არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იფხიზლეთ“ — მოვიდა სასამართლოს საათი!

„იფხიზლეთ“ — მოვიდა სასამართლოს საათი!

„იფხიზლეთ“ — მოვიდა სასამართლოს საათი!

სტატია დაფუძნებულია ბროშურაზე „იფხიზლეთ!“, რომელიც გამოიცა იეჰოვას მოწმეთა 2004 წლის საოლქო კონგრესზე.

„იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42).

1, 2. რას შეადარა იესომ თავისი მოსვლა?

რას იზამდით, თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენს სამეზობლოში ქურდი დადის და სახლებს ტეხავს? საყვარელი ადამიანების დაცვისა და ქონების გადარჩენის მიზნით, ალბათ, იფხიზლებდით. ცხადია, ქურდი წინასწარ არ ატყობინებს მობინადრეს, თუ როდის აპირებს მისი სახლის გაქურდვას. ის მალულად, მოულოდნელად მოდის.

2 იესომ არაერთხელ გამოიყენა ქურდის მაგალითი (ლუკა 10:30; იოანე 10:10). იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანასკნელ დროს განვითარდებოდა და იმ დრომდე გაგრძელდებოდა, როცა ის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად მოვიდოდა, იესომ გაფრთხილება მოგვცა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა“ (მათე 24:42, 43). ასე რომ, იესომ თავისი მოსვლა შეადარა ქურდის მოსვლას, რომელიც მოულოდნელად მოდის.

3, 4. ა) რას მოიცავს იესოს გაფრთხილების გათვალისწინება? ბ) რა კითხვები წამოიჭრება?

3 ეს სათანადო შედარება იყო, რადგან არავის ეცოდინებოდა იესოს მოსვლის ზუსტი დრო. უფრო ადრე იმავე წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:36). ამიტომ მოუწოდა იესომ თავის მსმენელებს: „მზად იყავით“ (მათე 24:44). ისინი, რომლებიც ყურად იღებენ ამ გაფრთხილებას, ყოველთვის მზად იქნებიან, ანუ სათანადოდ მოიქცევიან, იმის მიუხედავად, თუ როდის მოვა იესო იეჰოვას განაჩენის აღსასრულებლად,

4 აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა წამოიჭრება: იესოს გაფრთხილება მხოლოდ მათ ეხებათ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მსახურები, თუ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმაც უნდა ‘იფხიზლონ’? რატომ არის აუცილებელი დღეს უფრო მეტად სიფხიზლე და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

გაფრთხილება ვისთვის?

5. საიდან ვიცით, რომ იესო ჭეშმარიტ ქრისტიანებს გულისხმობდა, როცა თქვა: „იფხიზლეთ“?

5 უფლის მოსვლა ქვეყნიერებისთვის, რომელიც არაფრად აგდებს კარს მომდგარი კატასტროფის შესახებ გაფრთხილებას, მართლაც, ქურდის მოსვლასავით მოულოდნელი იქნება (2 პეტრე 3:3—7). მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ჭეშმარიტ ქრისტიანებზე? მოციქულმა პავლემ თანამორწმუნეებს მისწერა: „თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“ (1 თესალონიკელები 5:2). ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ „იეჰოვას დღე“ მოვა. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სიფხიზლე? ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:44). უფრო ადრე, როდესაც თავის მოწაფეებს მოუწოდებდა, ეძებათ ღვთის სამეფო, იესომ ისინი გააფრთხილა: „მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:31, 40). განა აშკარად არ ჩანს, რომ იესოს თავისი მიმდევრები ჰყავდა მხედველობაში, როცა თქვა: „იფხიზლეთ“?

6. რატომ არის საჭირო „სიფხიზლე“?

