არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ამტკიცებს იესო ღვთის სიმართლეს

როგორ ამტკიცებს იესო ღვთის სიმართლეს

როგორ ამტკიცებს იესო ღვთის სიმართლეს

„ღმერთმა შერიგების შესაწირავად დაადგინა ის [ქრისტე] და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე“ (რომ. 3:25).

1, 2. ა) რას ვიგებთ ბიბლიიდან კაცობრიობის მდგომარეობის შესახებ? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

ბევრისთვის ცნობილია, რა მოხდა ედემის ბაღში, რაზეც ბიბლია მოგვითხრობს. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ადამის ცოდვის შედეგებს, რომელიც შემდეგნაირად არის ახსნილი: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). როგორც არ უნდა ვცდილობდეთ სწორად მოქცევას, ყველანი მაინც ვცდებით, რის გამოც ღვთისგან პატიება გვჭირდება. მოციქულმა პავლემაც კი დაიჩივლა: „კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ, ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ . . . საწყალი ადამიანი ვარ!“ (რომ. 7:19, 24).

2 ჩვენ, როგორც დაბადებიდან არასრულყოფილ ადამიანებს, შეიძლება დაგვებადოს ასეთი კითხვები: როგორ დაიბადა იესო ნაზარეთელი უცოდველი და რატომ მოინათლა? როგორ დაამტკიცა იესომ ღვთის სიმართლე თავისი ცხოვრებით? და რაც მთავარია, რა მიზანს მოემსახურა იესოს სიკვდილი?

ღვთის სიმართლე ეჭვქვეშ დადგა

3. როგორ მოატყუა სატანამ ევა?

3 ჩვენი პირველი წინაპრები, ადამი და ევა უგუნურად მოიქცნენ და უარყვეს ღვთის უზენაესობა, რითაც მხარი დაუჭირეს ძველ გველს, „რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხ. 12:9). განვიხილოთ, როგორ განვითარდა მოვლენები. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა, იყო თუ არა იეჰოვა ღმერთი კარგი მმართველი. ის მივიდა ევასთან და ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ევამ სატანას გაუმეორა ღვთის მიერ გასაგებად ნათქვამი სიტყვები, რომ ერთ კონკრეტულ ხეს არც კი უნდა შეხებოდნენ, რათა არ მომკვდარიყვნენ. მაშინ სატანამ ღმერთს სიცრუეში დასდო ბრალი და ევას უთხრა: „არა, არ მოკვდებით“. მან ევა მოატყუა, თითქოს ღმერთი მას რაღაც კარგს უმალავდა და ნაყოფის ჭამის შემდეგ ის ღმერთივით გახდებოდა ანუ თავად გადაწყვეტდა, რა იყო კარგი და რა — ცუდი (დაბ. 3:1—5).

4. როგორ აღმოჩნდა კაცობრიობა სატანის ძალაუფლებაში?

4 ფაქტობრივად, სატანა იმას გულისხმობდა, რომ ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ადამს ღვთის უზენაესობისთვის დაეჭირა მხარი, მან ცოლს მოუსმინა და აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამა. ადამმა უარი თქვა სრულყოფილებაზე და ღმერთთან ურთიერთობაზე, რის შედეგადაც ყველას ცოდვისა და სიკვდილის უღელი დაგვადგა. ამავე დროს, კაცობრიობა ღვთის მოწინააღმდეგის, სატანის ანუ „ქვეყნიერების ღმერთის“ ძალაუფლებაში აღმოჩნდა (2 კორ. 4:4; რომ. 7:14).

5. ა) როგორ შეასრულა იეჰოვამ თავისი სიტყვა? ბ) რა იმედი მისცა ღმერთმა ადამისა და ევას შთამომავლობას?

5 იეჰოვამ შეასრულა თავისი სიტყვა და ადამი და ევა სიკვდილით დასაჯა (დაბ. 3:16—19). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იეჰოვას განზრახვა ვერ განხორციელდებოდა. მართალია, ღმერთმა ადამი და ევა დასაჯა, მაგრამ მათი შთამომავლები უიმედოდ არ დაუტოვებია. ღმერთმა განაცხადა, რომ გამოჩნდებოდა „შთამომავალი“, რომელსაც სატანა ქუსლს დაუგესლავდა. მაგრამ აღთქმული შთამომავალი მოიშუშებდა ქუსლში მიყენებულ ჭრილობას და სატანას თავს გაუჭეჭყავდა (დაბ. 3:15). ბიბლია ამ საკითხს მეტ ნათელს ჰფენს და იესოს შესახებ გვეუბნება: „ღვთის ძე სწორედ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ (1 იოან. 3:8). მაგრამ როგორ დაამტკიცა იესომ თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით ღვთის სიმართლე?

