მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ქებათა ქება“
იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ქებათა ქება“
„როგორც შროშანი ეკლიან სარეველებს შორის, ასევეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“. „როგორც ვაშლის ხეა ტყის ხეებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის“. „ვინ არის ეს ქალი, განთიადივით მომზირალი, სავსე მთვარესავით ლამაზი, კაშკაშა მზესავით სუფთა?“ (ქებათა ქება 2:2, 3; 6:10). რა ლამაზი სიტყვებია ნათქვამი ბიბლიის წიგნ „ქებათა ქებაში“! მთელი წიგნი აზრით აღსავსე შესანიშნავი პოემაა, რომელსაც „უმშვენიერესი (საუკეთესო) სიმღერა“ ეწოდება (ქებათა ქება 1:1).
წიგნი „ქებათა ქება“ ძვ. წ. დაახლოებით 1020 წელს ძველი ისრაელის მეფის, სოლომონის, მიერ არის დაწერილი; როგორც ჩანს, მან ეს წიგნი თავისი 40-წლიანი მეფობის დასაწყისში დაწერა. ეს სიმღერა მოგვითხრობს მწყემსი ბიჭისა და შულამელი გოგონას სასიყვარულო ამბავს. წიგნში აგრეთვე მოხსენიებულნი არიან გოგონას დედა, ძმები, „იერუსალიმის ასულნი“ [მეფის მომსახურე ქალები] და „სიონის ასულნი“ [იერუსალიმელი ქალები] (ქებათა ქება 1:5; 3:11). ერთი შეხედვით, მკითხველისთვის რთულია იმის დადგენა, ვინ როდის ლაპარაკობს, მაგრამ ამის გაგება შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ისინი ამბობენ ან რასაც მათ ეუბნებიან.
„ქებათა ქება“ ღვთის სიტყვის ნაწილია, ამიტომ ის, რაც მასშია ჩაწერილი, ძალიან ღირებულია ორი მიზეზის გამო (ებრაელები 4:12). პირველი ის არის, რომ ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი სიყვარული ქალ-ვაჟს შორის. მეორე, ამ პოემიდან იმის დანახვა შეგვიძლია, თუ რა სიყვარული არსებობს იესოსა და ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას შორის (2 კორინთელები 11:2; ეფესოელები 5:25—31).
„ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში“
„მაკოცოს თავისი ბაგეებით. შენი ალერსი ღვინოს სჯობია“ (ქებათა ქება 1:2). ეს სიტყვები, რომლითაც იწყება წიგნი „ქებათა ქება“ ეკუთვნის სოფელში მცხოვრებ თავმდაბალ გოგონას, რომელიც სოლომონის სამეფო კარვებში მიიყვანეს. როგორ აღმოჩნდა ის იქ?
„დედაჩემის ვაჟები განმირისხდნენ, — ამბობს გოგონა. — ვენახის მცველად დამაყენეს“. ძმები გაბრაზებულები არიან მასზე იმის გამო, რომ მწყემსმა ბიჭმა, რომელიც მათ დას უყვარს, გოგონას შესთავაზა, გაზაფხულის ერთ საამურ დღეს ერთად გაესეირნათ. წასვლაში რომ ხელი შეუშალონ, ძმები მას ვენახში აგზავნიან, რათა დაიცვას ის ‘პატარა მელიებისგან, ვენახებს რომ აფუჭებენ’. ამგვარად შულამელი გოგონა სოლომონის ბანაკთან ახლოს აღმოჩნდება. მისი სილამაზე შეუმჩნეველი არ რჩება, როცა „კაკლის ხეების ბაღში“ ჩადის, და ის მეფის კარვებში მიჰყავთ (ქებათა ქება 1:6; 2:10—15; 6:11).
გოგონა ამბობს, რომ ძლიერ ენატრება თავისი შეყვარებული, მწყემსი ბიჭი; მეფის მომსახურე ქალები კი ეუბნებიან, რომ ‘წავიდეს და გაჰყვეს ფარის ნაკვალევს’ და მოძებნოს ის. მაგრამ სოლომონი არ უშვებს მას. მისი სილამაზით აღტაცებული მეფე ხოტბას ასხამს შულამელს და ‘ვერცხლით მოჭედილ ოქროს გვირგვინებს’ ჰპირდება. მაგრამ გოგონა არ იხიბლება ამ სიტყვებით. მწყემსი ბიჭი შედის სოლომონის ბანაკში, პოულობს შულამელს და ეუბნება: „რა ლამაზი ხარ, ქებათა ქება 1:8—11, 15; 2:7; 3:5).
ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ!“ გოგონა აფიცებს მეფის მომსახურე ქალებს: „ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“ (პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:2, 3. რატომ არის მწყემსი ბიჭის ალერსი შედარებული ღვინოს, მისი სახელი კი — ზეთს? როგორც ღვინო ამხიარულებს კაცის გულს, თავზე ზეთის დასხმა კი ამშვიდებს ადამიანს, ბიჭის სიყვარული და მისი სახელის ხსენება აძლიერებს და ანუგეშებს შულამელს (ფსალმუნები 23:5; 104:15). ჭეშმარიტ ქრისტიანებს, განსაკუთრებით კი ცხებულებს, მსგავსადვე აძლიერებს და ამხნევებს იმ სიყვარულზე დაფიქრება, რომელსაც იესო ქრისტე ავლენს მათ მიმართ.
1:5. რატომ ადარებს ეს შავგვრემანი გოგონა თავის პირისახეს „კედარის კარვებს“? თხისურისგან დამზადებულ ქსოვილს ბევრ რამეში იყენებდნენ (რიცხვები 31:20). მაგალითად, „თხისურის ქსოვილები კარავზე გადასაფარებლად“ გამოიყენებოდა (გამოსვლა 26:7). ბედუინების კარვების მსგავსად, რომლებიც დღესაც კი შავი თხისურისგან მზადდება, კედარის კარვებსაც, როგორც ჩანს, ამ ქსოვილით ამზადებდნენ.
1:15. რას გულისხმობს მწყემსი ბიჭი სიტყვებში: „თვალები მტრედისას მიგიგავს“? მწყემსი ამბობს, რომ თავისი შეყვარებულის თვალები იმდენად თბილი და ნაზია, რომ მტრედისას ჰგავს.
2:7; 3:5. რატომ აფიცებს შულამელი გოგონა მეფის მომსახურე ქალებს „ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს“? ქურციკებსა და ფურირმებს მათი გრაციოზულობისა და სილამაზისთვის აფასებდნენ. როგორც ჩანს, შულამელი აფიცებს მომსახურე ქალებს ყველაფერს, რაც თვალისთვის საამო და ლამაზია, რათა არ გააღვიძონ მასში სიყვარული.
რას ვსწავლობთ:
1:2; 2:6. შეიძლება არაფერი იყოს ცუდი იმაში, თუ ქალ-ვაჟი ტრფობის პერიოდში სიყვარულს ალერსით, ყოველგვარი ვნების გარეშე, გამოხატავს. მაგრამ, ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მათი სუფთა გრძნობები არ გადაიზარდოს უწმინდურ ვნებაში, რამაც შესაძლოა უზნეობის ჩადენამდეც კი მიიყვანოს ისინი (გალატელები 5:19).
1:6; 2:10—15. გოგონა ძმებმა არ გაუშვეს შეყვარებულთან ერთად მთებში, სადაც ისინი მარტოები აღმოჩნდებოდნენ. ეს იმიტომ კი არ დაუშალეს, რომ მის პატიოსნებაში ეჭვი ეპარებოდათ ან ფიქრობდნენ, რომ მათ დას არასწორი მოტივები ამოძრავებდა, არამედ იმიტომ, რომ სიფრთხილე გამოიჩინეს, რათა მათი და ისეთ სიტუაციაში არ ჩავარდნილიყო, რომელიც მას ცდუნების წინაშე დააყენებდა. შეყვარებულ წყვილს აქედან იმის სწავლა შეუძლია, რომ მოერიდონ განმარტოებულ ადგილებს.
2:1—3, 8, 9. გარეგნული სილამაზის მიუხედავად, შულამელი გოგონა თავმდაბლად ადარებს საკუთარ თავს „ზღვისპირა დაბლობზე ამოსულ ზაფრანას“. გოგონას სილამაზისა და იეჰოვასადმი მისი ერთგულების გამო მწყემსი ბიჭი ადარებს მას „შროშანს ეკლიან სარეველებს შორის“. რის თქმა შეიძლება თვითონ ბიჭზე? რადგან ისიც წარმოსადეგი გარეგნობისა იყო, შულამელი მას „ქურციკს“ ამსგავსებს. როგორც ჩანს, ისიც იეჰოვას ერთგული, ღვთისმოშიში პიროვნებაა. „როგორც ვაშლის ხეა [რომელიც ჩრდილსა და ნაყოფს იძლევა] ტყის ხეებს შორის, — ამბობს შულამელი, — ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის“. მართლაც, რწმენა და ღვთისადმი ერთგულება სწორედ ის სასურველი თვისებებია, რომლებიც მომავალ მეუღლეში უნდა ვეძებოთ!
