არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეინარჩუნებთ უმწიკვლობას?

შეინარჩუნებთ უმწიკვლობას?

შეინარჩუნებთ უმწიკვლობას?

„სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5).

1, 2. რომელი თვისება უნდა განვივითაროთ და რა კითხვებს განვიხილავთ?

წარმოიდგინეთ, რომ ათვალიერებთ სახლის გეგმას. თქვენ მოხიბლული ხართ სახლის მოხერხებული დიზაინით. უკვე წარმოდგენილი გაქვთ, რა სიამოვნებით იცხოვრებთ ოჯახთან ერთად ამ სახლში. მაგრამ ამ გეგმას და მასზე ფიქრს აზრი არ ექნება, თუ სახლს არ ააშენებთ, არ გადახვალთ იქ და არ იზრუნებთ მასზე.

2 მსგავსად, შეიძლება უმწიკვლობას ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის სასურველ თვისებად ვთვლით. მაგრამ უმწიკვლობაზე მხოლოდ დადებითად ფიქრი ბევრს ვერაფერს გვარგებს, თუ არ განვივითარებთ და არ შევინარჩუნებთ ამ ქრისტიანულ თვისებას. ეს რაღაცით სახლის აშენებას ჰგავს. თუ დროსა და ენერგიას არ მოვახმართ გეგმის განხორციელებას, მხოლოდ ფიქრით საქმე არ გაკეთდება (ლუკ. 14:28, 29). ქრისტიანული უმწიკვლობის განვითარებაც დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ის ღირს ძალისხმევად. მოდი განვიხილოთ სამი საკითხი: როგორ განვივითაროთ უმწიკვლობა? როგორ შევინარჩუნოთ ის? და რა გამოსავალი არსებობს მათთვის, ვინც უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა?

როგორ განვივითაროთ უმწიკვლობა?

3, 4. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა უმწიკვლობის განვითარებაში? ბ) როგორ შეგვიძლია იესოს მსგავსი უმწიკვლობის განვითარება?

3 როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, იეჰოვა გვაძლევს უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, ვიქნებით თუ არა უმწიკვლონი. საბედნიეროდ, ის მხოლოდ კი არ მოელის ჩვენგან უმწიკვლობას, არამედ გვასწავლის კიდეც, როგორ განვივითაროთ ეს ძვირფასი თვისება და უხვად გვაძლევს წმინდა სულს, რათა ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (ლუკ. 11:13). ის სულიერადაც იცავს ‘უმწიკვლოდ მავალთ’ (იგავ. 2:7).

4 როგორ გვასწავლის იეჰოვა უმწიკვლოდ სიარულს? იეჰოვამ თავისი ძე, იესო გამოგზავნა დედამიწაზე. იესომ თავისი ცხოვრებით სრულყოფილი მორჩილების მაგალითი დაგვიტოვა. ის „მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილ. 2:8). იესო ზეციერ მამას ემორჩილებოდა მაშინაც კი, როცა ეს ძალიან რთული იყო. „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“, — ეუბნებოდა ის მამას (ლუკ. 22:42). თითოეული უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა იესოსავით მორჩილი გული. თუ სწორი აღძვრებით ვემორჩილებით ღმერთს, ცხადვყოფთ, რომ უმწიკვლოები ვართ. განვიხილოთ, განსაკუთრებით რა შემთხვევებში გვმართებს ღვთის მორჩილება.

5, 6. ა) როგორ გაამახვილა დავითმა ყურადღება უმწიკვლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე მაშინაც კი, როცა სხვები ვერ გვხედავენ? ბ) მარტო ყოფნისას რა ცდუნების წინაშე შეიძლება დადგნენ ქრისტიანები?

