არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘სული იკვლევს ღვთის სიღრმეებს’

‘სული იკვლევს ღვთის სიღრმეებს’

‘სული იკვლევს ღვთის სიღრმეებს’

„სული ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც კი“ (1 კორ. 2:10).

1. წმინდა სულის რომელ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა პავლემ ყურადღება 1 კორინთელების 2:10-ში და რა კითხვები წამოიჭრება?

ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვას წმინდა სული მოქმედებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ წმინდა სული არის დამხმარე, ძღვენი, მოწმე და შუამავალი (იოან. 14:16; საქ. 2:38; რომ. 8:16, 26, 27). მოციქულმა პავლემ წმინდა სულის სხვა მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ „სული ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც კი“ (1 კორ. 2:10). მართლაც, იეჰოვა თავის წმინდა სულს იყენებს ღრმა სულიერი საკითხების გასამჟღავნებლად. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იეჰოვას განზრახვების გაგება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:9—12). და მაინც, იბადება კითხვები: როგორ იკვლევს სული „ღვთის სიღრმეებს“? ვისი მეშვეობით გაამჟღავნა იეჰოვამ ეს სიღრმეები ახ. წ. I საუკუნეში? როგორ და ვისი მეშვეობით იკვლევს სული ღრმა საკითხებს ჩვენს დროში?

2. რა ორგვარი მოქმედების ძალა აქვს წმინდა სულს?

2 იესომ აღნიშნა, რომ წმინდა სულს ორგვარი მოქმედების ძალა აქვს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის მოციქულებს უთხრა: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (იოან. 14:26). ასე რომ, წმინდა სული მოქმედებს როგორც „მასწავლებელი“ და როგორც „შემხსენებელი“. წმინდა სული იმ გაგებით არის მასწავლებელი, რომ ქრისტიანებს მანამდე გაუგებარი საკითხების ჩაწვდომაში ეხმარება; ხოლო შემხსენებელი იმ გაგებითაა, რომ ქრისტიანებს ნასწავლის გახსენებასა და მის მართებულად გამოყენებაში ეხმარება.

პირველ საუკუნეში

3. იესოს რომელი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ღრმა სულიერი საკითხები თანდათანობით გამჟღავნდებოდა?

3 იესომ თავის მოწაფეებს ბევრი რამ ასწავლა, რაც მანამდე მათთვის ცნობილი არ იყო; თუმცა მათ ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ სასწავლი. იესომ მოციქულებს უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით. ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:12, 13). ამით იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ღრმა სულიერი საკითხები წმინდა სულის მეშვეობით თანდათანობით გამჟღავნდებოდა.

4. როგორ შეასრულა წმინდა სულმა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მასწავლებლისა და შემხსენებლის როლი?

4 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე „ჭეშმარიტების სული“ მოვიდა და იერუსალიმში შეკრებილ დაახლოებით 120 ქრისტიანზე გადმოიღვარა. ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველამ დაინახა და მოისმინა (საქ. 1:4, 5, 15; 2:1—4). მოწაფეებმა „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ლაპარაკი (საქ. 2:5—11). სწორედ მაშინ დადგა რაღაც ახლის გამჟღავნების დრო. წინასწარმეტყველ იოელს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა წმინდა სულის გადმოღვრის შესახებ (იოელ. 2:28—32). ამ მოვლენის თვითმხილველები არ ელოდნენ, რომ ეს წინასწარმეტყველება ასეთი სახით შესრულდებოდა. მოციქულმა პეტრემ ახსნა ეს მოვლენა (წაიკითხეთ საქმეების 2:14—18). წმინდა სულმა ამ შემთხვევაში მასწავლებლის როლი შეასრულა და პეტრესთვის ნათელი გახდა, რომ იმით, რაც მოწაფეების თავს ხდებოდა, ძველი წინასწარმეტყველება სრულდებოდა. სულმა „შემხსენებლის“ როლიც შეასრულა, რადგან პეტრემ არა მხოლოდ იოელის წინასწარმეტყველებიდან, არამედ დავითის ორი ფსალმუნიდანაც მოიყვანა ციტატა (ფსალმ. 16:8—11; 110:1; საქ. 2:25—28, 34, 35). ის, რაც იქ შეკრებილებმა დაინახეს და მოისმინეს, ნამდვილად ღვთის სიღრმეები იყო.

