არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაში

სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაში

სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაში

«ისიამოვნე უფლის მიერ [„სიხარული ჰპოვე იეჰოვაში“, აქ] და ის აგისრულებს გულისწადილს» (ფსალმუნები 36:4).

1, 2. ვინ არის ჭეშმარიტი ბედნიერების წყარო და როგორ ამახვილებს მეფე დავითი ამაზე ყურადღებას?

„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი . . . ბედნიერნი არიან გულმოწყალენი . . . ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“. ამ და სხვა ექვსი გამონათქვამით იესომ დაგვანახვა, თუ ვინ არის ნამდვილად ბედნიერი. სწორედ ეს შთამბეჭდავი სიტყვები უძღვის წინ მთაზე წარმოთქმულ ცნობილ ქადაგებას, რის შესახებაც მათეს სახარება მოგვითხრობს (მათე 5:3—11, აქ). იესოს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია.

2 ძველი ისრაელის მეფის, დავითის, მიერ დაწერილი ერთ-ერთი ფსალმუნი ჩვენს ყურადღებას ამახვილებს ჭეშმარიტი ბედნიერების წყაროზე, იეჰოვაზე. «ისიამოვნე უფლის მიერ [„სიხარული ჰპოვე იეჰოვაში“, აქ], — ამბობს დავითი — და ის აგისრულებს გულისწადილს» (ფსალმუნები 36:4). როგორ ‘გვაპოვნინებს სიხარულს’ იეჰოვასთან და ბევრ მის შესანიშნავ თვისებასთან გაცნობა? როგორ ‘აგვისრულებს გულისწადილს’ იმაზე დაფიქრება, თუ რა აქვს იეჰოვას უკვე გაკეთებული და რას გააკეთებს თავისი განზრახვის განსახორციელებლად? ამ კითხვებზე პასუხს 36-ე ფსალმუნის დაწვრილებით განხილვის შედეგად მივიღებთ.

„ნუ გშურს“

3, 4. ფსალმუნების 36:1-ის თანახმად, რას გვირჩევს დავითი და რატომ არის დროული ამ რჩევის გათვალისწინება დღეს?

3 ჩვენ ვცხოვრობთ ‘საზარელ ჟამში’ — პერიოდში, როცა ბოროტება უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება პავლე მოციქულის სიტყვები: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). რა ადვილად შეიძლება დაგვწყვიტოს გული ბოროტი ადამიანების მოჩვენებითმა წარმატებამ და კეთილდღეობამ! ამან შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს და ხელი შეგვიშალოს იმაში, რომ სულიერზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ყურადღება მიაქციეთ, რა გაფრთხილება გვეძლევა ამის თაობაზე 36-ე ფსალმუნის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით: „ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის“.

4 მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღიურად გადმოიცემა ცნობები არაერთი უსამართლო ქმედების შესახებ: უპატიოსნო ბიზნესმენები თაღლითობენ, მაგრამ თავიანთ მოქმედებაზე პასუხს არ აგებენ; დამნაშავეები დაუცველი ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან; ხშირად მკვლელებს ვერ პოულობენ ან დაუსჯელად ტოვებენ. მსგავსმა უსამართლობამ შეიძლება განგვარისხოს და შინაგანი სიმშვიდე დაგვაკარგვინოს. ბოროტი ადამიანების მოჩვენებითი წარმატების შემყურეებს, შეიძლება შურის გრძნობაც კი გაგვიჩნდეს. მაგრამ გამოსწორდება სიტუაცია, თუ აღვშფოთდებით? კიდევაც რომ შეგვშურდეს მათი მოჩვენებითი კეთილდღეობისა, განა ამით შეიცვლება მათი ხვედრი? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ‘შეხარბების’ არანაირი მიზეზი არა გვაქვს. რატომ?

5. რატომ არიან შედარებულნი ბოროტი ადამიანები ბალახს?

