაუწიო, ღრმად უნდა იყო დარწმუნებული შენს მრწამსში.

„გამოსცადე საკუთარი თავი“

6, 7. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, დარწმუნდე საკუთარ მრწამსში, და როგორ შეგიძლია რწმენის გაძლიერება? ბ) რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, რწმენა რომ განიმტკიცო?

6 თანატოლების გავლენას რომ გაუმკლავდე, აუცილებელია დარწმუნდე, რომ სწორ გზას ადგახარ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:5 ). მტკიცე რწმენა დაგეხმარება, შეიძინო გაბედულება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბუნებით გაუბედავი ხარ (2 ტიმ. 1:7, 8). ბუნებით გაბედულ ადამიანსაც კი შესაძლოა გაუჭირდეს, დაიცვას თავისი მრწამსი, თუ მას მტკიცე რწმენა არ აქვს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნდე, რომ რასაც ბიბლიიდან სწავლობ, უტყუარია. პირველ რიგში, ბიბლიის ძირითად სწავლებებში არ უნდა გეპარებოდეს ეჭვი. ალბათ, მოგისმენია სხვების მოსაზრება, რატომ სწამთ ღმერთი, მაგრამ საკუთარ თავსაც დაუსვი კითხვა: „მე რამ დამარწმუნა ღვთის არსებობაში?“ ასეთი კითხვის დასმა სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ სკეპტიკურად უყურებ შენს მრწამსს. პირიქით, ასეთი თვითშემოწმება დაგეხმარება რწმენის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ჰკითხე საკუთარ თავს: „რამ დამარწმუნა, რომ წმინდა წერილები ღვთის შთაგონებით დაიწერა?“ (2 ტიმ. 3:16). «რატომ მწამს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობ?» (2 ტიმ. 3:1—5). „რატომ ვირწმუნე, რომ იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრება ჩემთვისვე იქნება კარგი?“ (ეს. 48:17, 18).

7 შეიძლება ყოყმანობ, საკუთარ თავს დაუსვა ასეთი კითხვები, რადგან რეალობისთვის თვალის გასწორების გეშინია. ეს იმის მსგავსია, რომ მანქანის ხელსაწყოების პანელზე საწვავის დონის მაჩვენებელს არ დახედო იმის შიშით, რომ საწვავი გითავდება. თუ ავზში საწვავი თავდება, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დროულად უნდა აავსო ის. მსგავსად ამისა, შენთვისვე იქნება კარგი, თუ საკუთარ თავს გამოუტყდები, რაში გაკლია რწმენა და შემდეგ განიმტკიცებ მას (საქ. 17:11).

8. ახსენი, რატომ უნდა დარწმუნდე, რომ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევა, „გავექცეთ სიძვას“, გონივრულია.

8 ბიბლია გირჩევს, „გაექცე სიძვას“. ჰკითხე საკუთარ თავს: რატომ არის გონივრული, მივყვე ამ რჩევას? დაფიქრდი ყველა იმ მიზეზზე, რის გამოც შენმა თანატოლებმა უზნეობა ჩაიდინეს. იფიქრე იმაზეც, თუ რატომ სცოდავს ის, ვინც სიძვას სჩადის, „საკუთარი სხეულის წინააღმდეგ“ (1 კორ. 6:18). ახლა ჰკითხე საკუთარ თავს: არის თუ არა გონივრული ასეთი საქციელი? ღირს უზნეობის ჩადენა? კიდევ უფრო ღრმად გაანალიზე ეს საკითხი და დაუსვი თავს ასეთი კითხვა: როგორ ვიგრძნობ თავს, თუ უზნეობას ჩავიდენ? შეიძლება თანატოლების აღიარება მოიპოვო, მაგრამ როგორ იგრძნობ თავს მოგვიანებით, როცა შენს მშობლებთან ან თანაქრისტიანებთან ერთად იქნები სამეფო დარბაზში, ან მაშინ, როცა ღმერთს მიმართავ ლოცვით? ნუთუ მართლა გინდა, დაკარგო ღვთის თვალში სიწმინდე მხოლოდ იმიტომ, რომ თანაკლასელებს ასიამოვნო?

