არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“

„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“

„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“

„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება“ (რომაელები 12:17).

1. რა ახასიათებთ ადამიანებს?

ერთი ბავშვი როცა მეორეს ხელს ჰკრავს, მეორეს სამაგიეროს გადახდის სურვილი უჩნდება. სამწუხაროდ, სამაგიეროს გადახდა მარტო ბავშვებს კი არა, უფროსებსაც ახასიათებთ. განაწყენებული ადამიანი ცდილობს, ვალში არ დარჩეს. შეიძლება პირდაპირი გაგებით ხელი არ ჰკრას მწყენინებელს, მაგრამ რაღაცით მაინც გადაუხადოს სამაგიერო, მაგალითად გაავრცელოს ჭორები ან საქმეში ხელი შეუშალოს. რა ხერხსაც არ უნდა მიმართოს, მიზანი ერთია — სამაგიეროს გადახდა.

2. ა) რატომ ცდილობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ აჰყვნენ სამაგიეროს გადახდის სურვილს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ და რომელ თავს გავარჩევთ ბიბლიიდან?

2 ჩვეულებრივ, სამაგიეროს გადახდის სურვილი ადამიანში ღრმად არის გამჯდარი. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველანაირად ცდილობენ, არ აჰყვნენ ამ სურვილს. ისინი მიჰყვებიან პავლე მოციქულის რჩევას: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17). რა დაგვეხმარება ამ რჩევის გათვალისწინებაში? შეიძლება საერთოდ ვინმეს გადავუხადოთ სამაგიერო? რატომ არის კარგი, თავი შევიკავოთ სამაგიეროს გადახდისგან? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, გავარჩიოთ პავლეს სიტყვები რომაელების მე-12 თავიდან, საიდანაც დავინახავთ, რომ სამაგიეროს გადახდაზე უარის თქმა სწორი საქციელია და, ამავე დროს, სიყვარულისა და მოკრძალების მაჩვენებელი.

„მაშ . . . გეხვეწებით“

3, 4. ა) რაზე მსჯელობს პავლე მოციქული რომაელების მე-12 თავში და რა მნიშვნელობით იყენებს სიტყვას „მაშ“? ბ) რისკენ უნდა აღეძრა „ღვთის თანაგრძნობას“ რომაელი ქრისტიანები?

3 რომაელების მე-12 თავში პავლე მსჯელობს ოთხ ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხზე, რომლებიც ქრისტიანის ცხოვრებას ეხება. ესენია: ურთიერთობა იეჰოვასთან, თანამორწმუნეებთან, სხვა რწმენის ადამიანებთან და სახელმწიფოსთან. არსებობს სერიოზული მიზეზი, რის გამოც უნდა ვებრძოლოთ არასწორ მიდრეკილებებს, მათ შორის სამაგიეროს გადახდის სურვილს. პავლე ამბობს: „მაშ, ძმებო, ღვთის თანაგრძნობით გეხვეწებით“ (რომაელები 12:1). ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „მაშ“, რაც მიანიშნებს, რომ პავლე ზემოთქმულიდან გამომდინარე ერთგვარ დასკვნას აკეთებს. პავლე გულისხმობს შემდეგს: „იქიდან გამომდინარე, რაც უკვე გითხარით, გევედრებით გააკეთოთ ის, რასაც ახლა გეტყვით“. რა ჰქონდა პავლეს ნათქვამი რომაელი ქრისტიანებისთვის?

