არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სრული მონაწილეობა მიიღეთ დიდებულ სულიერ მკაში

სრული მონაწილეობა მიიღეთ დიდებულ სულიერ მკაში

სრული მონაწილეობა მიიღეთ დიდებულ სულიერ მკაში

„ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58).

1. რისკენ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს?

ახალი წელთაღრიცხვის 30 წლის მიწურულს სამარიაზე გავლისას იესომ ქალაქ სიქართან ახლოს, ჭასთან შეისვენა. იქ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35). იესო პირდაპირი გაგებით მკაზე არ ლაპარაკობდა. მას მხედველობაში ჰქონდა გულმართალი ადამიანების შეკრება, რომლებიც მისი მიმდევრები გახდებოდნენ. ფაქტობრივად, ამ სიტყვებით იესომ თავის მოწაფეებს მოქმედებისკენ მოუწოდა. საქმე ჯერ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი, დრო კი — ცოტა.

2, 3. ა) საიდან ვიცით, რომ მკის დროს ვცხოვრობთ? ბ) რას განიხილავს ეს სტატია?

2 იესოს ნათქვამს მკასთან დაკავშირებით დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა „მსოფლიო ყანა“ ანუ ადამიანები, „გადათეთრებულან მოსამკელად“. ყოველწლიურად, მილიონებს იწვევენ სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტების სასწავლებლად, მათგან ათასები იესოს მოწაფეები ხდებიან და ინათლებიან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ უპრეცედენტო მკაში, რაც „სამკლის ბატონის“, იეჰოვა ღმერთის მეთვალყურეობით ხორციელდება. ბევრს შრომობთ მკის საქმეში? (1 კორ. 15:58).

3 დედამიწაზე მსახურებისას იესო თავის მოწაფეებს სამ-ნახევარი წელი ამზადებდა მომკელებად. ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ მნიშვნელოვან მაგალითზე, რომლებზეც იესომ მოწაფეების ყურადღება გაამახვილა. თითოეული მათგანიდან დავინახავთ, რომელი თვისება გვჭირდება საიმისოდ, რომ თანამედროვე მკაში სრულად მივიღოთ მონაწილეობა. მოდი, ვისაუბროთ ამ თვისებებზე.

თავმდაბლობა აუცილებელია

4. როგორ დაანახვა იესომ თავის მოწაფეებს, რომ თავმდაბლობა აუცილებელი იყო?

4 წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: იესოს მოწაფეები იმაზე კამათობენ, თუ ვინ უფრო დიდია. მათ შორის არსებულ ეჭვსა და შუღლს ალბათ მათ სახეებზე აღბეჭდილი გამომეტყველებაც გასცემს. იესო პატარა ბავშვს უხმობს, მათ შუა აყენებს და მოწაფეებს ეუბნება: „ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში“ (წაიკითხეთ მათეს 18:1—4 ). იესოს მოწაფეებს ადამიანები ქვეყნიერებაში მიღებული საზომით — ძალაუფლებით, სიმდიდრითა და მდგომარეობით კი არ უნდა შეეფასებინათ, არამედ უნდა ესწავლათ, რომ მათ შორის დიდი ის იქნებოდა, ვინც სხვების წინაშე თავს დაიმდაბლებდა. იეჰოვა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში აკურთხებდა და თავისი საქმის შესასრულებლად გამოიყენებდა, თუ ისინი ნამდვილ თავმდაბლობას გამოავლენდნენ.

5, 6. რატომ უნდა ვიყოთ თავმდაბლები, მკაში სრულად რომ მივიღოთ მონაწილეობა? მოიყვანეთ მაგალითი.