9, 10. როგორ დაგეხმარება საკუთარ მრწამსში დარწმუნება, მტკიცედ დააფიქსირო თანატოლებთან შენი პოზიცია?

9 შენ უკვე მოზარდი ხარ და შენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ყველაფრის კეთებას გააზრებულად დაიწყებ (წაიკითხეთ რომაელების 12:1, 2 ). ეს პერიოდი იმაზე დასაფიქრებლად გამოიყენე, რას ნიშნავს პირადად შენთვის, იყო იეჰოვას მოწმე. ასეთი თვითანალიზი დაგეხმარება, განიმტკიცო რწმენა. უფრო მეტიც, როცა თანატოლები, შენზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან, უმალვე გაუწევ წინააღმდეგობას და მტკიცედ დააფიქსირებ შენს პოზიციას. შენ ისე იგრძნობ თავს, როგორც ერთი ქრისტიანი და, რომელმაც თქვა: „თანატოლების გავლენის ქვეშ რომ არ მოვექცე, ვცდილობ ჩემი საქციელით ყოველთვის ვაჩვენო მათ, რომ იეჰოვას მოწმე ვარ. მე ვამაყობ ჩემი რელიგიით. ჩემთვის ეს მხოლოდ რელიგია არ არის, ის განსაზღვრავს ჩემს აზროვნებას, მიზნებს, ფასეულობებს და აზრიანს ხდის ჩემს ცხოვრებას“.

10 დიდ ძალისხმევას მოითხოვს აკეთო ის, რაც სწორია (ლუკ. 13:24). შეიძლება ფიქრობ, ღირს თუ არა ასე მოქცევა. გახსოვდეს, თუ გერიდება შენი პოზიციის ღიად და დაუფარავად დაფიქსირება, თანატოლები უფრო მეტად შეეცდებიან, თავის გავლენაში მოგაქციონ. თუ დამაჯერებლად ილაპარაკებ საკუთარ მრწამსზე, შენ თვითონ გაოცდები, რა მალე დაგანებებენ თავს (შეადარეთ ლუკას 4:12, 13).

‘პასუხის გაცემამდე იფიქრე’

11. რატომ არის კარგი, თუ წინასწარ მოემზადები თანატოლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად?

11 თანატოლებს რომ წინააღმდეგობა გაუწიო, კარგი იქნება, თუ წინასწარ მოემზადები ამისთვის (წაიკითხეთ იგავების 15:28). მომზადება გულისხმობს, წინასწარ იფიქრო, რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდე. ზოგჯერ წინდახედულობა საკმარისია იმისთვის, რომ თავიდან აირიდო დიდი უსიამოვნება. წარმოიდგინე, რომ კლასელები შენსკენ მოდიან და თან სიგარეტს აბოლებენ. რას იზამ, თუ სიგარეტს შემოგთავაზებენ? წინასწარ დაფიქრდი, როგორ მოიქცევი ასეთ სიტუაციაში. იგავების 22:3-ში ვკითხულობთ: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“. თუ სხვა გზით წახვალ, შეიძლება არ გადააწყდე მათ. ეს სიმხდალის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ შენს სიბრძნეზე მეტყველებს.

12. როგორ შეგიძლია უპასუხო თანატოლს, რომელიც პროვოკაციულ კითხვას გისვამს?

12 როგორ უნდა მოიქცე, თუ წინასწარ ვერ განჭვრეტ, რა სიტუაციაში აღმოჩნდები? წარმოიდგინე, რომ თანატოლი გაკვირვებით გეკითხება: შენ ისევ ქალიშვილი ხარ? ამ დროს კარგია, თუ გაითვალისწინებ კოლოსელების 4:6-ში მოცემულ რჩევას: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“. ამ მუხლიდან ჩანს, რომ შენს პასუხზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება მოვლენები. საჭირო არ არის, ბიბლიიდან ბევრი ახსნა-განმარტება. საკმარისი იქნება, თუ მოკლედ და მტკიცედ უპასუხებ. მაგალითად შეგიძლია უთხრა: „დიახ, ქალიშვილი ვარ“ ან „ეს ძალიან პირადული საკითხია“.