4 თავისი წერილის პირველ თერთმეტ თავში პავლე ლაპარაკობს იმ დიდებულ შესაძლებლობაზე, რომელიც იუდეველებსა და უცხოტომელებს მიეცათ. მათ ქრისტესთან ერთად უნდა ემეფათ ღვთის სამეფოში. ეს შესაძლებლობა ისრაელმა ხელიდან გაუშვა (რომაელები 11:13—36). იუდეველებსა და უცხოტომელებს ქრისტესთან ერთად მეფობის შესაძლებლობა „ღვთის თანაგრძნობით“ მიეცათ. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომ დააფასონ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობა? ღრმა მადლიერების გრძნობამ ისინი უნდა აღძრას, რომ გაითვალისწინონ პავლე მოციქულის შემდეგი რჩევა: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომაელები 12:1). მაგრამ როგორ უნდა წარედგინათ რომაელ ქრისტიანებს თავიანთი სხეულები ღვთისთვის „მსხვერპლად“?

5. ა) როგორ უნდა წარუდგინოს ქრისტიანმა ღმერთს თავი „მსხვერპლად“? ბ) როგორი აზროვნება უნდა ჩანდეს ქრისტიანის საქციელში?

5 პავლე განაგრძობს: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). რომაელი ქრისტიანების აზროვნებაზე ქვეყნიერებას გავლენა არ უნდა მოეხდინა; მათ ისეთივე აზროვნება უნდა ჰქონოდათ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (1 კორინთელები 2:16; ფილიპელები 2:5). მსგავსი აზროვნება ყოველთვის უნდა ჩანდეს თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანის საქციელში.

6. პავლეს მსჯელობის თანახმად, რა დაგვეხმარება არ ავყვეთ სამაგიეროს გადახდის სურვილს?

6 როგორ გვეხმარება რომაელების 12:1, 2-ში ჩაწერილი მსჯელობა? რომაელი სულითცხებული ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც მადლიერნი ვართ ღვთის იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც ყოველთვის ავლენდა ჩვენ მიმართ და დღესაც ავლენს. აქედან გამომდინარე, მადლიერებით აღსავსე გული აღგვძრავს, არ დავზოგოთ ენერგია, მატერიალური სახსრები და უნარი ღვთის მსახურებაში. მადლიერების გრძნობა აღგვძრავს, ყველანაირად შევეცადოთ, რომ გვქონდეს არა ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი აზროვნება, არამედ ისეთი აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს თანამორწმუნეებისა და სხვა რწმენის ადამიანებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე (გალატელები 5:25). თუ ქრისტეს მსგავსად ვიფიქრებთ, არ ავყვებით სამაგიეროს გადახდის სურვილს (1 პეტრე 2:21—23).

„თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს“

7. რომელი სახის სიყვარულზეა საუბარი რომაელების მე-12 თავში?

7 ჩვენ სამაგიეროს გადახდას ვერიდებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორი საქციელია, არამედ იმიტომაც, რომ ამით სიყვარულს ვავლენთ. განვიხილოთ, რა სახის სიყვარულზე მსჯელობს პავლე. რომაელების მიმართ წერილში ღვთისა და ქრისტეს სიყვარულის აღსანიშნავად პავლე რამდენჯერმე იყენებს სიტყვა სიყვარულს (ბერძნულად „აგაპე“) (რომაელები 5:5, 8; 8:35, 39). მე-12 თავში კი პავლე ამავე სიტყვას თანამორწმუნეების მიმართ სიყვარულის აღსანიშნავად იყენებს. პავლე ჯერ მოიხსენიებს სხვადასხვა სულიერ ძღვენს, რაც ზოგიერთ მორწმუნეს ჰქონდა, შემდეგ კი ყურადღებას ამახვილებს ისეთ თვისებაზე, რომელიც ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. ის ამბობს: „თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს“ (რომაელები 12:4—9). სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების მთავარი ამოსაცნობი ნიშანია (მარკოზი 12:28—31). ამიტომ მოგვიწოდებს პავლე, გულწრფელად გამოვავლინოთ სიყვარული.

8. რას ნიშნავს უთვალთმაქცო სიყვარული?

