ებრაელების მიმართ 8:1—13

  • კარავი ზეციურის სიმბოლო იყო (1—6).

  • ძველი და ახალი შეთანხმება (7—13).

8  ჩვენი ნათქვამის არსი ესაა: ჩვენ სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვყავს,+ რომელიც დიადი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში,+ 2  და ხალხის საკეთილდღეოდ მსახურობს ჭეშმარიტი კარვის წმინდათაწმინდაში,+ რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ* დადგა. 3  რაკი ყოველი მღვდელმთავარი ძღვნისა და მსხვერპლის შესაწირავად ინიშნება, მასაც უნდა გაეღო მსხვერპლი.+ 4  დედამიწაზე ის მღვდელი ვერ გახდებოდა,+ რადგან კანონის თანახმად უკვე არიან სხვა მღვდლები, რომლებიც ძღვენს სწირავენ. 5  ისინი წმინდა მსახურებას ასრულებენ, რაც ყოველივე ზეციურის სიმბოლო+ და ჩრდილია;+ ეს იმ ბრძანებიდანაც გამოჩნდა, ღმერთმა რომ მისცა მოსეს კარვის აგებამდე: „ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რომელიც მთაზე გიჩვენე“.+ 6  იესოს კი უფრო აღმატებული მსახურება მიენდო, რადგან ის უკეთესი შეთანხმების+ შუამავალია,+ რომელიც უკეთესი დაპირებების საფუძველზეა ძალაში შესული.+ 7  პირველი შეთანხმება რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორის დადება აღარ გახდებოდა საჭირო.+ 8  ამიტომ ღმერთი ბრალს სდებს თავის ხალხს და ეუბნება: «„აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა*, — და ახალ შეთანხმებას დავუდებ ისრაელსა და იუდას, 9  მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას, მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავჭიდე და ეგვიპტიდან გამოვიყვანე;+ მათ დაარღვიეს ჩემი შეთანხმება, რის გამოც თავი ვანებე მათზე ზრუნვას“, — ამბობს იეჰოვა*. 10  „ეს არის შეთანხმება, რომელსაც ისრაელს დავუდებ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა*. — გონებაში ჩავუნერგავ მათ ჩემს კანონს და გულში ჩავუწერ.+ მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან.+ 11  აღარავინ ასწავლის და ეტყვის თავის თანამოქალაქესა თუ ძმას, შეიცანიო იეჰოვა*, ვინაიდან ყოველ მათგანს, განურჩევლად ყველას, შეცნობილი ვეყოლები, 12  რადგან ვაპატიებ მათ უმართლობას და აღარ გავუხსენებ ცოდვას“».+ 13  „ახალი შეთანხმება“ რომ ახსენა, ამით აჩვენა, რომ წინანდელმა თავისი დრო მოჭამა;+ ხოლო, რაც დრომოჭმული და ძველია, მალე მოისპობა.+