5 ქვეყნიერებაში დღესაც ბევრი ისწრაფვის ძალაუფლების, სიმდიდრისა და მაღალი მდგომარეობის მოპოვებისკენ. ამის გამო მათ სულიერი საქმეებისთვის დრო საერთოდ არ რჩებათ, ან თუ რჩებათ, ძალიან ცოტა (მათ. 13:22). იეჰოვას ხალხს კი სურს სამკლის ბატონისგან მიიღოს კურთხევა და მოწონება, ამიტომაც ისინი სხვებისგან განსხვავებით ‘თავს იმდაბლებენ სხვების წინაშე’ და ბედნიერები არიან. (მათ. 6:24; 2 კორ. 11:7; ფილ. 3:8).

6 დავფიქრდეთ ერთი ძმის, ფრანსისკუს მაგალითზე, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს. პიონერად მსახურება რომ დაეწყო, მან უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება. ის გვიამბობს: „მოგვიანებით როცა დავქორწინდი, შემეძლო ისეთი სამუშაო მომეძებნა, რომ მე და ჩემი მეუღლე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ ცხოვრება გავიმარტივეთ და ორივემ სრული დროით მსახურება განვაგრძეთ. მერე შვილები შეგვეძინა და პრობლემებიც მოგვემატა. მაგრამ იეჰოვას დახმარებით, არ შეგვიცვლია გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ გვეცხოვრა. ბედნიერი ვარ, რომ ოცდაათ წელზე მეტია კრებაში უხუცესად ვმსახურობ და სხვა სპეციალურ დავალებებსაც ვასრულებ. მე და ჩემს ოჯახს ერთი წუთითაც არ გვინანია, რომ უბრალოდ ვცხოვრობთ“.

7. გიცდიათ თუ არა რომაელების 12:16-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება და რა შედეგი მოჰყვა ამას?

7 თუ ამ ქვეყნიერების ‘ქედმაღლურ საქმეებს’ არ გამოედევნებით და იმას მიჰყვებით, „რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია“, თქვენც მიიღებთ უამრავ კურთხევას და მკის საქმეში სხვადასხვა სახით თქვენს წვლილს შეიტანთ (რომ. 12:16; მათ. 4:19, 20; ლუკ. 18:28—30).

გულმოდგინება ჯილდოვდება

8, 9. ა) მოკლედ მოყევით იგავი ტალანტებზე. ბ) განსაკუთრებით ვინ შეიძლება გამხნევდეს ამ იგავით?

8 მკის საქმეში სრული მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კიდევ ერთი თვისება — გულმოდგინება. იესომ ეს თვალსაჩინოდ დაგვანახვა ტალანტებზე მოთხრობილი იგავით. * ეს იგავი მოგვითხრობს ერთ კაცზე, რომელმაც სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონებს თავისი ქონება ჩააბარა. პირველ მონას ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, ხოლო მესამეს — ერთი. ბატონის წასვლის შემდეგ პირველმა ორმა მონამ გულმოდგინება გამოიჩინა და ტალანტები მყისვე „ბრუნვაში გაუშვა“. მათგან განსხვავებით, მესამე მონა ზარმაცი აღმოჩნდა, რადგან თავისი ტალანტი მიწაში ჩაფლა. როცა ბატონი დაბრუნდა, პირველი ორი მონა იმით დააჯილდოვა, რომ ‘ბევრზე დააყენა’. მესამე მონას კი წაართვა ის ტალანტი, რომელიც მისცა და სახლიდან გააგდო (მათ. 25:14—30).

9 ეჭვგარეშეა, რომ თქვენ მთელი გულით გსურთ მიჰბაძოთ იესოს იგავში მოხსენიებულ ორ გულმოდგინე მონას და შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა მიიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მდგომარეობა არ გაძლევთ საშუალებას აკეთოთ ის, რისი შესაძლებლობაც გაქვთ? იქნებ მძიმე ეკონომიკური პირობები გაიძულებთ ოჯახის სარჩენად დილიდან საღამომდე იმუშაოთ? ან იქნებ უწინდებურად აღარ გერჩით ძალა, ან ჯანმრთელობა გაგიუარესდათ? თუ ასეა, იგავი ტალანტებზე თქვენთვის გამამხნევებელ ინფორმაციას შეიცავს.

