არჩეულ მასალაზე გადასვლა

„ყოველმხრივ აღჭურვილი... ნებისმიერი კარგი საქმისთვის“

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა

„ყოველმხრივ აღჭურვილი... ნებისმიერი კარგი საქმისთვის“

2020 წლის 21 ივნისს საქართველოში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც 19 521 ადამიანი დაესწრო, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა გამოაცხადა, რომ ქართულ ენაზე გამოვიდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა.

ქართულ ენაზე იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2006 წელს მიიღეს. * ეს თარგმანი 221 049-იანი ტირაჟით გამოიცა და მთელ მსოფლიოში 18  000-ზე მეტი ქართულენოვანი იეჰოვას მოწმისთვის გახდა ხელმისაწვდომი. რამ განაპირობა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავების საჭიროება? ვინ მიიღო მონაწილეობა ამ თარგმანის გადამუშავებაში? რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა სანდოა? რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს გამოცემა, რომელიც მკითხველს დაეხმარება, რომ „ყოველმხრივ აღჭურვილი ... იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“? (2 ტიმოთე 3:16, 17).

რამ განაპირობა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავების საჭიროება

ბუნებრივია, დროის სვლასთან ერთად ენაც იცვლება, ამიტომ ბიბლიის თარგმანს დროდადრო გადამუშავება ესაჭიროება, რათა თარგმანი ბუნებრივი და გასაგები იყოს. ცხადია, მოძველებულ ენაზე არსებული ბიბლია მკითხველს დიდ სარგებელს ვერ მოუტანს.

საგულისხმოა, რომ ღმერთმა ბიბლია თავის მსახურებს უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე დააწერინა. ამ გარემოების გათვალისწინებით, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია, რომ გადაემუშავებინა ინგლისურ ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“; ეს გადამუშავებული თარგმანი 2013 წელს გამოიცა. შესაბამისად, შეიქმნა იმის საჭიროება, რომ ქართულ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“ გადამუშავებულიყო. გადამუშავებული გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ჩვენი მიზანი ის იყო, რომ დედნისეული ტექსტი არა მხოლოდ მაქსიმალური სიზუსტითა და გასაგები ენით თარგმნილიყო, არამედ ადვილი საკითხავიც ყოფილიყო“.

ქართულ ენაზე შესრულებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, რომელიც 2006 წელს გამოვიდა, საფუძვლად დაედო 1984 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“. ქართული თარგმანის გადამუშავებულ გამოცემაში შევიდა ის ცვლილებები, რომლებიც ინგლისურ ენაზე შესრულებულ ბოლო გადამუშავებულ გამოცემაში იქნა შეტანილი. გარდა ამისა, ქართულ ენაზე შესრულებული გადამუშავებული თარგმანი უფრო ბუნებრივი და გასაგები გახდა.

ინგლისურ ენაზე პირველი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შემდეგ უკეთ იქნა შესწავლილი ებრაული, არამეული და ბერძნული ენები, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. ამასთანავე, ინგლისური „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შემდეგ აღმოჩენილ იქნა სხვა ხელნაწერებიც, რომელთა შესწავლის შედეგადაც ბიბლიის მთარგმნელები უკეთ ჩასწვდნენ დედნისეული ტექსტების შინაარსს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მუხლის მნიშვნელობა დაზუსტდა მეცნიერთა მიერ საყოველთაოდ აღიარებულ და სანდოდ მიჩნეულ ტექსტებზე დაყრდნობით. მაგალითად, ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, მათეს 7:13 შემდეგნაირად ითარგმნა: „შედით ვიწრო კარით, რადგან განიერია ჭიშკარი ... და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემაში ფრაზა „განიერია ჭიშკარი“ არ გვხვდება. თუმცა ხელნაწერთა სიღრმისეულმა გამოკვლევამ ცხადი გახადა, რომ ეს ფრაზა დედნისეული ტექსტის ნაწილი იყო. სწორედ ამის საფუძველზე შევიდა ეს ფრაზა ამ თარგმანში. მსგავსი ცვლილებები განხორციელდა გადამუშავებული თარგმანის სხვა მონაკვეთებშიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ცვლილებები უმნიშვნელო ხასიათისაა და ბიბლიის დედააზრს არ ცვლის.

გარდა ამისა, დამატებითი კვლევების შედეგად ცხადი გახდა, რომ ღვთის სახელი, იეჰოვა, კიდევ ექვს ადგილას უნდა აღდგენილიყო ბიბლიის გადამუშავებულ თარგმანში. ეს მუხლებია: მსაჯულების 19:18, 1 სამუელის 2:25; 6:3; 10:26; 23:14, 16. მთლიანობაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელი 7 216-ჯერ გვხვდება, მათ შორის 237-ჯერ „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“.