6 რატომ არის საჭირო ‘სიფხიზლე’ და ‘მზად ყოფნა’? იესომ ახსნა: „ორი კაცი იქნება მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორეს მიატოვებენ. ორი ქალი დაფქვავს ხელსაფქვავით: ერთს წაიყვანენ, მეორეს მიატოვებენ“ (მათე 24:40, 41). მათ, რომლებიც მზად იქნებიან, „წაიყვანენ“ ანუ გადარჩებიან, როდესაც ეს უღვთო ქვეყნიერება განადგურდება. სხვებს კი „მიატოვებენ“ ანუ გასანადგურებლად დატოვებენ, რადგან ეგოისტურ სულისკვეთებას ავლენდნენ. მათ შორის შესაძლოა ისინიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც ერთდროს მიიღეს ღვთის შესახებ ცოდნა, მაგრამ არ ‘იფხიზლეს’.

7. რის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ ზუსტად არ ვიცით, როდის მოვა აღსასრული?

7 ის, რომ ზუსტად არ ვიცით, როდის მოვა ამ დრომოჭმული ქვეყნიერების აღსასრული, შესაძლებლობას გვაძლევს, დავამტკიცოთ, რომ ღმერთს გულწრფელად ვემსახურებით. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? შესაძლოა გვეჩვენება, რომ აღსასრულმა დაიგვიანა. სამწუხაროდ, ზოგ ქრისტიანს, რომელიც ასე ფიქრობს, გაუნელდა იეჰოვასადმი მსახურების სურვილი. თუმცა მიძღვნისას, როდესაც თავი წარვუდგინეთ იეჰოვას და აღვუთქვით, რომ მას ვემსახურებოდით, მისთვის არანაირი მოთხოვნები არ წაგვიყენებია. მათ, ვინც იეჰოვას იცნობს, იციან, რომ ბოლო წუთებში გამოვლენილი გულმოდგინებით მასზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენენ. იეჰოვა გულს ხედავს (1 მეფეთა 16:7).

8. როგორ აღგვძრავს იეჰოვას სიყვარული სიფხიზლისკენ?

8 რადგან ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა, მისი ნების შესრულება უდიდეს სიხარულს გვანიჭებს (ფსალმუნები 39:9; მათე 26:39). ჩვენ გვსურს, იეჰოვას მარადიულად ვემსახუროთ. ეს იმედი ფასს არ კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა უფრო დიდხანს გვიწევს ლოდინი, ვიდრე შეიძლება მოველოდით. უპირველესად, ჩვენ იმიტომ ვფხიზლობთ, რომ სულითა და გულით ველით იეჰოვას დღეს, რადგან გვსურს, საკუთარი თვალით ვნახოთ, როგორ განხორციელდება მისი განზრახვა. ღვთისადმი მსახურების გულწრფელი სურვილი აღგვძრავს, ყურად ვიღოთ ბიბლიაში მოცემული რჩევები და სამეფო პირველ ადგილზე დავაყენოთ (მათე 6:33; 1 იოანე 5:3). ახლა განვიხილოთ, როგორ უნდა აირეკლოს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ცხოვრებაზე ის, რომ ვფხიზლობთ.

საით მიემართება თქვენი ცხოვრება?

9. რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვებმა რაც შეიძლება მალე დაინახონ, რა დროში ვცხოვრობთ?

9 დღეს ბევრი ხედავს, რომ შემაძრწუნებელი მოვლენები და სერიოზული პრობლემები უფრო მომრავლდა, ვიდრე ოდესმე. მათ შესაძლოა არც კი მოსწონთ გზა, საითკენაც მიემართებიან. მაგრამ იციან, სინამდვილეში, რაზე მეტყველებს მსოფლიო მოვლენები? ესმით, რომ „ამ სისტემის აღსასრულის“ დროს ვცხოვრობთ? (მათე 24:3). იციან, რომ ეგოისტი, უღვთო და ძალადობის მოყვარული ადამიანების მომრავლება „ბოლო დღეების“ ნიშანია? (2 ტიმოთე 3:1—5). ახლა არ არის დაყოვნების დრო; მათ უნდა დაინახონ, რას ნიშნავს ეს ყოველივე და დაფიქრდნენ, საითკენ მიემართებიან.

10. რა უნდა გავაკეთოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ ვფხიზლობთ?

