არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ყველასთვის გასაგებ ენაზე

ბიბლია ყველასთვის გასაგებ ენაზე

ბიბლია ყველასთვის გასაგებ ენაზე

„თუ გწამთ, რომ ბიბლია კაცობრიობისთვის განკუთვნილი ღვთის სიტყვაა, იმასაც აღიარებთ, რომ ღმერთი მისი საშუალებით გვესაუბრება . . . რელიგია თუ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, მაშინ [ბიბლიის] ენაც ახლოს უნდა იყოს ყოველდღიურ სალაპარაკო ენასთან“, — წერდა მეცნიერი ალან დათი თავის წიგნში „ბიბლიის თარგმანები — რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?“

ისინი, რომლებიც აფასებენ ღვთის სიტყვას, მთელი გულით ეთანხმებიან მასში ჩაწერილს. მათ მტკიცედ სწამთ, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიას ვერ ვუწოდებთ მოძველებულ რელიგიურ წიგნს. ის არის „ცოცხალი [და] მოქმედი“, რადგან ყოველდღიურ პრობლემებთან გასამკლავებლად კონკრეტულ გამოსავალს გვთავაზობს (ებრაელთა 4:12). იმისათვის, რომ ადამიანებმა გაიგონ ბიბლია და ცხოვრებაში გამოიყენონ წაკითხული, ეს წმინდა წიგნი ყველასათვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს დაწერილი. ის, რასაც ამჟამად „ახალ აღთქმას“ ვუწოდებთ, დაიწერა არა კლასიკურ ბერძნულ ენაზე, რომელსაც ფილოსოფოსები იყენებდნენ, მაგალითად პლატონი, არამედ უბრალო, ყველასათვის გასაგებ ენაზე — კოინეზე. დიახ, ბიბლია დაიწერა ისეთ ენაზე, რომლის წაკითხვა და გაგება უბრალო ადამიანებსაც კი შეეძლოთ.

ამ მიზნით, ბოლო წლებში ბიბლიის მრავალი თანამედროვე თარგმანი გაკეთდა სხვადასხვა ენაზე. მთლიანობაში ამას კარგი შედეგი მოჰყვა. წმინდა წერილები ხელმისაწვდომი გახდა მკითხველთა ფართო მასებისთვის. თუმცა ამ ახალი თარგმანების ვარიანტთა უმეტესობას აკლია მიუკერძოებლობა, სიზუსტე და თანამიმდევრობა. მაგალითად, ზოგ მათგანში ბუნდოვნადაა წარმოდგენილი ნათელი ბიბლიური სწავლებები მკვდრების მდგომარეობის, ადამიანის სულისა და ჭეშმარიტი ღვთის სახელის შესახებ.

ამიტომ, ისინი, რომლებისთვისაც ძვირფასია ღვთის სიტყვა, მიესალმებიან „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემას ქართულ ენაზე. იეჰოვას მოწმეებმა გამოაცხადეს ამ თანამედროვე თარგმანის გამოცემის შესახებ 2004 წლის 12 ივნისს. ეს თარგმანი თავისუფალია რელიგიური ტრადიციების გავლენისგან; ის ზუსტად გადმოსცემს აზრებს და ბიბლიის ღრმად გაგების საშუალებას იძლევა. ეს ადრე ადამიანებისთვის შეუძლებელი იყო, რადგან არ იცოდნენ ძველი ენები. ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არის ამ შესანიშნავი თარგმანის ავტორი.

მთარგმნელები, რომლებიც განადიდებდნენ ღმერთს

მიუხედავად იმისა, რომ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 1950 წლიდან არსებობს, ქართველი მკითხველისთვის ის მხოლოდ ახლა გახდა ხელმისაწვდომი. თავდაპირველად ის გამოიცა ინგლისურ ენაზე ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საერთაშორისო ბიბლიური საზოგადოების მიერ, რომელიც უკვე დიდი ხანია ბიბლიებს გამოსცემს. ახალი თარგმანის სათაური ტრადიციიდან გაბედული გადახვევა იყო, რომელიც არ ყოფდა ბიბლიას ძველ და ახალ აღთქმებად და მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი მახასიათებლიდან, რაც უნიკალურს ხდიდა ამ ნაშრომს. 1950 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ამ თარგმანის კომიტეტის წევრებს სურთ . . . ანონიმები დარჩნენ, სახელდობრ, ცნობილი არ გახდეს მათი სახელები — არც მათ სიცოცხლეში, არც მათი სიკვდილის შემდეგ. ამ თარგმანის მიზანია, განადიდოს ცოცხალი, ჭეშმარიტი ღვთის სახელი“.

