მარკოზის სახარება 13:1—37

  • ქვეყნიერების აღსასრული (1—37).

    • ომები, მიწისძვრები და საკვების უკმარისობა (8).

    • სასიხარულო ცნობის ქადაგება (10).

    • დიდი გასაჭირი (19).

    • კაცის ძის მოსვლა (26).

    • ლეღვის ხის მაგალითი (28—31).

    • „იფხიზლეთ!“ (32—37).

13  იესო ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფემ უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა დიდებული ქვები და შენობებია!“+ 2  იესომ მას უთხრა: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს?! ყველაფერი ისე დაინგრევა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩება“.+ 3  როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა და ტაძარს გადაჰყურებდა, პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ განცალკევებით ჰკითხეს: 4  „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება ამ ყოველივეს დასასრულის ნიშანი?“+ 5  იესომ მიუგო: „ფრთხილად იყავით, არავინ შეგაცდინოთ.+ 6  ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, ის მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. 7  როცა გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეშინდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+ 8  ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა.+ ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.+ 9  ფრთხილად იყავით! ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს,+ გცემენ სინაგოგებში და+ გამგებელთა და მეფეთა წინაშე დაგაყენებენ, რაც ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 10  თუმცა ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს.+ 11  როცა გადაგცემენ, წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული.+ 12  ძმა ძმას გაიმეტებს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 13  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+ 14  როცა დაინახავთ გამაპარტახებელ სისაძაგლეს,+ რომელიც იქ იდგება, სადაც არ უნდა იდგეს (წამკითხველმა გამჭრიახობა გამოიჩინოს), მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ.+ 15  ბანზე მყოფი ნურც ძირს ჩამოვა და ნურც სახლში შევა რაიმეს ასაღებად; 16  ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 17  ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 18  ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19  რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება,+ როგორიც ღვთის შემოქმედების დასაბამიდან იმ დრომდე არ ყოფილა და არც აღარასოდეს იქნება.+ 20  თუ იეჰოვა* არ შეამოკლებს იმ დღეებს, ვერცერთი ხორციელი ვერ გადარჩება; ამიტომ ის რჩეულთა გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია, შეამოკლებს იმ დღეებს.+ 21  მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 22  რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ სასწაულებსა და საკვირველებებს, რათა გზა აუბნიონ რჩეულებს, თუკი შეძლებენ. 23  ამიტომ იფხიზლეთ!+ წინასწარ გითხარით ყველაფერი. 24  იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს,+ 25  ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივდება და ციური ძალები შეირყევა. 26  მაშინ იხილავენ კაცის ძეს+ ღრუბლებში ძლევამოსილებითა და სიდიადით მომავალს.+ 27  მაშინ გაგზავნის ის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს დედამიწის ოთხივე კუთხიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.+ 28  ლეღვის ხეს დააკვირდით და ისწავლეთ: როცა ყლორტებს გამოიტანს და შეიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.+ 29  თქვენც, როცა დაინახავთ ამ ყოველივეს, იცოდეთ, რომ ის* კარზეა მომდგარი.+ 30  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 31  ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+ 32  მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ.+ 33  ყურადღებით იყავით და იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო.+ 34  ეს ისეა, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე კაცმა თავისი სახლი მონებს რომ ჩააბაროს,+ თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, და დარაჯს უბრძანოს, იფხიზლეო.+ 35  მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი:+ დღის ბოლოს, შუაღამისას, გამთენიისას თუ დილით ადრე,+ 36  რათა მოულოდნელად რომ მოვა, მძინარეთ არ მოგისწროთ.+ 37  რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“+

სქოლიოები

იგულისხმება კაცის ძე.