არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინმეს ხომ არა გაქვთ ფანქარი?

ვინმეს ხომ არა გაქვთ ფანქარი?

 ვინმეს ხომ არა გაქვთ ფანქარი?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

ის იაფია, გამოსაყენებლად ადვილია და ძალიან მსუბუქი. მისი ჯიბით ტარება მოსახერხებელია. მას არ სჭირდება ელექტროენერგია, არ არის თხევადი და მისი კვალის მოშორება ადვილია. ბავშვები მისი გამოყენებით სწავლობენ წერას, მხატვრები ქმნიან შედევრებს და ადამიანთა უმეტესობას რაღაცის ჩასანიშნად ის ყოველთვის თან აქვს. დიახ, უბრალო ფანქარი მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული საწერი საშუალებაა. მისი შექმნისა და დახვეწის საოცარი ისტორია ინგლისის ერთ-ერთ სოფელში ერთი ნივთიერების აღმოჩენით იწყება.

შავი „ტყვია“

მეთექვსმეტე საუკუნეში ჩრდილოეთ ინგლისში, ბაროუდეილში (ლეიკ-დისტრიქტი) უცნაური შავი ნივთიერება აღმოაჩინეს. ეს მინერალი ძალიან ჰგავდა ნახშირს, მაგრამ არ იწვოდა; ის საწერ ზედაპირზე მბზინავ შავ და ადვილად მოსაშორებელ კვალს ტოვებდა. ვინაიდან მას სრიალა სტრუქტურა ჰქონდა და ხელს ადვილად სვრიდა, ხალხი მის ნატეხებს ცხვრის ტყავში ახვევდა ან მის მოკლე ჩხირებს ბაწრით კრავდა. არავინ იცის, პირველად ვინ ჩასვა ეს ნივთიერება ხის ბუდეში, მაგრამ ცნობილია, რომ პირველი ფანქრები ევროპაში XVI საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა.

მალე ამ მინერალის მოპოვება და მისი ექსპორტი დაიწყეს მხატვრების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; XVII საუკუნეში მას პრაქტიკულად ყველგან იყენებდნენ. ამავე დროს ფანქრის მწარმოებლები ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რათა მისგან უკეთესი საწერი საშუალება მიეღოთ. ბაროუდეილის ეს პროდუქტი, რომელიც მინარევებს არ შეიცავდა და არც მოსაპოვებლად იყო რთული, ქურდების სამიზნე გახდა, მას შავ ბაზარზე ყიდდნენ. ამის აღსაკვეთად ბრიტანეთის პარლამენტმა 1752 წელს გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, ამ მინერალის ქურდს აპატიმრებდნენ ან კოლონიაში აგზავნიდნენ.

1779 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ შეელემ საოცარი აღმოჩენა გააკეთა — შავი „ტყვია“ ტყვია კი არა, ნახშირბადის ერთ-ერთი ნაირსახეობა იყო. ათი წლის შემდეგ გეოლოგმა აბრაამ ვერნერმა მას გრაფიტი უწოდა; ბერძნული სიტყვა „გრაფენ“ წერას ნიშნავს.  ასე რომ, როგორც ვხედავთ, ფანქრის შემადგენლობაში ტყვია სულაც არ იყო.

ფანქრის ისტორია

მრავალი წლის განმავლობაში ინგლისურ გრაფიტს პირველი ადგილი ეკავა ფანქრების დამზადების ინდუსტრიაში, რადგან იქ მოიპოვებოდა საკმაოდ წმინდა გრაფიტი, რომელსაც გადამუშავება არ სჭირდებოდა. ვინაიდან ევროპული გრაფიტი შედარებით დაბალი ხარისხის იყო, იქაური ფანქრის მწარმოებლები უკეთესი ფანქრის წარმოების გზებს ეძებდნენ. ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟაკ კონტემ დაფხვნილი გრაფიტი თიხაში აურია და მიღებულ ნაზავს ჩხირის ფორმა მისცა; ჩხირები კი გამოწვა. გრაფიტისა და თიხის პროპორციების ცვლით მან შეძლო განსხვავებული სიმუქის ფანქრების მიღება; ამ მეთოდს დღემდე იყენებენ. 1795 წელს კონტემ ფანქრების ამგვარად წარმოების ოფიციალური ნებართვა მიიღო.