5, 6. ა) რა კითხვები წამოიჭრა ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ? ბ) ვის გამოჰქონდა განსახილველად საკითხები და როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს?

5 მაგრამ პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის ბევრი საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო. მაგალითად, მათ კითხვები დაებადათ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შევიდა. მხოლოდ იუდეველებსა და იუდეველ პროზელიტებზე ვრცელდებოდა ახალი შეთანხმება? გავრცელდებოდა ის უცხოტომელებზეც და მათაც მიეცემოდათ წმინდა სული? (საქ. 10:45). საჭირო იყო უცხოტომელებისთვის წინადაცვეთა და მოსეს კანონის შესრულება? (საქ. 15:1, 5). ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო. ამ ღრმა სულიერი საკითხების გამოსაკვლევად იეჰოვას სული იყო საჭირო. მაგრამ ვისი მეშვეობით იმოქმედებდა სული?

6 სული პასუხისმგებელი ძმების მეშვეობით მოქმედებდა, რომლებიც განსახილველად ზემოხსენებულ საკითხებს წამოჭრიდნენ. პეტრე, პავლე და ბარნაბა ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ და იქ შეკრებილებს უყვებოდნენ, თუ როგორ გადმოხედა იეჰოვამ წინადაუცვეთელ უცხოტომელებს (საქ. 15:7—12). ამ ფაქტის ებრაული წერილების საფუძველზე განხილვისა და წმინდა სულის დახმარების შემდეგ, ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო; შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება მათ კრებებს წერილობით აცნობეს (წაიკითხეთ საქმეების 15:25—30; 16:4, 5; ეფეს. 3:5, 6).

7. რისი მეშვეობით მოეფინა ნათელი ღრმა სწავლებებს?

7 იოანეს, პეტრეს, იაკობისა და პავლეს წერილებმა ბევრ სხვა საკითხებსაც მოჰფინა ნათელი. მაგრამ ქრისტიანული წერილების დაწერის შემდეგ წინასწარმეტყველებისა და ცოდნის სასწაულებრივი გამჟღავნების ძღვენი შეწყდა (1 კორ. 13:8). კვლავაც შეასრულებდა წმინდა სული მასწავლებლისა და შემხსენებლის როლს? კვლავ დაეხმარებოდა იგი ქრისტიანებს ღვთის სიღრმეების გამოკვლევაში? წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ეს ასე იქნებოდა.

უკანასკნელ დროში

8, 9. ვინ „გაანათებდა“ და ვის ექნებოდა „წვდომის უნარი“ უკანასკნელ დროში?

8 ანგელოზმა უკანასკნელი დროის შესახებ იწინასწარმეტყველა: „სივრცეში მოფენილი სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი, მრავალი ადამიანის სიმართლემდე მიმყვანნი მარადიულად, სამარადისოდ გაანათებენ ვარსკვლავებივით . . . და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დან. 12:3, 4). ვის ექნებოდა წვდომის უნარი და ვინ გაანათებდა? ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში დაგვეხმარება იესოს მაგალითი ხორბალსა და სარეველაზე. „ქვეყნიერების წყობის აღსასრულზე“ საუბრისას იესომ თქვა: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ. ვისაც ყური აქვს, მოისმინოს“ (მათ. 13:39, 43). მაგალითის ახსნისას იესომ „მართალნი“ გააიგივა „სამეფოს ძეებთან“, სულითცხებულ ქრისტიანებთან (მათ. 13:38).

9 ყველა ცხებული ქრისტიანი „გაანათებდა“? გარკვეულწილად, კი, რადგან ყველა ქრისტიანს უნდა ექადაგა, მოემზადებინა მოწაფეები და კრებაში ერთმანეთი განემტკიცებინა. ცხებულები დანარჩენებისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყვნენ (ზაქ. 8:23). გარდა ამისა, ღვთის სიღრმეებს უკანასკნელ დროში უნდა მოჰფენოდა ნათელი. დანიელის წინასწარმეტყველება ‘ბეჭედდასმული იყო უკანასკნელ დრომდე’ (დან. 12:9). როგორ და ვისი მეშვეობით გამოიკვლევდა წმინდა სული „ღვთის სიღრმეებს“?