1961 წელს ერთ ტომად გამოიცა მთლიანი ბიბლია — „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. თუმცა მთარგმნელთა სახელები დღემდე უცნობია, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს მათი მოტივების გულწრფელობასა და ღვთისადმი მათ ერთგულებაში. 1984 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში ნათქვამი იყო: „წმინდა წერილების თარგმნა იმას გულისხმობს, რომ სხვა ენაზე გადაიტანო იეჰოვა ღმერთის აზრები და სიტყვები . . . მთარგმნელებს, რომლებიც ამ საქმეს ასრულებენ, უყვართ წმინდა წერილების ზეციერი ავტორი და ეშინიათ მისი. ისინი ღვთის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ცდილობენ, რომ მისი აზრები და სიტყვები რაც შეიძლება ზუსტად გადმოსცენ“.

მიუხედავად კარგი განზრახვებისა, იყვნენ კომიტეტის წევრები კომპეტენტურები ამ დავალების შესასრულებლად? ზოგი სკეპტიკოსი მეცნიერის აზრით, რამდენადაც მითითებული არ არის მთარგმნელთა სახელები და სტატუსი, თუ რა სამეცნიერო ხარისხი აქვთ მინიჭებული, ეს თარგმანი უყოყმანოდ უნდა იყოს უგულებელყოფილი როგორც არაპროფესიონალთა ნაშრომი. მაგრამ ყველა მეცნიერი არ იზიარებს ასეთ არაგონივრულ აზრს. ალან დათი წერს: „გვეხმარება ბიბლიის გარკვეული თარგმანის ავკარგიანობის განსაზღვრაში იმის ცოდნა, ვინ არიან მისი მთარგმნელები ან გამომცემლები? მაინცდამაინც არა. საჭიროა პირადად გამოიკვლიოთ თარგმანი *.

თარგმანი, რომელიც წმინდაჰყოფს ღვთის სახელს

მათეს 6:9-ში წერია, რომ იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“. თუმცა მრავალ თარგმანში ღმერთი ისეა წარმოდგენილი, თითქოს სახელი არ გააჩნია. მას მოიხსენიებენ მხოლოდ ტიტულებით „უფალი“ და „ღმერთი“. თუმცა ებრაული წერილების ორიგინალში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული ღვთის პირადი სახელი — „იეჰოვა“ (გამოსვლა 3:15; ფსალმუნები 82:19). მოგვიანებით, სხვადასხვა ცრურწმენით გამოწვეული შიშის გამო ებრაელებმა შეწყვიტეს ღვთის სახელის ხსენება. იესოს მოწაფეების სიკვდილის შემდეგ ასეთი თვალსაზრისი გავრცელდა ქრისტიანულ კრებაშიც (შეადარეთ საქმეები 20:29, 30; 1 ტიმოთე 4:1). ბერძნული წერილების გადამწერებმა დაიწყეს ღვთის სახელის — იეჰოვას — შეცვლა ბერძნული სიტყვებით „კირიოს“ და „თეოს“, რომლებიც ითარგმნება როგორც „უფალი“ და „ღმერთი“.

საბედნიეროდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემით გადაიდგა გაბედული ნაბიჯი, როცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში („ახალი აღთქმა“) აღდგა იეჰოვას სახელი, სადაც ის 237-ჯერ არის მოხსენიებული. ღვთის სახელის აღდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მთარგმნელთა ახირება კი არ არის, არამედ ღრმა და გულმოდგინე გამოკვლევის შედეგია. მაგალითად, ლუკას 4:18-ში ციტირებულია ესაიას 61:1-ში მოცემული სიტყვები. ებრაულ ორიგინალში ამ მუხლში იეჰოვას სახელი წერია *. ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ლუკას 4:18-ში ნათქვამია: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“.

ასეთი თარგმანები მკითხველს ეხმარება, განასხვავოს იეჰოვა ღმერთი თავისი მხოლოდშობილი ძისგან, იესო ქრისტესგან. მაგალითად, მრავალ თარგმანში მათეს 22:44 შემდეგნაირად არის გადმოცემული: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს“. მაგრამ, ჩანს, ვინ ვის მიმართავს? სინამდვილეში, ეს მუხლი ციტირებულია ფსალმუნების 109:1-დან, სადაც დედნისეულ ებრაულ ტექსტში ღვთის სახელია გამოყენებული. ამიტომ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ მუხლს ასე თარგმნის: «იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“». განსხვავება, რომელიც წმინდა წერილებში იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს შორის კეთდება, მხოლოდ თეორიული საკითხი არ არის (მარკოზი 13:32; იოანე 8:17, 18; 14:28). ამ განსხვავების ცოდნაზეა დამოკიდებული ჩვენი ხსნა. საქმეების 2:21 ამბობს: „და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.

