არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თაღლითობა გლობალური პრობლემა

თაღლითობა გლობალური პრობლემა

თაღლითობა გლობალური პრობლემა

მომხიბლავი და თავაზიანი ვეინი ისეთ მამაკაცად ეჩვენებოდა კარენს, რომელსაც ცოლად გაჰყვებოდა. „ის ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ვლოცულობდი და ვოცნებობდი, — ამბობდა კარენი. — ყველა, ვინც ერთად გვხედავდა, ამბობდა, რომ ძალიან ვუხდებოდით ერთმანეთს. მე ის მაღმერთებდა“.

მაგრამ მათ ბედნიერებას ერთი რამ უშლიდა ხელს. ვეინმა კარენს უთხრა, რომ ავსტრალიის საიდუმლო დაზვერვისა და უშიშროების სამსახურში მესამე თანამდებობა ეკავა. მას სამსახურის მიტოვება სურდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ნებას არ დართავდნენ. მან ხომ ძალიან ბევრი რამ იცოდა. მათ შეიძლება მოეკლათ კიდეც ის! წყვილმა ერთად შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი დაქორწინდებოდნენ და თავიანთი ერთობლივი თანხებით ავსტრალიიდან კანადაში გადაიხვეწებოდნენ. კარენმა გაყიდა მთელი თავისი ქონება და ფული ვეინს ანდო.

ისინი დაქორწინდნენ. ვეინი ქვეყნიდან კარენის გარეშე გაიქცა. მან საბანკო ანგარიშზე ის მხოლოდ ოთხი ამერიკული დოლარის ანაბარა დატოვა. მალე კარენმა გაიგო — კარგად მოფიქრებული ტყუილის ხაფანგში გაება, რომელიც სპეციალურად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისთვის იყო დაგებული. ვეინი მხოლოდ იმ მამაკაცის როლს თამაშობდა, რომელიც მას უნდა მოსწონებოდა. მისი ისტორია, ინტერესები, ხასიათი და სიყვარული გამოგონილი იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ კარენის ნდობა მოეპოვებინა — ნდობა, რომელიც მას 200 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ერთმა პოლიციელმა თქვა: „ის ემოციურად განადგურდა. ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამან შეიძლება დაუჯერებლად დიდი გულისტკივილი მოუტანოს ადამიანს“.

„გონზე ვერ მოვსულვარ, — თქვა კარენმა. — კაცი, რომელ პიროვნებადაც თავს ასაღებდა, სინამდვილეში, არ არსებობდა“.

მსოფლიოში თაღლითებისგან უამრავ მოტყუებულთა შორის კარენი ერთ-ერთია. თუმცა ცნობილი არ არის, რამდენ თანხას სძალავენ თაღლითები სხვებს, მაგრამ ის შეიძლება ასობით მილიარდ დოლარს აღწევდეს. ეს რიცხვი ყოველ წელს მატულობს. ფინანსური დანაკარგის გარდა, კარენის მსგავსად დაზარალებულები დიდ ემოციურ ტკივილს განიცდიან, როცა იგებენ — მწარედ მოატყუა ადამიანმა, რომელსაც ასე ენდობოდნენ.

სიფრთხილის გამოვლენა საუკეთესო თავდაცვაა

თაღლითობას უწოდებენ „მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლებას ან ქონებაზე უფლების მიღებას, აგრეთვე ქონებრივ გამორჩენას მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით“. სამწუხაროდ, თაღლითთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება, რადგან ხშირად რთულია იმის დამტკიცება, რომ ტყუილი წინასწარგანზრახული იყო. ამასთანავე, მრავალი თაღლითი კარგად ერკვევა კანონის წვრილმან მხარეებში და იციან, როგორ მოატყუონ ადამიანები ისე, რომ დანაშაულის დამტკიცება რთული ან შეუძლებელი იყოს. უფრო მეტიც, სასამართლოში თაღლითის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად, ჩვეულებრივ, დრო და ფულია საჭირო. ამიტომ, დანაშაულისთვის მხოლოდ ისინი ისჯებიან, ვინც მილიონობით დოლარი მოიპარა ან ისეთი რამ ჩაიდინა, რაც სკანდალის მიზეზი გახდა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ხშირად თაღლითის დაკავება და დასჯა მხოლოდ მაშინ ხერხდება, როცა მან უკვე დახარჯა ან გადამალა მოტყუებით გამოძალული ფული. ამიტომ, შეიძლება იშვიათად მოხდეს ისე, რომ დაზარალებულმა თავისი დანაკარგი დაიბრუნოს.

უბრალოდ რომ ვთქვათ, თუ მოგატყუეს, ფულის უკან დაბრუნების იმედი შეიძლება ან ძალიან მცირე იყოს, ან საერთოდ არ არსებობდეს. ამიტომ, უმჯობესია სიფრთხილე გამოავლინოთ და ტყუილის მახეში არ გაებათ, ვიდრე შემდეგ გზები ეძებოთ დანაკარგის დასაბრუნებლად. ერთმა ბრძენმა კაცმა დიდი ხნის წინათ დაწერა: „გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ“ (იგავები 22:3). შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი თაღლითებისგან.