ებრაელების მიმართ 4:1—16
4 რაკი ჯერ კიდევ ძალაშია დანაპირები, რომ მოსასვენებელ ადგილს დავიმკვიდრებთ*, ფრთხილად ვიყოთ, რომ რომელიმე ჩვენგანი უღირსი არ აღმოჩნდეს ამისთვის.+
2 სასიხარულო ცნობა მათ მსგავსად ჩვენც გვეუწყა,+ მაგრამ მოსმენილს მათთვის სარგებლობა არ მოუტანია, რადგან არ ჰქონდათ მათნაირი რწმენა, ვინც ყურად იღო მოსმენილი.
3 ჩვენ, ვისაც გვწამს, დავიმკვიდრებთ მოსასვენებელ ადგილს, მათზე კი ამბობს: „განვრისხდი და დავიფიცე, ვერ დაიმკვიდრებენ-მეთქი მოსასვენებელ ადგილს“,+ თუმცა თავად ისვენებს ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი საქმე.+
4 მეშვიდე დღის შესახებ ის ერთგან ამბობს კიდეც: „მეშვიდე დღეს ღმერთმა ყველა თავისი საქმისგან დაისვენა“,+
5 და კიდევ: „ვერ დაიმკვიდრებენ-მეთქი მოსასვენებელ ადგილს“.+
6 მათ, ვისაც პირველად ეუწყათ სასიხარულო ცნობა, ურჩობის გამო ვერ დაიმკვიდრეს ის, მაგრამ ზოგს ჯერ კიდევ შეუძლია მისი დამკვიდრება;+
7 ამიტომაც დიდი ხნის შემდეგ ის დავითის ფსალმუნში ამბობს, როგორც უკვე ითქვა კიდეც: „დღეს, თუ ჩემს ხმას მოისმენთ, ნუ გაჯიუტდებით“. ამგვარად მას ჯერ კიდევ გამორჩეული აქვს დღე, რომელზეც ამბობს „დღეს“.+
8 იესო ნავეს ძეს+ რომ შეეყვანა ისინი მოსასვენებელ ადგილას, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა ამ დღეზე.
9 ასე რომ, ღვთის ხალხისთვის კვლავაც ძალაშია შაბათის დასვენება.+
10 ვინც ღვთის მოსასვენებელ ადგილს დაიმკვიდრებს, მან ისევე დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა დაისვენა თავისისგან.+
11 მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ მოსასვენებელი ადგილის დამკვიდრებას, რომ ვინმემ არ მიჰბაძოს მათ ურჩობაში.+
12 ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი,+ ნებისმიერ ორლესულ მახვილზე+ ბასრი და აღწევს ხორცისა* და სულის*, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს.
13 არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისთვის,+ არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი.+
14 რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი იესო, ღვთის ძე,+ რომელიც ზეცაში ავიდა, კვლავაც სახალხოდ უნდა გავაცხადოთ მის შესახებ;+
15 ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით,+ არამედ ისიც ყოველმხრივ გამოიცადა ჩვენსავით, ოღონდ უცოდველი იყო.+
16 ამიტომ თამამად მივუახლოვდეთ ლოცვით წყალობის ტახტს,+ რათა ღმერთმა თანაგრძნობა და წყალობა გამოავლინოს ჩვენდამი საჭირო დროს.
სქოლიოები
^ დედნისეულ ტექსტში გამოყენებული ფრაზა „დასვენებაში შესვლა“ ამ თავში „მოსასვენებელი ადგილის დამკვიდრებადაა“ ნათარგმნი.
^ ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