5 ფსალმუნმომღერალი გვპასუხობს: „რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან“ (ფსალმუნები 36:2). ახალამოსული ბალახი შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის მალევე ხმება და კვდება. იმავეს თქმა შეიძლება ბოროტ ადამიანებზეც. მათი მოჩვენებითი კეთილდღეობა დროებითია. უკანონო გზებით ნაშოვნი ქონება მათ სიკვდილის დროს ვერ უშველის. საბოლოოდ ვერავინ გაექცევა სასჯელს. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — დაწერა პავლემ (რომაელთა 6:23). ყველა ბოროტი და უსამართლო ადამიანი თავისი „საზღაურის“ გარდა ვერაფერს მიიღებს. ასეთი ცხოვრება მართლაც აზრს მოკლებულია! (ფსალმუნები 36:35, 36; 48:17, 18).

6. რისი სწავლა შეგვიძლია ფსალმუნების 36:1, 2-დან?

6 აქედან გამომდინარე, განა უნდა დაგვირღვიოს სიმშვიდე ბოროტთა წარმავალმა კეთილდღეობამ? ფსალმუნების 36-ე თავის პირველი ორი მუხლიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: არ დაუშვა, რომ ბოროტთა წარმატებამ აგაცდინოს შენ მიერ არჩეულ გზას — იეჰოვასადმი მსახურებას. ნაცვლად ამისა, კონცენტრირება მოახდინე სულიერ კურთხევებსა და მიზნებზე (იგავები 23:17).

„მიენდე უფალს და ქმენ კეთილი“

7. რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას?

7 „მიენდე უფალს და ქმენ კეთილი“, — მოგვიწოდებს ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 36:3ა). როდესაც წუხილით ან ეჭვებითაც კი ვართ მოცულნი, მთლიანად იეჰოვას უნდა მივენდოთ; მხოლოდ მას შეუძლია, ყოველმხრივ დაგვიცვას სულიერად. „უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული, — დაწერა მოსემ — ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს“ (ფსალმუნები 90:1). როდესაც ამ სისტემაში უკანონობის ზრდა სიმშვიდეს გვიკარგავს, უფრო მეტად უნდა მივენდოთ იეჰოვას. მაგალითად, თუ ფეხს ვიღრძობდით, მეგობრის მკლავზე დაყრდნობა მდგომარეობას შეგვიმსუბუქებდა. მსგავსად ამისა, როცა ერთგულების შენარჩუნებას ვცდილობთ, იეჰოვას მხარდაჭერას ვსაჭიროებთ (ესაია 50:10).

8. როგორ გვეხმარება ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა, რომ ბოროტთა კეთილდღეობამ მეტისმეტად არ შეგვაწუხოს?

8 თუ ცხვრისმაგვარი ადამიანების ძებნით ვიქნებით დაკავებული და იეჰოვას განზრახვის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში დავეხმარებით მათ, ბოროტთა კეთილდღეობა არ შეგვაწუხებს. რამდენადაც ბოროტება დღითიდღე უფრო იკიდებს ფეხს, კიდევ უფრო აქტიურად უნდა დავეხმაროთ სხვებს. «არ დაივიწყოთ ქველმოქმედება [„კარგის კეთება“, აქ] და გაზიარება, — აღნიშნა პავლე მოციქულმა, — ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის». ყველაზე „კარგი“ საქმე, რის გაკეთებაც შეგვიძლია, ღვთის სამეფოს შესახებ შესანიშნავი ცნობის სხვებისთვის გაზიარებაა. სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით ღმერთს მართლაც რომ „ქების მსხვერპლს“ ვწირავთ! (ებრაელთა 13:15, 16; გალატელთა 6:10).

9. როგორ ახსნიდით დავითის სიტყვებს — „დაემკვიდრე ქვეყანაზე“?