ზუსტი და გასაგები

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა მნიშვნელოვანი თავისებურებებითაც გამოირჩევა. მას საფუძვლად დაედო ბერძნული ტექსტი, რომელიც გულმოდგინედ იყო გადამუშავებული უესტკოტისა და ჰორტის მიერ. შემდგომ ჩატარდა შრომატევადი სამუშაო, რათა ორიგინალური ბერძნულიდან გაკეთებულიყო რაც შეიძლება ზუსტი და სიტყვასიტყვითი თარგმანი ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამის წყალობით შენარჩუნდა არა მარტო ენისთვის დამახასიათებელი მრავალი თავისებურება და ორიგინალის სული, არამედ მკითხველისთვისაც შესაძლებელი გახდა, რომ ღრმად ჩასწვდომოდა წერილებს.

მაგალითად ავიღოთ რომაელთა 13:1, სადაც პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“ ანუ ქვეყნიურ მთავრობებს. მრავალ თარგმანში ნათქვამია, რომ ასეთი მთავრობები „ღვთის მიერ არიან დადგენილნი“ (კს). ზოგი მონარქი ამ თარგმანებს თავისი დესპოტიზმის გასამართლებლად იყენებს. მაგრამ „ახალი ქვეყნიერების თარგმანისთვის“ დამახასიათებელი სიტყვასიტყვითი სიზუსტით ეს მუხლი ასე ითარგმნება: „არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ *. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუმცა ღმერთი თავად არ ირჩევს მსოფლიო მმართველებს, ის ნებას რთავს, დაიკავონ მასზე დაბალი, მათთვის განკუთვნილი ადგილი.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ მაქსიმალური სიზუსტითაა გადმოტანილი ბერძნული ზმნების აზრობრივი ნიუანსები. ზმნის მოქმედების დროის — წარსულის, აწმყოსა და მომავლის — გადმოსაცემად ბევრ თანამედროვე ენაში ზმნები იუღლება. ბერძნულ ენაში ზმნები იმასაც გამოხატავს, თუ რა სახის მოქმედებაზეა ლაპარაკი — წამიერია ის, დასრულებულია თუ გრძელდება. განვიხილოთ მათეს 7:7-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები. ამ მუხლში მოცემული ბერძნული ზმნები განგრძობით მოქმედებას გამოხატავს. ამ ნიუანსის შენარჩუნებით „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ იესოს სიტყვები გაცილებით სრული მნიშვნელობითაა გადმოცემული: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (აგრეთვე იხილეთ რომაელთა 1:32; 6:2; გალატელთა 5:15).

„ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დიდი ყურადღება ექცევა თანამიმდევრულობას და მნიშვნელოვანი სიტყვები, ძირითადად, ყველგან ერთნაირად არის თარგმნილი. მაგალითად, ბერძნული სიტყვა „ფსიქე“ ყველა შემთხვევაში „სულად“ ითარგმნება. შედეგად, მკითხველს შეუძლია სწრაფად დაასკვნას, რომ რელიგიური თეორიების საპირისპიროდ, სული უკვდავი არ არის — ის კვდება (მათე 2:20; მარკოზი 3:4; ლუკა 6:9; 17:33).

გავხადოთ ღვთის სიტყვა ყველასთვის ხელმისაწვდომი

ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ქართულ ენაზე გამოცემა მხოლოდ დასაწყისია. მოგვიანებით იგეგმება მთლიანი ბიბლიის თარგმნაც. მაგრამ, შეუძლია მკითხველს დარწმუნებული იყოს, რომ ქართული თარგმანი ისეთივე ზუსტი და თანამიმდევრული იქნება, როგორიც ინგლისური?