10. ა) ვისი მეშვეობით ამჟღავნებს სული ღრმა საკითხებს ბოლო დღეებში? ბ) ახსენით, როგორ მოეფინა ნათელი იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძართან დაკავშირებულ საკითხებს.

10 როცა ამა თუ იმ საკითხის ახსნის დრო დგება, ხელმძღვანელ საბჭოს, რომელიც „ერთგულ და გონიერ მონას“ წარმოადგენს და მსოფლიო მთავარ სამმართველოში მოღვაწეობს, წმინდა სული ეხმარება, ღრმად ჩასწვდეს მანამდე გაურკვეველ საკითხებს (მათ. 24:45; 1 კორ. 2:13). ხელმძღვანელი საბჭო განიხილავს, საჭიროებს თუ არა რომელიმე საკითხი ახლებურ ახსნას (საქ. 15:6). იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეიცვლება, პუბლიკაციებში ქვეყნდება (მათ. 10:27). დროთა განმავლობაში შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ ის საკითხის დამატებითი ახსნა. ხელმძღვანელი საბჭო ამასაც პატიოსნად ამცნობს მკითხველს. იხილეთ ჩარჩო „როგორ გაამჟღავნა სულმა სულიერი ტაძრის მნიშვნელობა“.

წმინდა სულის როლი დღეს

11. როგორ ეხმარება დღეს წმინდა სული ყველა ქრისტიანს ღვთის სიღრმეების გამჟღავნებაში?

11 ყველა ერთგული ქრისტიანი სარგებლობს წმინდა სულის მიერ გამჟღავნებული „ღვთის სიღრმეებით“. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დღეს ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ, მერე კი გავიხსენოთ და ცხოვრებაში გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რის გაგებაშიც წმინდა სული დაგვეხმარა (ლუკ. 12:11, 12). პუბლიკაციებში გამოქვეყნებული ღრმა სულიერი საკითხების გასაგებად დიდი განათლება არ არის საჭირო (საქ. 4:13). რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სიღრმეებს უკეთ ჩავწვდეთ? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა.

12. როდის უნდა ვილოცოთ წმინდა სულისთვის?

12 ილოცეთ წმინდა სულისთვის. როცა სულიერი საკითხების განხილვას ვიწყებთ, უპირველესად წმინდა სულის ხელმძღვანელობისთვის უნდა ვილოცოთ. ეს მაშინაც უნდა გავაკეთოთ, როცა რაიმეს მარტო ვიკვლევთ და მაშინაც, როცა ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ასეთი თავმდაბლური მიმართვა ჩვენს ზეციერ მამას გულს გაუხარებს. როგორც იესომ აღნიშნა, იეჰოვა უხვად მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც გულით ითხოვს (ლუკ. 11:13).

13, 14. როგორ გვეხმარება კრების შეხვედრებისთვის მომზადება ღვთის სიღრმეების გაგებაში?

13 მოემზადეთ შეხვედრებისთვის. მონის კლასის მეშვეობით ჩვენ ‘დროულ სულიერ საზრდოს’ ვიღებთ. „მონა“ თავის დავალებას იმით ასრულებს, რომ გვაწვდის ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს და კრების შეხვედრების პროგრამას. ამიტომ გონიერ მონას საფუძვლიანი მიზეზი აქვს, „მთელ საძმოს“ საზრდოს მიღებისკენ მოუწოდოს (1 პეტ. 2:17; კოლ. 4:16; იუდ. 3). ჩვენ მივყვებით წმინდა სულის ხელმძღვანელობას, თუ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ „მონის“ მითითებებს (გამოცხ. 2:29).

14 როცა ქრისტიანული შეხვედრებისთვის ვემზადებით, კარგი იქნება, თუ ყველა მითითებულ მუხლს ბიბლიაში მოვძებნით და ღრმად ჩავუკვირდებით, როგორ უკავშირდება თითოეული მუხლი განსახილველ თემას. თუ ასე გავაკეთებთ თანდათანობით ბიბლიის სიღრმეებს უკეთ ჩავწვდებით (საქ. 17:11, 12). ბიბლიიდან ამოკითხული მუხლები გონებაში დაილექება, რასაც წმინდა სული თავის დროზე გაგვახსენებს. გარდა ამისა, წერილებში ნახულ მუხლებს თვალიც იმახსოვრებს და სხვა დროს მისი მოძებნა უფრო გაგვიადვილდება.