9 «დაემკვიდრე ქვეყანაზე,“ — განაგრძობს დავითი — და მწყემსე სიმართლე [„იყავი ერთგული“, აქ]» (ფსალმუნები 36:3ბ). დავითის დროს „ქვეყნად“ ითვლებოდა აღთქმული მიწა, სადაც იეჰოვამ ისრაელი დაასახლა. სოლომონის მმართველობის დროს ამ ტერიტორიის საზღვრები ჩრდილოეთ მხარეს მდებარე დანიდან სამხრეთით ბეერ-შებაყამდე (ბერშებამდე) იყო გადაჭიმული. ეს იყო ისრაელების საცხოვრებელი ადგილი (3 მეფეთა 4:25). დღეს, მსოფლიოს რომელ ნაწილშიც უნდა ვცხოვრობდეთ, ველოდებით დროს, როცა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მთელი პლანეტა სამოთხედ გადაიქცევა. მანამდე კი სულიერად უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ (ესაია 65:13, 14).

10. რას ვიმკით, როცა ‘ერთგულები ვართ’?

10 რას მოვიმკით, თუ ‘ერთგულები ვიქნებით’? ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნ „იგავებში“ ასეთი შეხსენებაა მოცემული: „ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა“ (იგავები 28:20, სსგ). თუ ერთგულად ვაგრძელებთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და, რომელ ქვეყანაშიც უნდა ვიყოთ, შეძლებისდაგვარად ყველას ვუზიარებთ ამ ცნობას, იეჰოვასგან უეჭველად მივიღებთ კურთხევებს. მაგალითად, ფრენკი და მისი მეუღლე, როუზი, 40 წლის წინ დაინიშნნენ პიონერებად ჩრდილოეთ შოტლანდიის ერთ ქალაქში. იქ ერთ დროს რამდენიმე ადამიანი იყო დაინტერესებული. ამ წყვილის ჩასვლისას ისინიც კი ჩამოშორებულნი იყვნენ ჭეშმარიტებას. ამის მიუხედავად, ეს სრული დროით მსახური წყვილი შეუდგა ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას. ამჟამად ამ ქალაქში მზარდი კრებაა. იეჰოვამ აკურთხა მათი ერთგულება. ფრენკი თავმდაბლურად გვიზიარებს თავის გრძნობებს: „უდიდესი კურთხევაა, რომ კვლავ ჭეშმარიტებაში ვართ და იეჰოვას შეუძლია ჩვენი გამოყენება“. დიახ, როცა ‘ერთგულები ვართ’, მრავალი კურთხევით ვხარობთ.

„სიხარული ჰპოვე იეჰოვაში“

11, 12. ა) როგორ შეგვიძლია ‘სიხარული ვპოვოთ იეჰოვაში’? ბ) რა მიზანი შეგიძლიათ დაისახოთ პირადი შესწავლის დროს და რა შედეგს მოიტანს ეს?

11 იეჰოვასთან ურთიერთობა რომ განვიმტკიცოთ და მისდამი ნდობა შევინარჩუნოთ, ‘სიხარული [უნდა] ვპოვოთ იეჰოვაში’ (ფსალმუნები 36:4ა, აქ). რისი გაკეთება გვმართებს ამისათვის? ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრით ვიყოთ შთანთქმული, როგორი რთულიც უნდა იყოს, მთავარი ყურადღება იეჰოვაზე უნდა გადავიტანოთ. ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალებაა ღვთის სიტყვის წასაკითხად დროის გამოყოფა (ფსალმუნები 1:1, 2). განიჭებთ სიამოვნებას ბიბლიის კითხვა? ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კითხვის დროს მიზნად გექნებათ, უფრო მეტი გაიგოთ იეჰოვას შესახებ. კარგი იქნება, ბიბლიის გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შეჩერდეთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ: „რას მასწავლის ეს მონაკვეთი იეჰოვას შესახებ?“ შეიძლება შენიშნეთ, რომ კითხვის დროს სასარგებლოა, ხელთ გქონდეთ რვეული ან ფურცელი. ყოველთვის, როცა ჩერდებით წაკითხულზე დასაფიქრებლად, გააკეთეთ მოკლე ჩანაწერი, რაც ღვთის რომელიმე შესანიშნავ თვისებას შეგახსენებთ. სხვა ფსალმუნში დავითი გალობდა: „დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო“ (ფსალმუნები 18:15). როდესაც ყურადღებით ვკითხულობთ ღვთის სიტყვას, ეს „სასურველია“ იეჰოვასთვის, ხოლო ჩვენთვის — სიხარულის მომტანი.

