იოანეს გამოცხადება 18:1—24

  • „დიდი ბაბილონის“ დაცემა (1—8).

    • „გამოდით დიდი ბაბილონიდან ჩემო ხალხო“ (4).

  • გლოვა ბაბილონის დაცემის გამო (9—19).

  • ბაბილონის დაცემის გამო ზეცაში დიდი სიხარულია (20).

  • ბაბილონი სწრაფად დაეცემა (21—24).

18  ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მისმა დიდებამ დედამიწა გაანათა.  მან ძლიერი ხმით დაიძახა: „დაეცა!+ დაეცა დიდი ბაბილონი და გახდა დემონების სამკვიდრო, ყოველი უწმინდური სულისა* და ყოველი უწმინდური და საძულველი ფრინველის თავშესაფარი!+  მისი გარყვნილების მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა+ ყველა ხალხი. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან,+ ხოლო დედამიწის დიდვაჭრები მისი სამარცხვინო ფუფუნების წყალობით გამდიდრდნენ“.  სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: «გამოდით დიდი ბაბილონიდან, ჩემო ხალხო,+ თუ არ გინდათ, რომ მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისთვის გამოტანილი სასჯელი დაიტეხოთ,+  რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა+ და ღმერთმა გაიხსენა მისი ბოროტი საქმეები.+  როგორც ის ექცეოდა სხვებს,+ მასაც ისევე მოექეცით, და ორმაგად მიუზღეთ იმის გამო, რაც ჩაიდინა.+ სასმისში,+ რომელშიც ის სასმელს აზავებდა, ორმაგი ნაზავი ჩაუსხით.+  მიაგეთ მას საზღაური იმის გამო, რომ საკუთარ თავს განადიდებდა და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა; იმდენი მიუზღეთ, რამდენსაც იმსახურებს, რომ დაიტანჯოს და იგლოვოს, რადგან გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და არასოდეს ვიგლოვებო.+  ამიტომ ერთ დღეში დაატყდება მას სასჯელი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი და ცეცხლში დაიწვება,+ რადგან ძლიერია იეჰოვა* ღმერთი, მისი გამსამართლებელი.+  დედამიწის მეფეები, რომლებიც მასთან გარყვნილებას სჩადიოდნენ და მასთან ერთად სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მკერდში მწუხარებისგან მჯიღის ცემას მოჰყვებიან, როცა დაინახავენ, რომ დაიწვება იგი და კვამლი აუვა. 10  ისინი, მისი ტანჯვით შეშინებულნი, მოშორებით დადგებიან და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო+ ბაბილონო, ძლევამოსილო ქალაქო! ერთ საათში გასამართლდი!“ 11  მის გამო იტირებენ და იგლოვებენ დედამიწის დიდვაჭრებიც, რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს: 12  ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, მარგალიტს, ძვირფასი სელის ქსოვილს, იისფერ ქსოვილს, აბრეშუმს, ალისფერ ქსოვილს, სურნელოვანი ხის, სპილოს ძვლის, ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ნაკეთობებს, 13  დარიჩინს, ინდურ სანელებელს, საკმეველს, ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოს, ზეითუნის ზეთს, წმინდად დაფქულ ფქვილს, ხორბალს, ცხვარ-ძროხას, ცხენებს, ეტლებს, მონებსა და სხვებს*. 14  მწიფე ხილი, რომელსაც დახარბებული იყავი, აღარ გაქვს, ყოველივე საუკეთესო და ბრწყინვალე დაკარგე და ვეღარასოდეს იპოვი. 15  დიდვაჭრები, რომლებიც ამ ყველაფრით ვაჭრობდნენ და რომლებიც ბაბილონმა გაამდიდრა, შორს დადგებიან, რადგან მისი ტანჯვა შეაშინებთ; იგლოვებენ და იტირებენ: 16  „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ძვირფასი სელის, იისფერი და ალისფერი სამოსით მოსილო, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით მორთულო!+ 17  ესოდენ დიდი სიმდიდრე ერთ საათში განადგურდა!“ ყოველი ხომალდის მეთაური, ყოველი ზღვით მოგზაური, ყოველი მეზღვაური და ყველა, ვინც ზღვით ირჩენს თავს, მოშორებით დადგებიან, 18  და, როცა დაინახავენ, რომ დაიწვება იგი და კვამლი აუვა, აყვირდებიან: „რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს?!“ 19  თავზე მტვერს დაიყრიან, იტირებენ, იგლოვებენ და იყვირებენ: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო! შენმა სიმდიდრემ გაამდიდრა ყველა, ვისაც ზღვაში ხომალდები ჰყავდა. ერთ საათში განადგურდი!“+ 20  ზეცავ,+ წმინდებო,+ მოციქულებო და წინასწარმეტყველებო! იხარეთ იმის გამო, რაც მას დაემართა, რადგან ღმერთმა თქვენ გამო სასჯელი გამოუტანა მას!»+ 21  ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის ხელა ქვა აიღო, ზღვაში ჩააგდო და თქვა: „ასე სწრაფად დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იარსებებს.+ 22  აღარასოდეს გაისმება იქ მომღერალი მექნარეების, მუსიკოსების, მესალამურეებისა და მესაყვირეების ხმა; აღარც ხელოსანი იქნება იქ და აღარც დოლაბის ხმა გაისმება; 23  აღარც ლამპარი გაანათებს და აღარც ნეფე-პატარძლის ხმა გაისმება, რადგან მისი დიდვაჭრები დედამიწის დიდებულები იყვნენ და ის სპირიტიზმით+ აცდუნებდა ხალხებს. 24  იქ ნახეს დედამიწაზე მოკლული წინასწარმეტყველების, წმინდებისა+ და ყველა მოკლულის სისხლი“.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „სუნთქვის“, „ამონასუნთქის“, „შთაგონებული სიტყვის“.
სიტყვასიტყვით — „ადამიანთა სულებს“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).