არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუმბული შემოქმედების სასწაული

ბუმბული შემოქმედების სასწაული

 ბუმბული შემოქმედების სასწაული

თოლია ფრთების სწრაფი ქნევით ცაში იჭრება. ჰაერში აჭრის შემდეგ ის წრიული მოძრაობით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიჰყვება ჰაერის ნაკადს და მაღლა-მაღლა ადის. ფრთისა და კუდის კიდის მოშველიებით მოძრაობაში მცირეოდენი შესწორებები შეაქვს და ფრინველი თითქმის უმოძრაოდ იწყებს ლივლივს ცაში. რა აძლევს მას ასე გრაციოზულად მოძრაობის საშუალებას? უმთავრესად, ბუმბული.

დღეს ცხოველთა სამყაროში მხოლოდ ფრინველებს აქვთ ბუმბული. ფრინველთა უმრავლესობას სხვადასხვა სახის ბუმბული აქვს. ადამიანს პირველად თვალში ხვდება მფარავი, ანუ კონტურული, ბუმბული, რომელიც ფრინველის სხეულს გლუვ და გარშემოდენილ ფორმას აძლევს. კონტურული ბუმბული იყოფა მოსაქნევ და საჭის ბუმბულებად, რომლებსაც ფრენისას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. კოლიბრს შეიძლება 1 000-მდე ასეთი ბუმბული ჰქონდეს, გედს კი — 25 000-ზე მეტი.

ბუმბული საოცრად არის კონსტრუირებული. მას აქვს ცენტრალური ღერძი, რომელსაც ღერო ეწოდება; ის დრეკადი და საკმაოდ მკვრივია. ღეროდან გამოდის ტოტები, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული; შედეგად იქმნება გლუვი ზედაპირი, რომელსაც მარაოს უწოდებენ. ტოტები ერთმანეთთან რამდენიმე ასეული პატარა სხივით არის დაკავშირებული და ელვაშესაკრავს მოგვაგონებს. როდესაც ეს „შესაკრავი“ იხსნება, ფრინველი ნისკარტით „კრავს“ მას. თქვენც შეგიძლიათ იმავეს გაკეთება, თუ ბუმბულს ნაზად გაატარებთ თითებს შორის.

ფრთაზე განლაგებული პირველი რიგის საფრენი ანუ მოსაქნევი ბუმბულის მარაოს ასიმეტრიული აგებულება აქვს — მარაოს გარე კიდე უფრო განიერია, ვიდრე შიდა. ამგვარი აგებულება თითოეულ საფრენ ბუმბულს საშუალებას აძლევს, პატარა ფრთასავით დამოუკიდებლად იმოქმედოს. აგრეთვე, თუ ყურადღებით დააკვირდებით დიდ საფრენ ბუმბულს, დაინახავთ, რომ ქვედა მხარეს ღეროს ღარი დაჰყვება. ეს მარტივი კონსტრუქცია სიმტკიცეს მატებს ღეროს და ბუმბულს საშუალებას აძლევს, მოიღუნოს და მაქსიმალურად მოიდრიკოს ისე, რომ არ გადატყდეს.

ბუმბული მრავალ ფუნქციას ასრულებს

მრავალი ფრინველის კონტურულ ბუმბულებს შორის განლაგებულია გრძელი, თხელი ბუმბული, რომელსაც ძაფისებრი ბუმბული ეწოდება, და ყურთუკი. ფიქრობენ, რომ ძაფისებრი ბუმბულის ღეროს ძირში მოთავსებული რეცეპტორები ფრინველის ტვინს გადასცემს სიგნალს მფარავ ბუმბულში არსებული ნებისმიერი უწესრიგობის შესახებ და ფრინველს ეხმარება, განსაზღვროს ბუმბულში გავლილი ჰაერის ნაკადის სიჩქარეც კი. ყურთუკი (ეს არის ერთადერთი ბუმბული, რომელიც ფრინველის მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება  და არასოდეს იცვლება) იშლება და პუდრის სახით ეყრება ფრინველს, რის შედეგადაც ის წყალგაუმტარი ხდება.

სხვა ყველაფერთან ერთად ბუმბული სიცხის, სიცივისა და ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენისგან დამცავ ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ყვინთია იხვები, როგორც ჩანს, მშვენივრად გრძნობენ თავს იმ ოკეანეშიც კი, სადაც საშინლად ცივი ქარი ქრის. როგორ? მათი თითქმის გაუმტარი კონტურული ბუმბულის საფარქვეშ არის რბილი, ფაფუკი ბუმბული, რომელსაც ღინღლი ეწოდება და რომლის სისქეც შეიძლება 1,7 სანტიმეტრს აღწევდეს; ღინღლით დაფარულია იხვების თითქმის მთელი სხეული. ღინღლი იმდენად კარგი იზოლატორია, რომ დღემდე ვერ შექმნეს ისეთი სინთეზური მასალა, რომელიც მისი ეკვივალენტი იქნებოდა.