იესოს ნათლობის მნიშვნელობა

6. საიდან ვიცით, რომ იესოს ადამისგან მემკვიდრეობით არ მიუღია ცოდვა?

6 ზრდასრული იესო ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც ერთ დროს ადამი იყო (რომ. 5:14; 1 კორ. 15:45). ამისათვის ის სრულყოფილი უნდა დაბადებულიყო. მაგრამ, როგორ? ანგელოზმა გაბრიელმა იესოს დედას, მარიამს აუხსნა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკ. 1:35). როგორც ჩანს, მარიამი უყვებოდა იესოს, რა მოვლენები ახლდა თან მის დაბადებას. ერთხელ, როცა მარიამმა და იესოს მამობილმა, იოსებმა, პატარა იესო ღვთის ტაძარში იპოვეს, მან ასეთი სიტყვები უთხრა მათ: „ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ (ლუკ. 2:49). როგორც ჩანს, იესომ ბავშვობაშივე იცოდა, რომ ღვთის ძე იყო. ამიტომ მისთვის ღვთის სიმართლის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

7. რით იყო იესო განსაკუთრებული?

7 იესოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სულიერ საკითხებს, ამიტომ ის რეგულარულად ესწრებოდა თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შეკრებებს. სრულყოფილი გონებით მას შეეძლო ჩასწვდომოდა ყველაფერს, რასაც ებრაული წერილებიდან სწავლობდა (ლუკ. 4:16). მას კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ ჰქონდა — სრულყოფილი სხეული, რომელიც შეეძლო კაცობრიობის გამოსასყიდად გაეღო. ნათლობის დროს იესო ლოცულობდა და შესაძლოა ფსალმუნის 40:6—8-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებზე ფიქრობდა (ლუკ. 3:21; წაიკითხეთ ებრაელების 10:5—10). *

8. რატომ უთხრა იოანე ნათლისმცემელმა იესოს თავიდან უარი მონათვლაზე?

8 იოანე ნათლისმცემელი თავიდან იესოს უარს ეუბნებოდა მონათვლაზე. რატომ? იმიტომ, რომ ის იუდეველებს კანონის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების მონანიების ნიშნად ნათლავდა. იოანეს, როგორც იესოს ახლო ნათესავს, ეცოდინებოდა, რომ იესო უცოდველი იყო და მას მონანიება არ სჭირდებოდა. იესომ შემდეგი სიტყვებით დაარწმუნა იოანე, რომ ის აუცილებლად უნდა მონათლულიყო: „ასე გვმართებს მთელი სიმართლის შესრულება“ (მათ. 3:15).

9. რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს ნათლობას?

9 იესომ, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა იცოდა, რომ ადამის მსგავსად მასაც ჰქონდა უნარი, დასაბამი მიეცა სრულყოფილი შთამომავლობისთვის. მაგრამ იესოს არასოდეს გასჩენია ამის სურვილი, რადგან იეჰოვას ეს არ ჰქონდა მისთვის განზრახული. ღმერთმა იმიტომ გამოგზავნა იესო დედამიწაზე, რომ აღთქმული შთამომავლის ანუ მესიის როლი შეესრულებინა. ამაში შედიოდა იესოს სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება (წაიკითხეთ ესაიას 53:5, 6, 12). ცხადია, იესოს ნათლობას და ჩვენს ნათლობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. იესოს შემთხვევაში ნათლობაში იეჰოვასთვის თავის მიძღვნა არ იგულისხმებოდა, რადგანაც იესო უკვე ისრაელის, ღვთისთვის მიძღვნილი ერის შვილი იყო. იესომ ნათლობით თავი წარუდგინა ღმერთს, რომ შეასრულებდა მის ნებას, როგორც წმინდა წერილებში იყო ნაწინასწარმეტყველები.

10. რა უნდა გაეკეთებინა მესიას ღვთის ნების თანახმად და როგორ ეკიდებოდა იესო თავის დავალებას?