2:7; 3:5. შულამელ გოგონას არ იზიდავს სოლომონი. ის მეფის მომსახურე ქალებსაც აფიცებს, რომ არავის მიმართ არ აღუძრან სიყვარული, გარდა მწყემსი ბიჭისა. შეუძლებელია და არცაა მოსაწონი ქრისტიანისთვის ნებისმიერი ადამიანის შეყვარება. ქრისტიანმა, რომელიც დაქორწინებას აპირებს, მომავალ მეუღლედ მხოლოდ იეჰოვას ერთგული მსახური უნდა აირჩიოს (1 კორინთელები 7:39).
„რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“
რაღაც „უდაბნოდან . . . მოდის კვამლის სვეტებივით“ (ქებათა ქება 3:6). რას ხედავენ იერუსალიმელი ქალები? ისინი ხედავენ, რომ სოლომონი და მისი მხლებლები ქალაქში ბრუნდებიან. მეფეს შულამელიც მოჰყავს თან.
მწყემსი ბიჭი მიჰყვება შულამელს და მალევე პოულობს მას. როდესაც ბიჭი არწმუნებს შულამელს თავის სიყვარულში, გოგონა ეუბნება, რომ სურს ქალაქის დატოვება: „სანამ სუნთქავს დღე და ქრებიან ჩრდილები, ავალ სმირნას მთაზე და გუნდრუკის გორაზე“. ის სთავაზობს მწყემსს, რომ ‘მივიდეს თავის ბაღში და ჭამოს საუკეთესო ხილი’, რაზეც ბიჭი პასუხობს: „ჩემს ბაღში შევედი, ჩემო დაო, ჩემო საცოლევ“. იერუსალიმელი ქალები ეუბნებიან მათ: „ჭამეთ, მეგობრებო! სვით და ალერსით დათვერით!“ (ქებათა ქება 4:6, 16; 5:1).
შულამელი გოგონა მეფის მომსახურე ქალებს უყვება სიზმარს და ეუბნება: „სიყვარულით დასნეულებული ვარ“. ისინი ეკითხებიან: „რითი სჯობია შენი სატრფო სხვის სატრფოებს?“ გოგონა პასუხობს: „ჩემი სატრფო თვალწარმტაცია და წითური, ათი ათასში გამორჩეული“ (ქებათა ქება 5:2—10). სოლომონი ლამაზ სიტყვებს არ იშურებს გოგონას საქებრად, რაზეც შულამელი თავმდაბლად პასუხობს: „რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“ (ქებათა ქება 6:4—13). გოგონას პასუხიდან მეფე ასკვნის, რომ შესაძლებლობა მიეცა, მოინადიროს მისი გული, და უფრო მეტად ასხამს ხოტბას. მაგრამ ვერაფერი აქრობს მწყემსი ბიჭისადმი შულამელი გოგონას სიყვარულს. ბოლოს სოლომონი უფლებას აძლევს მას, რომ სახლში დაბრუნდეს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
4:1; 6:5. რატომ არის ქალიშვილის თმა შედარებული „თხის ფარას“? ეს შედარება იმას გულისხმობს, რომ გოგონას ჰქონდა ხშირი და მბზინავი თმა, რაც თხის შავ ბალანს ჰგავდა.
4:11. რა იგულისხმება იმაში, რომ შულამელს ‘ბაგეებიდან ფიჭის თაფლი გადმოსდიოდა’ და ‘რძე და თაფლი ჰქონდა ენის ქვეშ’? ფიჭის თაფლი უფრო არომატული და ტკბილია, ვიდრე გამოწურული თაფლი. როგორც ეს გამოთქმა, ასევე ის აზრი, რომ შულამელს ენის ქვეშ რძე და თაფლი აქვს, იმას უსვამს ხაზს, რომ მისი პირიდან ყოველთვის კარგი და საამური სიტყვები მოედინებოდა.
5:12. რას ნიშნავს შემდეგი გამოთქმა: „მისი თვალები თითქოს მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში რომ ბანაობენ“? ამ სიტყვებით შულამელი გოგონა აღწერს თავისი შეყვარებული მწყემსი ბიჭის ლამაზ თვალებს. შესაძლოა გოგონა ბიჭის თეთრი გარსით შემოვლებულ მუქ თვალებს მხატვრული ენით ადარებს რძეში მობანავე მონაცრისფრო მტრედებს.
5:14, 15. რატომ არის მწყემსის ხელ-ფეხი ასე აღწერილი? როგორც ჩანს, გოგონა თლილ ოქროს მწყემსის თითებს ადარებს, ხოლო ქრიზოლითს — მის ფრჩხილებს. ის ბიჭის ფეხებს „მარმარილოს სვეტებს“ უწოდებს, რადგან მას ძლიერი და სწორი ფეხები აქვს.