ვინ არიან გამომცემლები

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოცემულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“, იეჰოვას მოწმეთა იურიდიული წარმომადგენლობის მიერ. საუკუნეზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიებს მთელ მსოფლიოში ავრცელებენ. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისურ ენაზე თავდაპირველად ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტის მიერ 1950—1960 წლებში გამოიცა. ამ კომიტეტის წევრებმა ითხოვეს, რომ მათი ვინაობა მათი სიკვდილის შემდეგაც არ გამჟღავნებულიყო, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები საკუთარი თავის განდიდებისკენ არ ისწრაფოდნენ (1 კორინთელები 10:31).

2008 წელს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტი ხელახლა დააკომპლექტა. ეს კომიტეტი მაშინვე შეუდგა გადამუშავების საქმეს. მათ გაითვალისწინეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თავდაპირველი გამოცემის შემდეგ ინგლისურ ენაში მომხდარი ცვლილებები. ამ კომიტეტმა გადამუშავების პროცესში აგრეთვე გადახედა 70 000-ზე მეტ შეკითხვაზე გაცემულ პასუხებს. ეს შეკითხვები დაისვა სხვადასხვა მთარგმნელობითი ჯგუფის მიერ, რომლებმაც მთლიანობაში 120-ზე მეტ ენაზე თარგმნეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემაში იყო მონაკვეთები, სადაც მკითხველი შესაძლოა აზრს ხვდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ სწვდებოდა მის მნიშვნელობას. მაგალითად, ზოგი ებრაული იდიომი სიტყვასიტყვით იყო ნათარგმნი და შესაბამისად, მკითხველისთვის — აზრს მოკლებული. ასეთი იდიომები გადამუშავებულ გამოცემაში აზრობრივად ითარგმნა. მაგალითად, წინა გამოცემაში 1 სამუელის 25:22-ში გვხვდებოდა მამაკაცის აღმნიშვნელი შეურაცხმყოფელი ებრაული იდიომი „კედელთან მშარდავი“, რაც გადამუშავებულ თარგმანში ჩანაცვლდა სიტყვით „კაცი“.

წინა თარგმანში ებრაულ წერილებში ხშირად გვხვდებოდა ფრაზა „ნეხვიანი კერპები“. ვინაიდან ამ ფრაზაში პირდაპირი გაგებით ნეხვიანი კერპები არ იგულისხმებოდა, გადამუშავებულ თარგმანში ის „საზიზღარ კერპებად“ ითარგმნა (ლევიანები 26:30; ეზეკიელი 6:4).

ბიბლიის წინა გამოცემაში ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ და ბერძნული სიტყვა „ფსიქე“, უმეტესწილად, „სულად“ იყო ნათარგმნი. თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით ეს სიტყვები შესაძლოა ნიშნავდეს ადამიანს, სიცოცხლეს, ცოცხალ არსებას, სურვილს, მადას და ზოგჯერ მკვდარსაც კი. ამის გათვალისწინებით, სიტყვები „ნეფეშ“ და „ფსიქე“ აზრობრივად ითარგმნა, ხოლო სიტყვა „სული“ სქოლიოში ჩაიწერა (ეზეკიელი 18:4; დაბადება 1:20; იგავები 16:26; ლევიანები 19:28). თუმცა ბიბლიის პოეტურ მონაკვეთებსა თუ კარგად ნაცნობ მუხლებში ზოგ ადგილას სიტყვა „სული“ შენარჩუნდა (კანონი 6:5; იობი 27:2; იგავები 2:10; მათე 22:37).

როგორ გადამუშავდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ქართულ ენაზე

თავდაპირველად იეჰოვას მოწმეებისგან დაკომპლექტდა მთარგმნელობითი ჯგუფი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ როდესაც მთარგმნელები ჯგუფურად მუშაობენ და არა დამოუკიდებლად, თარგმანი მაღალხარისხიანი გამოდის (იგავები 11:14). ამ ჯგუფში შემავალ მთარგმნელებს უკვე ჰქონდათ იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების თარგმნის გამოცდილება. ამასთანავე, მათ გაიარეს სპეციალური ტრენინგი, შეისწავლეს ბიბლიის თარგმნის პრინციპები და ამ საქმის შესასრულებლად საჭირო კომპიუტერული პროგრამა.

ამ პროგრამის საშუალებით მთარგმნელები ადგენდნენ ბიბლიური სიტყვებისა თუ ფრაზების ზუსტ მნიშვნელობას. მთარგმნელებს აგრეთვე დიდ სამსახურს უწევდა იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს მთარგმნელთა მომსახურების განყოფილება. ბიბლიის თარგმნის საქმეს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო სამწერლო კომიტეტის მეშვეობით ზედამხედველობს. მოდი ვნახოთ, რა კონკრეტული ამოცანის წინაშე იდგნენ ბიბლიის მთარგმნელები.