10 ჩვენზე როგორღა მოქმედებს მსოფლიო მოვლენები? ჩვენ ყოველდღე გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება სამსახურთან, ოჯახთან, ჯანმრთელობასა თუ ღვთის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით. ვიცით ბიბლიის თვალსაზრისი, და ვცდილობთ ცხოვრებაში მის გათვალისწინებას. ამიტომ კარგად ვიქცევით, თუ საკუთარ თავს ვეკითხებით: „ცხოვრებისეულ საზრუნავს გზიდან ხომ არ გადავყავარ?“ „ჩემს არჩევანზე ხომ არ მოქმედებს ქვეყნიური აზროვნება და ფილოსოფია?“ (ლუკა 21:34—36; კოლოსელები 2:8). საჭიროა კვლავაც ვაჩვენოთ, რომ მთელი გულით ვენდობით იეჰოვას და არ ვეყრდნობით საკუთარ გონებას (იგავები 3:5). ასეთნაირად, ‘მტკიცედ ჩავეჭიდებით ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:12, 19).

11—13. რისი სწავლა შეგვიძლია ა) ნოეს დროს მომხდარი წარღვნიდან? ბ) ლოტის დღეებიდან?

11 ბიბლიაში ბევრი მაგალითია ჩაწერილი, რომლებიც სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. განვიხილოთ, რა მოხდა ნოეს დღეებში. ღმერთმა წინასწარ იზრუნა იმაზე, რომ ხალხი მოსალოდნელი წარღვნის შესახებ გაეფრთხილებინა. მაგრამ ნოესა და მისი ოჯახის გარდა გაფრთხილება ყურად არავინ იღო (2 პეტრე 2:5). იესომ თქვა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37—39). რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? თუ ამქვეყნიურ საზრუნავს — თუნდაც ყოველდღიურ საქმეებს — ნებას ვრთავთ, დაჩრდილოს სულიერი ინტერესები, რომლებსაც, როგორც ღმერთი მოგვიწოდებს, პირველ ადგილზე უნდა ვაყენებდეთ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობაზე (რომაელები 14:17).

12 აგრეთვე, დავფიქრდეთ ლოტის დღეებზე. სოდომი, სადაც ლოტი და მისი ოჯახი ცხოვრობდა, მატერიალურად აყვავებული, მაგრამ ზნეობრივად დაცემული ქალაქი იყო. იეჰოვამ ანგელოზები გაგზავნა ამ ქალაქის გასანადგურებლად. მათ ლოტი და მისი ოჯახი გააფრთხილეს, დაუყოვნებლივ გაქცეულიყვნენ და უკან არ მოეხედათ. ანგელოზების დახმარებით მათ ქალაქი დატოვეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ლოტის ცოლი ვერ ელეოდა იმას, რაც სახლში დატოვა. ის არ დაემორჩილა ანგელოზის გაფრთხილებას და უკან მიიხედა. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა (დაბადება 19:15—26). იესომ გაგვაფრთხილა: „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“. ვმოქმედებთ ამ გაფრთხილების თანახმად? (ლუკა 17:32).

13 ისინი, რომლებმაც ყურად იღეს ღვთის გაფრთხილება, გადარჩნენ. ასე მოხდა ნოესა და მისი ოჯახის, აგრეთვე, ლოტისა და მისი ქალიშვილების შემთხვევაში (2 პეტრე 2:9). ჩვენ გულთან ახლოს მიგვაქვს ეს ბიბლიური მაგალითები და გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ ღმერთმა დაიხსნა სიმართლის მოყვარულები. ეს კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ღვთის დაპირება „ახალ ცასა და ახალ დედამიწასთან“ დაკავშირებით, „რომლებზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“, შესრულდება (2 პეტრე 3:13).

მოვიდა „სასამართლოს საათი“

14, 15. ა) რას მოიცავს სასამართლოს „საათი“? ბ) რა იგულისხმება სიტყვებში: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“?

