მეფეები — წიგნი პირველი 9:1—28
9 როცა დაასრულა სოლომონმა იეჰოვას ტაძრისა და მეფის სასახლის მშენებლობა+ და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,+
2 მეორედ გამოეცხადა იეჰოვა, ისე როგორც გაბაონში.+
3 იეჰოვამ მას უთხრა: «შევისმინე შენი ლოცვა და სათხოვარი, წყალობა რომ მთხოვე; განვწმინდე ეს ტაძარი და სამარადისოდ აქ დაივანებს ჩემი სახელი;+ მუდამ თვალი მეჭირება მასზე და აქ იქნება ჩემი გული.+
4 თუ მამაშენი დავითივით ერთგულად+ და წრფელი გულით+ მემსახურები,+ ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთებ,+ დაემორჩილები ჩემს წესებსა და სამართალს,+
5 სამარადისოდ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში, როგორც მამაშენ დავითს შევპირდი, ყოველთვის შენი შთამომავალი იმეფებს-მეთქი ისრაელზე.+
6 მაგრამ, თუ თქვენ და თქვენი შვილები განმიდგებით, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესებს, წახვალთ და სხვა ღმერთების წინაშე დაემხობით და მათ დაუწყებთ თაყვანისცემას,+
7 ამოვძირკვავ ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც დავამკვიდრებინე,+ ამ ტაძარს კი, ჩემი სახელისთვის რომ განვწმინდე, ზურგს შევაქცევ;+ აბუჩად აიგდებენ ერები ისრაელს და დასცინებენ მას.+
8 ნანგრევების გროვად იქცევა ეს ტაძარი.+ ყველა, ვინც მას ჩაუვლის, განცვიფრებული შეხედავს, სტვენას დაიწყებს და იკითხავს, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და ტაძარს?+
9 პასუხად მიუგებენ: „ზურგი აქციეს იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა; სხვა ღმერთების წინაშე ემხობოდნენ და ეთაყვანებოდნენ. ამიტომაც დაატეხა იეჰოვამ ამდენი უბედურება!“»+
10 დაასრულა სოლომონმა 20 წლის თავზე ორი სახლის, იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის, შენება.+
11 ამარაგებდა სოლომონს ტვიროსის მეფე ხირამი+ კედრისა და ღვიის მასალით, აგრეთვე იმდენი ოქროთი, რამდენსაც სოლომონი მოისურვებდა,+ ამიტომ მისცა მან ხირამს 20 ქალაქი გალილეის მიწაზე.
12 წავიდა ტვიროსიდან ხირამი სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად, მაგრამ არ მოეწონა ისინი.
13 მან უთხრა: „ეს რა ქალაქები მოგიცია, ჩემო ძმაო?!“ უწოდა ქაბულის მიწა*, და ეს დღემდე ასეა.
14 ხირამმა მეფეს 120 ტალანტი* ოქრო გაუგზავნა.+
15 შეკრიბა სოლომონმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელნი,+ რომ მათ იეჰოვას ტაძარი,+ მეფის სასახლე, მილო*,+ იერუსალიმის გალავანი, ხაცორი,+ მეგიდო+ და გეზერი+ აეშენებინათ
16 (გეზერი ეგვიპტის მეფემ, ფარაონმა, თავის ასულს,+ სოლომონის ცოლს, მისცა მზითევში, მას შემდეგ, რაც დაიპყრო ეს ქალაქი და გადაწვა და ამოხოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები).+
17 აღადგინა სოლომონმა გეზერი, ქვემო ბეთ-ხორონი,+
18 ბაალათი+ და თამარი, უდაბნოში, მის მიწაზე რომ იყო,
19 აგრეთვე თავისი ყველა სამარაგო ქალაქი, ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანსა თუ მთელ თავის სამფლობელოში.
20 ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან+ დარჩენილებს, რომლებიც ისრაელებს არ ეკუთვნოდნენ,+
21 იმ მიწაზე დარჩენილ მათ შთამომავლებს, რომლებიც არ გაუნადგურებიათ ისრაელებს, სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა, და ეს დღემდე ასეა.+
22 ისრაელთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო;+ ისინი მეომრებად, მსახურებად, მთავრებად, მხლებლებად და მეეტლეთა და მხედართა ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული.
23 სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსად, სამუშაოს შემსრულებელთა წინამძღოლად, 550 კაცი ჰყავდა დანიშნული.+
24 ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან+ სოლომონის მიერ მისთვის აშენებულ სასახლეში გადავიდა; ამის შემდეგ სოლომონმა მილო ააშენა.+
25 წელიწადში სამჯერ+ სოლომონი იეჰოვასთვის აგებულ სამსხვერპლოზე, იეჰოვას წინ რომ იყო, წვავდა და აბოლებდა დასაწვავ მსხვერპლს და სამშვიდობო მსხვერპლს;+ დაასრულა მან ტაძრის შენება.+
26 მეფე სოლომონმა აგრეთვე ააგო ხომალდები ეციონ-გებერში,+ ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომში.+
27 ხირამმა თავისი მსახურები, გამოცდილი მეზღვაურები, გააყოლა სოლომონის ხომალდებს,+ რათა იქ ემსახურათ სოლომონის მსახურებთან ერთად.
28 წავიდნენ ისინი ოფირში+ და იქიდან 420 ტალანტი ოქრო ჩამოუტანეს მეფე სოლომონს.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „უვარგისი მიწა“.
^ ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
^ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.