ბუმბული დროთა განმავლობაში ცვდება, და ფრინველებს ეწყებათ განგური, ანუ ძველი ბუმბული ცვივათ და ეზრდებათ ახალი. ფრინველთა უმეტესობა მოსაქნევ და საჭის ბუმბულს გარკვეულ დროს ზომიერად იცვლის ისე, რომ ფრენა ყოველთვის შეეძლოს.

„იდეალური კონსტრუქცია“

უსაფრთხო თვითმფრინავები გულმოდგინე დაგეგმვის, საინჟინრო ხელოვნებისა და ოსტატობის ნაყოფია. რა შეიძლება ითქვას ფრინველებსა და ბუმბულზე? ვინაიდან ნამარხი ნაშთები არ არსებობს, ევოლუციონისტებს შორის გაცხარებული დავა მიმდინარეობს ბუმბულის წარმოშობის თაობაზე. „საიენს ნიუსის“ თანახმად, „ფუნდამენტალისტთა რისხვა“, „ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი სახელების წოდება“ და „პალეონტოლოგთა გააფთრება“ დებატების განუყოფელი ნაწილი იყო. ერთმა ბიოლოგმა, ევოლუციონისტმა, რომელმაც ბუმბულის ევოლუციის თემაზე სიმპოზიუმი მოაწყო, აღიარა: „ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე სამეცნიერო თემის განხილვას ასეთი უღირსი საქციელი და ამგვარი გაცხარება შეიძლებოდა მოჰყოლოდა“. თუ ბუმბული მართლა ევოლუციის გზით წარმოიშვა, რატომ უნდა მოჰყოლოდა ამ საკითხის განხილვას ასეთი გაცხარება?

„ბუმბულს იდეალური კონსტრუქცია აქვს და სწორედ ეს ქმნის პრობლემას“, — აღნიშნავს იეილის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული „ორნითოლოგიის სახელმძღვანელო — ფრინველის აგებულება და ფუნქცია“. ბუმბულის აგებულებას გაუმჯობესება არ სჭირდებოდა. ფაქტობრივად, „ცნობილი ნამარხი ნაშთებიდან უძველესსაც ისეთი შესახედაობა აქვს, რომ დღევანდელი ფრინველის ბუმბულისგან ვერ გაარჩევთ“ *. მაგრამ ევოლუციური თეორიის თანახმად, ბუმბული ძველ  დროს თანდათანობით კანის გამონაზარდებში მომხდარი ცვლილებების დაგროვების შედეგად წარმოიქმნა. გარდა ამისა, „შეუძლებელია, ბუმბულს დღეს ასეთი სახე ჰქონოდა, გარემო პირობებთან თანდათანობით შეგუების შედეგად რომ არ განვითარებულიყო“, — ნათქვამია „ორნითოლოგიის სახელმძღვანელოში“.

ერთი სიტყვით, თვით ევოლუციის თეორიის თანახმად, ბუმბული ვერ წარმოიქმნებოდა, თუ მისი განვითარების მრავალსაფეხურიან ეტაპზე ბუმბულის სტრუქტურაში მომხდარი შემთხვევითი მემკვიდრეობითი ცვლილება თითოეულ საფეხურზე მნიშვნელოვნად არ გაზრდიდა ინდივიდის გადარჩენის შანსს. მრავალი ევოლუციონისტისთვისაც კი წარმოუდგენელია, ამგვარად წარმოქმნილიყო ბუმბული, რომელსაც ასეთი რთული აგებულება აქვს და, ამავე დროს, შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას.

გარდა ამისა, ბუმბული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანდათანობით რომ განვითარებულიყო, მაშინ არქეოლოგიური გათხრების შედეგად შუალედური ფორმების ნამარხი ნაშთები უნდა აღმოეჩინათ. მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა; აღმოაჩინეს, მხოლოდ სრულად ფორმირებული ბუმბულის ნამარხი ნაშთები. „ევოლუციონისტთა სამწუხაროდ, ბუმბულს საკმაოდ რთული აგებულება აქვს“, — ნათქვამია „ორნითოლოგიის სახელმძღვანელოში“.

