არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინსტინქტზე აღმატებული

ინსტინქტზე აღმატებული

ინსტინქტზე აღმატებული

„თუ ადამიანისთვის ზნეობა სხვა არაფერია, თუ არა ნების თავისუფლების საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება, როცა ის არავითარი ზნეობრივი პრინციპით არ ხელმძღვანელობს, წარმოიქმნება ზნეობრივი ვაკუუმი, რომელიც კანონმა უნდა შეავსოს“ (დ-რ დენიელ კალეჰანი).

კალეჰანის სიტყვები საფუძვლიანი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზნეობრივი ვაკუუმის შესავსებად და ბოროტმოქმედების აღსაკვეთად მთავრობა იძულებული გახდა, უამრავი კანონი გამოეცა. ნიგერიელ დედათა პირველ სამიტზე ნიგერიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფიქრებდა თავისი ქვეყნის მომავალი. მას მხედველობაში ჰქონდა არა პოლიტიკური მდგომარეობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, არამედ „უფრო სერიოზული პრობლემა — ძირითად ფასეულობათა გაქრობა ოჯახში, სამსახურში, ამა თუ იმ საზოგადოებასა თუ მთლიანად ერში“.

დიდ ბრიტანეთში 1 736 დედის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტრადიციულ ოჯახთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რასაც ზნეობრივ ფასეულობათა გაუფასურება და მარტოხელა მშობელთა რიცხვის ზრდა მოჰყვა“. ზნეობა სწრაფად ეცემა ჩინეთშიც. ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად, იქ სქესობრივ ცხოვრებას ადრეულ ასაკში იწყებენ, და დღეს პარტნიორთა რიცხვიც ისე გაიზარდა, როგორც არასდროს. ერთმა ახალგაზრდა ჩინელმა გოგომ, რომელიც იკვეხნიდა, რომ 100-ზე მეტი პარტნიორი გამოიცვალა, თქვა: „ეს ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“.

ზნეობა მთავრობის წარმომადგენელთა შორისაც ეცემა. „ხალხი პატივს აღარ სცემს თავის წინამძღოლებს, და ისინი აღარც სამაგალითონი არიან ზნეობის საკითხში“, — თქვა ჯევედ აკბარმა კანადის გაზეთ „ტორონტო სტარში“. მისი სიტყვების თანახმად, პოლიტიკოსებს, კორპორაციათა ხელმძღვანელებსა და თვით რელიგიურ წინამძღოლებსაც კი „არა აქვთ სათანადო ზნეობა“.

რატომ ეცემა ზნეობა?

ზნეობის დაცემის ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი ფაქტორი ტრადიციულ ფასეულობათა წინააღმდეგ გალაშქრებაა. მაგალითად, შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში ჩატარებულმა გამოკითხვამ ნათელყო კოლეჯის მოსწავლეთა უმრავლესობის თვალსაზრისი, რომ „თითოეულმა ადამიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი და რა — არასწორი“.

პუბლიცისტმა ზბიგნევ ბჟეზინსკმა მეორე ფაქტორი მოიხსენია. ის წერს, რომ დღევანდელი საზოგადოება „ძირითადად ყურადღებას პირადი სურვილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე ამახვილებს; ასე რომ, ნებისმიერ ქმედებას ინდივიდუალური და კოლექტიური ჰედონიზმი * განსაზღვრავს“. ზნეობრივი დამოუკიდებლობა, სიხარბე და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება შეიძლება გარკვეულწილად მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ უწყობს ეს ყველაფერი ხელს ნამდვილ ბედნიერებას, მოაქვს კმაყოფილება და აუმჯობესებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს?

„სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“ — თქვა იესომ (მათე 11:19). დღეს, ზნეობრივი ფასეულობების გაუფასურების შემდეგ უფრო ბედნიერია ხალხი ან უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს? დაფიქრდით შედეგებზე: ნდობისა და უსაფრთხოების დაკარგვა; ურთიერთობების გაწყვეტა; დედის ან მამის გარეშე დარჩენილი ბავშვები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პანდემია, არასასურველი ფეხმძიმობა, ნარკომანია და ძალადობა. ამგვარი რეალობა შორს არის კმაყოფილებისა და წარმატებისგან; მასში დიდია მწუხარება და წარუმატებლობა (გალატელები 6:7, 8).

