მათეს სახარება 7:1—29

  • მთაზე ქადაგება (1—27).

    • „ნუღარ განსჯით“ (1—6).

    • ითხოვეთ, ეძებეთ და აკაკუნეთ (7—11).

    • ოქროს წესი (12).

    • ვიწრო ჭიშკარი (13, 14).

    • ხე ნაყოფით იცნობა (15—23).

    • კლდეზე და ქვიშაზე აშენებული სახლები (24—27).

  • ხალხს ანცვიფრებს იესოს ქადაგება (28, 29).

7  «ნუღარ განსჯით,+ რომ არც თქვენ განისაჯოთ, 2  რადგან როგორც თქვენ განსჯით სხვებს,+ თქვენც ისევე განისჯებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.+ 3  მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?!+ 4  ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენ თვითონ მორი გაქვს თვალში?! 5  თვალთმაქცო! ჯერ შენ ამოიღე თვალიდან მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი. 6  ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს,+ რათა ზედ არ შედგნენ, მერე კი თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ. 7  ითხოვეთ და მოგეცემათ,+ ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ,+ 8  რადგან ვინც ითხოვს,+ იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 9  რომელი თქვენგანი მიაწვდის თავის შვილს ქვას, თუ ის პურს სთხოვს?! 10  ანდა — გველს, თუ ის თევზს სთხოვს?! 11  ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს კარგს+ მათ, ვინც სთხოვს!+ 12  ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ,+ რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველებების არსი.+ 13  შედით ვიწრო ჭიშკრით,+ რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი; 14  ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას.+ 15  უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს,+ რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან,+ შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან.+ 16  მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?!+ 17  ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს.+ 18  კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს.+ 19  ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.+ 20  ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ.+ 21  ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.+ 22  ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო,+ განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?!+ 23  მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“+ 24  ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი.+ 25  დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო აშენებული. 26  ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.+ 27  დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს+ და სახლი ისე დაინგრა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩენილა». 28  დაასრულა იესომ ეს სიტყვები; ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა,+ 29  რადგან მათი მწიგნობრებისგან განსხვავებით, იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.+

სქოლიოები