10 იეჰოვას სურდა, რომ იესოს დედამიწაზე ექადაგა სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, მოწაფეებად მოემზადებინა ხალხი და მათთვის ისიც ესწავლებინა, თუ როგორ გაეგრძელებინათ მისი საქმე მომავალში. იესომ ღმერთს წარუდგინა თავი, რითაც აჩვენა, რომ მზად იყო ღვთის სამართლიანი ხელისუფლების მხარდასაჭერად აეტანა დევნა და მტანჯველი სიკვდილი. იესოს ძალიან უყვარდა თავისი ზეციერი მამა და სიხარულს ანიჭებდა მისი ნების შესრულება. მან მზადყოფნით წარუდგინა ღმერთს თავისი სხეული მსხვერპლად (იოან. 14:31). მას უხაროდა, რომ შეეძლო თავისი სრულყოფილი სიცოცხლე ღვთისთვის წარედგინა, როგორც გამოსასყიდი ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან კაცობრიობის დასახსნელად. ცხადია, იეჰოვამ მოიწონა ის, რომ იესომ ეს დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

11. როგორ დაამოწმა იეჰოვამ, რომ იწონებდა იესოს, როგორც აღთქმულ მესიას ანუ ქრისტეს?

11 ოთხივე სახარებაში მოხსენიებულია, როგორ გამოხატა იეჰოვამ მოწონება თავისი ძის მიმართ, როცა ის მდინარე იორდანიდან ამოვიდა. აი, რა თქვა იოანე ნათლისმცემელმა: „მე დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დარჩა მასზე [იესოზე] . . . მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა“ (იოან. 1:32—34). გარდა ამისა, თავად იეჰოვამაც დაამოწმა იესოზე: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17; მარ. 1:11; ლუკ. 3:22).

სიკვდილამდე ერთგული

12. რას აკეთებდა იესო ნათლობის შემდეგ, სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში?

12 მომდევნო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იესო ხალხს თავისი მამის და მისი სიმართლის შესახებ ასწავლიდა. იესომ ფეხით მოიარა აღთქმული მიწა. მართალია ის იღლებოდა, მაგრამ მისთვის ხელი არაფერს შეუშლია, რომ საფუძვლიანად დაემოწმებინა ჭეშმარიტების შესახებ (იოან. 4:6, 34; 18:37). იესო ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა. ის სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს, აპურებდა მშივრებს და მკვდრებსაც აღადგენდა, რითაც აჩვენა, თუ რას გააკეთებდა ღვთის სამეფო კაცობრიობისთვის მომავალში (მათ. 11:4, 5).

13. რა გვასწავლა იესომ ლოცვასთან დაკავშირებით?

13 იესო სწავლებისა და სასწაულებრივად განკურნების უნარს არასოდეს იყენებდა საკუთარი თავის განსადიდებლად. ის მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებდა, რითაც თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 5:19; 11:41—44). იესომ გვასწავლა, რაზე უნდა გველოცა. ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ, რომ ღვთის სახელი განიწმინდოს, მისმა სამართლიანმა უზენაესმა სამეფომ შეცვალოს სატანის ბოროტი მმართველობა და შესრულდეს ღვთის ნება „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9, 10). იესომ ისიც გვასწავლა, რომ ლოცვის თანახმად გვემოქმედა: „უპირველესად ეძებეთ [ღვთის] სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33).

14. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი იყო, რატომ არ იყო იესოსთვის ადვილი ღვთის განზრახვის შესრულება?

14 რაც უფრო ახლოვდებოდა მისი სიკვდილის დრო, მით უფრო განიცდიდა იესო დაკისრებული პასუხისმგებლობის გამო. მისი მამის განზრახვის განხორციელება და რეპუტაცია დამოკიდებული იყო იმაზე, გაუძლებდა თუ არა იესო უსამართლო ტანჯვას და წამებით სიკვდილს. სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, იესო ლოცულობდა: „ახლა ჩემი სული აფორიაქებულია და რა ვთქვა? მამა, მიხსენი ამ საათისგან; თუმცა ამისთვის მოვედი ამ საათამდე“. ადამიანური განცდების მიუხედავად, იესომ ყურადღება ისევ უფრო მნიშვნელოვანზე გადაიტანა და ღმერთს ლოცვით მიმართა: „მამა, განადიდე შენი სახელი“. იეჰოვამ მაშინვე მიუგო: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოან. 12:27, 28). იესო მზად იყო, გაეძლო ერთგულების იმ უდიდესი გამოცდისთვის, რომელიც სხვა არც ერთ ადამიანს არ გადაუტანია. თავისი ზეციერი მამის სიტყვების მოსმენა იესოს იმაში დაარწმუნებდა, რომ ის შეძლებდა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერას. იესომ ეს მართლაც შეძლო!

რას მოემსახურა იესოს სიკვდილი?

15. რატომ თქვა იესომ სიკვდილამდე: „შესრულდა!“?