15. რატომ უნდა ვიკითხოთ ყველა პუბლიკაცია და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

15 წაიკითხეთ ყველა ახალი პუბლიკაცია. კრების შეხვედრებზე „მონის“ მიერ მომზადებულ ყველა პუბლიკაციას არ განვიხილავთ, თუმცა ისინი ჩვენ სასიკეთოდ გამოიცემა. ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი ნომრები ჩვენთვისაც არის გათვალისწინებული. გადატვირთული ცხოვრების გამო ხშირად ველოდებით ვინმეს ან რამეს. თუ ამ დროს თან გვექნება ის პუბლიკაციები, რომლებიც არ წაგვიკითხავს ან ნაწილობრივ წასაკითხი დაგვრჩა, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებთ და ცოტას მაინც წავიკითხავთ. ზოგი სიარულისას თუ მანქანით მგზავრობისას პუბლიკაციების აუდიო ჩანაწერებს ისმენს. კარგად გამოკვლეული და საშუალო დონის მკითხველზე გათვლილი პუბლიკაციები უფრო მეტად დაგვაფასებინებს სულიერ ღონისძიებებს (აბაკ. 2:2).

16. რა მხრივ არის კარგი კითხვების ჩანიშვნა და პასუხების მოძიება?

16 იფიქრეთ. ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისას, ჩაუფიქრდით წაკითხულს. როცა კარგად უკვირდებით, როგორ ვითარდება აზრები, შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ. შეგიძლიათ ეს კითხვები ჩამოწეროთ და მოგვიანებით გამოიკვლიოთ. ჩვეულებრივ, საფუძვლიან და ღრმა შესწავლას მაშინ ვიტარებთ, როცა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე ვეძებთ პასუხებს. შედეგად, ნელ-ნელა აივსება ჩვენი ცოდნის საგანძური, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ (მათ. 13:52).

17. რას განიხილავთ პირადი ან ოჯახური შესწავლის დროს?

17 დაგეგმეთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო. ხელმძღვანელმა საბჭომ ყველას მოგვიწოდა, ყოველკვირა საღამოს ან დღის სხვა მონაკვეთში გამოვყოთ დრო პირადი ან ოჯახური თაყვანისცემის ჩასატარებლად. ამის შესაძლებლობას კრების წიგნის შესწავლასთან დაკავშირებული ცვლილება გვაძლევს. რისი განხილვა შეგიძლიათ ოჯახური თაყვანისცემის დროს? მაგალითად, ზოგი ოჯახი ბიბლიას კითხულობს, წამოჭრილ კითხვებზე პასუხებს ეძებს და თითოეული თავის ბიბლიაში მოკლე ახსნას იწერს. ბევრი ოჯახი იმაზე მსჯელობს, თუ როგორ შეუძლიათ შესწავლილი მასალის ოჯახში გამოყენება. ზოგი ოჯახისთავი ისეთი მასალის განხილვას არჩევს, რომელიც მის ოჯახს გამოადგება ან ის საკითხები გამოაქვს სამსჯელოდ, რომლებიც ოჯახის რომელიმე წევრს აინტერესებდა. დროთა განმავლობაში თქვენც მოიფიქრებთ, რა განიხილოთ ოჯახთან ერთად. *

18. რატომ არ უნდა უგულებელვყოთ ღვთის სიტყვის სიღრმეების კვლევა?

18 იესომ თქვა, რომ სული დამხმარის როლს შეასრულებდა. ამიტომ, არასოდეს უნდა უგულებელვყოთ ღვთის სიტყვის სიღრმეების შესწავლა. ჩვენ მოგვიწოდებენ, ვიკვლიოთ ღვთის სიტყვის სიღრმეები, რადგან ამგვარად ღვთის შესახებ ძვირფას ცოდნას შევიძენთ (წაიკითხეთ იგავების 2:1—5 ). ღვთის სიღრმეების კვლევით ბევრს გავიგებთ, რა „მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს“. თუ ყველაფერს ვაკეთებთ იეჰოვას სიტყვის შესასწავლად, წმინდა სული დაგვეხმარება, „რადგან სული ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც კი“ (1 კორ. 2:9, 10).

