ლუკას სახარება 17:1—37

  • დაბრკოლება, პატიება და რწმენა (1—6).

  • უსარგებლო მონები (7—10).

  • ათი კეთროვნის განკურნება (11—19).

  • ღვთის სამეფოს მოსვლა (20—37).

    • „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (21).

    • „გახსოვდეთ ლოტის ცოლი!“ (32).

17  შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დამაბრკოლებელი მიზეზები აუცილებლად იქნება, მაგრამ ვაი მას, ვინც სხვას დააბრკოლებს! 2  მისთვის უმჯობესი იქნება, კისერზე დოლაბი* დაჰკიდონ და ზღვაში ჩააგდონ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი დააბრკოლოს.+ 3  დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაკიცხე,+ და, თუ მოინანიებს, აპატიე.+ 4  დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე გითხრას, ვინანიებო, აპატიე“.+ 5  მოციქულებმა უფალს უთხრეს: „რწმენა გაგვიძლიერე“.+ 6  უფალმა მიუგო: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და ამ შავი თუთის ხეს უთხრათ, ზღვაში გადაირგეო, დაგემორჩილებათ.+ 7  რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებულს რომელი ეტყვით, მოდი სუფრას მოუჯექიო?! 8  განა არ ეტყვით, ვახშამი მომიმზადე, წინსაფარი გაიკეთე და მომემსახურე, სანამ ჭამა-სმას არ დავამთავრებ, შენ კი მერე ჭამე და სვიო?! 9  განა მადლობას ეტყვით მონას დავალების შესრულებისთვის?! 10  თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით, უსარგებლო მონები ვართ, ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინაო“.+ 11  იერუსალიმში რომ მიდიოდა, მან სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. 12  როცა ერთ სოფელში შევიდა, მას თვალი მოჰკრა ათმა კეთროვანმა, რომლებიც მოშორებით იდგნენ.+ 13  მათ ხმამაღლა უთხრეს იესოს: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“ 14  იესომ შეხედა მათ და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ“.+ ისინიც წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ.+ 15  ერთ-ერთი განკურნებული დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. 16  იგი იესოს ფეხებთან დაემხო და მადლობას უხდიდა; ის კაცი სამარიელი+ იყო. 17  იესომ იკითხა: „ათივენი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა? 18  ნუთუ ამ უცხოტომელის გარდა არცერთი არ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ 19  შემდეგ მას უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ განგკურნა!“+ 20  როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, ღვთის სამეფო როდის მოვაო,+ მან უპასუხა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა; 21  არ იტყვის ხალხი, აი აქ არისო ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“.+ 22  შემდეგ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა კაცის ძის ერთი დღის ხილვას მოისურვებთ, მაგრამ ვერ იხილავთ. 23  ხალხი გეტყვით: აი იქ არისო ან აი აქ არისო; ნუ წახვალთ და ნუ გაჰყვებით,+ 24  ვინაიდან როგორც ელვა ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძის+ მოსვლაც.+ 25  ოღონდ ჯერ მრავალ სატანჯველს გადაიტანს და შემდეგ ეს თაობა უარყოფს მას.+ 26  როგორც ნოეს დროს იყო,+ ისევე იქნება კაცის ძის დროსაც:+ 27  ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა.+ მერე მოვიდა წარღვნა და ყველანი დაიხოცნენ.+ 28  ლოტის+ დროსაც ასე იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. 29  მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველანი განადგურდნენ.+ 30  ასევე იქნება მაშინაც, როცა კაცის ძე გამოცხადდება.+ 31  იმ დღეს ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა სახლიდან თავისი ნივთების ასაღებად, ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში რაიმეს წასაღებად. 32  გახსოვდეთ ლოტის ცოლი!+ 33  ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც დაკარგავს, დაიბრუნებს მას.+ 34  გეუბნებით: იმ ღამეს ერთ საწოლში ორნი იწვებიან; ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ.+ 35  ორი ქალი დაფქვავს ერთი ხელსაფქვავით; ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ“. 36  *—— 37  მათ ჰკითხეს: „სად, უფალო?“ მან მიუგო: „სადაც ლეშია, არწივებიც იქ მოგროვდებიან“.+

სქოლიოები

იგულისხმება ისეთი დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებდა.
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).