10. როგორ გამოჩნდა ტალანტების შესახებ იგავიდან, რომ სამკლის ბატონი გონიერი იყო და რატომ არის ეს თქვენთვის გამამხნევებელი?

10 ალბათ შენიშნეთ, რომ ბატონმა კარგად იცოდა თითოეული მონის შესაძლებლობები. ამიტომაც მან ტალანტები „თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით“ მისცა (მათ. 25:15). როგორც მოსალოდნელი იყო, პირველმა მონამ მეორეზე მეტი მოგება ნახა. მაგრამ ბატონმა ორივე მონის გულმოდგინე მცდელობა დააფასა, „კარგი და ერთგული“ მონა უწოდა და ორივეს ერთნაირი ჯილდო მისცა (მათ. 25:21, 23). მსგავსად ამისა, სამკლის ბატონმა, იეჰოვა ღმერთმა იცის, რომ თქვენი მსახურება გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული. მას შეუმჩნეველი არ დარჩება, რომ მის საქმეში მთელ სულსა და გულს დებთ და შესაბამისადაც დაგაჯილდოებთ (მარ. 14:3—9; წაიკითხეთ ლუკას 21:1—4 ).

11. მოიყვანეთ მაგალითი, როგორ აჯილდოვებს იეჰოვა მას, ვინც რთული მდგომარეობის მიუხედავად, გულმოდგინებას იჩენს.

11 ბრაზილიაში მცხოვრები ერთი დის, სელმირას მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ ღვთისმსახურებაში გულმოდგინება ხელსაყრელ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ოცი წლის წინათ ყაჩაღებმა სელმირას ქმარი მოუკლეს; მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის შინამოსამსახურედ მუშაობდა და სამუშაოზე მისასვლელად გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გრძელი და დამქანცველი გზა უნდა გაევლო. ყველაფრის მიუხედავად, სელმირამ საქმეები ისე დაგეგმა, რომ სრული დროით პიონერად ემსახურა. მოგვიანებით მისმა ორმა შვილმაც პიონერად დაიწყო მსახურება. სელმირა გვიამბობს: „წლების მანძილზე 20-ზე მეტ ადამიანთან ვატარებდი ბიბლიის შესწავლას; ისინი ოჯახის წევრებივით არიან ჩემთვის. მათ ძალიან ვუყვარვარ და დღემდე ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ეს არის სიმდიდრე, რასაც ფულით ვერ იყიდი“. სამკლის ბატონმა მართლაც, დააჯილდოვა სელმირას გულმოდგინე შრომა.

12. როგორ შეგვიძლია გამოვიჩინოთ გულმოდგინება ქადაგების საქმეში?

12 შეიძლება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა საშუალებას არ გაძლევთ, მეტი იმსახუროთ; ასეთ შემთხვევაში, თუ მსახურების ხარისხს გააუმჯობესებთ, მკის საქმეში სრულად მიიღებთ მონაწილეობას. თუ ითვალისწინებთ ყოველკვირეულ სამსახურებრივ შეხვედრაზე განხილულ რჩევებს, მსახურებაში უფრო დახელოვნდებით და ქადაგების სხვადასხვა ფორმასაც მოსინჯავთ (2 ტიმ. 2:15). კრების სამქადაგებლო შეხვედრას რეგულარულად რომ დაესწროთ, ეცადეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ ან საერთოდ ამოიღოთ თქვენი გეგმიდან (კოლ. 4:5).

13. რა დაგვეხმარება, რომ განვივითაროთ და შევინარჩუნოთ გულმოდგინება ღვთის მსახურებაში?

