არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“

„ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“

„ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“

იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „ეშმაკი კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ“. მანამდე კი უთხრა: „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ტანჯვა მოგიწევს“. სამეფოს საქმის შესაჩერებლად სატანა ღვთის ხალხს დღემდე საპყრობილეში ჩაგდებით ემუქრება; ამიტომ იმის მოლოდინი, რომ ზოგი ქვეყნის მთავრობა ჭეშმარიტ ქრისტიანებს დევნას დაუწყებს, რეალურია (გამოცხ. 2:10; 12:17). მაშ, რა დაგვეხმარება, ამოვიცნოთ სატანის ხრიკები და როგორც იესომ გვითხრა, არ შევშინდეთ?

უეჭველია, შიშის გრძნობა უმეტეს ჩვენგანს განგვიცდია. მაგრამ ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას დახმარებით პანიკურ შიშს არ მივეცემით. ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა წინააღმდეგობებთან შესახვედრად გვამზადებს ის არის, რომ წინასწარ გვაცნობს სატანისა და მისი დამქაშების ტაქტიკას (2 კორ. 2:11). თვალსაჩინოდ რომ დავინახოთ, რა ხერხებს მიმართავს სატანა ღვთის ხალხის შესაცდენად, განვიხილოთ ბიბლიურ დროში მომხდარი ერთი შემთხვევა. აგრეთვე მიმოვიხილოთ თანამედროვე ერთგული ქრისტიანების მაგალითები, რომლებიც ‘მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის ხრიკებს’ (ეფეს. 6:11—13).

ღვთისმოშიში მეფე ბოროტი მმართველის პირისპირ

ძვ. წ. VIII საუკუნეში ასურეთის დაუნდობელმა მეფე სინახერიბმა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ქვეყანა დაიპყრო. გამარჯვებებით გადიდგულებულმა სინახერიბმა ამჯერად მიზანში იეჰოვას ხალხი და მათი დედაქალაქი ამოიღო, სადაც ღვთისმოშიში ხიზკია მეფობდა (2 მეფ. 18:1—3, 13). ეჭვგარეშეა, სატანამ ისარგებლა ამ სიტუაციით და სინახერიბი თავისი გეგმების განხორციელებისკენ წააქეზა, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიწის პირისგან აღგვილიყო (დაბ. 3:15).

სინახერიბმა იერუსალიმში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა და ქალაქის ჩაბარება მოითხოვა. წარმომადგენლებს შორის იყო რაბშაკე *, რომელიც იუდეველებს მეფის სიტყვას გადასცემდა (2 მეფ. 18:17). რაბშაკეს იუდეველების სულით დაცემა და უბრძოლველად დანებება სურდა. რა მეთოდებს მიმართა მან იუდეველების დასაშინებლად?

ერთგულები იზოლირების მიუხედავად

რაბშაკემ ხიზკიას წარმომადგენლებს უთხრა: «აი რას გითვლის დიდი მეფე, ასურეთის მეფე: „რისი იმედი გაქვს?! . . . აი, ეგვიპტის, ამ გადატეხილი ლერწმის მხარდაჭერის იმედი გაქვს. მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს“» (2 მეფ. 18:19, 21). რაბშაკე ტყუილს ამბობდა, რადგან ხიზკიას არ ჰქონდა ეგვიპტესთან დადებული შეთანხმება. ამ ბრალდებით რაბშაკეს იუდეველებისთვის იმის თქმა სურდა, რომ მათ დასახმარებლად არავინ გამოვიდოდა, და რომ ისინი იზოლირებულნი იყვნენ.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრები ჩვენი დროის ქრისტიანებსაც იზოლირებით ემუქრებოდნენ, რათა მათ გულებში შიში ჩაენერგათ. რწმენის გამო დაპატიმრებული ერთი და, რომელიც წლების განმავლობაში მოწყვეტილი იყო თანამორწმუნეებს, იხსენებს, რა დაეხმარა მას შიშის დაძლევაში: „ლოცვა დამეხმარა, იეჰოვას დავახლოებოდი . . . მახსენდებოდა ესაიას 66:2-ში ჩაწერილი სარწმუნო სიტყვები, რომ ღმერთი ‘ხედავს მას, ვინც დაჩაგრული და სულგამწარებულია’. ეს მუხლი ძალას მაძლევდა და მანუგეშებდა“. ერთი ძმა კი, რომელიც წლების მანძილზე კარცერში იჯდა, ამბობს: „ერთ რამეს მივხვდი: თუ ღმერთთან ახლოს იქნები, პატარა საკანიც შეიძლება სამყაროსხელა გახდეს“. დიახ, იეჰოვასთან ახლოს ყოფნამ ამ ორ ქრისტიანს შიშის დასაძლევად ძალა მისცა (ფსალმ. 9:9, 10). მდევნელებს შეეძლოთ მათი დაშორება ოჯახის, მეგობრებისა თუ თანამორწმუნეებისგან, მაგრამ დაპატიმრებულმა მოწმეებმა იცოდნენ, რომ იეჰოვასგან ვერასდროს დააშორებდნენ (რომ. 8:35—39).

მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ! (იაკ. 4:8). ყოველთვის უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რამდენად რეალურია იეჰოვა ჩემთვის? ჩანს ჩემი უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებიდან, რომ იეჰოვას სიტყვით ვხელმძღვანელობ? (ლუკ. 16:10). თუ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, არაფრის უნდა შეგვეშინდეს. წინასწარმეტყველმა იერემიამ გატანჯული იუდეველების სახელით თქვა: «იეჰოვა, ყველაზე ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს . . . შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმობდი, და მითხარი: „ნუ გეშინია!“» (გოდ. 3:55—57).

ეჭვების ჩათესვა უშედეგო აღმოჩნდა

მზაკვრული მსჯელობით რაბშაკე იუდეველებში ეჭვების ჩათესვას ცდილობდა. მან თქვა: „განა ეს ის ღმერთი [იეჰოვა] არ არის, რომლის მაღლობებიცა და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ? . . . თვით იეჰოვამ მითხრა: გაილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ და მოსპეო იგი“ (2 მეფ. 18:22, 25). რაბშაკე ირწმუნებოდა, რომ იეჰოვა არ იბრძოლებდა თავისი ხალხისთვის, რადგან უკმაყოფილო იყო მათით. მაგრამ ეს მტკნარი სიცრუე იყო. იეჰოვა კმაყოფილი იყო ხიზკიასი და იუდეველების, რომლებიც დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (2 მეფ. 18:3—7).

დღეს მოწინააღმდეგეებმა მზაკვრული ხერხებით შეიძლება ისეთი ინფორმაცია გაავრცელონ, რაშიც სიმართლის მარცვალიც ურევია. და ამას ისინი იმ მიზნით აკეთებენ, რომ ღვთის ხალხთან საერთო ენა გამონახონ; მერე კი ამ სიმართლეს შეუმჩნევლად ტყუილს ურევენ იმ იმედით, რომ მათში ეჭვები ჩათესონ. მაგალითად, ზოგჯერ დაპატიმრებულ და-ძმებს ეუბნებოდნენ, რომ ძმამ, რომელიც მათ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხელმძღვანელობს, რწმენა უარყო და კარგს იზამდნენ, თუ ისინიც მას მიჰბაძავდნენ. მაგრამ გამჭრიახი ქრისტიანები ასეთ ტყუილს ადვილად არ იჯერებენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ დას, რომელიც რწმენის გამო ციხეში იჯდა, წერილობითი განცხადება აჩვენეს, რომელშიც ერთი პასუხისმგებელი ძმა რწმენას უარყოფდა. გამომძიებელმა დას ჰკითხა, ენდობოდა თუ არა იმ ძმას. დამ უპასუხა: „[ის] ჩვეულებრივი არასრულყოფილი კაცია“. შემდეგ უთხრა, რომ სანამ ბიბლიის პრინციპებს იცავდა, ღვთის მსახური იყო, მაგრამ როგორც მისი განაცხადიდან ჩანს, ღმერთს განუდგა და ამიტომ აღარ იყო მისი ძმა. ეს ერთგული და გონივრულად მოიქცა, რადგან გაითვალისწინა ბიბლიის რჩევა: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმ. 146:3).

ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა და მისი რჩევების გამოყენება დაგვეხმარება, არ მოვექცეთ მზაკვრული მსჯელობის გავლენაში და ბოლომდე ვუერთგულოთ ღმერთს (ეფეს. 4:13, 14; ებრ. 6:19). აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ განსაცდელებს მომზადებულები შევხვდეთ და საღი აზრი არ დავკარგოთ, ბიბლიის ყოველდღიურ კითხვასა და პირად შესწავლას ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უნდა ეკავოს (ებრ. 4:12). დიახ, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ბიბლიური ცოდნა გავიღრმავოთ და რწმენა გავიძლიეროთ. ერთი ძმა, რომელმაც მრავალი წელი კარცერში გაატარა, ამბობს: „ყველას მოგიწოდებთ, რომ დააფასოთ ყველანაირი სულიერი საზრდო, რომელიც გვეძლევა, რადგან არ ვიცით, როდის რა გამოგვადგება“. ჭეშმარიტად, თუ გულდასმით ვსწავლობთ ღვთის სიტყვას და მონის კლასის მოწოდებულ პუბლიკაციებს, ცხოვრების მძიმე წუთებში წმინდა სული ‘ყველაფერს გაგვახსენებს’, რაც ნასწავლი გვქონდა (იოან. 14:26).

რწმენის ფარი დაშინების წინააღმდეგ

რაბშაკე იუდეველების დაშინებას ცდილობდა. ის ამბობდა: „მოდი, დაუზავდი ჩემს ბატონს, ასურეთის მეფეს. ორი ათას ცხენს მოგცემ და ვნახოთ, თუ შეძლებ მათთვის მხედრების პოვნას. შეძლებ კი უკან გააბრუნო თუნდაც ერთი მმართველი, ჩემი ბატონის უმცირესი მსახურთაგანი“ (2 მეფ. 18:23, 24). ადამიანური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ხიზკია და მისი ხალხი ასურელთა უძლეველ ლაშქართან ვერაფერს გახდებოდნენ.

დღეს შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგეებიც ძალიან ძლიერები ჩანან, განსაკუთრებით, თუ მათ ზურგს მთავრობა უმაგრებს. ეს ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა მოწმეებს ნაცისტები დევნიდნენ. ისინი ღვთის მსახურების დაშინებას ცდილობდნენ. ერთმა ძმამ, რომელიც მრავალი წელი ციხეში იჯდა, მოყვა, როგორ ემუქრებოდნენ მოკვლით. ერთხელ ოფიცერმა ჰკითხა: „ნახე, როგორ დახვრიტეს შენი ძმა? შენ რას იზამ?“ ძმამ მიუგო: „მე იეჰოვას მოწმე ვარ და მოწმედ დავრჩები“. ამაზე ოფიცერმა უთხრა: „მაშინ, შემდეგი შენ იქნები“. მუქარის მიუხედავად, ძმა მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე. როცა ოფიცერმა მისი სიმტკიცე დაინახა, თავი დაანება. რა დაეხმარა ამ ძმას, მუქარის რომ არ შეშინებოდა? ის ამბობს: „იეჰოვას სახელზე ვიყავი მინდობილი“ (იგავ. 18:10).

თუ ღრმად გვწამს იეჰოვა ღმერთის, რწმენის დიდ ფარს ვატარებთ. ეს კი გვიცავს სატანის იარაღის არსენალისგან, რომელსაც ის ჩვენი სულიერობის დასანგრევად იყენებს (ეფეს. 6:16). ამიტომ, ლოცვაში უნდა ვთხოვთ იეჰოვას, რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკ. 17:5). გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ რწმენის გამაძლიერებელი ღონისძიებებით, რომლითაც ერთგული მონა უზრუნველგვყოფს. როცა გვემუქრებიან, შეგვიძლია წინასწარმეტყველ ეზეკიელისთვის ნათქვამი სიტყვებით გავძლიერდეთ. ეზეკიელი ურჩ ხალხს ღვთის ცნობას გადასცემდა. აი, რა უთხრა იეჰოვამ ეზეკიელს: „მათი სახესავით გიმაგრებ სახეს და მათი შუბლივით გიმაგრებ შუბლს. ალმასივით, კაჟზე უფრო მეტად გიმაგრებ შუბლს“ (ეზეკ. 3:8, 9). თუ საჭირო გახდა, იეჰოვა ჩვენც ალმასივით მტკიცეს გაგვხდის, როგორც ეს ეზეკიელის შემთხვევაში გააკეთა.

