ლუკას სახარება 4:1—44

  • ეშმაკის მიერ იესოს გამოცდა (1—13).

  • იესოს მიერ ქადაგების დაწყება გალილეაში (14, 15).

  • იესოს უარყოფა ნაზარეთში (16—30).

  • კაპერნაუმის სინაგოგაში (31—37).

  • სიმონის სიდედრისა და სხვების განკურნება (38—41).

  • ხალხი იესოს უკაცრიელ ადგილას აგნებს (42—44).

4  წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან და სულმა* ის უდაბნოში წაიყვანა.+  იგი 40 დღე იყო უდაბნოში, სადაც ეშმაკმა გამოსცადა.+ ამ დროის განმავლობაში არაფერი უჭამია; ბოლოს მოშივდა.  მაშინ ეშმაკმა უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვა პურად იქცეს“.  იესომ მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით არ უნდა იცოცხლოს“».+  შემდეგ ეშმაკმა ის მთაზე აიყვანა, თვალის დახამხამებაში აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო+  და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ძალაუფლებასა და დიდებას, რადგან მე გადმომეცა+ და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.  თუ თაყვანს მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“.  იესომ მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას*, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“».+  შემდეგ ის იერუსალიმში მიიყვანა, ტაძრის გალავანზე* დააყენა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი,+ 10  რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან“, 11  და „ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+ 12  იესომ მიუგო: «ნათქვამია: „არ გამოსცადო იეჰოვა*, შენი ღმერთი“».+ 13  მეტად აღარ უცდია ეშმაკს მისი ცდუნება და გაშორდა მას, სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა.+ 14  იესო სულმა გალილეაში დააბრუნა.+ მთელ შემოგარენში მის კარგ საქმეებზე ლაპარაკობდნენ. 15  მან სინაგოგებშიც დაიწყო სწავლება და ყველა დიდ პატივს სცემდა. 16  შემდეგ იესო ნაზარეთში+ ჩავიდა, იქ, სადაც გაიზარდა. შაბათს, ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში შევიდა.+ წასაკითხად რომ წამოდგა, 17  მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი მიაწოდეს. გაშალა მან გრაგნილი და ის ადგილი მოძებნა, სადაც ეწერა: 18  „იეჰოვას* სულია ჩემზე, რადგან მან მცხო ღარიბთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად. მან გამომგზავნა ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად, უსინათლოთათვის თვალების ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად+ 19  და იეჰოვას* წყალობის წელიწადის შესახებ საქადაგებლად“.+ 20  ამის შემდეგ გრაგნილი დაახვია, მსახურს დაუბრუნა და დაჯდა. სინაგოგაში ყველამ მას მიაპყრო მზერა. 21  მან უთხრა მათ: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ის მონაკვეთი, რომელიც ახლა მოისმინეთ“.+ 22  ყველა კარგს ლაპარაკობდა მასზე, აოცებდათ მისი მადლიანი საუბარი+ და ამბობდნენ: „ეს იოსების ვაჟი არ არის?!“+ 23  მან უთხრა მათ: «თქვენ ამ ანდაზას მომისადაგებთ: „მკურნალო, საკუთარი თავი განკურნეო“, და მეტყვით, შენს მშობლიურ მხარეშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში+ მოგიხდენიაო». 24  შემდეგ დასძინა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არცერთ წინასწარმეტყველს არ აფასებენ თავის მშობლიურ მხარეში.+ 25  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ისრაელში ელიას დროს მრავალი ქვრივი ცხოვრობდა, როცა სამი წელი და ექვსი თვე ცა დახშული იყო და დიდი შიმშილობა იყო იმ მიწაზე,+ 26  მაგრამ ღმერთს ელია არცერთ მათგანთან არ გაუგზავნია; ის იმ ქვრივთან გაგზავნა, რომელიც სარეფთაში, სიდონის+ მიწაზე, ცხოვრობდა. 27  ელისე წინასწარმეტყველის დროს ისრაელში მრავალი კეთროვანი იყო, მაგრამ არცერთი მათგანი არ განკურნებულა, მხოლოდ სირიელი ნაამანი განიკურნა“.+ 28  სინაგოგაში ვინც ეს მოისმინა, ყველა განრისხდა;+ 29  წამოდგნენ, სასწრაფოდ გააძევეს ის ქალაქიდან და იმ მთის თხემთან მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, და გადაგდება დაუპირეს. 30  თუმცა მან მათ შორის გაიარა და წავიდა.+ 31  ჩავიდა იესო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში. შაბათს ხალხს რომ ასწავლიდა,+ 32  ისინი განცვიფრებული იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა,+ რადგან ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა. 33  იმ დროს სინაგოგაში ერთი უწმინდური დემონით შეპყრობილი კაცი იყო და ხმამაღლა ყვიროდა:+ 34  „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ვიცი, ვინცა ხარ; ღვთის წმინდა ხარ!“+ 35  იესომ შერისხა ის და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ დემონმა მათ თვალწინ ძირს დააგდო ის კაცი და ისე გამოვიდა მისგან, რომ ზიანი არ მიუყენებია. 36  ყველანი განცვიფრდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნახე, რა ძალა აქვს მის სიტყვებს! უწმინდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან!“ 37  ეს ამბავი მთელ შემოგარენში გავრცელდა. 38  ის სინაგოგიდან სიმონთან წავიდა. სიმონის სიდედრს მაღალი სიცხე ჰქონდა და იესოს შველა სთხოვეს.+ 39  მიუახლოვდა მას და განკურნა ციებ-ცხელებისგან. ქალი მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ. 40  მზის ჩასვლისას მასთან სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავდათ. ის ხელებს ადებდა მათ და კურნავდა.+ 41  ბევრი თავისუფლდებოდა დემონებისგან, რომლებიც ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+ იესო კი რისხავდა მათ და ლაპარაკს უკრძალავდა,+ რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო.+ 42  გამთენიისას იესო უკაცრიელი ადგილისკენ გაემართა.+ ხალხმა ძებნა დაუწყო, და როცა იპოვეს, სთხოვეს, რომ მათთან დარჩენილიყო. 43  იესომ კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“.+ 44  წავიდა და იუდეის სინაგოგებში ქადაგებდა.

სქოლიოები

იგულისხმება ღვთის სული.
სიტყვასიტყვით — „ტაძრის ქიმზე“.