13. რატომ არის საჭირო გამჭრიახობა, როცა სარკაზმით გისვამენ კითხვას?

13 იესო ხშირად არჩევდა, მოკლე პასუხებით შემოფარგლულიყო, როცა ხედავდა, რომ ბევრ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ერთხელ, როცა ჰეროდემ იესოს კითხვა დაუსვა, მას სიტყვა არ დასცდენია (ლუკ. 23:8, 9). ხშირად დუმილი საუკეთესო საშუალებაა, რომ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდო (იგავ. 26:4; ეკლ. 3:1, 7). მეორე მხრივ, შეიძლება დაინახო, რომ თანატოლი, რომელიც თავიდან სარკაზმით გისვამდა კითხვას, გულწრფელად დაინტერესდეს, რას ასწავლის შენი რელიგია სქესობრივი ურთიერთობის შესახებ (1 პეტ. 4:4). ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს, უფრო ვრცლად ელაპარაკო ბიბლიიდან ამ საკითხზე. თუ ასეთი შესაძლებლობა მოგეცემა, გაბედულად დაამოწმე. „ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ“ (1 პეტ. 3:15).

14. როგორ შეგიძლია ზოგ შემთხვევაში გადახვიდე თავდაცვაზე?

14 ზოგ შემთხვევაში შეგიძლია ისე წარმართო საუბარი, რომ თანაკლასელს თავად მოუწიოს თავის მართლება, მაგრამ ეს ტაქტიანად უნდა გააკეთო. მაგალითად, თუ კლასელი სიგარეტს შემოგთავაზებს, შეგიძლია ზრდილობიანად უთხრა უარი და დააყოლო: შენ რატომ ეწევი? შენ თვითონაც ხომ კარგად იცი, რომ მოწევა საზიანოა?! ნაცვლად იმისა, რომ შენ მოგიწიოს ახსნა-განმარტება, თავად მას მოუწევს შენთვის პასუხის გაცემა. *

15. როდის არის გონივრული, გაეცალო თანატოლებს, და რატომ?

15 რა უნდა გააკეთო, თუ შენი მცდელობის მიუხედავად, თანატოლები კვლავ ცდილობენ, გავლენაში მოგაქციონ? ასეთ დროს ჯობია, გაერიდო მათ. რაც უფრო დიდხანს შეყოვნდები მათთან, მით უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ დათმობაზე წახვალ. ასე რომ, დროულად გაეცალე იქაურობას და ეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გააკეთე! თუ ასე მოიქცევი, ნამდვილად გაქვს სიხარულის მიზეზი, რადგან შეძელი ამ სიტუაციასთან გამკლავება და არ იქეცი შენი თანატოლების მარიონეტად. ყველაფერთან ერთად იეჰოვას გულსაც გაახარებ (იგავ. 27:11).

შეადგინე ‘გეგმები, რომლებიც წარმატებას მოგიტანს’

16. როგორ შეიძლება ცუდისკენ გვიბიძგონ მათაც კი, ვინც ქრისტიანია?

16 ზოგჯერ ცუდისკენ შეიძლება იმ ახალგაზრდებმაც წაგაქეზონ, ვინც იეჰოვას მოწმეა. მაგალითად, რას გააკეთებ, თუ ასეთი თანატოლი გეპატიჟება ქრისტიანულ შეხვედრაზე და იქ აღმოაჩენ, რომ ამ შეხვედრას მოწიფული ქრისტიანი არ უძღვება? ან როგორ მოიქცევი, თუ ახალგაზრდა ქრისტიანს მოაქვს შეხვედრაზე ალკოჰოლი მაშინ, როცა არც შენ და არც სხვები არა ხართ სრულწლოვნები? ასეთ სიტუაციებში ბიბლიით განსწავლული სინდისი დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ერთი მოზარდი ქრისტიანი ყვება: „მე და ჩემი და კინოთეატრში წავედით ფილმის საყურებლად, სადაც ბევრმა უწმაწურმა სიტყვამ გაიჟღერა. სხვა ქრისტიანები დარჩნენ, ჩვენ კი წამოვედით. მშობლებმა შეგვაქეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ სხვები გაბრაზდნენ იმის გამო, რომ მათზე სულიერები გამოვჩნდით“.