15 წამების ბოძზე დაკიდებულმა იესომ, უკანასკნელი ამოსუნთქვისას თქვა: „შესრულდა!“ (იოან. 19:30). მართლაც რამდენი რამ შეასრულა იესომ ღვთის დახმარებით ნათლობიდან სიკვდილამდე, სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში! მისი სიკვდილის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ამის დანახვაზე ასისთავმა, რომელიც იესოს სიკვდილით დასჯას ხელმძღვანელობდა, აღიარა: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“ (მათ. 27:54). ის, როგორც ჩანს, თავად იყო იმის მომსწრე, როგორ დასცინოდნენ იესოს იმის გამო, რომ თავს ღვთის ძეს უწოდებდა. ყველაფრის მიუხედავად იესო ერთგული დარჩა და დაამტკიცა, რომ სატანა ბოროტი მატყურაა. ღვთის უზენაესობის მხარდამჭერთა შესახებ სატანას ნათქვამი ჰქონდა: „სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4). თავისი ერთგულებით იესომ დაამტკიცა, რომ ადამსა და ევასაც შეეძლოთ, ერთგულები ყოფილიყვნენ გაცილებით მარტივი გამოცდის დროს. და რაც მთავარია, იესომ თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით მხარი დაუჭირა იეჰოვას სამართლიან უზენაეს ხელისუფლებას (წაიკითხეთ იგავების 27:11 ). მაგრამ იესოს სიკვდილი სხვა რამესაც მოემსახურა.

16, 17. ა) რის საფუძველზე ჩაითვალნენ ქრისტემდე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები მართლებად? ბ) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ თავისი ძე ერთგულებისთვის და რას აკეთებს დღემდე უფალი იესო ქრისტე?

16 იესომდე იეჰოვას მრავალი მსახური ცხოვრობდა დედამიწაზე. ისინი ღვთის თვალში მართლებად ითვლებოდნენ და მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდათ (ეს. 25:8; დან. 12:13). მაგრამ რის საფუძველზე აკურთხა წმინდა ღმერთმა, იეჰოვამ, ეს ცოდვილი ადამიანები? ბიბლიაში ამის შესახებ ნათქვამია: „ღმერთმა შერიგების შესაწირავად დაადგინა ის [იესო ქრისტე] და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რადგან ღმერთი წარსულში ჩადენილ ცოდვებს პატიობდა და დიდსულოვნებას ავლენდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე ჩვენს დროში, რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს“ (რომ. 3:25, 26). *

17 იეჰოვამ აღადგინა იესო და იმაზე უფრო მაღალი მდგომარეობა უბოძა, ვიდრე დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა. ახლა იესო დიდებული, უკვდავი სულიერი ქმნილებაა (ებრ. 1:3). როგორც მღვდელმთავარი და მეფე, უფალი იესო ქრისტე კვლავაც ეხმარება თავის მიმდევრებს, დაამტკიცონ ღვთის სიმართლე. მადლიერნი ვართ ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვასი, რადგან ის აჯილდოვებს ყველას, ვინც ამტკიცებს მის სიმართლეს და მისი ძის მსგავსად ერთგულად ემსახურება მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:3; ებრაელების 11:6 ).

18. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

18 აბელიდან მოყოლებული ღვთის ყველა ერთგულ მსახურს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, რადგან მათ ღვთის ძლიერი რწმენა ჰქონდათ და სჯეროდათ, რომ აღთქმული შთამომავალი გამოჩნდებოდა. იეჰოვა დარწმუნებული იყო, რომ მისი ძე ბოლომდე ერთგული დარჩებოდა და თავისი სიკვდილით სრულყოფილად გადაიხდიდა „ქვეყნიერების ცოდვის“ საფასურს (იოან. 1:29). იესოს სიკვდილს დღეს მცხოვრებთათვისაც მოაქვს სარგებლობა (რომ. 3:26). პირადად თქვენთვის რა კურთხევები მოაქვს ქრისტეს გამოსასყიდს? ეს მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 მოციქული პავლე აქ ფსალმუნის 40:6—8-ს ბერძნული სეპტუაგინტიდან ციტირებს, რომელშიც გვხვდება ფრაზა: „სხეული გამიმზადე“. ეს ფრაზა არ გვხვდება ძველი ებრაული წერილების დღეს არსებულ ხელნაწერებში.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ დადგა ღვთის სიმართლე ეჭვქვეშ?

• რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს ნათლობას?

• რას მოემსახურა იესოს სიკვდილი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

იცით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტეს ნათლობას?