6:4. იერუსალიმი იგულისხმება ამ მუხლში მოხსენიებულ „მშვენიერ ქალაქში“? არა. „მშვენიერ ქალაქში“ „თირცა“ იგულისხმება. იესო ნავეს ძის მიერ დაპყრობილი ქანაანელთა ეს ქალაქი სოლომონის მეფობის შემდეგ ისრაელის ათი ტომისგან შემდგარი სამეფოს პირველი დედაქალაქი გახდა (იესო ნავეს ძე 12:7, 24; 1 მეფეები 16:5, 6, 8, 15). „ეს ქალაქი ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო, — ნათქვამია ერთ ნაშრომში, — და ალბათ ამიტომაც არის ის აქ ნახსენები“.
6:13. რა არის „ორი ბანაკის ცეკვა“? ეს გამოთქმა შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „მახანაიმის ცეკვა“. ამ სახელით წოდებული ქალაქი მდებარეობდა მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით, იაბოკის ხევთან (დაბადება 32:2, 22; 2 სამუელი 2:29). „ორი ბანაკის ცეკვა“ შეიძლება მიუთითებდეს გარკვეულ ცეკვაზე, რომელსაც ამ ქალაქში დღესასწაულის დროს ასრულებდნენ.
7:4. რატომ ადარებს სოლომონი შულამელის კისერს „სპილოს ძვლის კოშკს“? უფრო ადრე გოგონა შემდეგ საქებარ სიტყვებს ისმენს: „შენი კისერი დავითის კოშკს ჰგავს“ (ქებათა ქება 4:4). კოშკი მაღალია და ვიწრო, სპილოს ძვალი კი — გლუვი. სოლომონი მოხიბლულია გოგონას მაღალი, გლუვი კისრით.
რას ვსწავლობთ:
4:7. არასრულყოფილების მიუხედავად, შულამელი უარს ამბობს სოლომონის შემოთავაზებებზე, რითაც ამტკიცებს, რომ მაღალზნეობრივი ადამიანია. მისი ზნეობრივი სიმტკიცე მის სილამაზეს უფრო მიმზიდველს ხდის. სწორედ ასეთები უნდა იყვნენ ქრისტიანი ქალები.
4:12. ღობეშემოვლებულ და კედლით დაცულ მშვენიერ ბაღში შეღწევა მხოლოდ ჩაკეტილი ჭიშკრის გაღებითაა შესაძლებელი; ამ მხრივ შულამელი გოგონა ბაღს ჰგავს — ის მხოლოდ თავისი მომავალი მეუღლის მიმართ ავლენს სიყვარულს. მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითია დაუქორწინებელი ქრისტიანი მამაკაცებისა და ქალებისთვის!
„იაჰის ალი“
„ვინ არის ეს ქალი, უდაბნოდან რომ მოდის თავის სატრფოზე დაყრდნობილი?“ — კითხულობენ შულამელის ძმები, როდესაც მას სახლისკენ მომავალს ხედავენ. ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „თუ იგი კედელი იქნება, მასზე ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ; მაგრამ თუ კარი იქნება, კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“. ახლა, როდესაც შულამელმა მწყემსისადმი თავისი სიყვარული და ერთგულება დაამტკიცა, ის ამბობს: „მე კედელი ვარ და ჩემი ძუძუები კოშკებივითაა. ამიტომაც ვგავარ მის თვალში მშვიდობის მპოვნელს“ (ქებათა ქება 8:5, 9, 10).
ჭეშმარიტი სიყვარული „იაჰის ალია“. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი სიყვარული იეჰოვასგან მომდინარეობს. სწორედ მან ჩადო ჩვენში სიყვარულის უნარი. ეს არის ჩაუქრობელი ალი. „ქებათა ქება“ ხატოვნად აღწერს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული სიყვარული შეიძლება „სიკვდილივით ძლიერი“ იყოს (ქებათა ქება 8:6).
სოლომონის ულამაზესი სიმღერა აგრეთვე ნათელს ჰფენს იმ კავშირს, რომელიც იესო ქრისტესა და მისი ზეციერი „პატარძლის“ კლასს შორის არსებობს (გამოცხადება 21:2, 9). იესოს სიყვარული ცხებული ქრისტიანების მიმართ ბევრად აღემატება ქალ-ვაჟის სიყვარულს. „პატარძლის“ კლასი ურყევად ერთგულია იესოს მიმართ. იესომ „სხვა ცხვრებისთვისაც“ სიყვარულით გაიღო თავისი სიცოცხლე (იოანე 10:16). ამიტომ, ღვთის ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს შეუძლია მიჰბაძოს შულამელის მაგალითს და ურყევი სიყვარული და ერთგულება გამოავლინოს.
[სურათი 18, 19 გვერდებზე]
როგორც „ქებათა ქებიდან“ ვიგებთ, რა უნდა ვეძებოთ მომავალ მეუღლეში?