17. როგორ შეგიძლია მოიქცე ღვთის ნორმების თანახმად, როცა მეგობრულ შეხვედრაზე იმყოფები?

17 როგორც ზემოთ მოყვანილი შემთხვევა აჩვენებს, ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედებამ შეიძლება ზოგჯერ უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოს. მაგრამ აკეთე ის, რაც სწორია. ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მოემზადე. თუ მეგობრულ შეხვედრაზე მიდიხარ, იმისთვისაც იყავი მზად, რომ შეიძლება იქაურობის დატოვება მოგიწიოს. ზოგი ახალგაზრდა წინასწარ უთანხმდება მშობლებს, რომ თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც საჭიროა, დაურეკავს მათ, რათა წამოიყვანონ იქიდან (ფსალმ. 26:4, 5). ასეთი „გეგმები წარმატებულია“ (იგავ. 21:5).

„გაიხარე . . . შენი ახალგაზრდობის წლებით“

18, 19. ა) რატომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას შენთვის ყოველივე კარგი სურს? ბ) რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვინც არ ექცევა თანატოლების გავლენაში?

18 იეჰოვამ იმისთვის შეგქმნა, რომ სიცოცხლით გაიხარო. მას სურს, რომ ბედნიერი იყო (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:9). გახსოვდეს, რომ ბევრ შენს თანატოლს მხოლოდ „დროებითი ცოდვიანი განცხრომა“ აქვს (ებრ. 11:25). ჭეშმარიტ ღმერთს შენთვის გაცილებით მეტის მოცემა სურს. მას უნდა, რომ შენ მარადიულად იყო ბედნიერი. ასე რომ, როდესაც ცდუნების წინაშე აღმოჩნდები, გააკეთო ის, რაც ღვთის თვალში არასწორია, გახსოვდეს რომ, რასაც იეჰოვა გთხოვს, შენთვისვეა სასიკეთო.

19 ნუ დაგავიწყდება, რომ მაშინაც კი, თუ თანატოლების აღიარებას მოიპოვებ, წლების შემდეგ თითქმის არც ერთ მათგანს შენი სახელიც კი არ გაახსენდება. მათგან განსხვავებით, იეჰოვას არ რჩება შეუმჩნეველი, როდესაც თანატოლების გავლენაში არ ექცევი. იგი არასდროს დაგივიწყებს და ერთგულებასაც დაგიფასებს! ის ‘გაგიხსნის ცის კარიბჭეებს და გადმოცლის შენზე უხვ კურთხევას’ (მალ. 3:10). უფრო მეტიც, იეჰოვა გულუხვად მოგცემს თავის წმინდა სულს, რათა დაძლიო ნებისმიერი სისუსტე და განიმტკიცო რწმენა. იეჰოვა დაგეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიო თანატოლებს და გაუძლო მათ ზეწოლას!

[სქოლიო]

^ აბზ. 14 იხილე ცხრილი „ჩემი სამოქმედო გეგმა“ წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, გვერდები 132, 133.

გახსოვს თუ არა?

• რამდენად ძლიერია თანატოლების გავლენა?

• როგორ დაგეხმარება საკუთარი რწმენის განმტკიცება თანატოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში?

• როგორ შეგიძლია წინასწარ მოემზადო იმისთვის, რომ თანატოლების გავლენაში არ მოექცე?

• რა გარწმუნებს, რომ იეჰოვა აფასებს შენს ერთგულებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 8 გვერდზე]

რატომ დაჰყვა აარონი ისრაელთა ნებას და ჩამოასხა ოქროს ხბო?

[სურათი 10 გვერდზე]

წინასწარ მოემზადე, ვის რა პასუხს გასცემ