არ აჰყვე ცდუნებებს

მას შემდეგ, რაც ქრისტიანების ერთგულების შესარყევად მოწინააღმდეგეები არაერთ მეთოდს მოსინჯავენ, მაგრამ უშედეგოდ, სხვა ტაქტიკაზე გადადიან. ისინი მაცდუნებელი შეთავაზებებით ცდილობენ ღვთის ხალხის შეცდენას. რაბშაკემ სწორედ ამ მეთოდს მიმართა. მან იერუსალიმის მოსახლეობას უთხრა: „აი რას ამბობს ასურეთის მეფე: დამნებდით, გადმოდით ჩემ მხარეს . . . სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში. იცოცხლებთ და არ დაიხოცებით“ (2 მეფ. 18:31, 32). ახალი პურისა და ღვინის შეთავაზება შეიძლება მაცდუნებელი წინადადება ყოფილიყო ალყაში მოქცეული იუდეველებისთვის.

ერთხელ, ასეთი მეთოდი ერთ-ერთი დაპატიმრებული მისიონერის ერთგულების გასატეხად გამოიყენეს. მას უთხრეს, რომ კეთილმოწყობილ სახლში გადაიყვანდნენ, რომელსაც ლამაზი ბაღი“ექნებოდა. იქ მას შეეძლო ექვსი თვე დარჩენილიყო და ეფიქრა. მაგრამ ძმას არ დაუკარგავს სულიერი სიფხიზლე და ქრისტიანული პრინციპების ერთგული დარჩა. რა დაეხმარა მას, არ წასულიყო კომპრომისზე? ის იხსენებს: „ბევრს ვფიქრობდი სამეფოზე, რადგან ის ჩემთვის რეალური იმედი იყო . . . ღვთის სამეფოს შესახებ ცოდნა რწმენას მიმტკიცებდა, მასში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. ამიტომაც დავრჩი ერთგული“.

ჩვენთვის რამდენად რეალურია ღვთის სამეფო? აბრაამმა, პავლე მოციქულმა და იესო ქრისტემ ბევრი განსაცდელის ატანა შეძლეს, რადგან მათთვის ღვთის სამეფო რეალური იყო (ფილ. 3:13, 14; ებრ. 11:8—10; 12:2). ჩვენც შეგვიძლია არ ავყვეთ ცდუნებას და უარი ვთქვათ განსაცდელებისგან დროებით ხსნაზე, თუ სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილს დავუთმობთ და ყოველთვის გვეხსომება ის მარადიული კურთხევები, რომელსაც ეს სამეფო მოგვიტანს (2 კორ. 4:16—18).

იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს

მიუხედავად იმისა, რომ რაბშაკე იუდეველების დაშინებას ცდილობდა, ხიზკია და მისი ქვეშევრდომები ბოლომდე იყვნენ იეჰოვაზე მინდობილები (2 მეფ. 19:15, 19; ეს. 37:5—7). იეჰოვამ შეისმინა მათი ლოცვა და ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც ერთ ღამეში 185 000 მეომარი დასცა ასურელთა ბანაკში. მეორე დღეს სირცხვილნაჭამი სინახერიბი ასურეთის დედაქალაქ ნინევეში დაბრუნდა დარჩენილ მეომრებთან ერთად (2 მეფ. 19:35, 36).

როგორც დავინახეთ, ძველ დროში იეჰოვას არ მიუტოვებია ის მსახურები, რომლებიც მასზე ამყარებდნენ იმედს. ჩვენი და-ძმების თანამედროვე მაგალითებიდანაც კარგად ჩანს, რომ იეჰოვა არ ტოვებს მათ, ვინც განსაცდელების დროს მტკიცედ იცავს თავის პოზიციას. ჩვენი ზეციერი მამა თავის მხარდაჭერაში გვარწმუნებს: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ეს. 41:13).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 „რაბშაკე“ ასურეთის სამეფო კარზე მაღალი მოხელის წოდება იყო. ბიბლია არ გვიმხელს რაბშაკეს საკუთარ სახელს.

[ჩანართი 13 გვერდზე]

იეჰოვა თავის სიტყვაში 30-ჯერ ეუბნება თავის მსახურებს: „ნუ გეშინია“.

[სურათი 12 გვერდზე]

რა მსგავსებაა რაბშაკეს ტაქტიკასა და იმ ტაქტიკას შორის, რომელსაც ღვთის ხალხის მტრები ჩვენს დროში მიმართავდნენ?

[სურათები 15 გვერდზე]

იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განსაცდელების დროს ერთგულებას შეგვანარჩუნებინებს