5 ჩვენ იეჰოვას მაშინაც უნდა დავემორჩილოთ, როცა ერთი შეხედვით მარტონი ვართ. ფსალმუნმომღერალმა დავითმა აღნიშნა, რომ უმწიკვლობის შენარჩუნება მარტო ყოფნის დროსაც მნიშვნელოვანი იყო (წაიკითხეთ ფსალმუნის 101:2). დავითი მეფე იყო; მას ხშირად უწევდა ხალხთან ურთიერთობა. დროდადრო მას ასი, ათასი თვალი უყურებდა (შეადარეთ ფსალმუნის 26:12). ამ დროს უმწიკვლობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეფე სამაგალითო უნდა ყოფილიყო თავისი ხალხისთვის (კან. 17:18, 19). მაგრამ დავითმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა, რომ ‘თავის სახლში’ მარტო მყოფსაც უნდა შეენარჩუნებინა უმწიკვლობა. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

6 ფსალმუნის 101:3-ში ვკითხულობთ დავითის სიტყვებს: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“. დღეს უამრავი საშუალებაა, რომ ადამიანმა თვალწინ უვარგისი რამ დაიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტოა. ბევრს ამ მხრივ სირთულეს ინტერნეტი უქმნის. ადამიანი ადვილად შეიძლება მიიზიდოს უზნეო ან პორნოგრაფიული ხასიათის მასალამ. შეიძლება ამ შემთხვევაში ითქვას, რომ ვემორჩილებით ღმერთს, რომელმაც დავითს შთაგონებით დააწერინა ეს სიტყვები? პორნოგრაფია მავნებელია, რადგან იწვევს არასწორ სურვილებს და სიხარბეს, აუხეშებს სინდისს, ძირს უთხრის ქორწინებას და ხრწნის ადამიანს (იგავ. 4:23; 2 კორ. 7:1; 1 თეს. 4:3—5).

7. რომელი პრინციპი დაგვეხმარება, რომ მარტო ყოფნისას უმწიკვლობა შევინარჩუნოთ?

7 იეჰოვას მსახურები სრულიად მარტო არასდროს ვართ, რადგან მოსიყვარულე მამა გვაკვირდება (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:4). იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ვუძლებთ ცდუნებას. ამ დროს ჩვენ ვითვალისწინებთ მათეს 5:28-ში ჩაწერილ პრინციპს. მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არასდროს ვუყუროთ ისეთ რამეს, რაც არასწორი საქციელისკენ გვიბიძგებს. ნურასდროს გაცვლი ძვირფას უმწიკვლობას ისეთ სამარცხვინო გართობაზე, როგორიცაა პორნოგრაფიული მასალის ყურება და კითხვა!

8, 9. ა) როგორ გამოიცადა დანიელისა და მისი მეგობრების უმწიკვლობა? ბ) როგორ უხარებენ ახალგაზრდა ქრისტიანები გულს იეჰოვასა და თანაქრისტიანებს?

8 უმწიკვლობას მაშინაც შევინარჩუნებთ, თუ ურწმუნოებთან ურთიერთობისას იეჰოვას დავემორჩილებით. გავიხსენოთ დანიელი და მისი სამი მეგობარი. ისინი ჯერ კიდევ ყმაწვილები იყვნენ, როცა ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. მათ გარშემო ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც თითქმის არაფერი იცოდნენ იეჰოვას შესახებ. ამ ოთხ ებრაელს ისეთ საკვებს აძლევდნენ, რომელიც ღვთის კანონით იკრძალებოდა. მათ შეეძლოთ დაერღვიათ ღვთის კანონი და ვერც ვერავინ დაადანაშაულებდა მათ. ვინ რას გაიგებდა, მათ ხომ ვერც მშობლები, ვერც უხუცესები და ვერც მღვდლები ხედავდნენ? მაგრამ მათ იეჰოვა ხედავდა. ამიტომ ისინი მტკიცედ დადგნენ და წინააღმდეგობისა და საფრთხის მიუხედავად ღვთის კანონს დაემორჩილნენ (დან. 1:3—9).

9 მსგავსად იქცევიან იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეები მთელ მსოფლიოში. ისინი მტკიცედ იცავენ ღვთის ნორმებს და თანატოლებს არ ჰყვებიან ცუდ საქციელში. ახალგაზრდებო, თქვენ იეჰოვას ემორჩილებით, როცა უარს ამბობთ ნარკოტიკებზე, ძალადობაზე, ბილწსიტყვაობაზე, უზნეობასა და სხვა ცუდ საქმეებზე! ამგვარად ამტკიცებთ, რომ უმწიკვლონი ხართ. ეს თქვენივე კეთილდღეობას ემსახურება და გულს უხარებს იეჰოვასა და თანაქრისტიანებს (ფსალმ. 110:3).

10. ა) რა არასწორი შეხედულების გამო დათმო ზოგიერთმა ახალგაზრდამ უმწიკვლობა? ბ) როგორ გვეხმარება უმწიკვლობა, გავექცეთ სიძვას?