13 გახსოვდეთ, რომ მსახურებაში გულმოდგინება ღვთისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნაყოფია (ფსალმ. 40:8). იესოს იგავში მოხსენიებულ მესამე მონას ეშინოდა თავისი ბატონის და თვლიდა, რომ ის მომთხოვნი და არაკეთილგონიერი იყო. ამიტომ მან ტალანტი მიწაში ჩაფლა ნაცვლად იმისა, რომ ბატონისთვის ნამატით მიეტანა. ამ დაუდევარ მონას რომ არ დავემსგავსოთ, აუცილებელია, სამკლის ბატონთან, იეჰოვა ღმერთთან განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ახლო და თბილი ურთიერთობა. გამოყავით დრო მისი მიმზიდველი თვისებების — სიყვარულის, მოთმინებისა და გულმოწყალების — შესასწავლად და მათზე საფიქრელად. ეს გაგიღვივებთ იმის სურვილს, რომ საუკეთესო გააკეთოთ იეჰოვასთვის (ლუკ. 6:45; ფილ. 1:9—11).

„იყავით წმინდები“

14. რა მნიშვნელოვანი მოთხოვნა უნდა შეასრულონ „მომკელებმა“?

14 პეტრე მოციქულმა ებრაული წერილებიდან მოიყვანა ციტატა, საიდანაც ჩანს, თუ რას ითხოვს ღმერთი თავისი მიწიერი მსახურებისგან: «ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ, ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“» (1 პეტ. 1:15, 16; ლევ. 19:2; კან. 18:13). ეს მუხლი ხაზს უსვამს, რომ „მომკელები“ ზნეობრივად და სულიერად წმინდები უნდა იყვნენ. ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა ყურად რომ ვიღოთ, გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, უნდა განვიბანოთ. როგორ? ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის დახმარებით.

15. რისი ძალა აქვს ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას?

15 ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა შედარებულია წყალთან, რომელსაც განწმენდის ძალა აქვს. მაგალითად, პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ცხებულ ქრისტიანთა კრება ღვთის თვალში განწმენდილია, როგორც ქრისტესთვის გამზადებული უმანკო პატარძალი, რომელიც გასუფთავდა „სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“ და რომელიც „წმინდა და უმანკო იქნება“ (ეფეს. 5:25—27). მანამდე იესოც ლაპარაკობდა, რომ ღვთის სიტყვას, რომელსაც ის ქადაგებდა, განწმენდის ძალა ჰქონდა. თავის მოწაფეებს მან უთხრა: „თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით“ (იოან. 15:3). ამრიგად, ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას ზნეობრივად და სულიერად განწმენდის ძალა აქვს. ჩვენი თაყვანისცემა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება ღვთისთვის მისაღები, თუ მისი ჭეშმარიტებით განვიწმინდებით.

16. როგორ დავრჩეთ სულიერად და ზნეობრივად წმინდები?

16 მაშასადამე, „მომკელები“ რომ გავხდეთ, უპირველესად უნდა მოვიშოროთ ზნეობრივად და სულიერად გამხრწნელი საქმეები. მკაში მონაწილეობის პატივი რომ არ დავკარგოთ, სამაგალითოდ უნდა დავიცვათ იეჰოვას მაღალი ნორმები (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:14—16 ). როგორც პირად ჰიგიენას ვაქცევთ გამუდმებით ყურადღებას, ასევე ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებით ყოველთვის უნდა ვიწმინდებოდეთ. ამაში შედის ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და იმის გულწრფელი მცდელობა, რომ ღვთის შეხსენებები ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ეს შეგვაძლებინებს, ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს და თავი დავიცვათ ქვეყნიერების საზიანო გავლენისგან (ფსალმ. 119:9; იაკ. 1:21—25). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის დახმარებით სერიოზული ცოდვისგანაც კი შეგვიძლია „განვიბანოთ“(1 კორ. 6:9—11).

17. რომელი ბიბლიური რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, სულიერად წმინდები რომ დავრჩეთ?