ღვთის წინასწარმეტყველი იერემიაც იყო მსგავსი მდგომარეობის მოწმე, რის შემყურემაც ღვთის შთაგონებით დაწერა: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). დიახ, ღმერთს ისე არ შევუქმნივათ, რომ მისგან დამოუკიდებლად შეგვძლებოდა განგვესაზღვრა, რა არის სწორი და რა — არასწორი. ფაქტობრივად, ის, რაც ჩვენ კარგი გვგონია, შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“, — ნათქვამია ბიბლიაში, იგავების 14:12-ში.

ჩვენში ჩასახლებული მტერი!

რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზნეობის საკითხში ხელმძღვანელობა გვჭირდება? კაცის გული მაცდურია. „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ — ამბობს ბიბლია იერემიას 17:9-ში. ენდობოდით ვერაგსა და უმართავ კაცს? ცხადია, არა! სწორედ ეს თვისებები ახასიათებს თითოეული ჩვენგანის გულს. ამიტომ ღმერთი მკაცრად, მაგრამ სიყვარულით გვაფრთხილებს: „საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია; სიბრძნით მავალი გადარჩება“ (იგავები 28:26).

საღვთო წერილი გვიჩვენებს, რომ არ უნდა ვენდოთ ჩვენს არასრულყოფილ ბუნებას, ნაცვლად ამისა ღვთიური სიბრძნით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც მრავალ სირთულეს აგვარიდებს; ეს ფასდაუდებელი სიბრძნე კი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც გულწრფელად ეძებს მას. „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“ (იაკობი 1:5).

„მთელი გულით“ მიენდეთ იეჰოვას

ბიბლია ჩვენი შემოქმედის შესახებ ამბობს: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4). იეჰოვა უზარმაზარ კლდესავითაა; მას შეგვიძლია ბოლომდე მივენდოთ და გარშემო არსებული მდგომარეობის მიუხედავად მასთან ვეძებოთ ჯანსაღი ზნეობრივი და სულიერი ხელმძღვანელობა. იგავების 3:5, 6-ში ნათქვამია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“.

მართლაც, ვის შეუძლია უკეთესი ხელმძღვანელობის გაწევა, თუ არა შემოქმედს, რომელსაც ჩვენს „თავზე . . . თმაც დათვლილი“ აქვს (მათე 10:30). გარდა ამისა, შემოქმედი ნამდვილი მეგობარია, რომელსაც ისე ვუყვარვათ, რომ ყოველთვის გულახდილად გვეუბნება ყველაფერს, მაშინაც კი, როდესაც სიმართლისთვის თვალის გასწორება გვიჭირს (ფსალმუნი 141:5; იგავები 27:6).

აღსანიშნავია ისიც, რომ იეჰოვა არ გვაძალებს, მივყვეთ მის ხელმძვანელობას; პირიქით, მას სურს, სიყვარულით დავემორჩილოთ. „მე, იეჰოვა . . . გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18). განა არ გხიბლავთ ასეთი ღმერთი?! უფრო მეტიც, ღმერთმა თავის სიბრძნეს გვაზიარა წმინდა ბიბლიით, თავისი შთაგონებული წიგნით, რომელიც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში (2 ტიმოთე 3:16).

დაე, ღვთის სიტყვამ გაგვინათოს სავალი!

წმინდა წერილების შესახებ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105). ლამპრის შუქი იმ საშიშროებას გვანახვებს, რომელიც შეიძლება ერთ ნაბიჯში გველოდებოდეს, სინათლე კი მთელ გზას გვინათებს. მარტივად რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვას შეუძლია მთელი ცხოვრება უსაფრთხოდ გვატაროს და დაგვეხმაროს ნებისმიერ საკითხში გონივრული, ზნეობრივად გამართლებული გადაწვეტილებების მიღებაში, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე როგორც დღეს, ისე მომავალში.

განვიხილოთ მთაზე ქადაგება. მათეს მე-5—7 თავებში მოცემული მსჯელობისას იესო ქრისტე ლაპარაკობდა ბედნიერებასა და სიყვარულზე, სიძულვილსა და გულმოწყალებაზე, ზნეობასა და ლოცვაზე, სიმდიდრის ძიებასა და მრავალ სხვა თემაზე, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ. მის სიტყვებში ისეთი გამჭრიახობა ჩანდა, რომ „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათე 7:28). გამოყავით რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ წაიკითხოთ მთაზე ქადაგება. ის, ალბათ, თქვენზეც მოახდენს შთაბეჭდილებას.

„ითხოვეთ“ ღვთის დახმარება

უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის იმის კეთება, რაც ღვთის თვალში სწორია. ბიბლიაში ცოდვის წინააღმდეგ შინაგანი ომი ბრძოლასთან არის შედარებული (რომაელები 7:21—24). ამ ომში გამარჯვება ღვთის დახმარებით შესაძლებელია! იესომ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით . . . რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს“ (ლუკა 11:9, 10). დიახ, იეჰოვა ზურგს არ აქცევს არავის, ვინც გულწრფელად ცდილობს მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ვიწრო გზით სიარულს (მათე 7:13, 14).