10 ღვთის მორჩილება საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობის დროსაც გვმართებს. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის სიტყვა განსჯის სიძვას. მაგრამ ძალიან ადვილია, რომ ერთ დროს მორჩილმა გულმა ყველაფრის ნება დაგვრთოს. მაგალითად, ზოგი ახალგაზრდა უარს არ ამბობს ორალურ ან ანალურ სექსზე, ან პარტნიორის მასტურბაციაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არ არის „ნამდვილი სექსი“. ამ ახალგაზრდებს ავიწყდებათ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს იმ ფაქტზე, რომ ბიბლიაში „სიძვად“ ნათარგმნ სიტყვას ფართო მნიშვნელობა აქვს და მოიცავს ყოველივე ზემოხსენებულს, რის გამოც ადამიანი შეიძლება კრებიდან გაირიცხოს *. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ახალგაზრდები არაფრად აგდებენ უმწიკვლობას. ჩვენ ვეჭიდებით უმწიკვლობას, ამიტომ არ გვინდა, გამართლება მოვუძებნოთ ასეთ საქციელს. ჩვენ არ გვინდა, ცოდვის ზღვართან მივიდეთ იმ იმედით, რომ არ დავისჯებით. ჩვენ მხოლოდ იმაზე არ ვფიქრობთ, დავისჯებით თუ არა ჩვენი საქციელისთვის, ჩვენ ვცდილობთ, ვასიამოვნოთ იეჰოვას და ვერიდებით ყველაფერს, რაც გულს სტკენს მას. ჩვენ არ ვცდით საკუთარ თავს, რამდენად ახლოს მივალთ ცოდვის ზღვართან, არამედ შორს ვიჭერთ თავს და „გავურბივართ სიძვას“ (1 კორ. 6:18). ამგვარად ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვინარჩუნებთ უმწიკვლობას.

როგორ შევინარჩუნოთ უმწიკვლობა?

11. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ არის მორჩილების თითოეული გამოვლინება მნიშვნელოვანი.

11 უმწიკვლობის როგორც განვითარებაში, ისე შენარჩუნებაში მორჩილება გვეხმარება. მორჩილების მხოლოდ ერთხელ გამოვლენა შეიძლება უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ შემთხვევას მეორე ემატება და, საბოლოო ჯამში, უმწიკვლო ადამიანებად გვაყალიბებს. მაგალითად, ერთი აგური ბევრი არაფერია, მაგრამ ბევრი აგურით მშვენიერი სახლის აშენება შეიძლება. ამგვარად, თუ ყოველთვის გამოვავლენთ მორჩილებას, უმწიკვლოები დავრჩებით (ლუკ. 16:10).

12. უმწიკვლობის რა მაგალითი დაგვიტოვა დავითმა?

12 ჩვენი უმწიკვლობა განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა სირთულეებს, ცუდ მოპყრობას ან უსამართლობას ვიტანთ. განვიხილოთ დავით მეფის მაგალითი. დავითს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სდევნიდა მეფე საული, რომელიც იეჰოვამ დანიშნა. მაგრამ მან დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა; მას საშინლად შურდა დავითის, რომელსაც ღმერთი იწონებდა. თუმცა გარკვეული ხნის მანძილზე ძალაუფლება ისევ საულის ხელში იყო და დავითს ჯარით დასდევდა შესაპყრობად. იეჰოვა რამდენიმე წლის მანძილზე არ ერეოდა ამ უსამართლობაში. განაწყენდა დავითი ღმერთზე? დაასკვნა, რომ მოთმენას აზრი არ ჰქონდა? რა თქმა უნდა, არა. მან არ დაკარგა საულის, როგორც ღვთის ცხებულის მიმართ ღრმა პატივისცემა და, როცა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, შური არ იძია მასზე (1 სამ. 24:2—7).

13. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ უმწიკვლობა, თუ ვინმე გვაწყენინებს?