მე-19 საუკუნეში ფანქრების წარმოება ძალიან შემოსავლიანი საქმე გახდა. გრაფიტი მრავალ ადგილას აღმოაჩინეს, მათ შორის ციმბირში, გერმანიასა და თანამედროვე ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში ფანქრების მწარმოებელი რამდენიმე ქარხანა ამუშავდა. მე-20 საუკუნისთვის გრაფიტის მასიურმა მოპოვებამ და ფანქრების წარმოების მექანიზაციამ მკვეთრად დასცა ფანქრების ფასი და სკოლის მოსწავლეებსაც კი ჰქონდათ მოუხატავი ფანქრები, რომლებსაც შეერთებულ შტატებში „ერთცენტიან ფანქრებს“ უწოდებდნენ.

თანამედროვე ფანქრები

მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდობით ფანქარს აწარმოებდნენ; შედეგად, შესაძლებელი გახდა დახვეწილი ფანქრების წარმოება, რომლებსაც მრავალი სახის ნაწერისა თუ ნახატის გასაკეთებლად იყენებენ. ჩვეულებრივი ხის ფანქრით შესაძლებელია 35 მილი (65 კილომეტრი) სიგრძის ხაზის გავლება და 45 000 სიტყვის დაწერა. მეტალისა თუ პლასტმასის ბუდეში ჩასმულ მექანიკურ ანუ ავტომატურ ფანქარში წვრილი ღეროა ჩადებული, რასაც გათლა აღარ სჭირდება. ფერად ფანქრებში გრაფიტის ნაცვლად ათასი ფერის საღებავსა და პიგმენტს იყენებენ.

უნივერსალური, სანდო, უბრალო და ეფექტური ფანქარი, როგორც ჩანს, სულაც არ აპირებს მოძველებას. ასე რომ, მომავალშიც სახლში თუ სამსახურში შეიძლება კვლავ გაიგონოთ კითხვა: „ვინმეს ხომ არა გაქვთ ფანქარი?“

[ჩარჩო/სურათი 13 გვერდზე]

როგორ აღმოჩნდა გრაფიტი ფანქარში?

წვრილად დაფხვნილი გრაფიტის, თიხისა და წყლის ნაზავს ატარებენ მეტალის წვრილ მილში, საიდანაც ის სპაგეტივით გამოდის. გაშრობის, დაჭრისა და გამოწვის შემდეგ მას ცხელ ზეთსა და ფისში უშვებენ. ხეს, ჩვეულებრივ კედარს, რომელიც ადვილად ითლება, თხელ ნაჭრებად ჭრიან, რომლებიც გარედან გლუვზედაპირიანია და შუაში ღარები აქვს ამოჭრილი; ამ ნაჭრებს ნახევარი ფანქრის სისქე აქვს. გრაფიტის ღეროებს ამ ამოჭრილ ღარებში დებენ, მეორე ნაჭერს კი ზემოდან აწებებენ. როდესაც წებო შრება, ფანქრებს აცალკევებენ. ფორმის მიცემის, გარეთა ზედაპირის გაპრიალების, შეღებვის, მარკის დარტყმისა და სხვა დეტალების შესრულების შემდეგ ფანქარი გამოსაყენებლად მზადაა. ზოგჯერ ფანქრის ბოლოში საშლელს ამაგრებენ.

[საავტორო უფლება]

Faber-Castell AG

[ჩარჩო/სურათი 18 გვერდზე]

რომელი ფანქარი უნდა გამოვიყენოთ?

სათანადო ფანქრის შესარჩევად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ფანქარზე აღბეჭდილ ასოებსა და ციფრებს, რომლებიც გვიჩვენებს რამდენად სალი (მკვრივი) ან რბილია ფანქარი. რბილი ფანქარი მუქ ხაზს ავლებს.

HB იმის მაჩვენებელია, რომ ფანქარი საშუალო სისალისაა (სიმკვრივისაა).

B იმის მაჩვენებელია, რომ ფანქარი რბილია. ციფრები, მაგალითად, 2B ან 6B სირბილის ხარისხის მაჩვენებელია; რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო რბილია ფანქარი.

H იმის მაჩვენებელია, რომ ფანქარი სალია. რაც უფრო მაღალია ციფრი — 2H, 4H, 6H და ასე შემდეგ — მით უფრო სალია ფანქარი.

F იმის მაჩვენებელია, რომ ფანქარი უმაღლესი ხარისხისაა.

ზოგ ქვეყანაში ფანქრების სისალეს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ფანქარზე აღნიშნული ციფრი 2 იმის მაჩვენებელია, რომ ფანქარი HB-ს ეკვივალენტია, ანუ საშუალო სისალისაა. ამ სისტემის მიხედვით, რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო სალია ფანქარი.