განვიხილოთ ფრენკის შემთხვევა, რომელიც დიდი ხნის მწეველი იყო, როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას შემდეგ, რაც 2 კორინთელების 7:1 წაიკითხა და მივიდა სწორ დასკვნამდე, რომ თამბაქოს წევა ღვთის თვალში „ხორცის წაბილწვა“ იყო, ფრენკმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა სიგარეტის მოწევაზე. მაგრამ მას გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების თანახმად მოქმედება. ერთხელ თავი იმაშიც კი გამოიჭირა, რომ ოთხზე დამდგარი ეძებდა სიგარეტის ნამწვავებს!

ასეთმა უღირსმა საქციელმა ფრენკს დაანახვა, რომ სიგარეტის მონა იყო (რომაელები 6:16). მან მხურვალედ მიმართა ლოცვით იეჰოვას, ისარგებლა იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი ქრისტიანული კრების დახმარებით და დასძლია ეს საზიანო ჩვევა (ებრაელები 10:24, 25).

დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები

ფრენკის მაგალითი ერთ-ერთია იმ მრავალ მაგალითს შორის, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბიბლიაში აღმატებული ზნეობრივი ნორმები და საუკეთესო სულიერი ხელმძღვანელობაა მოცემული; იგი აგრეთვე ამ ხელმძღვანელობის შესაბამისად მოქმედებისკენ აღძრავს ადამიანს. ამიტომ გასაკვირი არ არის, იესოს სიტყვები: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

ღვთის ძვირფასი ჭეშმარიტების შესაბამისად მოქმედება ყოველმხრივ სასარგებლოა, ანუ ის დადებითად მოქმედებს ჩვენს გონებაზე, ემოციურ, სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფსალმუნის 19:7, 8-ში ნათქვამია: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს აცოცხლებს . . . იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, [იმედითა და ღვთის განზრახვის ცოდნით] აბრწყინებს თვალებს“.

თავისი სიტყვის საშუალებით იეჰოვა არა მარტო იმას გვიჩვენებს, რა არის ზნეობრივად სწორი და როგორ შეგვიძლია დღეს საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრება, არამედ იმასაც, თუ რა მომავალი გველის (ესაია 42:9). როგორც მომდევნო სტატია დაგვანახვებს, ნათელი მომავალი ელის ყველას, ვინც ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვება.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ჰედონიზმი არის ეთიკის იედალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება.

[ჩარჩო/სურათი 4, 5 გვერდებზე]

თქვენი ზნეობის „კომპასი“

ადამიანებს აქვთ შესანიშნავი ძღვენი — სინდისი. ამის შედეგად, ყველა ერისა და ტომის ხალხს ნებისმიერ ეპოქაში ჰქონდა ქცევის ნორმები, რომელთაგან მრავალი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა (რომაელები 2:14, 15). მაგრამ სინდისი არ არის ყოველთვის სანდო „კომპასი“, რადგან მასზე შეიძლება ცრუ რელიგიამ, ფილოსოფიამ, წინასწარ შექმნილმა აზრმა და არასწორმა სურვილებმა იქონიოს გავლენა (იერემია 17:9; კოლოსელები 2:8). ამიტომ, როგორც პილოტისთვის არის აუცილებელი სანავიგაციო ინსტურემენტების წესრიგში მოყვანა, ისე ჩვენც იეჰოვა ღმერთის — „წესების დამდგენის“ — სამართლიანი ნორმების შესაბამისად უნდა გავასწოროთ ჩვენი ზნეობრივი და სულიერი „კომპასი“(ესაია 33:22). ადამიანის დადგენილი ნორმებისგან განსხვავებით, ღვთის სრულყოფილი ნორმები არასდროს იცვლება. „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“, — ამბობს ღმერთი (მალაქია 3:6).

[ჩარჩო 7 გვერდზე]

რაზეა დამოკიდებული წარმატება და ბედნიერება

როგორ ვიპოვოთ ბედნიერება

„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

„ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28).

როგორ შეგვიძლია ნდობის მოპოვება

„თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).

„ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს“ (ეფესოელები 4:28).

„ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრაელები 13:4).

როგორ შეგვიძლია კარგი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან

„ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

„[ქმარს] ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).

„მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

როგორ ავირიდოთ ან როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები

„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17).

„სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:4, 5).

„მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26).