12 როგორ შეგვიძლია სიხარული ვიგრძნოთ შესწავლითა და ნასწავლზე დაფიქრებით? ამისათვის მიზნად უნდა დავისახოთ, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ იეჰოვასა და მისი გზების შესახებ. პუბლიკაციები „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „დაუახლოვდი იეჰოვას“ * გვაწვდის საკმაოდ დიდ ინფორმაციას, რაზეც შეგვიძლია მადლიერებით ვიფიქროთ. იეჰოვაც თავის მხრივ, როგორც დავითი არწმუნებს მართლებს, ‘აგვისრულებს გულისწადილს’ (ფსალმუნები 36:4ბ). იოანე მოციქული დარწმუნებული იყო ამაში და სწორედ ამიტომ დაწერა: «აჰა, რა სითამამე გვაქვს მის მიმართ [„დარწმუნებული ვართ მასში“, აქ], რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ» (1 იოანე 5:14, 15).

13. როგორ გაფართოვდა ამ ბოლო წლებში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა ბევრ ქვეყანაში?

13 ჩვენ, როგორც იეჰოვას ერთგულ მსახურებს, უდიდეს სიხარულს გვანიჭებს იმის ხილვა, თუ როგორ ამართლებს იეჰოვა თავის უზენაეს ხელისუფლებას (იგავები 27:11). განა სიხარულით არ გვივსებს გულს იმის გაგება, რომ ერთ დროს ტოტალიტარული თუ დიქტატორული რეჟიმის ქვეშ მყოფ ქვეყნებშიც კი ჩვენი ძმები გრანდიოზულ სამქადაგებლო საქმიანობას ახორციელებენ?! მოუთმენლად ველით იმის ხილვას, თუ ამ სისტემის აღსასრულამდე კიდევ რამდენად მოგვეცემა თავისუფლად ქადაგების საშუალება. დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას ბევრი მსახური აქტიურად უზიარებს სასიხარულო ცნობას სტუდენტებს, ლტოლვილებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ მათ ქვეყნებში და აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობენ. თითოეული ჩვენგანის ძლიერი სურვილია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც მოჰფინონ მათ ჭეშმარიტების შუქი გარშემომყოფთ, თუნდაც თავიანთ ქვეყნებში სულიერი წყვდიადი იყოს გამეფებული (მათე 5:14—16).

„მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი“

14. რა ადასტურებს იმას, რომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას?

14 ნამდვილად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ტვირთისმაგვარი პრობლემებისა და წუხილისგან გათავისუფლება შესაძლებელია! როგორ? „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას, — ამბობს დავითი — და ის აღასრულებს“ (ფსალმუნები 36:5). ჩვენს კრებებში უამრავი მტკიცება არსებობს იმისა, რომ იეჰოვა საიმედო საყრდენია (ფსალმუნები 54:23). სრული დროით მსახურ ქრისტიანებს — პიონერებს, მიმომსვლელ ზედამხედველებს, მისიონერებსა თუ ბეთელში მომსახურე მოხალისეებს — შეუძლიათ დაადასტურონ, რომ იეჰოვა ნამდვილ მზრუნველობას ავლენს. ხომ არ დაელაპარაკებოდით თქვენს ნაცნობ სრული დროით მსახურებს და ჰკითხავდით, როგორ ეხმარება მათ იეჰოვა? თქვენ უეჭველად მოისმენთ ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ რთულ პერიოდებშიც კი იეჰოვას ხელი არ არის მოკლე. ის ყოველთვის უზრუნველგვყოფს იმით, რაც სიცოცხლისთვის გვესაჭიროება (ფსალმუნები 36:25; მათე 6:25—34).