14 თუ ვფხიზლობთ, რის მოლოდინში უნდა ვიყოთ? წიგნი „გამოცხადება“ დაწვრილებით აღწერს, თუ რას მოიმოქმედებს ღმერთი თავისი განზრახვის განსახორციელებლად. იმისათვის, რომ მზად ვიყოთ, მნიშვნელოვანია იქ ჩაწერილის თანახმად ვიმოქმედოთ. წინასწარმეტყველება ცოცხლად აღწერს „უფლის დღეში“ განვითარებულ მოვლენებს. „უფლის დღე“ ქრისტეს ზეცაში გამეფებიდან, 1914 წლიდან, დაიწყო (გამოცხადება 1:10). „გამოცხადება“ მოგვითხრობს ანგელოზზე, რომელსაც „მარადიული სასიხარულო ცნობა აქვს“ და ხმამაღლა აცხადებს: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი“ (გამოცხადება 14:6, 7). სასამართლოს „საათი“ მოკლე პერიოდია. ის მოიცავს როგორც გამოტანილი მსჯავრის უწყებას, ისე მის სისრულეში მოყვანას. დღეს ჩვენ ამ პერიოდში ვცხოვრობთ.

15 ახლა, სასამართლოს საათის დასრულებამდე, მოგვიწოდებენ: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“. რა იგულისხმება ამაში? ღვთისადმი ჯანსაღმა შიშმა უნდა გვიბიძგოს, ზურგი ვაქციოთ ბოროტებას (იგავები 8:13). თუ პატივს მივაგებთ ღმერთს, მის სიტყვებს გულისყურით მოვეკიდებით; არ ვიქნებით იმდენად დაკავებულები, რომ მისი სიტყვის, ბიბლიის, რეგულარულად წასაკითხად ვერ მოვიცალოთ; უმნიშვნელოდ არ ჩავთვლით მის რჩევას ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებასთან დაკავშირებით (ებრაელები 10:24, 25); დავაფასებთ, რომ მონდობილი გვაქვს სასიხარულო ცნობის ქადაგება ღვთის მესიანური სამეფოს შესახებ და უფრო მეტი გულმოდგინებით მივიღებთ ამ საქმეში მონაწილეობას; ყოველთვის მთელი გულით იეჰოვას მივენდობით (ფსალმუნები 61:9); ვაღიარებთ, რომ იეჰოვაა უზენაესი ხელისუფალი და ამიტომ ყველაფერში სიხარულით ვემორჩილებით მას. ნამდვილად გეშინია ღვთის და ამ ყველაფრის შესრულებით მიაგებ მას პატივს?

16. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ბაბილონისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც გამოცხადების 14:8-შია ჩაწერილი, უკვე შესრულდა?

16 გამოცხადების მე-14 თავი აღწერს სასამართლოს „საათის“ განმავლობაში მიმდინარე სხვა მოვლენებსაც. დიდი ბაბილონი — ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია — პირველ ადგილზეა მოხსენიებული: «მოჰყვა მას სხვა, მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი!“» (გამოცხადება 14:8). დიახ, ღვთის თვალში დიდი ბაბილონი უკვე დაეცა. 1919 წელს ღვთის სულით ცხებული მსახურები გათავისუფლდნენ ბაბილონის რელიგიური სწავლებებისა და წეს-ჩვეულებების მარწუხებისგან, რომლებიც ათასობით წელია, რაც ხალხებსა და ერებზე ახდენს გავლენას (გამოცხადება 17:1, 5). მას შემდეგ ისინი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერენ მხარს. იმ დროიდან დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გლობალური ქადაგება (მათე 24:14).

17. რა იგულისხმება დიდი ბაბილონიდან გამოსვლაში?

17 დიდი ბაბილონის წინააღმდეგ გამოტანილი ღვთის განაჩენი ამით არ დასრულებულა. მალე დიდი ბაბილონი საბოლოოდ განადგურდება (გამოცხადება 18:21). ამიტომ ბიბლია მთელი მსოფლიოს ხალხებს მოუწოდებს: „გამოდი[თ] მისგან [დიდი ბაბილონიდან] . . . თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ“ (გამოცხადება 18:4, 5). როგორ გამოვიდეთ დიდი ბაბილონიდან? ამაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ცრუ რელიგიასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ბაბილონის გავლენა შეინიშნება პოპულარულ დღესასწაულებსა და ტრადიციებში. აგრეთვე, ბაბილონის სულს ირეკლავს ქვეყნიერების შემწყნარებლური დამოკიდებულება უზნეობისადმი, სპირიტიზმით გაჟღენთილი გართობები და ბევრი სხვა რამ. სიფხიზლის შესანარჩუნებლად საჭიროა საქმითა და გულით ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გამოვედით დიდი ბაბილონიდან.