ბიბლიის მთარგმნელთა მიზანი მდგომარეობდა შემდეგში: 1) თარგმანი უნდა ყოფილიყო ზუსტი და, ამავდროულად, უბრალო ხალხისთვის გასაგები ენით დაწერილი, 2) უნდა ყოფილიყო თანამიმდევრული და 3) დედნისეული ტექსტი სიტყვასიტყვით უნდა თარგმნილიყო იქ, სადაც ენა მისცემდა მათ ამის საშუალებას. როგორ იქნა მიღწეული ეს მიზანი? მოდი მიმოვიხილოთ, როგორ მიმდინარეობდა უშუალოდ გადამუშავების პროცესი. მთარგმნელობითი ჯგუფი, პირველ რიგში, აკვირდებოდა, თუ რომელი ქართული შესატყვისებით იყო ნათარგმნი დედნისეული სიტყვები და ფრაზები 2006 წელს გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“. კომპიუტერული პროგრამის, „საგუშაგო კოშკის თარგმნის სისტემის“, დახმარებით მთარგმნელები ნახულობდნენ ამა თუ იმ ბიბლიური სიტყვის მონათესავე სიტყვასა თუ სინონიმს. ეს პროგრამა მთარგმნელებს იმის საშუალებასაც აძლევდა, რომ ენახათ ბერძნული და ებრაული სიტყვები და ის, თუ როგორ იყო ეს სიტყვები ნათარგმნი სხვა მონაკვეთებში. ეს ყოველივე დიდ დახმარებას უწევდა მათ იმის დადგენაში, თუ რამდენად შეესაბამებოდა არსებულ თარგმანში ქართული შესატყვისები დედნისეულ სიტყვებსა თუ ფრაზებს. თითოეული მუხლის წაკითხვის შემდეგ მთარგმნელობითი ჯგუფი ადგენდა დედნისეული სიტყვებისა თუ ფრაზების მნიშვნელობებს და არჩევდა შესაფერის ქართულ შესატყვისებს, რათა გადამუშავებული ტექსტი ბუნებრივი და ადვილად გასაგები ყოფილიყო.

ბიბლიის თარგმნის პროცესი ცალკეული სიტყვებისა თუ ფრაზების თარგმნაზე გაცილებით მეტს მოიცავს. მისი თარგმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მთარგმნელები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ შერჩეული სიტყვები თუ ფრაზები ზუსტად გამოხატავს თითოეული ბიბლიური მუხლის აზრს და, ამავდროულად, კონტექსტის შესაბამისია. ამაზე გადამუშავებული თარგმანიც მოწმობს. ქართულ ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ღვთის სიტყვის არა მხოლოდ ზუსტი და ძველ ხელნაწერებთან შესაბამისი თარგმანია, არამედ გასაგები და ადვილად საკითხავიც.

ასე რომ, წაიკითხეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ამავე ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში ან JW ბიბლიოთეკაში. თუ დაბეჭდილი ბიბლია გნებავთ, სთხოვეთ ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს. შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენ გექნებათ თარგმანი, რომელშიც ღვთივშთაგონებული სიტყვა მაქსიმალური სიზუსტითაა გადმოტანილი.

 

გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თავისებურებანი

ძირითადი ბიბლიური საკითხები: აქ თავმოყრილია 20 ძირითადი ბიბლიური საკითხი ბიბლიური მუხლებითურთ.

მოკლე შინაარსი: ბიბლიის თითოეული წიგნის დასაწყისში მოცემულია ამ წიგნის მოკლე შინაარსი, რაც ამა თუ იმ ბიბლიური მონაკვეთის მოძებნას აადვილებს. ამ თავისებურებამ ჩაანაცვლა წინა გამოცემის თითოეული გვერდის თავში მოცემული კოლონტიტულები.

მარგინალური მუხლები: თარგმანს დართული აქვს ქადაგებასა თუ სწავლებაში ყველაზე გამოსადეგი ბიბლიური მუხლები.

სქოლიოები: ამ გამოცემას თან ერთვის სიტყვებისა თუ ფრაზების ალტერნატიული და სიტყვასიტყვითი თარგმანი, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია.

ბიბლიური სიტყვების საძიებელი: აქ ერთიანდება ქადაგებასა თუ სწავლებაში ყველაზე გამოსადეგი ბიბლიური მუხლები.

ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი: აქ თავმოყრილია ბიბლიაში მოხსენიებული ზოგიერთი სიტყვისა თუ ფრაზის განმარტება.

დანართი ა: აქ გაეცნობით გადამუშავებული თარგმანის თავისებურებებს, კერძოდ იმას, თუ როგორია თარგმანის სტილი, რა ლექსიკური ცვლილებები განიცადა ტექსტმა და რა კრიტერიუმებით ითარგმნა ღვთის სახელი.

დანართი ბ: ეს არის 15-ნაწილიანი დანართი, სადაც წარმოდგენილია რუკები და სქემები.

^ აბზ. 4 ქართულ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები 2004 წელს გამოიცა.