8 პავლე შემდეგ მსჯელობს, თუ რას ნიშნავს უთვალთმაქცო სიყვარული: „ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომაელები 12:9). „შეიზიზღეთ“ და „მიეკარით“ მნიშვნელოვანი აზრის მატარებელი სიტყვებია. „შეზიზღებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება „ძლიერ სიძულვილადაც“ ითარგმნოს. ჩვენ მხოლოდ ბოროტების შედეგები კი არ უნდა გვძულდეს, არამედ თავად ბოროტებაც (ფსალმუნი 97:10). ბერძნული ზმნა, რომელიც ითარგმნა სიტყვით „მიეკარით“, სიტყვასიტყვით „მიწებებას“ ნიშნავს. ქრისტიანი, რომელსაც ნამდვილი სიყვარული აქვს, ასე ვთქვათ, იმდენად არის „მიწებებული“ სიკეთეს, რომ ის მისი ბუნების განუყოფელი ნაწილი ხდება.

9. რა მითითებას იძლევა პავლე რამდენჯერმე?

9 პავლე რამდენჯერმე ამბობს, თუ კიდევ როგორ ვლინდება სიყვარული: „ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ, ნუ დაწყევლით“; „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“; „ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო“; „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:14, 17—19, 21). პავლეს სიტყვებიდან ჩანს, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ სხვა რწმენის ადამიანებს და მოწინააღმდეგეებსაც კი.

„ლოცეთ თქვენი მდევნელები“

10. რა გაგებით შეგვიძლია ვლოცოთ ჩვენი მდევნელები?

10 რამდენად ვითვალისწინებთ პავლეს მოწოდებას: „ლოცეთ თქვენი მდევნელები“? (რომაელები 12:14). იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44; ლუკა 6:27, 28). მაშასადამე, ჩვენ იმ გაგებით უნდა ვლოცოთ ჩვენი მდევნელები, რომ, თუ რომელიმე მათგანი თავისი უცოდინარობით გვეწინააღმდეგება, ღმერთს ვთხოვოთ, ჭეშმარიტება დაანახვოს (2 კორინთელები 4:4). ზოგს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, რომ სთხოვოს ღმერთს, დალოცოს მდევნელები. მაგრამ, რაც მეტად ვეცდებით მივბაძოთ ქრისტეს, მით უფრო გაგვიადვილდება ჩვენი მტრების სიყვარული (ლუკა 23:34). რა მოჰყვება შედეგად ასეთი სიყვარულის გამოვლენას?

11. ა) რას ვსწავლობთ სტეფანეს მაგალითიდან? ბ) პავლეს გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ცვლილება შეიძლება მოახდინოს ზოგმა მდევნელმა?

11 მაგალითად, სტეფანე ლოცულობდა თავისი მდევნელებისთვის, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხნის შემდეგ, სტეფანე ქრისტიანული კრების მდევნელებმა დაიჭირეს, იერუსალიმის გარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. სიკვდილის პირას მყოფმა ღმერთს შეჰღაღადა: „იეჰოვა, ნუ ჩაუთვლი მათ ამ ცოდვას“ (საქმეები 7:58—8:1). ერთ-ერთი მათგანი, ვისზეც იმ დღეს სტეფანემ ილოცა, იყო სავლე, რომელიც სტეფანეს ჩაქოლვას ესწრებოდა და იწონებდა კიდეც ამას. მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარი იესო გამოეცხადა სავლეს. ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი თავად გახდა ქრისტიანი — მოციქული პავლე, რომელმაც დაწერა წერილი რომაელების მიმართ (საქმეები 26:12—18). იეჰოვამ შეისმინა სტეფანეს ლოცვა და, როგორც ჩანს, ქრისტიანების დევნა აპატია პავლეს (1 ტიმოთე 1:12—16). ამიტომაც მოუწოდებდა პავლე ქრისტიანებს: „ლოცეთ თქვენი მდევნელები“. მან საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ზოგიერთი მდევნელი საბოლოოდ შეიძლებოდა ღვთის მსახური გამხდარიყო. იეჰოვას მსახურთა მშვიდობიანმა დამოკიდებულებამ ზოგი მდევნელი აღძრა, იეჰოვასთვის ემსახურა.