[სქოლიო]

^ აბზ. 17 იხილეთ 2008 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 8.

როგორ უპასუხებთ?

• რა ორგვარი მოქმედების ძალა აქვს წმინდა სულს და როგორ გვეხმარება ის „ღვთის სიღრმეების“ გამოკვლევაში?

• ვისი მეშვეობით გაამჟღავნა წმინდა სულმა ღრმა საკითხები პირველ საუკუნეში?

• როგორ ჰფენს დღეს ნათელს წმინდა სული სულიერ საკითხებს?

• რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წმინდა სულმა თქვენზე იმოქმედოს?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 22 გვერდზე]

როგორ გაამჟღავნა სულმა სულიერი ტაძრის მნიშვნელობა

პირველ საუკუნეში ნათელი მოეფინა ერთ-ერთ ‘ღვთის სიღრმეს’ და გაირკვა, რომ კარავი და მოგვიანებით ტაძარი ბევრად უფრო დიდებული სულიერი ტაძრის პირველსახე იყო. პავლემ მას უწოდა „ჭეშმარიტი კარავი, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“ (ებრ. 8:2). ეს იყო დიდებული სულიერი ტაძარი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ღმერთთან მიახლოება იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისა და მღვდლობის საფუძველზე.

„ჭეშმარიტმა კარავმა“ მოქმედება ახ. წ. 29 წელს დაიწყო, როცა იესო მოინათლა და ღმერთმა ის მიიღო, როგორც მომავალი სრულყოფილი მსხვერპლი (ებრ. 10:5—10). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო შევიდა სულიერი ტაძრის წმინდათა წმინდაში და „ღვთის სახის წინაშე“ თავისი მსხვერპლის ფასი წარადგინა (ებრ. 9:11, 12, 24).

პავლე მოციქულმა სხვა წერილში დაწერა, რომ ცხებული ქრისტიანები ‘წმინდა ტაძრად შენდებოდნენ იეჰოვასთვის’ (ეფეს. 2:20—22). ერთი და იგივე იყო ეს ტაძარი და მოგვიანებით ებრაელების მიმართ მიწერილ წერილში პავლეს მიერ მოხსენიებული „ჭეშმარიტი კარავი“? წლების განმავლობაში იეჰოვას მსახურებს ეგონათ, რომ ერთი და იგივე იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ცხებული ქრისტიანები დედამიწაზე იმისთვის ემზადებოდნენ, რომ იეჰოვას ზეციერი ტაძრის „ქვები“ გამხდარიყვნენ (1 პეტ. 2:5).

მაგრამ 1971 წელს ხელმძღვანელი საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პავლეს მიერ „ეფესოელების“ წიგნში მოხსენიებული ტაძარი ვერ იქნებოდა იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი. თუ „ჭეშმარიტ კარავში“ მკვდრეთით აღმდგარი ცხებული ქრისტიანები შედიან, მისი არსებობა იმ დროიდან უნდა დაწყებულიყო, როცა ცხებულების აღდგომა დაიწყებოდა ანუ იმ დროიდან „როცა უფალი მოსული“ იქნებოდა (1 თეს. 4:15—17). მაგრამ კარვის შესახებ პავლემ დაწერა: „ეს კარავი იმ დანიშნული დროის სიმბოლოა, რომელიც უკვე დადგა“ (ებრ. 9:9).

ამ და სხვა მუხლების ერთმანეთთან შედარებით, ნათელი გახდა, რომ სულიერი ტაძარი არ არის შენების პროცესში და ცხებული ქრისტიანები არ არიან დედამიწაზე შექმნილი „ქვები“ ტაძრის ასაშენებლად. ცხებული ქრისტიანები სულიერი ტაძრის ეზოებსა და წმინდაში მსახურობენ და ყოველდღე სწირავენ ღმერთს „ქების მსხვერპლს“ (ებრ. 13:15).

[სურათი 23 გვერდზე]

როგორ გავიღრმავოთ ცოდნა „ღვთის სიღრმეების“ შესახებ?