13 დავითის მაგალითიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ არასრულყოფილი ადამიანებისგან შემდგარ საძმოს მივეკუთვნებით, რომელთაგან ზოგმა შეიძლება გვაწყენინოს ან ჭეშმარიტება დატოვოს. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა იეჰოვას ხალხი მთლიანობაში არ შეიბღალება (ეს. 54:17). მაგრამ როგორ მოვიქცევით, თუ ვინმე იმედს გაგვიცრუებს ან გულს გვატკენს? თუ დავიბოღმებით, ჩვენი უმწიკვლობა დიდი გამოცდის წინაშე დადგება. თავს ვერაფრით გავიმართლებთ, თუ სხვისი საქციელის გამო ღმერთს გავუნაწყენდებით ან ჭეშმარიტებას დავტოვებთ (ფსალმ. 119:165). უმწიკვლობას ჩვენ სწორედ განსაცდელების გადატანით ვინარჩუნებთ.

14. როგორ რეაგირებენ უმწიკვლობის დამცველნი ორგანიზაციულ თუ სხვა ცვლილებებზე?

14 უმწიკვლობას იმ შემთხვევაშიც შევინარჩუნებთ, თუ კრიტიკულად არ მივუდგებით ღვთის ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს. ამგვარად, ვუერთგულებთ იეჰოვას. დღეს ღმერთი ისე აკურთხებს თავის ხალხს, როგორც არასდროს, და წმინდა თაყვანისმცემლობაც არასდროს ყოფილა ასე განდიდებული (ეს. 2:2—4). ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ის სიახლეები, რომლებიც ბიბლიური მუხლების ახსნას თუ ორგანიზაციულ საკითხებს ეხება. ჩვენ გვახარებს იმის დანახვა, რომ სულიერი სინათლე უფრო და უფრო კაშკაშებს (იგავ. 4:18). თუ გვიჭირს იმის გაგება, რატომ მოხდა ესა თუ ის ცვლილება, დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავთ. ამ დროს მოთმინებით ვავლენთ მორჩილებას და ვინარჩუნებთ უმწიკვლობას.

რა გამოსავალი არსებობს მათთვის, ვინც უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა?

15. მხოლოდ ვის შეუძლია დაგვაკარგვინოს უმწიკვლობა?

15 ეს კითხვა მართლაც დამაფიქრებელია! როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, უმწიკვლობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. მის გარეშე არც იეჰოვასთან ურთიერთობა გვექნება და არც რეალური იმედი. გახსოვდეს: სამყაროში მხოლოდ ერთ პიროვნებას შეუძლია დაგაკარგვინოს უმწიკვლობა, და ეს შენა ხარ. იობმა კარგად იცოდა ეს. მან თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5). თუ შენც მსგავსი სულისკვეთება გაქვს და უფრთხილდები იეჰოვასთან ურთიერთობას, არასდროს დაკარგავ უმწიკვლობას (იაკ. 4:8).

16, 17. ა) რა მცდარ გზას შეიძლება დაადგეს ქრისტიანი, რომელიც სერიოზულად სცოდავს? ბ) რისი გაკეთება იქნებოდა ამ შემთხვევაში მართებული?

16 მიუხედავად ამისა, ზოგმა ვერ შეინარჩუნა უმწიკვლობა. ისევე როგორც მოციქულების დროს, დღესაც ზოგი არაერთხელ სჩადის სერიოზულ ცოდვას. უიმედოა მდგომარეობა, თუ სერიოზულად შესცოდე? რა თქმა უნდა, არა. რის გაკეთება შეგიძლია? მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რა არ უნდა გააკეთო. ადამიანები მიდრეკილნი არიან, დაუმალონ თავიანთი შეცდომები მშობლებს, თანაქრისტიანებს ან უხუცესებს. მაგრამ ბიბლია შეგვახსენებს: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავ. 28:13). ვინც ცოდვებს მალავს, ძალიან ცდება, რადგან ღმერთს ვერაფერს დაუმალავს (წაიკითხეთ ებრაელების 4:13). ზოგი გაორებულ ცხოვრებას ეწევა — სცოდავს და თან იეჰოვას მსახურად მოაქვს თავი. ასეთი ცხოვრება გამორიცხავს უმწიკვლობას. იეჰოვასთვის მიუღებელია მათი თაყვანისცემა, ვინც სერიოზულ ცოდვებს მალავს. ასეთი თვალთმაქცობა ღვთის რისხვას იწვევს (იგავ. 21:27; ეს. 1:11—16).