18. რას უნდა ვერიდოთ ქრისტიანები, თუ გავითვალისწინებთ გამოცხადების 14:9, 10-ში ჩაწერილ სიტყვებს?

18 გამოცხადების 14:9, 10 აღწერს „სასამართლოს საათის“ შემდეგ ეტაპს. სხვა ანგელოზი ამბობს: „თუ ვინმე თაყვანს სცემს მხეცსა და მის გამოსახულებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ისიც დალევს ღვთის რისხვის ღვინოს“. რატომ? „მხეცი და მისი გამოსახულება“ განასახიერებს ადამიანურ მმართველობას, რომელიც არ აღიარებს იეჰოვას უზენაესობას. ქრისტიანები, რომლებიც ფხიზლობენ, ფრთხილად არიან, რომ არ გადაიღონ მათი აზროვნება და საქციელი ან არ მიიღონ მათი ნიშანი, რომლებიც არ აღიარებენ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, უზენაეს მმართველად. ქრისტიანებმა იციან, რომ ღვთის სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში და ის ბოლოს მოუღებს ყველა მიწიერ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება (დანიელი 2:44).

ახლა არ არის დაყოვნების დრო!

19, 20. ა) რადგან ბოლო დღეების დასასრული სულ უფრო ახლოვდება, რის გაკეთებას შეეცდება სატანა უფრო მეტად? ბ) როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?

19 რადგან ბოლო დღეების დასასრული სულ უფრო ახლოვდება, განსაცდელები და ცდუნებები უფრო მეტი გვექნება. სანამ ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და არასრულყოფილები ვართ, ისეთ განსაცდელებთან მოგვიწევს ბრძოლა, როგორიცაა სუსტი ჯანმრთელობა, სიბერე, საყვარელი ადამიანების სიკვდილი, ემოციური ჭრილობები, გულგრილობა, რომელსაც ღვთის სიტყვის ქადაგების დროს ვხვდებით და სხვა მრავალი. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ სატანის მიზანია, უარი გვათქმევინოს ღვთის მსახურებაზე — შეგვაწყვეტინოს სასიხარულო ცნობის ქადაგება ან დაგვარღვევინოს ღვთის მაღალზნეობრივი ნორმები (ეფესოელები 6:11—13). ამიტომ ახლა არ არის დაყოვნების დრო!

20 იესომ იცოდა, რომ მრავალი ზეწოლა გვექნებოდა და გვირჩია: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42). მაშ ვიფხიზლოთ და არ დავივიწყოთ, რომ მეტად მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ. მოდი დავიცვათ თავი სატანის ცდუნებებისგან, რომლებსაც შეუძლია სულიერად მოგვასუსტოს ან საერთოდ უარი გვათქმევინოს ღვთის მსახურებაზე. მოდი გადავწყვიტოთ, რომ ახლა უფრო მეტი გულმოდგინებითა და შემართებით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. ახლა, მართლაც, გადაუდებლად მოქმედების დროა. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ იესოს გაფრთხილება: „იფხიზლეთ“. ასე მოქცევით დიდებას მივაგებთ იეჰოვას და მათ შორის ვიქნებით, ვისაც წინ მარადიული კურთხევები ელოდება.

როგორ უპასუხებდით?

• საიდან ვიცით, რომ იესოს გაფრთხილება სიფხიზლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეხება?

• რომელი ბიბლიური მაგალითები დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში?

• რა იგულისხმება სასამართლოს „საათში“ და რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია, სანამ ეს საათი ამოიწურება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

იესომ თავისი მოსვლა ქურდის მოსვლას შეადარა.

[სურათი 24 გვერდზე]

დიდი ბაბილონის განადგურება ახლოსაა.

[სურათები 25 გვერდზე]

მოდი მთელი გულმოდგინებითა და შემართებით ვიქადაგოთ.