დიახ, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რადგან მთარგმნელობით საქმიანობას თვალყურს ადევნებს „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოება. მიღებული იყო გონივრული გადაწყვეტილება, რომ სხვა ენებზე ბიბლია ჯგუფურად გადათარგმნილიყო. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ჩამოყალიბდა ბიბლიის მთაგმნელობითი ჯგუფები. ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მსოფლიო მთავარ სამმართველოში შეიქმნა განყოფილება, რომელიც მთარგმნელობით ჯგუფებს მოემსახურებოდა, უპასუხებდა მათ კითხვებს და უზრუნველყოფდა, რომ სხვადასხვა ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანებს“ შორის შესაბამისობა ყოფილიყო. ასევე „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოებამ მთარგმნელთა დასახმარებლად შექმნა ძალიან ეფექტური კომპიუტერული სისტემა. თუმცა მთარგმნელთა გარეშე მაინც არაფერი კეთდება. კომპიუტერული სისტემა მხოლოდ ეხმარება მთარგმნელებს მთავარი მიზნის მიღწევაში — „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ისეთივე სიზუსტე და თანამიმდევრობა დაიცვან, როგორიც ინგლისურ გამოცემაშია. სხვა ყველაფერთან ერთად, კომპიუტერული სისტემა იძლევა ინფორმაციას, თუ როგორ ითარგმნება თითოეული ებრაული და ბერძნული სიტყვა ინგლისურ გამოცემაში. ეს უდიდეს დახმარებას უწევს მთარგმნელებს, რომ თავიანთ ენაზე ამ სიტყვის ზუსტი ეკვივალენტი შეარჩიონ.

შედეგები აჩვენებს, რამდენად წარმატებულია ასეთი საშუალებების გამოყენება. გთავაზობთ, გაეცნოთ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. მისი მიღება შეგიძლიათ ამ ჟურნალის გამომცემლებისგან. თქვენ ასევე მოგეწონებათ ამ გამოცემის უამრავი განსაკუთრებული თავისებურება: მკაფიო შრიფტი; კოლონტიტულები, რომელთა საშუალებითაც უფრო სწრაფად მოძებნით ნაცნობ მუხლებს; დეტალური რუკები და საინტერესო დანართი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიბლიის კითხვისას შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ის ზუსტად გადმოსცემს ღვთის სიტყვებს ყველასთვის გასაგებ ენაზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 საინტერესოა, რომ 1971 წელს გამოცემული ნაშრომის — „ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია სქოლიოებით“ — გარეკანზე მსგავსი რამ იყო ნათქვამი: „ჩვენ არ მოვიხსენიეთ არც ერთი სწავლულის სახელი არც ინფორმაციისთვის, არც რეკომენდაციის გასაწევად, რადგან გვწამს, რომ ღვთის სიტყვის ღირსება სხვას არ უნდა მიეწეროს“.

ათასობით მკითხველი ზუსტად ასე იქცევა. დღეს მთელ მსოფლიოში სრულად ან ნაწილობრივ გამოცემულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 120 110 000 ეგზემპლარი 45 ენაზე. რა აღმოაჩინეს ამ გამოცემის მკითხველებმა?

^ აბზ. 12 ეგრეთ წოდებულ ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის მუხლები ციტირებულია ბერძნული სეპტუაგინტიდან. ვინაიდან „სეპტუაგინტის“ გვიანდელ ასლებში არ გვხვდება ღვთის სახელი, მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც არ უნდა გამოიყენებოდეს ის. თუმცა „სეპტუაგინტის“ უძველეს შემორჩენილ ასლებში გვხვდება ებრაული ასოებით დაწერილი იეჰოვას სახელი. ეს კარგი საფუძველია იმისათვის, რომ ბერძნულ წერილებში აღდგეს ღვთის სახელი.

^ აბზ. 16 იხილეთ გ. ებოტ-სმიტის „ახალი აღთქმის ბერძნული სახელმძღვანელო ლექსიკონი“ და ლიდელისა და სკოტის „ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“. ამ და სხვა სარწმუნო წყაროების მიხედვით, ბერძნული ფრაზა სიტყვასიტყვით ნიშნავს „წესრიგში მოყვანას, ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენას“.

[ჩარჩო/სურათები 20, 21 გვერდებზე]

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თავისებურებები:

ჩატარდა შრომატევადი სამუშაო, რათა ბერძნული ორიგინალიდან გაკეთებულიყო რაც შეიძლება ზუსტი და სიტყვასიტყვითი თარგმანი ყველასათვის გასაგებ ენაზე.

მკაფიო შრიფტი კითხვას აადვილებს.

კოლონტიტულების საშუალებით სწრაფად მოძებნით ნაცნობ მუხლებს.

დეტალური რუკები ეხმარება მკითხველს, უკეთ გაეცნოს ბიბლიური დროის გეოგრაფიას.

[საავტორო უფლებები დაცულია]

By courtesy of the Director and University Librarian, The John Rylands University of Manchester

[სურათი 19 გვერდზე]

პავლე მოციქულის მსგავსად ბიბლიის მწერლები ყველასთვის გასაგებ ენაზე წერდნენ.

[სურათი 23 გვერდზე]

ნათლად გადმოცემული აზრების გამო „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დიდ დახმარებას გვიწევს ქრისტიანულ მსახურებაში.