17 ბიბლიაში ჩაწერილია ნათელი მითითებები, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ სერიოზულ ცოდვას სჩადის. მან უხუცესებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის. ისინი იმიტომ დანიშნა იეჰოვამ, რომ დაეხმარონ მათ, ვინც სერიოზულად არის დაავადებული სულიერად (წაიკითხეთ იაკობის 5:14). დასჯის ან გამოსწორების შიშით უარი არ უნდა ვთქვათ სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაზე. განა იტყვის გონიერი ადამიანი უარს ნემსის გაკეთების ან ოპერაციის დროს ტკივილის შიშით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე? (ებრ. 12:11).

18, 19. ა) როგორ ცხადყოფს დავითის შემთხვევა, რომ უმწიკვლობის დაბრუნება შესაძლებელია? ბ) რა გაქვს გადაწყვეტილი უმწიკვლობის შესანარჩუნებლად?

18 შესაძლებელია სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა? შესაძლებელია დაკარგული უმწიკვლობის დაბრუნება? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დავითი. მან სერიოზული ცოდვა ჩაიდნა. მან თვალი დაადგა სხვის ცოლს, იმრუშა და უდანაშაულო ქმარი მოაკვლევინა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დავითი ამ დროს უმწიკვლოდ მოიქცა. მიუხედავად ამისა, უიმედო იყო მისი მდგომარეობა? დავითს მკაცრი შეგონება სჭირდებოდა და შეაგონეს კიდეც. გულწრფელი მონანიების გამო იეჰოვამ შეიწყალა ის. დავითისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა. ის კვლავ ცდილობდა, ყველაფერში დამორჩილებოდა ღმერთს, რის შედეგადაც თავისი უმწიკვლობა დაიბრუნა. მისი ცხოვრება ადასტურებს იგავების 24:16-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“. რა მოჰყვა ამას შედეგად? ვნახოთ, რა უთხრა იეჰოვამ სოლომონს დავითის სიკვდილის შემდეგ (წაიკითხეთ 1 მეფეების 9:4). ის დავითს კვლავ უმწიკვლო ადამიანად თვლიდა. იეჰოვას შეუძლია მომნანიე ცოდვილს სერიოზული ცოდვის ლაქაც კი ჩამორეცხოს (ეს. 1:18).

19 შენ უმწიკვლო ადამიანი იქნები, თუ სიყვარულით დაემორჩილები ღმერთს. ერთგული დარჩი განსაცდელების დროს და სერიოზულ ცოდვას თუ ჩაიდენ, გულწრფელად მოინანიე! უმწიკვლობა ძალიან ძვირფასი თვისებაა. მოდი დავითივით ჩვენც გადაწყვეტილი გვქონდეს: „მე კი უმწიკვლოდ ვივლი“ (ფსალმ. 26:11).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იხილეთ 2004 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13, აბზაცი 15.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შეგიძლიათ იყოთ უმწიკვლო ადამიანი?

• როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ უმწიკვლობა?

• როგორ შეგვიძლია უმწიკვლობის დაბრუნება?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 8 გვერდზე]

„გაოცებული ვარ მისი საქციელით“

ამ სიტყვებით გამოხატა მადლიერება ფეხმძიმე ქალმა უცნობისადმი მისი პატიოსნებისა და სიკეთისთვის. მან კაფედან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათში აღმოაჩინა, რომ საფულე აღარ ჰქონდა. საფულეში ქალს 2 000 დოლარი ედო. ჩვეულებრივ, ის ამხელა თანხას თან არ ატარებდა. „თავზარი დამეცა“, — უთხრა მან ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტს. მისი საფულე ახალგაზრდა ქალმა იპოვა და მაშინვე შეუდგა მფლობელის ძებნას. უშედეგო ძებნის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მათი დახმარებით მიაგნო ფეხმძიმე ქალს. „გაოცებული ვარ მისი საქციელით“, — აღნიშნა მადლიერმა ქალმა. რატომ გაისარჯა ახალგაზრდა ქალი, რომ პატრონისთვის ფული დაებრუნებინა? როგორც გაზეთი იტყობინებოდა, ის იეჰოვას მოწმეა და „მის პატიოსნებაში მის რელიგიას დიდი წვლილი მიუძღვის“.

[სურათი 9 გვერდზე]

ახალგაზრდებს შეუძლიათ განსაცდელების დროს უმწიკვლობა შეინარჩუნონ

[სურათი 10 გვერდზე]

დავითმა დაკარგა უმწიკვლობა, მაგრამ ისევ დაიბრუნა