17 აძლევთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას თქვენი განწმენდის საშუალებას? მაგალითად, როგორ რეაგირებთ, როცა უზნეო გართობების საშიშროებაზე გაფრთხილებენ? (ფსალმ. 101:3). ერიდებით ახლო ურთიერთობას იმ თანაკლასელებთან ან თანამშრომლებთან, რომლებიც თქვენს რწმენას არ იზიარებენ? (1 კორ. 15:33). მთელი გულით ცდილობთ, დაძლიოთ ის სისუსტეები, რაც იეჰოვას თვალში უწმინდურს გაგხდიდათ? (კოლ. 3:5). შორს გიჭირავთ თავი პოლიტიკისგან ან ხომ არ ავლენთ ნაციონალიზმის სულს, რაც ხშირად სპორტული შეჯიბრებების დროს ვლინდება? (იაკ. 4:4).

18. როგორ დაგვეხმარება სულიერი და ზნეობრივი განწმენდა, მკის საქმეში ნაყოფიერები რომ ვიყოთ?

18 ზემოხსენებულ საკითხებში ღვთის მორჩილება და ერთგულება დიდ კურთხევებს მოგიტანთ. იესომ ცხებული მოწაფეები ვაზის ლერწს შეადარა და თქვა: „ის [მამაჩემი] მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“ (იოან. 15:2). თუ არ შეწყვეტთ ბიბლიის ჭეშმარიტების წყლით განწმენდას, მეტ ნაყოფს გამოიღებთ.

კურთხევები დღეს და მომავალში

19. როგორ აკურთხა იეჰოვამ იესოს მოწაფეები, რომლებსაც მკის საქმეში მეტის გაკეთების სურვილი ჰქონდათ?

19 ერთგულმა მოწაფეებმა, რომლებმაც იესოსგან ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეს, მოგვიანებით, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული მიიღეს, რათა „დედამიწის კიდით კიდემდე“ დაემოწმებინათ (საქ. 1:8). ისინი მსახურობდნენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებად, მისიონერებად და მიმომსვლელ მსახურებად. მათ ლომის წილი მიუძღვით სასიხარულო ცნობის გავრცელებაში. მათი წყალობით ექადაგა ეს ცნობა „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). მართლაც, მათ მსახურებას სხვებისთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა, თავად მათთვის კი — კურთხევები!

20. ა) რა კურთხევები მიიღეთ სულიერ მკაში სრული მონაწილეობით? ბ) რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი?

20 დიახ, თუ თავმდაბლობასა და გულმოდგინებას გამოვავლენთ და ღვთის სიტყვის ზნეობრივ ნორმებს დავიცავთ, დღეს მიმდინარე უდიდეს სულიერ მკაში სრულად და ხარისხიანად მივიღებთ მონაწილეობას. ამ ქვეყნიერებაში ფულისა და სიამოვნების ძიებაში ბევრი დარჩა იმედგაცრუებული და საკუთარ თავს მრავალი ტკივილი მიაყენა. მათგან განსხვავებით ჩვენ, ღვთის მსახურები, ნამდვილ სიხარულსა და შინაგან კმაყოფილებას განვიცდით (ფსალმ. 126:6). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ‘ჩვენი შრომა უფალში ფუჭი არ არის’ (1 კორ. 15:58). სამკლის ბატონი, იეჰოვა ღმერთი, მარადიულად დაგვაჯილდოებს იმ ‘შრომისა და სიყვარულისთვის, რასაც მისი სახელისთვის ვავლენთ’ (ებრ. 6:10—12).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 მართალია, ეს იგავი უმთავრესად იმას ეხება, თუ რა დამოკიდებულება აქვს იესოს ცხებული მოწაფეების მიმართ, მაგრამ მასში ჩადებული პრინციპი ყველა ქრისტიანისთვის გამოსადეგია.

გახსოვთ თუ არა?

მკის საქმეში სრული მონაწილეობის მისაღებად,

• რატომ არის თავმდაბლობა აუცილებელი?

• რა დაგეხმარებათ, რომ გამოიმუშაოთ და შეინარჩუნოთ გულმოდგინება?

• რატომ არის სულიერი და ზნეობრივი სიწმინდე მნიშვნელოვანი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

თავმდაბლობა ცხოვრების გამარტივებაში დაგვეხმარება, რაც მთელ ყურადღებას სამეფოს ინტერესებზე გადაგვატანინებს