„მშვიდობიანად იყავით ყველასთან“

12. როგორ უკავშირდება ერთმანეთს რომაელების მეთორმეტე თავის მეცხრე და მეჩვიდმეტე მუხლები?

12 პავლე შემდეგ მითითებას გვაძლევს, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ თანამორწმუნეებსა და სხვა რწმენის ადამიანებს: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“. ეს რჩევა ლოგიკურად უკავშირდება იმას, რაც პავლემ მანამდე თქვა: „ბოროტება შეიზიზღეთ“. როგორ იტყვის ადამიანი, რომ სძულს ბოროტება, თუ ის სამაგიეროს უხდის სხვებს? შეუძლებელია ასეთ ადამიანს ‘უთვალთმაქცო სიყვარული’ ჰქონდეს. პავლე დასძენს: „ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება“ (რომაელები 12:9, 17). როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა?

13. როგორ უნდა მოვიქცეთ „ყველას თვალში“?

13 მანამდე, კორინთელებისთვის მიწერილ წერილში, პავლე წერდა იმ დევნის შესახებ, რომელსაც მოციქულები ხვდებოდნენ: „თეატრალურ სანახაობად ვიქეცით ქვეყნიერებისთვის, ანგელოზებისა და ადამიანებისთვის . . . გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ, სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ“ (1 კორინთელები 4:9—13). ჭეშმარიტ ქრისტიანებს დღესაც მთელი ქვეყნიერება აკვირდება. ხალხი რომ დაინახავს ჩვენს კარგ საქციელს, მაშინაც კი, როცა უსამართლოდ გვეპყრობიან, შეიძლება კეთილად განეწყონ სასიხარულო ცნობის მიმართ (1 პეტრე 2:12).

14. რამდენად მშვიდობიანები უნდა ვიყოთ?

14 მაგრამ რამდენად მშვიდობიანები უნდა ვიყოთ? რამდენადაც ეს შესაძლებელია. პავლე ქრისტიანებს ეუბნება: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). სიტყვები, „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია“, მიუთითებს, რომ სხვებთან მშვიდობის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის. მაგალითად, ჩვენ არ დავარღვევთ ღვთის კანონს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთან მშვიდობა შევინარჩუნოთ (მათე 10:34—36; ებრაელები 12:14). მაგრამ ყოველმხრივ ვეცდებით მშვიდობის შენარჩუნებას, თუ ღვთის სამართლიანი პრინციპები არ ირღვევა.

„ნუ იძიებთ შურს“

15. რომაელების 12:19-ის თანახმად, რა მიზეზით უნდა მოვერიდოთ სამაგიეროს გადახდას?

15 პავლე კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ უნდა მივუზღათ ადამიანს სამაგიერო. ასეთი საქციელი მოკრძალებაზე მეტყველებს. პავლე ამბობს: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19). ქრისტიანი, რომელიც ცდილობს შური იძიოს, კადნიერებას ავლენს. ის საკუთარ თავზე იღებს იმას, რაც ღმერთმა უნდა გააკეთოს (მათე 7:1). ასეთი ადამიანი ცხადყოფს, რომ არ ენდობა იეჰოვას სიტყვებს: „მე მივუზღავ“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს კი სწამთ, რომ იეჰოვა „გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს“ (ლუკა 18:7, 8; 2 თესალონიკელები 1:6—8). ისინი შურისძიებას იეჰოვას ანდობენ, რაც მოკრძალების მაჩვენებელია (იერემია 30:23, 24; რომაელები 1:18).

16, 17. ა) რას ნიშნავს ადამიანის თავზე ‘ნაკვერჩხლების დაგროვება’? ბ) მოყევით შემთხვევა, როცა სიკეთემ სხვა რწმენის ადამიანს გული მოულბო.