15. როგორ ანათებს ღვთის ხალხის სიმართლე?

15 როდესაც იეჰოვას საიმედო საყრდენად ვიხდით და სრულიად ვენდობით, ჩვენზე სრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს — შუადღესავით“ (ფსალმუნები 36:6). ხშირად ჩვენზე, იეჰოვას მოწმეებზე, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგრამ იეჰოვა თვალს უხელს გულწრფელ ადამიანებს და ეხმარება იმის დანახვაში, რომ ჩვენ იეჰოვასა და მოყვასის სიყვარულით ვქადაგებთ. გარდა ამისა, თუმცა ბევრი ჩირქს გვცხებს, ჩვენი კარგი ყოფაქცევა შეუმჩნეველი არ რჩება. იეჰოვა მხარში გვიდგას ნებისმიერი წინააღმდეგობისა და დევნის დროს. შედეგად, ღვთის ხალხის სიმართლე შუადღის მზესავით ანათებს (1 პეტრე 2:12).

„დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას“

16, 17. ფსალმუნების 36:7-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რისი გაკეთება გვმართებს ახლა და რატომ?

16 ფსალმუნმომღერალი განაგრძობს: „დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს“ (ფსალმუნები 36:7). დავითი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას, სანამ ის დაიწყებს მოქმედებას. მართალია, ამ სისტემის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ეს არ გვაძლევს უკმაყოფილების გამოხატვის მიზეზს. ნუთუ არ ვხედავთ, რომ იეჰოვა უფრო მეტად გულმოწყალე და მომთმენია, ვიდრე თავიდან ვფიქრობდით? შეგვიძლია თუ არა სასიხარულო ცნობა მთელი გულით ვიქადაგოთ და ამით ცხადვყოთ, რომ აღსასრულის მოსვლამდე მოთმინებით ველოდებით იეჰოვას? (მარკოზი 13:10). ახლა, ისე როგორც არასოდეს, დროა, თავი ავარიდოთ წინდაუხედავ მოქმედებებს, რამაც შეიძლება სიხარული და სულიერი უსაფრთხოება დაგვაკარგვინოს. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ რაც შეიძლება მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ სატანის ქვეყნიერების გამხრწნელ გავლენას, შევინარჩუნოთ მორალური სიწმინდე და ვიფრთხილოთ, რომ იეჰოვას თვალში მართლებად ყოფნის შესაძლებლობა არ დავკარგოთ. მოდი, ყოველთვის მოვერიდოთ უზნეობაზე ფიქრს და შეუფერებელ საქციელს საწინააღმდეგო სქესისა თუ ჩვენივე სქესის წარმომადგენლებთან (კოლასელთა 3:5).

17 „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა, — გვირჩევს დავითი. — ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნები 36:8, 9). დიახ, შეგვიძლია სრული დარწმუნებით დაველოდოთ დროს, როდესაც იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ გარყვნილებას და გაანადგურებს მათ, ვინც მას სჩადის. ეს დრო კი უკვე ძალიან ახლოსაა.

„კიდევ ცოტა“

18, 19. რა გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ ფსალმუნების 36:10-ში?

18 „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“ (ფსალმუნები 36:10). ძალიან გვამხნევებს ეს სიტყვები, რადგან მიგვანიშნებს, რომ ახლოვდება ამ სისტემის აღსასრული და დრო, როცა იეჰოვასგან დამოუკიდებლობის დამღუპველი ტენდენცია აღმოიფხვრება! ადამიანებმა მმართველობის მრავალი ფორმა შექმნეს, მაგრამ ყველამ კრახი განიცადა. ამჟამად კი ვუახლოვდებით დროს, როცა კვლავ აღდგება ღვთის მმართველობა, იეჰოვას სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს. მთელი ძალაუფლება ამ სამეფოს ხელში გადავა; ის დედამიწაზე ყველაფერს გააკონტროლებს და ღვთის სამეფოს ყველა მოწინააღმდეგეს გაანადგურებს (დანიელი 2:44).

