რომაელების მიმართ 12:1—21
12 მაშ, ძმებო, რაკი ღმერთი თანამგრძნობია, გევედრებით, რომ უძღვნათ მას თქვენი სხეულები+ ცოცხალ, წმინდა,+ მისთვის მოსაწონ მსხვერპლად, ანუ გააზრებულად ემსახუროთ მას.+
2 ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების* ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება+ და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას,+ რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია.
3 ჩემდამი გამოვლენილი წყალობის საფუძველზე ვეუბნები თითოეულ თქვენგანს: იმაზე მეტი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში ხართ,+ არამედ საღად იაზროვნეთ თითოეულმა იმ რწმენის თანახმად, ღვთისგან რომ მიიღეთ.+
4 სხეულს ბევრი ნაწილი აქვს,+ მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება როდი აქვს.
5 ჩვენც, თუმცა ბევრნი ვართ, ერთი სხეული ვართ ქრისტესთან გაერთიანებულნი, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ, ერთმანეთზე დამოკიდებული.+
6 ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობის საფუძველზე სხვადასხვა ძღვენი გვაქვს;+ ამგვარად, თუკი ვინმეს წინასწარმეტყველების ძღვენი აქვს, იწინასწარმეტყველოს იმ რწმენის თანახმად, ღვთისგან რომ აქვს მიღებული;
7 თუ სხვებს ემსახურება, ემსახუროს და, თუ ასწავლის, ასწავლოს;+
8 თუ ამხნევებს, გაამხნეოს;+ თუკი გასცემს, გულუხვად გასცეს;+ ვინც კრებას ხელმძღვანელობს, ეს საქმე გულმოდგინედ აკეთოს+ და ვინც თანაუგრძნობს, მთელი გულით თანაუგრძნოს.+
9 თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს.+ ბოროტება შეიზიზღეთ+ და სიკეთე შეიყვარეთ.
10 ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.+
11 გულმოდგინენი იყავით და ნუ იზარმაცებთ.+ წმინდა სულით აენთეთ.+ გულმოდგინედ ემსახურეთ* იეჰოვას*.+
12 იხარეთ იმედით. გაუძელით გასაჭირს.+ გამუდმებით ილოცეთ.+
13 წმინდებს მათი საჭიროებისდა მიხედვით გაუმართეთ ხელი.+ სტუმართმოყვარენი იყავით.+
14 ლოცეთ თქვენი მდევნელები,+ ლოცეთ, ნუ დაწყევლით.+
15 მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ.
16 სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე; ქედმაღლები კი ნუ იქნებით, არამედ თავმდაბლურად იაზროვნეთ.+ ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.+
17 ნურავის გადაუხდით სამაგიეროს.+ მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ ის, რაც ყველასთვის მართებულია.
18 რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან.+
19 შურს ნუ იძიებთ, საყვარელნო, დაე ღმერთმა რისხვით მიაგოს ყველას საზღაური,+ რადგან დაწერილია: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა*“.+
20 მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, და, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე*“.+
21 არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით.+
სქოლიოები
^ ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. დანართი ა5.
^ სიტყვასიტყვით — „დაემონეთ“.
^ იხ. დანართი ა5.
^ იგულისხმება გულის მოლბობა.