16 სამაგიეროს გადახდამ ადამიანი შეიძლება გააბოროტოს, მაშინ როცა კარგმა მოპყრობამ მას შეიძლება გული მოულბოს. რატომ ხდება ასე? ყურადღება მიაქციეთ, რა მისწერა პავლემ რომაელებს: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“ (რომაელები 12:20; იგავები 25:21, 22). რაზე მიუთითებს ეს სიტყვები?

17 ‘თავზე ნაკვერჩხლების დაგროვება’ გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული და ბიბლიურ დროში ლითონის გამოდნობის მეთოდს უკავშირდება. ლითონს გახურებულ ღუმელში ნაკვერჩხლებზე დებდნენ და ზემოდანაც ნაკვერჩხლებს აყრიდნენ. ზემოდან დაყრილი გავარვარებული ნაკვერჩხლები ადნობდა ლითონს და მინარევებისგან წმენდდა. მსგავსად ამისა, თუ მტერს კეთილად მოვეპყრობით, შეიძლება გული მოვულბოთ, რითაც ხელს შევუწყობთ მათი კარგი თვისებების წარმოჩენას (2 მეფეები 6:14—23). ქრისტიანული კრების არაერთი წევრი თავიდან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ სწორედ იეჰოვას მსახურების კარგმა საქციელმა მიიზიდა.

რატომ არ ვუხდით სამაგიეროს?

18. რატომ არის სამაგიეროს გადახდისგან თავის შეკავება სწორი საქციელი და, ამავე დროს, სიყვარულისა და მოკრძალების მაჩვენებელი?

18 რომაელების მე-12 თავის მიმოხილვიდან დავინახეთ რამდენიმე სერიოზული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადავუხადოთ სხვას სამაგიერო. პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს სწორი საქციელია. თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას მიერ ჩვენდამი გამოვლენილ თანაგრძნობას, სწორიცაა და გონივრულიც, რომ შევწიროთ მას მსხვერპლად ჩვენი თავი და დავემორჩილოთ მის მითითებას — გვიყვარდეს ჩვენი მტრები. მეორე მიზეზი ისაა, რომ სამაგიეროს გადახდისგან თავის შეკავება სიყვარულის მაჩვენებელია. თუ ასე მოვიქცევით და მშვიდობას შევინარჩუნებთ, შეიძლება სასტიკი მოწინააღმდეგეებიც კი იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ. მესამე მიზეზია ის, რომ სამაგიეროს გადახდაზე უარის თქმა ჩვენს მოკრძალებაზე მეტყველებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კადნიერებას გამოვავლენთ, რადგან იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისძიება“. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა, სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). თუ ღმერთს მივანდობთ შურისძიებას, ამით მოკრძალებას გამოვავლენთ.

19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 პავლემ თავისი მსჯელობა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21). რა ბოროტებას ვხვდებით დღეს ქრისტიანები და როგორ დავძლიოთ ის? ეს და მსგავსი კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• რა მითითებას იმეორებს პავლე რომაელების მე-12 თავში?

• რა დაგვეხმარება, რომ თავი შევიკავოთ სამაგიეროს გადახდისგან?

• რით არის კარგი, როგორც ჩვენთვის, ისე სხვისთვის, თუ თავს შევიკავებთ სამაგიეროს გადახდისგან?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 22 გვერდზე]

რომაელების მე-12 თავში აღწერილია ქრისტიანების ურთიერთობა:

• იეჰოვასთან

• თანამორწმუნეებთან

• სხვა რწმენის ადამიანებთან

[სურათი 23 გვერდზე]

პავლეს მიერ რომაელებისთვის მიწერილ წერილში ქრისტიანებისთვის პრაქტიკული რჩევებია მოცემული.

[სურათი 25 გვერდზე]

რას ვსწავლობთ სტეფანეს მაგალითიდან?