19 ღვთის სამეფოს მმართველობისას, ახალ ქვეყნიერებაში, ვეღარ შეძლებთ „ბოროტის“ პოვნას. ვინც იმ დროს იეჰოვას წინააღმდეგ აღდგება, უმალვე განადგურდება. იქ არ იქნება მათი ადგილი, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ იეჰოვას უზენაესობას ან უარს ამბობენ მისი მმართველობისადმი მორჩილებაზე. თქვენ გარშემო მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთი მიზანი ექნება — გული გაუხარონ იეჰოვას. დასადგურდება არნახული უსაფრთხოება — საჭირო აღარ იქნება კლიტეები და გისოსები; სრულ ურთიერთნდობასა და ბედნიერებას აღარაფერი შეუშლის ხელს! (ესაია 65:20; მიქა 4:4; 2 პეტრე 3:13).

20, 21. ა) ვინ არიან ფსალმუნების 36:11-ში მოხსენიებული „თავმდაბალნი“ და სად „დაამდებიან [ისინი] დიდი მშვიდობით“? ბ) რა კურთხევებს მივიღებთ, თუ დიდ დავითს მივბაძავთ?

20 მაშინ „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნები 36:11ა). ვინ არიან ეს „თავმდაბალნი“? „თავმდაბლად“ თარგმნილი სიტყვის ფუძე ნიშნავს „შეწუხებას, დამდაბლებას, დამცირებას“. დიახ, „თავმდაბლები“ ისინი არიან, რომლებიც მორჩილად ელოდებიან დროს, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს მათ მიმართ არსებულ ყოველგვარ უსამართლობას. ისინი „დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11ბ). ჩვენ ახლაც ვხარობთ უდიდესი მშვიდობით სულიერ სამოთხეში, ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში.

21 თუმცა იეჰოვას მსახურები ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარ გასაჭირში იმყოფებიან, მხარში უდგანან ერთმანეთს და ანუგეშებენ გულგატეხილებს. ამის შედეგად ისინი შინაგან კმაყოფილებას გრძნობენ. მწყემსებად დანიშნული ძმები სიყვარულით აკმაყოფილებენ ჩვენს სულიერ და, ზოგჯერ, ფიზიკურ საჭიროებებსაც, რითაც სიმართლისთვის ტანჯვის ატანაში გვეხმარებიან (1 თესალონიკელთა 2:7, 11; 1 პეტრე 5:2, 3). რაოდენ ძვირფასია ასეთი მშვიდობა! ამასთანავე, გვაქვს იმედი, რომ მარადიულად ვიცხოვრებთ მშვიდობიან სამოთხეში, რომელიც ძალიან მალე რეალობად იქცევა. ამიტომ, მოდი ყოველთვის მივბაძოთ დიდ დავითს, იესო ქრისტეს, რომელსაც იეჰოვასადმი ძლიერი სიყვარული აღძრავდა, ბოლომდე ერთგულად ემსახურა მისთვის (1 პეტრე 2:21). ამგვარი მოქმედებით შევინარჩუნებთ სიხარულს და განვადიდებთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, რომელშიც ვპოულობთ ამ სიხარულს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• რისი სწავლა შეგვიძლია ფსალმუნების 36:1, 2-დან?

• როგორ შეგვიძლია ‘სიხარული ვპოვოთ იეჰოვაში’?

• რა ადასტურებს იმას, რომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

ქრისტიანებს ‘არ შურთ მათი, ვინც უკანონობას სჩადის’.

[სურათი 10 გვერდზე]

„მიენდე უფალს და ქმენ კეთილი“.

[სურათი 11 გვერდზე]

რაც შეიძლება კარგად გაეცანი იეჰოვას და ამით სიხარული ჰპოვე მასში.

[სურათი 12 გვერდზე]

„თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“.