ფრენისთვის მხოლოდ ბუმბული არ კმარა

ფრთის იდეალური აგებულება ევოლუციონისტებისთვის მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, ვინაიდან ფრინველის სხეულის თითქმის ყველა ნაწილი საფრენად არის კონსტრუირებული. მაგალითად, ფრინველს ღრუიანი ძვლები აქვს; აგრეთვე მას აქვს საოცარი სასუნთქი სისტემა და ფრთების ასამოძრავებელი კუნთები. აქვს ისეთი კუნთებიც, რომლებიც თითოეული ბუმბულის მდგომარეობას აკონტროლებს. თითოეული კუნთი შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც სიგნალებს ფრინველის პატარა, მაგრამ საოცარ ტვინს გადასცემს; ტვინი კი წინასწარ არის „დაპროგრამებული“, რათა ერთდროულად, ავტომატურად და აბსოლუტური სიზუსტით აკონტროლოს მთელი ეს სისტემა. დიახ, ფრენისთვის საჭიროა მთელი ეს საოცრად რთული სისტემა და არა მხოლოდ ბუმბული.

აგრეთვე გახსოვდეთ, რომ ყველა ფრინველი ვითარდება პაწაწინა უჯრედისგან, რომელიც შეიცავს მთელ ინფორმაციას ფრინველის ზრდისა და ინსტინქტების შესახებ, რათა ერთ მშვენიერ დღეს ფრინველი ცაში აიჭრას. შეიძლება, რომ ყოველივე ეს შემთხვევით წარმოქმნილი მთელი რიგი სასარგებლო ცვლილებების შედეგი იყოს? იქნებ უმარტივესი და, ამავე დროს, ყველაზე გონივრული და მეცნიერული ახსნა ის არის, რომ ფრინველებიც და მათი ბუმბულიც ყველაზე გონიერი შემოქმედის არსებობის მაჩვენებელია?! ფაქტები უსიტყვოდ ამბობენ ყველაფერს (რომაელები 1:20).

[სქოლიო]

^ აბზ. 12 ნაპოვნია არქეოპტერიქსის გაქვავებული ჩონჩხი ბუმბულის ანაბეჭდებით; არქეოპტერიქსი გადაშენებული ცხოველია, რომელსაც ფრინველებსა და ქვეწარმავლებს შორის გარდამავალ ფორმად მიიჩნევენ. მაგრამ პალეონტოლოგთა უმრავლესობა მას თანამედროვე ფრინველთა წინაპრად აღარ მიიჩნევს.

[ჩარჩო/სურათი 24 გვერდზე]

ხელოვნური მტკიცება

ზოგიერთი ნამარხი ნაშთი, რომლებსაც ერთ დროს სხვა ცხოველებისგან ფრინველების წარმოქმნის დამადასტურებელ ფაქტად მიიჩნევდნენ, ხელოვნურად შექმნილი აღმოჩნდა. მაგალითად, 1999 წელს ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ დაიბეჭდა სტატია შებუმბლული ცხოველის ნამარხზე, რომელსაც დინოზავრის კუდის მსგავსი კუდი ჰქონდა. ჟურნალში ნათქვამი იყო, რომ ეს ქმნილება დინოზავრებსა და ფრინველებს შორის „გრძელ ჯაჭვში გარდამავალი რგოლი იყო“. მაგრამ ნამარხი ნაშთი ხელოვნურად შექმნილი აღმოჩნდა, რადგან იგი ორი სხვადასხვა ცხოველის ნამარხი ნაშთის შერწყმით მიიღეს. ასე რომ, არავითარი „გარდამავალი რგოლი“ არ ყოფილა ნაპოვნი.

[საავტორო უფლება]

O. Louis Mazzatenta/National Geographic Image Collection

[ჩარჩო 25 გვერდზე]

ფრინველის მხედველობა

ადამიანებს ატყვევებს ფრინველთა ხასხასა და ხშირად ათასგვარად შეფერილი ბუმბული, მაგრამ ეს ბუმბული სხვა ფრინველებისთვის შეიძლება უფრო საინტერესო იყოს. ზოგ ფრინველს თვალის რეტინაში ფერთა გასარჩევად ოთხი ტიპის სენსორული უჯრედი აქვს მაშინ, როცა ადამიანს მხოლოდ სამი აქვს. ეს მათ საშუალებას აძლევს, დაინახონ ულტრაიისფერი სხივები, რაც ადამიანისთვის უხილავია. ადამიანის თვალში ზოგი სახეობის დედალ-მამალი ფრინველი შეიძლება ერთნაირი ჩანდეს, მაგრამ მამალი და დედალი ფრინველის ბუმბული სხვადასხვაგვარად ირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს. ფრინველებს შეუძლიათ ამ განსხვავების დანახვა, რაც მათ პოტენციური მეწყვილის ამოცნობაში ეხმარება.

[დიაგრამა 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტოტი

სხივი

ღერო

[სურათი 24 გვერდზე]

მფარავი ბუმბული

[სურათი 24 გვერდზე]

ძაფისებრი ბუმბული

[სურათი 25 გვერდზე]

ყურთუკი

[სურათი 25 გვერდზე]

ღინღლი

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ატლანტური რეგვენა